ავტორი ამბობს, რომ განსხვავება ამერიკის და ფინეთის სკოლების აღჭურვაში, სკოლის შენობებში არ არის. არ არის განსხვავება ასევე მასწავლებელთა პროფესიონალიზმში. ძირითადად, ორივე სახელმწიფოს სკოლებში მუშაობენ საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები.
არ შეიმჩნევა, ავტორის აზრით, დიდი განსხვავება პედაგოგიურ მეთოდებში და სტრატეგიებში, რომლებსაც იყენებენ ამ ქვეყნების მასწავლებლები გაკვეთილებზე. ორივე ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ სწავლა იყოს დაკავშირებული რეალურ ცხოვრებასთან. შეიძლება ითქვას, რომ პროექტული მეთოდები აშშ-ს სკოლებში უფრო ფართეთ გამოიყენება.
ძირითადი განსხვავება შეინიშნბეა ”სკოლის კულტურაში”. მაგალითად, ფინეთში საკმაოდ გავრცელებულია, როცა სხვადასხვა საგნის მასწავლებლები ამზადებენ ერთობლივ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა დაინახონ და გაანალიზონ მოვლენები სხვადასხვა პერსპექტივიდან. ეს ტენდენცია სულ უფრო ვრცელდება ფინეთის სკოლებში.
ამერიკის სკოლებში მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ერთობლივი პროექტები ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ამბობბენ, რომ გადატვირთული სასწავლო გეგმა მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
ფინეთის სკოლებში მოსწავლეებს აქვთ თვითგამოხატვის მეტი თავისუფლება. ახალგაზრდების კულტურა, მათი ინტერესები უფრო მეტად ინტეგრირებულია სასწავლო გეგმაში, ვიდრე იზოლირებული.
როგორც უმეტეს ქვეყნებში, ფინეთშიც სკოლები ამზადებენ მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისათვის, რომლებიც abitur exam-ის სახელითაა ცნობილი. ამ გამოცდების თავისებურება და მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს მოეთხოვებათ გამოცდის ყველა საგანში შედარებით გრძელი ესეების დაწერა. გამოცდებს ეთმობა 4-8 დღე (6 საათი დღეში). მოსწავლეებმა ესეების წერა რომ შეძლონ, თემები უნდა ისწავლებოდეს ისე, რომ მოსწავლეებს შეექმნათ ერთიანი წარმოდგენა საგანზე.
მაგალითისათვის მოვიყვანთ ისტორიისა და სოციალური მეცნიერების გამოცდის ერთ კითხვას:
წარმოდგენილია William Robert-ის ფერწერული ნახატი, სადაც ასახულია ქალი მეორე მსოფლიო ომის დროს. გაანალიზეთ ქალების როლი მეორე მსოფლიო ომში, ანალიზის საწყის წერტილად გამოიყენეთ ეს ნახატი. გაანალიზეთ ომის გავლენა ქალის როლზე და მის სტატუსზე დასავლეთ სამყაროში. შესაძლებელია ესე დაიწეროს მხოლოდ ფინეთის ისტორიის კონტექსტში.იდეა, რომელიც უდევს საფუძვლად ამ გამოცდებს ეფუძნება მენეჯმენტის ცნობილ კანონს: იღებ იმას, რასაც ზომავ (you get what you measure). თუ გამოცდებზე იზომება მხოლოდ მეხსიერება, სწორედ ამაზე იქნება მასწავლებლების ყურადღება გამახვილებული სკოლებშიც. თუ გამოცდაზე იზომება აქვთ თუ არა მოსწავლეებს საგნის მთლიანი წარმოდგენა, აქვთ თუ არა ათვისებული საგნის ძირითადი კონცეფციები და მათი ურთიერთკავშირები, სწორედ ამის სწავლას ეცდებიან სკოლებში მასწავლებლები.
(ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საერთოდ არ არსებობს სკოლის დამამთავრებელი ეროვნული გამოცდები ანუ არ ხდება სკოლის მუშაობის შედეგების გაზომვა. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, სკოლებს და მასწავლებლებს არა აქვთ ორიენტირი იმისა, თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება სწავლებისას. ეს მიმაჩნია ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ ახალი მეთოდების, ინოვაციების მოთხოვნილება სკოლებში ასეთი დაბალია - ჯ.გ.).
ბმულები:
ფინეთის ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადი განათლებისათვის
განათლება ფინეთში
ფინეთის ეროვნული გამოცდების ოფიციალური საიტი
No comments:
Post a Comment