მრავალფეროვნება წარმოადგენს განათლების არსს. საოცარია, რომ დღემდე სერიოზულად აღიქმევა სწავლა, რომელიც ფაქტიურად არ ითვალისწინებს განსხვავებებს ბავშვებს შორის და ეფუძნება სტანდარტიზებულ სასწავლო გეგმასა და შეფასებას. ეს ალბათ დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. პასუხისმგებლიანი რეფორმა ამას უნდა ხედავდეს და ამისათვის უნდა ემზადებოდეს. სამწუხაროდ ჩვენთან ეს არ იგრძნობა. განათლების რეფორმა ”ჩაიციკლა” საორგანიზაციო საკითხებში, როგორიცაა ეროვნული გამოცდები, სკოლების აკრედიტაცია, მასწავლებელთა სერტიფიკაცია, სკოლების აღჭურვა კომპიუტერებით და მათი ჩართვა ინტერნეტში, სკოლების მართვის დეცენტრალიზაცია. ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ არა მთავარი. მთავარია განათლების შინაარსი, ხარისხი, ინოვაციები, სასწავლო გარემო, დისკუსიები, კვლევები. ამ კუთხით განიხილება 15-20 წლის წინანდელი იდეები, მოდელები, მიდგომები, რომლებმაც დღეს დაკარგეს აქტუალურობა.
ალტერნატიული სკოლის საინტერესო მაგალითია აშშ-ს ქალაქ Framingham-ში მდებარე სკოლა Sudbury Valley School. ამ სკოლაში თვით მოსწავლეები წარმართავენ საკუთარ სწავლას ცნობისმოყვარეობაზე და ინტერესებზე დაყრდნობით. უფროსები ამ პროცესში თითქმის არ მონაწილეობენ. ”აქ თვით მოსწავლეები განსაზღვრავენ რა უნდა აკეთონ, როდის, როგორ და სად. ეს თავისუფლება წარმოადგენს სკოლის არსს”, - ვკითხულობთ საიტის ერთ-ერთ სტატიაში. ამ სკოლაში არ არის კლასებად დაყოფა, ნიშნები და ხარისხები, საშინაო დავალებები. დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, თემის ინტერესების პატივისცემა - ძირითადი ფასეულობებია.
სკოლის ფილოსოფია ეფუძნება შემდეგ მარტივ პრინციპებს:
- ყველა ადამიანი ცნობისმოყვარეა თავისი ბუნებით
- სწავლა მაშინ არის ეფექტიანი, როცა წარიმართება თვით მოსწავლის მიერ
- ყველა ადამიანი კრეატულია, მათ უბრალოდ უნდა მიეცეთ საკუთარი უნიკალური ტალანტების განვითარების შესაძლებლობა
- განათლების მიზანი სწავლაა და არა სწავლება
- მოსწავლესათვის ყველაზე მთავარია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ისწავლოს და სწავლის მიტივაცია.
პრაქტიკაში ეს აისახემა იმაში, რომ თვით მოსწავლეები არიან ყველა აქტივობების ინიციატორები და თვითონ ქმნიან სწავლის გარემოს.
შეიძლება ზოგი რამ მოგვეჩვენოს აქ საკამათო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კერძო სკოლა არსებობს, მშობლები იხდიან სწავლის საფასურს წელიწადში 6450$ და ალბათ კმაყოფილნი არიან.
PS. რა თქმა უნდა ზემოთ აღწერილ ალტერნატიულ სკოლას არანაირი კავშირი არა აქვს განათლების სამინისტროს მიერ ინიციირებულ ალტერნატიულ სკოლებთან, სადაც ძნელადაღსაზრდელი ბავშვები ისწავლიან.
No comments:
Post a Comment