27 June 2010

ფინეთის განათლების ფენომენი

რა განაპირობებს ფინეთის განათლების სისტემის წარმატებებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სასარგებლო იქნება ჩვენში მიმდინარე რეფორმის შესაფასებლადაც. ფინეთი ხომ ჩვენსავით პატარა ქვეყანაა, არ არის მდიდარი ბენებრივი რესურსებით. ძალიან საინტერესოა როგორ მოახერხა ფინეთმა განათლების სისტემის ასეთ მაღალ დონემდე აყვანა.

ფინეთის ძირითადი სკოლა ორ საფეხურად იყოფა: დაწყებითი და საშუალო. ყველა მოქალაქე ვალდებულია მიიღოს ძირითადი განათლება, რომელსაც უფასოდ უზრუნველყოფს სახელმწიფო. უფასოა როგორც სწავლება, ასევე სახელმძღვანელოები და რვეულები, ძირითადი საკანცელარიო ნივთები და კვება.

ძირითადი სკოლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდას შეუძლია მიიღოს პროფესიული განათლება და შემდეგ იმუშაოს მიღებული სპეციალობით (ასეთ არჩევანს მოსწავლეთა 47% აკეთებს) ან სწვალა გააგრძელოს ლიცეუმში, რომელიც ამზადებს მოსწავლეს უმაღლესი სასწავლებლისათვის. ლიცეუმის პროგრამა საკმაოდ რთული და ინტენსიურია და გათვლილია ძლიერ მოსწავლეზე. მოთხოვნები საკმაოდ მაღალია და არანაირი შეღავათები არ არსებობს.

ჩემი აზრით საშუალო განათლების ბოლო საფეხურის (ლიცეუმი) გამოტანა ძირითადი სკოლის ფარგლებს გარეთ ძალიან გონივრულია. ეს საშუალებას აძლევს ძირითად სკოლას დასახოს უფრო მეტად აღმზრდელობითი ამოცანები და გამოიყენოს მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდიკები, ვინაიდან სტანდარტიზირებული ტესტირებისათვის მომზადება ამ სკოლის ამოცანას არ წარმოადგენს. მაგალითად, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს გამოუმუშაოს მოსწავლეს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის და ემპათიის (empathy - სხვა ადამიანის ემოციების, გრძნობების აღქმა, თანაგრძნობა) უნარები. დაწყებითი სკოლის მთავარი ამოცანაა პასუხისმგებლიანი მოსწავლის აღზრდა.

ძირითად სკოლაში მოსწავლეების დატვირთვა ზომიერია, საშინაო დავალებების მომზადებისათვის მოსწავლეს უნდა დასჭირდეს არაუმეტეს ნახევარი საათი. საშინაო დავალების შესრულებაში ნიშანი არ იწერება. ათვისებული მასალის კონტროლი პერიოდული ტესტირების საშუალებით ხდება.

პასუხისმგებლიანი მოსწავლის აღზრდის ამოცანას ემსახურება ასევე სწავლების მთავარი პრინციპი: არა მზა ინფორმაციის გადაცემა, არამედ ინფორმაციის მოძიების სტიმულირება. ამისათვის გამოიყენება როგორც ინტერნეტი, ასევე ძალიან მოწესრიგებული საბიბლიოთეკო ქსელი. შედეგი: ფინელი მოსწავლეები ძალიან ბევრს კითხულობენ.

ფინური განათლების სისტემის საბაზო პრინციპებია: ინდივიდუალური მიდგომა, მოსწავლის ყოველმხრივი მხარდაჭერა, ნდობა, კეთილგანწყობა და კულტურა. თურმე ფინეთის კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ თითოეულ არასრულწლოვან მოქალაქეს აქვს ინდივიდუალური მხარდაჭერის უფლება. ამ უფლების რეალიზაცია მაქსიმალურად ხორციელდება ფინეთის სკოლაში.

ფინური, შვედური და ინგლისური ენის სწავლა სავალდებულოა. სავალდებულოა ასევე ერთი დამატებითი უცხო ენის სწავლა. ამიტომ ლიცეუმის და შემდგომში უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მზადაა ნებისმიერ ქვეყანაში სამუშაოდ. სხვათაშორის მათემატიკას მხოლოდ 3 საათი ეთმობა კვირაში.

ფინეთში განათლების სისტემასთან მიმართებაში არ არის ორმაგი სტანდარტები. თუ საუბრობენ ”თანაბარ შესაძლებლობებზე”, ისინი ნამდვილად თანაბარია, თუ საუბრობენ ”უფასო განათლებაზე”, ის ნამდვილად უფასოა, თუ საუბრობენ ”მასწავლებლის მაღალ სტატუსზე”, ის ნამდვილად ძალიან მაღალია.

ფინეთში არ ხორციელდება სკოლების კონტროლი, არ არის არანაირი ინსპექციები. სახელმწიფოს ურთიერთობა სკოლებთან ძირითადად აგებულია ნდობაზე. არ არსებობს ასევე კლასიდან კლასში გადასასვლელი და გამოსაშვები გამოცდები. ბავშვებს ამზადებებნ ცხოვრებისათვის და არა გამოცდებისათვის.

რეპეტიტორის ინსტიტუტი ფინეთში ფაქტიურად არ არსებობს. თუ მოსწავლეს აქვს პრობლემები რომელიმე საგანში სკოლა ვალდებულია დაეხმაროს მას. ამისათვის შტატში არის სპეციალური მასწავლებლებიც.

ფინეთის ყოველ სკოლაში არის სპეციალური პედაგოგი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი მომავლის დაგეგმვაში (ავლენს ბავშვების მიდრეკილებებს, ურჩევს მათ რა მიმართულებით გააგრძელონ სწავლა, აცნობს სხვადასხვა პროფესიებს).

და რაც მთავარია, ”ჩინოვნიკები” განათლების სისტემიდან ”განდევნილია”. მასწავლებელს აქვს ძალიან დიდი უფლებები და დიდი ნდობა. მას შეუძლია ჩაატაროს ან არ ჩაატაროს გამოცდები, აირჩიოს ბალების ნებისმიერი სისტემა ან საერთოდ უარი თქვას ბალებით შეფასებაზე. მასწავლებელს აქვს შემოქმედების სრული თავისუფლება.

წარმატების მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილება ის, რომ მასწავლებელი ვალდებულია გაატაროს სკოლაში სრული სამუშაო დღე ანუ 8 საათი. ეს საშუალებას აძლევს მას სრულად ”ჩაეფლოს” სკოლის ცხოვრებაში, იმუშაოს ბავშვებთან, მშობლებთან, იმუშაოს საკუთარ თავზე.

2 comments:

Unknown said...

საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეთ ფინეთის სკოლებზე. ნეტა ჩვენთანაც ასე იყოს: ნაკლები ბიუროკრატია და მეტი საქმე. თანაც, ალბათ ყველა ქვეყანას აქვს თავის სპეციფიკა, საჭიროა მისი გათვალისწინება და არა ბრმად გადმოღება ყველაფრის, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება.

სიმონ ჯანაშია said...

კვლევების უმეტესობა ფინეთის განათლების სისტემის წარმატებების წინაპირობებად ასახელებს:
ა) სკოლების თანაბარ დონეს - ანუ არ არსებობს ძალიან ცუდი და ძალიან კარგი სკოლები. ყველა სკოლა საშუალო ან საშუალოზე მაღალ დონეს ინარჩუნებს.
ბ) მასწავლებლების მომზადების დონე არის ძალიან მაღალი, მასწავლებლობა ბევრ ადამიანს უნდა და შესაბამისად საუკეთესოების შერჩევის შესაძლებლობა არსებობს, ყველა ფინელს ვისაც მასწავლებლობის სურვილი აქვს სჭირდება მაგისტრატურის დონის განათლება.