21 September 2008

ტექნოლოგიის ინტეგრაციის საკითხები

დღეს ყველასათვის უდავოა, რომ თანამედროვე მოსწავლეები უნდა ფლობდნენ საბაზო ტექნოლოგიურ უნარებს. საბაზო ტექნოლოგიური უნარები დროთა განმავლობაში ფართოვდება. თუ რამოდენიმე წლის წინად ასეთ უნარებად ითვლებოდა ტექსტებთან, ცხრილებთან, გრაფიკულ ინფორმაციასთან მუშაობის უნარები, დღეს მათ დაემატა Web 2.0-ის ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა.

ჩვენში ხშირად გაისმის აზრი, რომ ისტ უნარების დაუფლება უნდა მოხდეს მხოლოდ სხვადასხვა საგნების კონტექსტში და ამისათვის არ არის აუცილებელი სპეციალური საგნის, მაგალითად, ”ინფორმატიკა” ან ”ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები” არსებობა.

ჩემი აზრით ეს მცდარი შეხედულებაა და ამის დასასაბუთებლად ბევრი არგუმენტის მოყვანა შეიძლება. პირველ რიგში, რთულია იმის წარმოდგენა, რომ მოსწავლემ შეძლოს რომელიმე პროგრამის, მაგალითად, გრაფიკული რედაქტორის გამოყენება რაიმე საგნის, მაგალითად, ბუნების გაკვეთილისათვის რაიმე ილუსტრაციების შესაქმნელად, თუ მას არა აქვს წარმოდგენა ამ პროგრამის ფუნქციებზე და არა აქვს გარკვეული უნარები ამ ფუნქციების გამოყენებისა სხვადასხვა სტანდარტული ოპერაციების შესრულებისას. სწორედ ინფორმატიკის გაკვეთილზე შეუძლია მოსწავლეს მიიღოს სისტემური ცოდნა და გამოიმუშაოს შესაბამისი უნარები ძირითადი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებისათვის. კომპიუტერული ლაბორატორია, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილი სასწავლო პროგრამა და სასწავლო მასალები და სპეციალური ცოდნით აღჭურვილი მასწავლებელი აუცილებელი პირობაა ამის მისაღწევად.

რა თქმა უნდა ამით ტექნოლოგიის ინტეგრაციის საკითხი არ მთავრდება. ზემოთ აღწერილი მხოლოდ აუცილებელი პირობაა ამისათვის. მოსწავლეებს სჭირდებათ უფრო მეტი, ვიდრე საბაზო კომპიუტერული უნარები. მათ უნდა მიეცეთ საშუალება გამოიყენონ კომპიუტერული უნარები რეალური, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის კონტექსტში. ვინაიდან სწავლა მათთვის არის ყველაზე აქტუალური საქმიანობა, სწორედ სასწავლო პრობლემების გადაწყვეტაში ტექნოლოგიების გამოყენება არის საუკეთესო გზა ტექნოლოგიური წიგნიერების დაუფლებისა. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, შექმნა, ორგანიზება რეალური სასწავლო პროცესის კონტექსტში.

აქ არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სამწუხაროდ არ ექცევა ყურადღება. თუ ჩვენ ტექნოლოგიებს განვიხილავთ მასწავლებლისა და მოსწავლის ინსტრუმენტად, რომელიც მათ საჭიროებისამებრ უნდა გამოიყენონ, ლოგიკურია მოთხოვნა, რომ ეს ინსტრუმენტი მათთვის ხელმისაწვდომი იყოს მაშინ, როცა ის მათ სჭირდება ანუ ტექნოლოგიური ინსტრუმენტები საკლასო ოთახში უნდა იყოს განთავსებული.

თუ ეს ასე არ არის და მასწავლებელი მხოლოდ ორ-სამ თვეში ერთხელ ატარებს გაკვეთილს კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ამას ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ტექნოლოგიის ინტეგრაცია არის კომპლექსური პრობლემა. ტექნოლოგიის ინტეგრაციის დონე არის ერთგვარი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად მზადაა სკოლა (ან უფრო ფართეთ - ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა) მოამზადოს ბავშვები 21 საუკუნის მოთხოვნების შესაბამისად.

18 September 2008

Philips Entertaible

Philips Entertaible - ელექტრონული თამაშების მაგიდა. ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოზე ჩანს მისი შესაძლებლობები.



უფრო ფართეთ ელექტრონული მაგიდის იდეა განხორციელებულია მოწყობილობაში სახელწოდებით Microsoft Surface. ვიდეოზე წარმოდგენილია ამ მოწყობილობის შესაძლებლობები.

16 September 2008

ტვინზე დაფუძნებული სწავლა

ტვინზე დაფუძნებული სწავლის (Brain-based Learning) თეორია ეფუძნება ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციონირებას. სწავლა ხორციელდება მაშინ, როცა ტვინი არ არის შეზღუდული მისი ნორმალური პროცესების შესრულებაში.

თითოეული ადამიანი იბადება ტვინით, რომელიც ფუნქციონირებს უაღრესად მძლავრი პროცესორის მსგავსად. ტრადიციული სასკოლო სწავლება, ამის მიუხედავად, ხშირად აბრკოლებს სწავლას იმით, რომ იგნორირებას ახდენს ტვინის ბუნებრივი სწავლის პროცესს.

ტვინზე დაფუძნებული სწავლის პრინციპებია:
  1. ტვინი არის პარალელური პროცესორი, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია ერთდროულად რამოდენიმე აქტივობის შესრულება, მაგალითად, დაგემოვნება და ყნოსვა.
  2. სწავლაში ჩაბმულია მთელი ფიზიოლოგია.
  3. არსის ძიება არის თანდაყოლილი
  4. ემოციები მნიშვნელოვანია სწავლისათვის
  5. სწავლა მოიცავს როგორც ფოკუსირებულ ყურადღებას, ასევე პერიფერიულ აღქმას
  6. სწავლა მოიცავს როგორც ცნობიერ, ასევე შეუცნობელ პროცესებს
  7. ჩვენ გვაქვს ორი ტიპის მეხსიერება: სივრცული და მექანიკური
  8. ჩვენ უკეთ ვიგებთ, როცა ფაქტები ჩაქსოვილია ბუნებრივ, სივრცულ მეხსიერებაში
  9. სწავლა უმჯობესდება რთული პრობლემებით და იბრკოლება მუქარით, საშიშროებით
  10. თითოეული ტვინი უნიკალურია.
შემდეგი სამი პედაგოგიური ტექნიკა ასოცირდება ტვინზე-დაფუძნებულ სწავლასთან:

მართვადი ჩაძირვა - ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც სრულად ჩააბავს მოსწავლეს საგანმანათლებლო საქმიანობაში.

დაძაბულობის მოხსნა - მოსწავლეების შიშის მოხსნის მცდელობა, ძალიან პერსპექტიული გარემოს შექმნით.

აქტიური დამუშავება - შესაძლებლობის მიცემა მოსწავლესათვის, რომ მან მოახდინოს ინფორმაციის კონსოლიდაცია და ათვისება მისი აქტიური დამუშავებით.

რა გავლენას ახდენს ტვინზე დაფუძნებული სწავლა განათლებაზე

კურიკულუმი - მასწავლებელმა უნდა ააგოს სწავლა მოსწავლის ინტერესების ირგვლივ და გახადოს სწავლა კონტექსტუალური.

სწავლება - მასწავლებელმა უნდა წაახალისოს გუნდური სწავლა და პერიფერიული სწავლის გამოყენება. მათ უნდა მოახდინონ სწავლის სტრუქტურირება რეალური პრობლემების ირგვლივ, წაახალისონ მოსწავლეები ისწავლონ ის რაც საკლასო ოთახისა და სკოლის ფარგლებს გარეთ არის.

შეფასება - შეფასებამ უნდა საშუალება მისცეს მოსწავლეებს გაიგონ საკუტარი სწავლის სტილები და უპირატესობები. ამ გზით მოსწავლეები აკონტროლობენ და აძლიერებენ საკუთარი სწავლის პროცესს.

რას გვირჩევს ტვინზე დაფუძნებული სწავლა

მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს რათა მათ მიიღონ შესაბამისი გამოცდილება. სამი ინტერაქტიული ელემენტია ამისათვის საჭირო:

  • მასწავლებელმა უნდა ”ჩაძიროს” მოსწავლეები კომპლექსურ, ინტერაქტიულ პრაქტიკაში, რომელიც ერთდროულად მდიდარი და რეალურია. მაგალითად, მოსწავლის მოთავსება უცხო კულტურაში, უცხო ენის შესწავლისათვის. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ტვინის შესაძლებლობა შეასრულოს პარალელური პროცესები.
  • მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ პირადად მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები. ასეთი პრობლემები სტიმულს აძლევენ მოსწავლის აზროვნებას.
  • გარდა იმისა, რომ მოსწავლე უნდა წავახალისოთ, რომ ჩაწვდეს პრობლემის არსს, ჩვენ ასევე მუდმივად უნდა ვახდენდეთ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზების ინტენსიურ ანალიზს და ზოგადად სწავლის პროცესის ანალიზს. ეს ცნობილია, როგორც ”გამოცდილების აქტიური გამომუშავება”.
კიდევ რამოდენიმე პრინციპი:
  • უკეთესია, რომ უკუკავშირი მოდიოდეს რეალობიდან და არა უფლებამოსილი პირისგან
  • ადამიანები უკეთ სწავლობენ ცხოვრებისეული, რეალური პრობლემების გადაწყვეტისას
  • მთლიანი სურათი ვერ იქნება იზოლირებული დეტალებისგან
  • ვინაიდან თითოეული ტვინი განსხვავებულია, მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეებს საშუალება შექმნან საკუთარი გარემო
  • პრობლემებს ისინი წყვეტენ უკეთესად, ვინც იცინის
  • მასწავლებელმა უნდა გაითავისოს, რომ სწავლის საუკეთესო გზაა არა ლექცია, არამედ მონაწილეობა რეალურ საქმიანობაში.

14 September 2008

საკლასო ოთახის დიზაინი - პერსპექტიული ხედვა

ეს უნივერსალური მოწყობილობაა


მისი გამოყენება შეიძლება როგორც საკლასო დაფის, ასევე საკლასო მერხის სახით. ეს კარგად ჩანს ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოზე. წინა პლანზე მოწყობილობა გამოიყენება დაფის სახით, ხოლო უკანა პლანზე - მერხების სახით.




ამ მოწყობილობის მუშაობის პრინციპი ეფუძნება Microsoft Surface ტექნოლოგიას.

12 September 2008

საუკეთესო პრეზენტაციები

ინფორმაციის პრეზენტაციის უნარი ძალიან საჭიროა თანამედროვე საზოგადოებაში. ეს უნარი განსაკუთრებით საჭიროა მასწავლებლისათვის, ვინაიდან სხვადასხვა სახის ინფორმაციის პრეზენტაცია მას ყოველდღიურად უწევს გაკვეთილებზე. ქვემოთ მოყვანილი პრეზენტაციაები წარმოადგენენ ინფორმაციის პრეზენტაციის თვალსაჩინო ნიმუშებს.

THIRST
View SlideShare presentation or Upload your own. (tags: crisis design)


Creativity
View SlideShare presentation or Upload your own. (tags: gradient paper)

10 September 2008

პროექტული სწავლების შესახებ

პროექტული სწავლება ეხმარება მოსწავლეებს გამოიმუშაონ ისეთი უნარები, რომლებიც საჭიროა ცოდნისა და ტექნოლოგიურ საზოგადოებაში.

ძველი სასკოლო მოდელი, რომლის საფუძველს წარმოადგენს ფაქტების პასიური სწავლა და შემდეგ ნასწავლის მასწავლებლისათვის მოყოლა აღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. დღეს გვიწევს უაღრესად კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტა, რაც მოითხოვს მოსწავლეებისაგან არა მხოლოდ ფუნდამენტალური უნარების (წერა, კითხვა და თვლა), არამედ ციფრული ერას უნარების (გუნდური მუშაობა, პრობლემების გადაწყვეტა, კვლევა, დროის მენეჯმენტი, ინფორმაციის სინთეზი, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება) ფლობა. ასეთი უნარების ფლობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს თვითონ გახდნენ საკუთარი სწავლის მენეჯერები. მასწავლებელი კი გამოდის პარტნიორის როლში სწავლის პროცესში.

21 საუკუნის უნარებია:
  • პერსონალური და სოციალური პასუხისმგებლობა
  • დაგეგმვა, კრიტიკული აზროვნება, მსჯელობა და შემოქმედება
  • საკომუნიკაციო და საპრეზენტაციო უნარები
  • სხვადასხვა კულტურების გაგება, ცოდნა
  • მკაფიო წარმოდგენა (ვიზუალიზაცია) და გადაწყვეტილების მიღება
პროექტული სწავლების მეშვეობით ცხოვრებისეული, რეალური კონტექსტისა და ტექნოლოგიების შემოტანა სასწავლო პროცესში, საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გახდნენ დამოუკიდებელი მუშაკები და კრიტიკულად მოაზროვნენი. მასწავლებლებს შეეძლებათ კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან, იდეების გაცვლა სხვა მასწავლებლებთან და საგნობრივ ექსპერტებთან, კომუნიკაცია მშობლებთან. ეს ყველაფერი არღვევს იმ უხილავ ბარიერებს, რომლებმაც ჩაკეტეს მასწავლებელი საკლასო ოთახში. ეს კი, თავის მხრივ, მოუხსნის მასწავლებელს შიშს მისთვის ახალი პროცესების მიმართ და გაუჩენს წარმატების შესაძლებლობის გრძნობას. პროექტული სწავლება არის ერთობლივი მუშაობის ფორმა.

ტრადიციული სწავლება მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა, ამ პროცესის მონაწილეთა თანხმობით. პროექტული სწავლება და ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას გამოაღწიონ სასკოლო შენობის გარეთ. მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის ბაზის მშენებლები, აქტიური მოსწავლეები. ისინი სწავლობენ თუ როგორ აკონტროლონ საკუთარი სწავლა, რაც საწინდარია იმისა, რომ შეძლებენ მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლას.

07 September 2008

უნარების შესახებ

კითხვა არის ფუნდამენტალური უნარი სწავლისათვის. კითხვისა და ყველანაირი ფორმატის (ნახატი, ვიდეო, ბეჭდვითი) ტექსტის გაგების უნარი არის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი წარმატებისა სკოლაში და ცხოვრებაში.

მოსწავლე არა მარტო უნდა ფლობდეს ამა თუ იმ უნარს, არამედ უნდა შეეძლოს მათი გამოყენების კონტროლი. ის უნდა გრძნობდეს საკუთარ პასუხისმგებლობას და ჰქონდეს თვითშეფასების უნარი.

დღევანდელი მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანია ასევე ინფორმაციული უნარების განვითარება, რომლებიც მისცემენ მათ შესაძლებლობას გამოიყენონ ტექნოლოგიები სწავლაში.

მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარების უნარის განვითარება და ასევე სხვებთან ერთად სწავლის უნარის.

მოსწავლეებს უნდა განუვითაროთ:
  • კვლევის, კრიტიკული აზროვნების და ცოდნის მოპოვების უნარები;
  • დასკვნების გაკეთების, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მირების, არსებული ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენების და ახალი ცოდნის შექმნის უნარები;
  • ცოდნის გაზიარების და საზოგადოებაში ეთიკური ქცევის უნარები.

04 September 2008

ინტეგრაციის სამკუთხედი

ტექნოლოგიის ინტეგრაციის წარმატებისათვის საჭიროა სამი ფაქტორის არსებობა: რესურსები, უნარები და სასწავლო გეგმა. ეს ფაქტორები წარმოადგენენ ინტეგრაციის სამკუთხედს.

რესურსები:
  • კომპიუტერები საკლასო ოთახში
  • ნოუთბუქები
  • სასწავლო პროგრამული უზრუნველყოფა
  • ვიდეო და ფოტო კამერები, მიკროფონები
  • მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და სხვა
უნარები:

საჭიროა ორი კატეგორიის უნარები: ტექნიკური და პედაგოგიური. ამ ორში პედაგოგიური უნარები უფრო მნიშვნელოვანია. მასწავლებლის მიერ პედაგოგიური სტრატეგიების ფლობა გადამწყვეტია ინტეგრაციისათვის. მასწავლებელს უნდა ესმოდეს 21 საუკუნის პედაგოგიკა, უნდა ესმოდეს, თუ რა როლი უკავია ციფრულ ტექნოლოგიებს დღევანდელი ბავშვების ცხოვრებაში.

სასწავლო გეგმა:

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო გეგმა და შეფასება შეესაბამებოდნენ 21 საუკუნის განათლების მოთხოვნებს.

02 September 2008

21 საუკუნის მასწავლებელი

ერთ-ერთ ბლოგში შემხვდა 21 საუკუნის მასწავლებლის დახასიათება, რომელსაც წარმოვადგენ ამ გზავნილში.

21 საუკინის მასწავლებელი უნდა იყოს ადაპტორი. მას უნდა შეეძლოს სასწავლო გეგმისა და მისი მოთხოვნების ადაპტირება ციფრულ რეჟიმში სწავლებისათვის. მას უნდა შეეძლოს ბიზნესისათვის შექმნილი ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების ადაპტირება საგანმანათლებლო ამოცანების მხარდასაჭერად. ჯერ ძალიან მცირეა პროგრამები, რომლებიც სპეციალურად განათლების მიზნებისათვისაა შექმნილი.
მას ასევე უნდა შეეძლოს სწავლების საკუთარი სტილის ადაპტირება ისე, რომ ის მოიცავდეს სწავლის სხვადასხვა მეთოდებს.

21 საუკუნის მასწავლებელი უნდა იყოს ვიზიონერი. შემოქმედებითი ფანტაზია არის გადამწყვეტი თვისება თანამედროვე მასწავლებლისათვის. მას უნდა შეეძლოს სწავლის პროცესის დაკავშირება გარე სამყაროსთან. მას უნდა შეეძლოს კავშირების დამყარება სხვა სფეროებთან და ამით სწავლის გაძლიერება.

21 საუკუნის მასწავლებელს უნდა შეეძლოს თანამშრომლობის და კომუნიკაციის თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება, რათა ამით მიმზიდველი გახადოს სწავლა. მისი როლი აქ არის როგორც მოდერატორი, ფასილიტატორი, რეფერი: საუბრების წარმართვა, დისკუსიის ფოკუსირება და საკუთარი მაგალითის ჩვენება.
მასწავლებელმა უნდა იცოდეს როგორ მოახდინოს საუბრის სტრუქტურირება და წარმართვა, ელექტრონული მედია, წყნარ და მორცხვ მოსწავლეებსაც აძლევს საშუალებას მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში, დებატებში.

21 საუკუნის მასწავლებელს უნდა შეეძლოს რისკზე წასვლა და, თუ საჭიროა, მოსწავლეების უპირატესობის აღიარება ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნაში. მასწავლებელმა საშუალება უნდა მისცეს მოსწავლეებს, რათა მათ ერთმანეთს ასწავლონ.

21 საუკუნის მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეებს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის მაგალითი. მასწავლებელი მუდმივად უნდა აახლებდეს სასწავლო მასალას, სწავლების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.

მასწავლებელი უნდა ფლობდეს ინსტრუმენტებს, რომლებიც მას აძლევენ კომუნიკაციის და თანამშრომლობის შესაძლებლობას. მას ასევე უნდა შეეძლოს კომუნიკაციის ფასილიტაცია, სტიმულირება და კონტროლი.

მოსწავლეებსა და მასწავლებელს საკმაოდ დიდი დროის მანძილზე უწევთ ურთიერთობა. ამიტომ მასწავლებელი უნდა იყოს ერთგვარი მოდელი იმისა, რასაც მოითხოვს მოსწავლეებისაგან.

21 საუკუნის ყველა მასწავლებელი უნდა გახდეს ლიდერი.