10 November 2009

ინტერნეტი გამოცდებზე

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლეს შემოღებას აპირებენ დანიის სკოლებში. ამ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით 2011 წლიდან სასწავლო წლის დამამთავრებელ გამოცდებზე ნაბადართული იქნება ინტერნეტის შეუზღუდავი გამოყენება. აიკრძალება მხოლოდ მესიჯებისა და ე-წერილების გაგზავნა და მიღება.

ეს გადაწყვეტილება ასე აიხსნება: თუ ინტერნეტი წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების ნაწილს, თუ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრისას ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ინტერნეტს, მისი გამოყენების დაშვება გამოცდებზე უფრო ლოგიკურია, ვიდრე მისი აკრძალვა.

გამოცდის დროს კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან აკრძალულია, მაგრამ როგორ მოხდება ამის გაკონტროლება? პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ამის გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ მოსწავლეების პატიოსნებას ვენდობით. გარდა ამისა, თაღლითობაში შემჩნეული მოსწავლეების სასჯელი იმდენად მკაცრია (სასწავლებლიდან გარიცხვა), რომ უმეტესობა ამას არც კი ეცდება.

თვით გამოცდის კითხვების შინაარსიც ფაქტიურად გამორიცხავს რაიმე თაღლითობის შესაძლებლობას. გამოცდაზე შემოწმდება მოსწავლის მიერ არა ფაქტების ცოდნა (ამ ფაქტებს ისინი ინტერნეტშიც მოიძიებენ), არამედ ინფორმაციის ანალიზისა და მსჯელობის უნარი.

დანიის განათლების მინისტრი ამბობს: ”ჩვენი გამოცდები უნდა პასუხობდეს საკლასო ოთახის ყოველდღიურ პრაქტიკას, ხოლო საკლასო პრაქტიკა - თემის ყოველდღიურ ცხოვრებას”. პროექტის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ მალე ყველა ევროპულ ქვეყანაში მიიღებენ ანალოგიურ გადაწყვეტილებას.

ჩემი აზრით, გამოცდებზე ინტერნეტის დაშვების გადაწყვეტილება ძალიან პროგრესული ნაბიჯია და საუკეთესო დადასტურებაა დანიის მთავრობის ინოვაციური აზროვნებისა.

4 comments:

clown said...

O_o

Zviad Kikvidze said...

ძალიან საინტერესო რამაა და ჩემი აზრით სწორი. ყველაზე მეტად ეს მომეწონა: "გამოცდაზე შემოწმდება მოსწავლის მიერ არა ფაქტების ცოდნა (ამ ფაქტებს ისინი ინტერნეტშიც მოიძიებენ), არამედ ინფორმაციის ანალიზისა და მსჯელობის უნარი." ძალიან სწორი მიდგომაა :)

tin@tin said...

chvenc gvinda

Anonymous said...

chvenc gvinda... :S ra kargia