Showing posts with label დასავლეთის სკოლები. Show all posts
Showing posts with label დასავლეთის სკოლები. Show all posts

27 June 2010

ფინეთის განათლების ფენომენი

რა განაპირობებს ფინეთის განათლების სისტემის წარმატებებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სასარგებლო იქნება ჩვენში მიმდინარე რეფორმის შესაფასებლადაც. ფინეთი ხომ ჩვენსავით პატარა ქვეყანაა, არ არის მდიდარი ბენებრივი რესურსებით. ძალიან საინტერესოა როგორ მოახერხა ფინეთმა განათლების სისტემის ასეთ მაღალ დონემდე აყვანა.

ფინეთის ძირითადი სკოლა ორ საფეხურად იყოფა: დაწყებითი და საშუალო. ყველა მოქალაქე ვალდებულია მიიღოს ძირითადი განათლება, რომელსაც უფასოდ უზრუნველყოფს სახელმწიფო. უფასოა როგორც სწავლება, ასევე სახელმძღვანელოები და რვეულები, ძირითადი საკანცელარიო ნივთები და კვება.

ძირითადი სკოლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდას შეუძლია მიიღოს პროფესიული განათლება და შემდეგ იმუშაოს მიღებული სპეციალობით (ასეთ არჩევანს მოსწავლეთა 47% აკეთებს) ან სწვალა გააგრძელოს ლიცეუმში, რომელიც ამზადებს მოსწავლეს უმაღლესი სასწავლებლისათვის. ლიცეუმის პროგრამა საკმაოდ რთული და ინტენსიურია და გათვლილია ძლიერ მოსწავლეზე. მოთხოვნები საკმაოდ მაღალია და არანაირი შეღავათები არ არსებობს.

ჩემი აზრით საშუალო განათლების ბოლო საფეხურის (ლიცეუმი) გამოტანა ძირითადი სკოლის ფარგლებს გარეთ ძალიან გონივრულია. ეს საშუალებას აძლევს ძირითად სკოლას დასახოს უფრო მეტად აღმზრდელობითი ამოცანები და გამოიყენოს მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდიკები, ვინაიდან სტანდარტიზირებული ტესტირებისათვის მომზადება ამ სკოლის ამოცანას არ წარმოადგენს. მაგალითად, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს გამოუმუშაოს მოსწავლეს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის და ემპათიის (empathy - სხვა ადამიანის ემოციების, გრძნობების აღქმა, თანაგრძნობა) უნარები. დაწყებითი სკოლის მთავარი ამოცანაა პასუხისმგებლიანი მოსწავლის აღზრდა.

ძირითად სკოლაში მოსწავლეების დატვირთვა ზომიერია, საშინაო დავალებების მომზადებისათვის მოსწავლეს უნდა დასჭირდეს არაუმეტეს ნახევარი საათი. საშინაო დავალების შესრულებაში ნიშანი არ იწერება. ათვისებული მასალის კონტროლი პერიოდული ტესტირების საშუალებით ხდება.

პასუხისმგებლიანი მოსწავლის აღზრდის ამოცანას ემსახურება ასევე სწავლების მთავარი პრინციპი: არა მზა ინფორმაციის გადაცემა, არამედ ინფორმაციის მოძიების სტიმულირება. ამისათვის გამოიყენება როგორც ინტერნეტი, ასევე ძალიან მოწესრიგებული საბიბლიოთეკო ქსელი. შედეგი: ფინელი მოსწავლეები ძალიან ბევრს კითხულობენ.

ფინური განათლების სისტემის საბაზო პრინციპებია: ინდივიდუალური მიდგომა, მოსწავლის ყოველმხრივი მხარდაჭერა, ნდობა, კეთილგანწყობა და კულტურა. თურმე ფინეთის კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ თითოეულ არასრულწლოვან მოქალაქეს აქვს ინდივიდუალური მხარდაჭერის უფლება. ამ უფლების რეალიზაცია მაქსიმალურად ხორციელდება ფინეთის სკოლაში.

ფინური, შვედური და ინგლისური ენის სწავლა სავალდებულოა. სავალდებულოა ასევე ერთი დამატებითი უცხო ენის სწავლა. ამიტომ ლიცეუმის და შემდგომში უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მზადაა ნებისმიერ ქვეყანაში სამუშაოდ. სხვათაშორის მათემატიკას მხოლოდ 3 საათი ეთმობა კვირაში.

ფინეთში განათლების სისტემასთან მიმართებაში არ არის ორმაგი სტანდარტები. თუ საუბრობენ ”თანაბარ შესაძლებლობებზე”, ისინი ნამდვილად თანაბარია, თუ საუბრობენ ”უფასო განათლებაზე”, ის ნამდვილად უფასოა, თუ საუბრობენ ”მასწავლებლის მაღალ სტატუსზე”, ის ნამდვილად ძალიან მაღალია.

ფინეთში არ ხორციელდება სკოლების კონტროლი, არ არის არანაირი ინსპექციები. სახელმწიფოს ურთიერთობა სკოლებთან ძირითადად აგებულია ნდობაზე. არ არსებობს ასევე კლასიდან კლასში გადასასვლელი და გამოსაშვები გამოცდები. ბავშვებს ამზადებებნ ცხოვრებისათვის და არა გამოცდებისათვის.

რეპეტიტორის ინსტიტუტი ფინეთში ფაქტიურად არ არსებობს. თუ მოსწავლეს აქვს პრობლემები რომელიმე საგანში სკოლა ვალდებულია დაეხმაროს მას. ამისათვის შტატში არის სპეციალური მასწავლებლებიც.

ფინეთის ყოველ სკოლაში არის სპეციალური პედაგოგი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი მომავლის დაგეგმვაში (ავლენს ბავშვების მიდრეკილებებს, ურჩევს მათ რა მიმართულებით გააგრძელონ სწავლა, აცნობს სხვადასხვა პროფესიებს).

და რაც მთავარია, ”ჩინოვნიკები” განათლების სისტემიდან ”განდევნილია”. მასწავლებელს აქვს ძალიან დიდი უფლებები და დიდი ნდობა. მას შეუძლია ჩაატაროს ან არ ჩაატაროს გამოცდები, აირჩიოს ბალების ნებისმიერი სისტემა ან საერთოდ უარი თქვას ბალებით შეფასებაზე. მასწავლებელს აქვს შემოქმედების სრული თავისუფლება.

წარმატების მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილება ის, რომ მასწავლებელი ვალდებულია გაატაროს სკოლაში სრული სამუშაო დღე ანუ 8 საათი. ეს საშუალებას აძლევს მას სრულად ”ჩაეფლოს” სკოლის ცხოვრებაში, იმუშაოს ბავშვებთან, მშობლებთან, იმუშაოს საკუთარ თავზე.

05 January 2010

ცნობებს სკოლისათვის მშობლები დაწერენ

საინტერესო ინფორმაცია შემხვდა ინტერნეტში.

ესტონეთში, 1 იანვრიდან, ექიმები აღარ გასცემენ ცნობებს სკოლის გაცდენებთან დაკავშირებით. ცნობას, რომელშიც ახსნილი იქნება ბავშვის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი, დაწერს მხოლოდ მშობელი, იმის მიუხედავად, თუ რა მიზეზით და რა ხანგრძლივობით გააცდენს ბავშვი სკოლას.

თურმე ევროკავშირში ასეთი ცნობების გაცემა არ შედის ექიმების მოვალეობაში. 18 წლამდე ასაკის ბავშვის სკოლაში სიარულზე პასუხისმგებელია მშობელი, ამიტომ მხოლოდ მას შეუძლია ბავშვის განთავისუფლება გაკვეთილებიდან (რა თქმა უნდა, ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში მშობელი გაითვალისწინებს ექიმის რეკომენდაციებს სკოლის გაცდენასთან დაკავშირებით).

ჩემი აზრით ეს ძალიან გონიერი გადაწყვეტილებაა, რომელიც დაზოგავს როგორც ექიმების, ასევე მშობლების დროს.

09 December 2009

სკოლების აკრედიტაციის შესახებ

სკოლების აკრედიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, როგორც ჩანს, გაურკვეველი დროით გადაიდო. ალბათ ეს გამართლებულია, ვინაიდან სკოლების აკრედიტაციის პროექტი, ჩემი აზრით, საკმაოდ მოუმზადებელი იყო და გამოიწვევდა თვით ამ კარგი იდეის დისკრედიტაციას (სწორედ ასე მოხდა, მაგალითად, სამეურვეო საბჭოს, სკოლების კომპიუტერიზაციის, საგნების ინტეგრაციის და სხვა კარგი იდეების დისკრედიტაცია).

სკოლების აკრედიტაციასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილება. მაგალითად, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება ამ კუთხით აშშ-ში.

ობამას ადმინისტრაციამ გამოყო 3,5 მილიარდი დოლარი ყველაზე წარუმატებელი სკოლების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის. აშშ-ში ასეთი სკოლების რაოდენობა 5000-ს შეადგენს (არსებული სკოლების 1%).

ეს თანხა გადაეცემა შტატებს, რომლებიც გამოაცხადებენ საგრანტო კონკურსებს სასკოლო ოლქებისათვის. ანუ ფულს მიიღებენ მხოლოდ ის ოლქები, რომლებიც წარადგენენ სკოლების განვითარების დასაბუთებულ და რეალისტურ გეგმებს.

სასკოლო ოლქებმა უნდა გამოავლინონ სკოლები, რომლებსაც ესაჭიროება მოდერნიზაცია და შესთავაზონ საგრანტო კომისიებს მოქმედებათა გეგმა წინასწარ განსაზღვრული ოთხი მოდელის შესაბამისად:

მოდელი 1: დირექტორისა და არანაკლებ მასწავლებელთა ნახევარის განთავისუფლება და სკოლის ხელახალი გახსნა ახალი პერსონალით;

მოდელი 2: სკოლის გადაცემა მართველობაში ჩარტერული სკოლების ოპერატორს ან სხვა რომელიმე ორგანიზაციას;

მოდელი 3: სკოლის დახურვა და მოსწავლეების გადანაწილება სასკოლო ოლქის უფრო წარმატებულ სკოლებში;

მოდელი 4: მხოლოდ დირექტორის განთავისუფლება და სკოლის განვითარება დასახული გეგმის მიხედვით.

10 November 2009

ინტერნეტი გამოცდებზე

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლეს შემოღებას აპირებენ დანიის სკოლებში. ამ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით 2011 წლიდან სასწავლო წლის დამამთავრებელ გამოცდებზე ნაბადართული იქნება ინტერნეტის შეუზღუდავი გამოყენება. აიკრძალება მხოლოდ მესიჯებისა და ე-წერილების გაგზავნა და მიღება.

ეს გადაწყვეტილება ასე აიხსნება: თუ ინტერნეტი წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების ნაწილს, თუ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრისას ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ინტერნეტს, მისი გამოყენების დაშვება გამოცდებზე უფრო ლოგიკურია, ვიდრე მისი აკრძალვა.

გამოცდის დროს კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან აკრძალულია, მაგრამ როგორ მოხდება ამის გაკონტროლება? პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ამის გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ მოსწავლეების პატიოსნებას ვენდობით. გარდა ამისა, თაღლითობაში შემჩნეული მოსწავლეების სასჯელი იმდენად მკაცრია (სასწავლებლიდან გარიცხვა), რომ უმეტესობა ამას არც კი ეცდება.

თვით გამოცდის კითხვების შინაარსიც ფაქტიურად გამორიცხავს რაიმე თაღლითობის შესაძლებლობას. გამოცდაზე შემოწმდება მოსწავლის მიერ არა ფაქტების ცოდნა (ამ ფაქტებს ისინი ინტერნეტშიც მოიძიებენ), არამედ ინფორმაციის ანალიზისა და მსჯელობის უნარი.

დანიის განათლების მინისტრი ამბობს: ”ჩვენი გამოცდები უნდა პასუხობდეს საკლასო ოთახის ყოველდღიურ პრაქტიკას, ხოლო საკლასო პრაქტიკა - თემის ყოველდღიურ ცხოვრებას”. პროექტის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ მალე ყველა ევროპულ ქვეყანაში მიიღებენ ანალოგიურ გადაწყვეტილებას.

ჩემი აზრით, გამოცდებზე ინტერნეტის დაშვების გადაწყვეტილება ძალიან პროგრესული ნაბიჯია და საუკეთესო დადასტურებაა დანიის მთავრობის ინოვაციური აზროვნებისა.

22 March 2009

ალტერნატიული სკოლა

სკოლის რეფორმირების ხედვის სრულყოფისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედი ალტერნატიული სკოლების საქმიანობის და ფილოსოფიის გაცნობა და შესწავლა. ეს საშუალებას მოგვცემს სხვადასხვა კუთხით დავინახოთ არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.

მრავალფეროვნება წარმოადგენს განათლების არსს. საოცარია, რომ დღემდე სერიოზულად აღიქმევა სწავლა, რომელიც ფაქტიურად არ ითვალისწინებს განსხვავებებს ბავშვებს შორის და ეფუძნება სტანდარტიზებულ სასწავლო გეგმასა და შეფასებას. ეს ალბათ დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. პასუხისმგებლიანი რეფორმა ამას უნდა ხედავდეს და ამისათვის უნდა ემზადებოდეს. სამწუხაროდ ჩვენთან ეს არ იგრძნობა. განათლების რეფორმა ”ჩაიციკლა” საორგანიზაციო საკითხებში, როგორიცაა ეროვნული გამოცდები, სკოლების აკრედიტაცია, მასწავლებელთა სერტიფიკაცია, სკოლების აღჭურვა კომპიუტერებით და მათი ჩართვა ინტერნეტში, სკოლების მართვის დეცენტრალიზაცია. ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ არა მთავარი. მთავარია განათლების შინაარსი, ხარისხი, ინოვაციები, სასწავლო გარემო, დისკუსიები, კვლევები. ამ კუთხით განიხილება 15-20 წლის წინანდელი იდეები, მოდელები, მიდგომები, რომლებმაც დღეს დაკარგეს აქტუალურობა.

ალტერნატიული სკოლის საინტერესო მაგალითია აშშ-ს ქალაქ Framingham-ში მდებარე სკოლა Sudbury Valley School. ამ სკოლაში თვით მოსწავლეები წარმართავენ საკუთარ სწავლას ცნობისმოყვარეობაზე და ინტერესებზე დაყრდნობით. უფროსები ამ პროცესში თითქმის არ მონაწილეობენ. ”აქ თვით მოსწავლეები განსაზღვრავენ რა უნდა აკეთონ, როდის, როგორ და სად. ეს თავისუფლება წარმოადგენს სკოლის არსს”, - ვკითხულობთ საიტის ერთ-ერთ სტატიაში. ამ სკოლაში არ არის კლასებად დაყოფა, ნიშნები და ხარისხები, საშინაო დავალებები. დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, თემის ინტერესების პატივისცემა - ძირითადი ფასეულობებია.

სკოლის ფილოსოფია ეფუძნება შემდეგ მარტივ პრინციპებს:
  • ყველა ადამიანი ცნობისმოყვარეა თავისი ბუნებით
  • სწავლა მაშინ არის ეფექტიანი, როცა წარიმართება თვით მოსწავლის მიერ
  • ყველა ადამიანი კრეატულია, მათ უბრალოდ უნდა მიეცეთ საკუთარი უნიკალური ტალანტების განვითარების შესაძლებლობა
  • განათლების მიზანი სწავლაა და არა სწავლება
  • მოსწავლესათვის ყველაზე მთავარია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ისწავლოს და სწავლის მიტივაცია.

პრაქტიკაში ეს აისახემა იმაში, რომ თვით მოსწავლეები არიან ყველა აქტივობების ინიციატორები და თვითონ ქმნიან სწავლის გარემოს.

შეიძლება ზოგი რამ მოგვეჩვენოს აქ საკამათო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კერძო სკოლა არსებობს, მშობლები იხდიან სწავლის საფასურს წელიწადში 6450$ და ალბათ კმაყოფილნი არიან.

PS. რა თქმა უნდა ზემოთ აღწერილ ალტერნატიულ სკოლას არანაირი კავშირი არა აქვს განათლების სამინისტროს მიერ ინიციირებულ ალტერნატიულ სკოლებთან, სადაც ძნელადაღსაზრდელი ბავშვები ისწავლიან.

16 February 2009

აშშ-ს განათლების სისტემის პრობლემები

ბოლო ორი წლის განმავლობაში გარკვეულ დროს ვუთმობ აშშ-ს განათლების სისტემასთან დაკავშირებულ სტატიების, დებატებისა და კონფერენციების მასალების გაცნობას ინტერნეტში. ექსპერტების, პოლიტიკოსების და უბრალო მოქალაქეების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ აშშ-ს განათლების სისტემა მძიმე მდგომარეობაშია. მაგალითად, 14 თებერვალს New York Times-ში განათლების პრობლემებთან დაკავშირებული სტატია ასეთი სათაურით დაიბეჭდა: ”ჩვენი უდიდესი ეროვნული სირცხვილი”.
ბილ გეიტსმაც ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში აღნიშნა, რომ მოსწავლეების 80% ვერ იღებს კარგ განათლებას. ახალგაზრდების 30% არ ამთავრებს საშუალო სკოლას. ახალგაზრდებში ღარიბ ოჯახებიდან ეს მაჩვენებელი 50% უახლოვდება.

განათლების სისტემის რეფორმირების გზებთან დაკავშირებული დებატები საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილია ორი მიდგომა: რადიკალური ცვლილებების და ზომიერი ცვლილებების. რადიკალები მოითხოვენ განათლების სისტემის სრულ ტრანსფორმაციას.

ერთ საკითხში ყველა თანხმდება, რომ რეფორმის მთავარი სუბიექტი მასწავლებელია, რომ საჭიროა ”დიდი მასწავლებლები”. ბილ გეიტსის სიტყვები: ”HAVING GREAT TEACHERS is the key”. ამისათვის საჭიროდ მიიჩნევენ, რომ მასწავლებლის ხელფასი მკაცრად იყოს მიბმული მისი მუშაობის შედეგებთან, თუმცა ამის განხორციელება საკმაოდ რთულია.

ასევე დიდ ყურადღებას იქცევს სკოლების ანგარიშგების პოლიტიკა. სკოლების შეფასება სტანდარტიზირებული ტესტების შედეგების მიხედვით, რომელიც დამკვიდრებულია აშშ-ს განათლების სისტემაში ბევრ კრიტიკას იწვევს. ალტერნატიული სისტემა ჯერ არ არის შემუშავებული. ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დროში ალბათ ბევრი სიახლე იქნება. ერთი რამ უდავოა - სკოლების შეფასების ალტერნატიული სისტემა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე არსებული. საერთოდ უნდა ითქვას, რომ კარგი განათლების სისტემა სულ უფრო ძვირადღირებული ხდება. ეს ბევრ პრობლემას შეუქმნის ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა. ამავე დროს განათლება ხდება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ეკონომიკის განვითარებისა.

მესამე პრობლემა, რომელიც იქცევს ყურადღებას, არის საგანმანათლებლო გარემო და საგანმანათლებლო რესურსები. აღნიშნავენ, რომ გარემო უნდა იყოს მოქნილი, ღია, მჭიდროდ დაკავშირებული რეალურ ცხოვრებასთან.

14 February 2009

ობამა ასრულებს დანაპირებს

ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებულია განათლება. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დაპირებად არ დარჩება. აშშ-ს ახალ განათლების მინისტრს Arne Duncan-ს გამოეყო 600 მილიონი დოლარი ინოვაციური შტატების, სასკოლო ოლქებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად. თუ გავითვალისწინებთ, რომ განათლების მინისტრის ფონდი აქამდე არასოდეს არ აღემატებოდა 30 მილიონ დოლარს, გასაგები გახდება რამდენად უპრეცედენტოა ეს დაფინანსება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დაფინანსება განკუთვნილია ინოვაციური პროექტებისათვის.

22 January 2009

მომავლის სკოლა

საიტზე Our Surprising World წარმოდგენილია ინფორმაცია დანიის ერთ-ერთი ახალი სკოლის შესახებ. სკოლას აქვს საკმაოდ უჩვეულო არქიტექტურა და დიზაინი. ის აღჭურვილია უკაბელო ინტერნეტით, ხოლო თითოეულ მოსწავლეს აქვს პერსონალური ნოუთბუქი. სკოლის ინტერიერი მოხერხებულია როგორც სწავლისათვის, ასევე დასვენებისათვის და ურთიერთობისათვის.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ტრადიციული საკლასო სისტემა და აქედან გამომდინარე, სკოლის ტრადიციული ინტერიერი უახლოეს წლებში წარსულს ჩაბარდება.




























აქვე რამოდენიმე სიტყვა დანიის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ. 1994 წელს მიღებული განათლების კანონის თანახმად სკოლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადამიანებთან, სოციუმთან ურთიერთობის სწავლება და არა ცოდნის გადაცება.

მეცხრე კლასის ჩათვლით ნიშნები სკოლებში არ იწერება. მეცხრე კლასის ბოლოს ტარდება გამოსაშვები გამოცდები დანიურ და ინგლისურ ენაში და მათემატიკაში.

სახალხო სკოლებთან ერთად, რომლებსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, დანიაში არსებობენ კიდევ მრავალი სხვა ტიპის სკოლები. ამ სკოლებში მშობლები აფინანსებენ ხარჯების მხოლოდ 25%, დანარჩენ ხარჯებს ფარავს სახელმწიფო. მასწავლებლების ხელფასი სხვადასხვა ტიპის სკოლებში არ განსხვავდება.

დანიის განათლების სისტემა ჭეშმარიტად დემოკრატიულია. მისი განვითარება ხდება ქვემოდან. მშობლებს აქვთ მასწავლებლების დაქირავების და მათთან ერთად ნებისმიერი ტიპის სკოლის შექმნის უფლება. სახელმწიფო ვალდებულია დააფინანსოს ასეთი სკოლები.

დანიაში არ არსებობს ექსპერიმენტალური სკოლები, ვინაიდან ყველა სკოლა ისედაც განუმეორებელია და განსხვავდება სხვა სკოლებისგან.

25 June 2008

აშშ-ს და ფინეთის სკოლების შედარება

საინტერესო სტატია, სადაც ავტორი ცდილობს შეადაროს ერთმანეთს აშშ-ს და ფინეთის სკოლები. საყოველთაოდ ცნობილია ფინეთის წარმატებები სასკოლო განათლებაში. ბოლო წლებში ფინელი მოსწავლეები იკავებენ პირველ ადგილებს სხვადასხვა საერთაშორისო ტესტირებებში. ამავე ტესტირებებში ამერიკელი მოსწავლეების მიღწევები საშუალო დონისაა.

ავტორი ამბობს, რომ განსხვავება ამერიკის და ფინეთის სკოლების აღჭურვაში, სკოლის შენობებში არ არის. არ არის განსხვავება ასევე მასწავლებელთა პროფესიონალიზმში. ძირითადად, ორივე სახელმწიფოს სკოლებში მუშაობენ საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები.

არ შეიმჩნევა, ავტორის აზრით, დიდი განსხვავება პედაგოგიურ მეთოდებში და სტრატეგიებში, რომლებსაც იყენებენ ამ ქვეყნების მასწავლებლები გაკვეთილებზე. ორივე ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ სწავლა იყოს დაკავშირებული რეალურ ცხოვრებასთან. შეიძლება ითქვას, რომ პროექტული მეთოდები აშშ-ს სკოლებში უფრო ფართეთ გამოიყენება.

ძირითადი განსხვავება შეინიშნბეა ”სკოლის კულტურაში”. მაგალითად, ფინეთში საკმაოდ გავრცელებულია, როცა სხვადასხვა საგნის მასწავლებლები ამზადებენ ერთობლივ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა დაინახონ და გაანალიზონ მოვლენები სხვადასხვა პერსპექტივიდან. ეს ტენდენცია სულ უფრო ვრცელდება ფინეთის სკოლებში.

ამერიკის სკოლებში მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ერთობლივი პროექტები ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ამბობბენ, რომ გადატვირთული სასწავლო გეგმა მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

ფინეთის სკოლებში მოსწავლეებს აქვთ თვითგამოხატვის მეტი თავისუფლება. ახალგაზრდების კულტურა, მათი ინტერესები უფრო მეტად ინტეგრირებულია სასწავლო გეგმაში, ვიდრე იზოლირებული.

როგორც უმეტეს ქვეყნებში, ფინეთშიც სკოლები ამზადებენ მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისათვის, რომლებიც abitur exam-ის სახელითაა ცნობილი. ამ გამოცდების თავისებურება და მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს მოეთხოვებათ გამოცდის ყველა საგანში შედარებით გრძელი ესეების დაწერა. გამოცდებს ეთმობა 4-8 დღე (6 საათი დღეში). მოსწავლეებმა ესეების წერა რომ შეძლონ, თემები უნდა ისწავლებოდეს ისე, რომ მოსწავლეებს შეექმნათ ერთიანი წარმოდგენა საგანზე.

მაგალითისათვის მოვიყვანთ ისტორიისა და სოციალური მეცნიერების გამოცდის ერთ კითხვას:
წარმოდგენილია William Robert-ის ფერწერული ნახატი, სადაც ასახულია ქალი მეორე მსოფლიო ომის დროს. გაანალიზეთ ქალების როლი მეორე მსოფლიო ომში, ანალიზის საწყის წერტილად გამოიყენეთ ეს ნახატი. გაანალიზეთ ომის გავლენა ქალის როლზე და მის სტატუსზე დასავლეთ სამყაროში. შესაძლებელია ესე დაიწეროს მხოლოდ ფინეთის ისტორიის კონტექსტში.
იდეა, რომელიც უდევს საფუძვლად ამ გამოცდებს ეფუძნება მენეჯმენტის ცნობილ კანონს: იღებ იმას, რასაც ზომავ (you get what you measure). თუ გამოცდებზე იზომება მხოლოდ მეხსიერება, სწორედ ამაზე იქნება მასწავლებლების ყურადღება გამახვილებული სკოლებშიც. თუ გამოცდაზე იზომება აქვთ თუ არა მოსწავლეებს საგნის მთლიანი წარმოდგენა, აქვთ თუ არა ათვისებული საგნის ძირითადი კონცეფციები და მათი ურთიერთკავშირები, სწორედ ამის სწავლას ეცდებიან სკოლებში მასწავლებლები.
(ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საერთოდ არ არსებობს სკოლის დამამთავრებელი ეროვნული გამოცდები ანუ არ ხდება სკოლის მუშაობის შედეგების გაზომვა. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, სკოლებს და მასწავლებლებს არა აქვთ ორიენტირი იმისა, თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება სწავლებისას. ეს მიმაჩნია ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ ახალი მეთოდების, ინოვაციების მოთხოვნილება სკოლებში ასეთი დაბალია - ჯ.გ.).

ბმულები:

ფინეთის ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადი განათლებისათვის

განათლება ფინეთში

ფინეთის ეროვნული გამოცდების ოფიციალური საიტი