05 January 2009

სწრაფი ჩანაწერები - 5 იანვარი, 09

სულ უფრო ხშირად გაისმის აზრი, რომ 21 საუკუნეში, მხოლოდ ინოვაციურ ეკონომიკას აქვს მომავალი. ეს ეხება როგორც ინდივიდებს, ასევე ორგანიზაციებს. მოვიყვან საინტერესო ციტატებს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემიდან:




”ინოვაციურ პროცესებზე გადასვლისას მთავარია კლიმატი და ორგანიზაციული კულტურა (ეს სკოლებისთვისაც აქტუალურია);

ინოვაციურ პროცესში ადამიანებს სჭირდებათ მკაფიო მიზანი და თავისუფლება. ადამიანებმა უნდა იგრძნონ საბოლოო მიზანი და უნდა შეეძლოთ საქმეს კეთება თავისუფლად. მათ არ უნდა ეშინოდეთ წარუმატებლობის;

რადიკალური ცვლილებების ერაში ჩვენ უფრო მეტს ვსწავლობთ ჩვენი წარუმატებლობებიდან და შეცდომებიდან, ვიდრე წარმატებებიდან. ინოვაციის არსს წარმოადგენს წარუმატებლობის ძიება.

მთავარია კლიმატი. ინოვაციები იბადება მხოლოდ უსაფრთხო გარემოში (როცა ადამიანებს აქვთ შეცდომის დაშვების და ექსპერიმენტირების უფლება);

საჭიროა ისეთი ადამიანები, რომლებიც არ გვეთანხმებიან და არა ისეთი, ვინც მუდამ ეთანხმება ხელმძღვანელობას;

ინოვაციურ პროცესში მთავარია ურთიერთქმედების უნარი;

ხელი უნდა გავუწოდოთ ახალ ტალანტებს, უნდა მივცეთ მათ თავისუფლება;

თავისუფლება, ნდობა, აღიარება, მატერიალური სტიმულირება - ინოვაციის წახალისების მთავარი ატრიბუტებია".

ჩემი აზრით, სკოლის რეალური რეფორმა შესაძლებელია ორი მიმართულებით:
  1. სკოლის ანგარიშგების გაზრდა საზოგადოების წინაშე. სკოლის წინაშე ისმევა მკაფიო ამოცანები და განისაზღვრება კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება მათი საქმოანობის შეფასება. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რაზე იქნება გამახვილებული ყურადღება ამ შეფასებაში. ასეთი მკაცრი შეფასება აიძულებს სკოლებს სიახლეების ძიებისაკენ და საკუთარი საქმიანობის სრულყოფისაკენ.
  2. ინოვაციების წახალისება, შემოქმედებითობა, სხვადასხვა პროექტების სიმრავლე. ანუ წინა პლანზე წამოწევა პროცესის და არა შედეგის.
მეორე მიმართულებას სულ უფრო დიდი ყურადღება ექცევა ინოვაციურად მოაზროვნე მეცნიერების მხრიდან. მსოფლიოში იზრდება იმ სკოლების რიცხვი, რომლებიც უარს ამბობენ სწავლების ტრადიციულ ფორმებზე, სტანდარტულ ტესტებზე და ეძებენ სწავლების ინოვაციურ გზებს, რომლებიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებენ მოსწავლეების ინტერესებს.

ალბათ არსებობს სკოლის რეფორმირების მესამე მიმართულებაც, რომელიც შეიძლება განვიხილოთ გარდამავალ ეტაპად პირველი მიმართულებიდან მეორეზე - ეს არის ამ ორი მიმართულების შერწყმა.

No comments: