27 August 2008

ინტერვიუდან Thomas Friedman-თან

ტომას ფრიდმანი არის ავტორი წიგნისა "The World Is Flat" (მსოფლია ბრტყელია).
ამ წიგნში აღწერილია ის ტენდენციები, რომლებიც ”აბრტყელებენ” (ათანაბრებენ) 21 საუკუნეს და ამით საშუალებას აძლევენ ღარიბი ქვეყნების მოქალაქეებს კონკურენცია გაუწიონ განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებს, რაც ცოტა ხნის წინ თითქმის შეუძლებელი იყო.

Friedman: ჰუმანიტარული მეცნიერებები დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასოდეს. რა თქმა უნდა, მათემატიკის და მეცნიერების მნიშვნელობას არ ვუარვყობ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს უნარი ხელოვნების, მეცნიერების, მუსიკისა და ლიტერატურის ინტეგრირების. სწორედ ამან შექმნა iPod რევოლუცია და Google.

ეს არის კომბინაცია მარცხენა და მარჯვენა ტვინისა. მარცხენა ტვინის აზროვნება - წესებზე-დაფუძნებული, წრფივი, SAT-ის სტილის აზროვნება. მარჯვენა ტვინის აზროვნება - არტისტიზმი, თანაგრძნობა, თხრობითი, სინთეზური.

ბავშვებს უნდა განუვითაროთ სინთეზირების უნარი, ვინაიდან მოთხოვნილება ასეთი აზროვნების ძალიან დიდია 21 საუკუნეში. ჩემი ერთი მეგობარი ამბობს, რომ ინტეგრაცია არის ახალი სპეციალობა. განზოგადების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ადამიანს აქვს რენესანსური ხედვა სამყაროსი უფრო სავარაუდოა, რომ ის იქნება ინოვაციური.

ბავშვებს უნდა განუვითაროთ ნავიგაციის უნარები. მათ უნდა შეეძლოთ ნავიგაცია ინფორმაციის წყაროებში. ინტერნეტში უამრავი უსარგებლო და მცდარი ინფორმაციაა. მათ უნდა შეეძლოთ ინფორმაციაში ნავიგაციისას ერთდროულად ინფორმაციის შეფასება და რელევანტური ინფორმაციის გამორჩევა.

ბავშვებს ხშირად უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ მათ მოახდინონ სხვადასხვა ცოდნის, სხვადასხვა ინფორმაციის შერწყმა.

მსოფლიოში მთავარი ეკონომიკური კონკურენცია მიმდინარეობს არა სახელმწიფოებს შორის, არა კომპანიებს შორის, არამედ ჩვენსა და ჩვენს ფანტაზიას (წარმოსახვას) შორის. შემოქმედებითი ფანტაზიის უნარი არის გადამწყვეტი ადამიანის მომავლისათვის.

მარჯვენა ტვინის აზროვნება მჭიდრო კავშირშია კულტურულ ფესვებთან.
(ეს აზრი ძალიან მნიშვნელოვანია! ის ადასტურებს, რომ ეროვნულობა არამც თუ არ ეწინააღმდეგება გლობალურ პროცესებს, არამედ უდიდესი ძალაა გლობალურ კონკურენციაში. განათლება უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულობას, მაქსიმალურად უნდა ეყრდნობოდეს ერის კულტურულ ფესვებს. ეს უნდა გახდეს განათლების რეფორმის ქვაკუთხედი. რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს სხვა კულტურების გაცნობას. პირიქით, ეს დამატებითი მძლავრი ფაქტორია ბავშვების განვითარების. - ჯ. გ.)

19 August 2008

საინტერესო საიტები - 19 აგვისტო

The Life Cycle of Plants
ინტერაქტიული საიტი, სადაც წარმოდგენილია მცენარეთა ცხოვრების ციკლთან დაკავშირებული სახალისო აქტივობები, რომლებიც განკუთვნილია დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის.

Eye Anatomy
თვალის ანატომია. საიტზე წარმოდგენილია თვალის დიაგრამა, სადაც შესაძლებელია თვალის შემადგენელი ნაწილების დათვალიერება.

Visualize Science!
ინტერაქტიული საიტი, რომელზეც წარმოდგენილია საბუნებისმეტყველო საგნებთან (მექანიკა, ოპტიკა, ასტრონომია) დაკავშირებული აქტივობები.

09 August 2008

საინტერესო საიტები - 9 აგვისტო

British Life and Culture
ყველაფერი ბრიტანეთის ცხოვრებასა და კულტურაზე. საკმაოდ სასარგებლო საიტია, სადაც წარმოდგენილია ბრიტანეთთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ინფორმაცია: კულტურა, ტრადიციები, სიმბოლიკა, მთავრობა, განათლება და სხვა.

Math Popper
მათემატიკური თამაში პატარებისათვის.

Odyssey Online's Greece
ინტერაქტიური და კარგად ილუსტრირებული საიტი, რომელიც დაეხმარება ბავშვებს ძველი საბერძნეთის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების უფრო ღრმად შესწავლაში.

05 August 2008

გამოკითხვის შედეგები

აშშ-ში ჩატარებული ამომრჩეველთა გამოკითხვის შედეგები:

გამოკითხულთა 99% ეთანხმება იმას, რომ 21 საუკუნის უნარების სწავლა მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის.

გამოკითხულთა 80% ეთანხმება აზრს, რომ მოსწავლეებს დღეს უნდა ვასწავლოთ განსხვავებულად, ვიდრე 20 წლის წინად.

10 გამოკითხულიდან 6 ადასტურებს, რომ სკოლები ჯერ ვერ აკმაყოფილებენ ახალ მოთხოვნებს.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ გამოკითხულები ისეთ უნარებს, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის უნარებს.

გამოკითხულთა 78% თვლის, რომ სასწავლო გეგმაში უნდა იყოს დაცული თანაბარი ბალანსი საბაზო უნარებსა და 21 საუკუნის უნარებს შორის.

02 August 2008

რა არის სწავლა?

სწავლა არის სემანტური კავშირების შექმნა, რომლის დროსაც ახალ ცოდნას ჩვენ ვუკავშირებთ იმას, რაც ადრე გვქონდა გააზრებული და გაგებული. პიაჟემ ამას დაარქვა მოძრაობა არამყარი მდგომარეობიდან ათვისებამდე. სწავლის თანამედროვე შეხედულებების თანახმად ჩვენ არა მხოლოდ ვაბავთ ახალ იდეებს ძველებთან და ვითვისებთ მათ, არამედ გაგებით ვეგუებით იმ ფაქტს, რომ ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ბევრი იმ ცოდნის დავიწყება ანუ იმ ცოდნაზე უარის თქმა, რომლითაც დავიწყეთ სწავლა.

Will Richardson-ი სწავლის შესახებ:

დღევანდელი სწავლა უფრო კავშირებია, რომელთა დამყარება ჩვენ შეგვიძლია, ვიდრე ცოდნა, რომელსაც ვინახავთ ჩვენს მეხსიერებაში. სწავლა არ არის მოვლენა, ის არის მუდმივად მიმდინარე პროცესი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია შევუერთდეთ ნებისმიერ დროს, თუ გვაქვს ინტერნეტი. ეს არის პროცესი, რომელიც გაჟღენთილია საუბრებში (conversations), საუბრებში, რომლებიც არ არის შეზღუდული არც დროით და არც ადგილით. საუბრებში, რომლებიც გვრთავენ პრაქტიკოსთა თემებში.

სწავლა Web 2.0-ის კონტექსტში ძალიან განსხვავდება სწავლისაგან, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოს უმეტეს საკლასო ოთახებში, სადაც არის განსაზღვრული კურიკულუმი, რომელიც უნდა აითვისონ მოსწავლეებმა და მასწავლებელი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პროცესს.

ახალ კონტექსტში, მასწავლებლები ხდებიან დამაკავშირებლები, რომლებიც აკავშირებენ მოსწავლეებს სხვა მასწავლებლებთან და რესურსებთან და შედეგად მოსწავლეები აგებენ სწავლას ამ კავშირებზე და თვითონ წარმართავენ საკუთარ სწავლას.

უფროსის როლი საკლასო ოთახში არის არა მასწავლებლობა, არამედ მოსწავლეობა, რომელიც მეგზურობს სხვა მოსწავლეების პრაქტიკას.

ტრადიციული სწავლის მახასიათებლები:
  • მასწავლებლის მიერ წარმართული სწავლა
  • სწავლა იზოლაციაში
  • ფოკუსირება ფაქტების გამეორებაზე
  • გარემო, რომელშიც ფასდება სწრაფი პასუხები
  • კალმის და ქაღალდის გამოყენებაზე დაფუძნებული აქტივობები
  • მცირე დრო კითხვების დასასმელად
  • მასწავლებელი, როგორც ბრძენი სცენაზე
  • მასწავლებელი - საგნის ექსპერტი
  • მკაცრი სტანდარტები
  • თანამშრომლობა კლასში ითვლება თაღლითობად
  • მოსწავლეებს შეზღუდული აქვთ საინფორმაციო რესურსების წვდომა
თანამედროვე სწავლა არის აქტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული და სავსეა არჩევანით. ის მოითხოვს მოსწავლეებისაგან და მასწავლებლებისაგან იყვნენ არა მხოლოდ წიგნიერნი და ცოდნის კარგი მომხმარებლები, არამედ ასევე ცოდნის პროდიუსერები ანუ მწარმოებლები. ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები საშუალებას აძლევენ მათ მოახდინონ იდეებისა და ცოდნის არანჟირება და გაზიარება ადრე წარმოუდგენელი ხერხებითა და საშუალებებით.

ახალ გარემოში ინფორმაცია გაცილებით ხელმისაწვდომია, მაგრამ ცოდნა უნდა იყოს ინდივიდუალურად კონსტრუირებული.

01 August 2008

ტექნოლოგიის ინტეგრაციის არსი

დღეს ტექნოლოგიის ინტეგრაცია არის სწავლის შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენს არა თვითმიზანს, არამედ ახალი საგანმანათლებლო ამოცანების გადაწყვეტის ინსტრუმენტს. სწავლისა და ტექნოლოგიების ცალცალკე განხილვა დღეს უკვე შეუძლებელია.

ტექნოლოგია ხდება პედაგოგიკის შემადგენელი ნაწილი. როცა მკაფიოდ არის განსაზღვრული პედაგოგიური ამოცანები, ბუნებრივად გამოჩნდება ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ადგილი და როლი.

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ეტაპზე ტექნოლოგიის ინტეგრაციის პრობლემა გადაიზარდა უფრო დიდ პრობლემაში - სწავლისა და პედაგოგიკის ახლებურად გააზრების პრობლემაში.

სწავლისა და სწავლების ახლებურად გააზრებამ უნდა შეცვალოს ტრადიციული მეთოდები, როცა მოსწავლეებს ეუბნევიან რა ისწავლონ, როდის, სად და როგორ. ამის მაგივრად უნდა ხდებოდეს ცოდნის აქტიური კონსტრუირება და მოსწავლეები პასუხს უნდა აგებდნენ საკუთარ სწავლაზე.

ციფრულ ერას შემოაქვს სწავლის ახალი განზომილებები, რომლებიც საჭიროებენ ახალ უნარებს და პირველ რიგში ისეთ უნარებს, როგორიცაა კავშირების დამყარება, ერთობლივი მუშაობა და კომპიუტერული ქსელების გამოყენება.
მასწავლებლები კარგად უნდა ფლობდნენ ონლაინ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ბლოგები, ვიკი-სისტემები და სხვა და მათ უნდა შეეძლოთ ამ ინსტრუმენტების გამოყენება სწავლაში.

მოსწავლეების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის ახალი მიდგომების წარმატების ძირითადი კომპონენტი.

სკოლის სუბიექტებმა (მშობლებმა, მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და სხვა) უნდა გაიგონ, რომ სკოლა არის პროცესი და არა ადგილი.