27 January 2009

The Machine is Us/ing Us

მაიკ უეშის კიდევ ერთი საინტერესო ვიდეო

23 January 2009

ობამას ეფექტი

ობამას გამარჯვების შემდეგ ამერიკაში გამოთქვავდნენ იმედს, რომ მისი მაგალითი დადებითად იმოქმედებს ახალგაზდებზე, მათ შორის შავკანიან ახალგაზრდებზე და მისცემს მათ სტიმულს სწავლის გასაუმჯობესებლად.

ერთ-ერთმა კვლევამ შეძლო ამ იმედის დასაბუთება. მკვლევარებმა შეადგინეს 20-კითხვიანი ტესტი და ამ ტესტით ჩაუტარეს გამოცდა თეთრკანიან და შავკანიან მოქალაქეების ორ ჯგუფს. ტესტირება ჩატარდა რამოდენიმეჯერ, ობამას გამარჯვებამდე და მის გამარჯვების შემდეგ.

პირველ ეტაპზე თეთრკანიანი მოქალაქეების ჯგუფის შედეგი იყო საშუალოდ 12 სწორი პასუხი, ხოლო შავკანიანი - 8,5 სწორი პასუხი ანუ თეთრკანიანებმა გაცილებით წარმატებით გაართვეს თავი გამოცდას. ობამას გამარჯვების შემდეგ ჩატარებული გამოცდის შედეგი განსხვავებული აღმოჩნდა - ორივე ჯგუფმა ერთნაირი შედეგი აჩვენა. როგოც ჩანს ობამას გამარჯვებამ შავკანიანებზე დადებითად იმოქმედა. მკვლევარებმა ამ მოვლენას ”ობამას ეფექტი” უწოდეს.

ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა New York Times-მა.

ობამას ინაუგურაციის ადგილის ფოტოპანორამა.

22 January 2009

მომავლის სკოლა

საიტზე Our Surprising World წარმოდგენილია ინფორმაცია დანიის ერთ-ერთი ახალი სკოლის შესახებ. სკოლას აქვს საკმაოდ უჩვეულო არქიტექტურა და დიზაინი. ის აღჭურვილია უკაბელო ინტერნეტით, ხოლო თითოეულ მოსწავლეს აქვს პერსონალური ნოუთბუქი. სკოლის ინტერიერი მოხერხებულია როგორც სწავლისათვის, ასევე დასვენებისათვის და ურთიერთობისათვის.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ტრადიციული საკლასო სისტემა და აქედან გამომდინარე, სკოლის ტრადიციული ინტერიერი უახლოეს წლებში წარსულს ჩაბარდება.




























აქვე რამოდენიმე სიტყვა დანიის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ. 1994 წელს მიღებული განათლების კანონის თანახმად სკოლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადამიანებთან, სოციუმთან ურთიერთობის სწავლება და არა ცოდნის გადაცება.

მეცხრე კლასის ჩათვლით ნიშნები სკოლებში არ იწერება. მეცხრე კლასის ბოლოს ტარდება გამოსაშვები გამოცდები დანიურ და ინგლისურ ენაში და მათემატიკაში.

სახალხო სკოლებთან ერთად, რომლებსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, დანიაში არსებობენ კიდევ მრავალი სხვა ტიპის სკოლები. ამ სკოლებში მშობლები აფინანსებენ ხარჯების მხოლოდ 25%, დანარჩენ ხარჯებს ფარავს სახელმწიფო. მასწავლებლების ხელფასი სხვადასხვა ტიპის სკოლებში არ განსხვავდება.

დანიის განათლების სისტემა ჭეშმარიტად დემოკრატიულია. მისი განვითარება ხდება ქვემოდან. მშობლებს აქვთ მასწავლებლების დაქირავების და მათთან ერთად ნებისმიერი ტიპის სკოლის შექმნის უფლება. სახელმწიფო ვალდებულია დააფინანსოს ასეთი სკოლები.

დანიაში არ არსებობს ექსპერიმენტალური სკოლები, ვინაიდან ყველა სკოლა ისედაც განუმეორებელია და განსხვავდება სხვა სკოლებისგან.

12 January 2009

ახალი ბრაუზერი - Google Chrome

Web 2.0 ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ გამძაფრდა კონკურენცია ბრაუზერების ბაზარზე. ბრაუზერი ხომ ერთადერთი პროგრამაა, რომელიც საჭიროა Web 2.0 სერვისების უმეტესობასთან სამუშაოდ.

გასული წლის ბოლოს საკუთარი ბრაუზერი, სახელწოდებით Chrome, შექმნა Google-ის გუნდმა. 2009 წლის იანვარში გამოვიდა ამ ბრაუზერის მეორე ვერსია.

Google-ის ბრაუზერი გამოირჩევა სიმარტივით, სტაბილურობით, უსაფრთხოებით და სწრაფი მუშაობით. მას აქვს ისეთი საინტერესო ფუნქციები, როგორიცაა ფორმების ავტომატური შევსება, ვებ-გვერდის ყველა ობიექტის (არა მხოლოდ ტექსტის) გადიდება, შეუზღუდავი რაოდენობის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროფილების შექმნის შესაძლებლობა და სხვა.

Google Chrome-ის გადმოწერა შესაძლებელია საიტიდან http://www.google.com/chrome

07 January 2009

Macworld 2009

5 იანვარს სან-ფრანცისკოში გაიხსნა ტრადიციული გამოფენა-კონფერენცია Macworld 2009. როგორც წესი, ამ გამოფენაზე Apple წარმოადგენს თავის საუკეთესო და ინოვაციურ პროდუქტებს.

ავადმყოფობის გამო, პირველად 11 წლის განმავლობაში კონფერენციას არ გახსნის სტივ ჯობსი. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კონფერენციით დასრულდა ერთი დიდი ეტაპი Apple-ის და ზოგადად კომპიუტერული ინდუსტრიის განვითარებაში. ამას Apple-ის განცხადებაც ადასტურებს, რომ ის აღარ მიიღებს მონაწილეობას მომდევნო კონფერენციებში.

იწყება ახალი ეტაპი, აბსოლუტურად განსხვავებული პრიორიტეტებით, განსხვავებული იდეებით. განვლილი 11 წელი საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მომავალი გაცილებით შთამბეჭდავი იქნება.

05 January 2009

სწრაფი ჩანაწერები - 5 იანვარი, 09

სულ უფრო ხშირად გაისმის აზრი, რომ 21 საუკუნეში, მხოლოდ ინოვაციურ ეკონომიკას აქვს მომავალი. ეს ეხება როგორც ინდივიდებს, ასევე ორგანიზაციებს. მოვიყვან საინტერესო ციტატებს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემიდან:




”ინოვაციურ პროცესებზე გადასვლისას მთავარია კლიმატი და ორგანიზაციული კულტურა (ეს სკოლებისთვისაც აქტუალურია);

ინოვაციურ პროცესში ადამიანებს სჭირდებათ მკაფიო მიზანი და თავისუფლება. ადამიანებმა უნდა იგრძნონ საბოლოო მიზანი და უნდა შეეძლოთ საქმეს კეთება თავისუფლად. მათ არ უნდა ეშინოდეთ წარუმატებლობის;

რადიკალური ცვლილებების ერაში ჩვენ უფრო მეტს ვსწავლობთ ჩვენი წარუმატებლობებიდან და შეცდომებიდან, ვიდრე წარმატებებიდან. ინოვაციის არსს წარმოადგენს წარუმატებლობის ძიება.

მთავარია კლიმატი. ინოვაციები იბადება მხოლოდ უსაფრთხო გარემოში (როცა ადამიანებს აქვთ შეცდომის დაშვების და ექსპერიმენტირების უფლება);

საჭიროა ისეთი ადამიანები, რომლებიც არ გვეთანხმებიან და არა ისეთი, ვინც მუდამ ეთანხმება ხელმძღვანელობას;

ინოვაციურ პროცესში მთავარია ურთიერთქმედების უნარი;

ხელი უნდა გავუწოდოთ ახალ ტალანტებს, უნდა მივცეთ მათ თავისუფლება;

თავისუფლება, ნდობა, აღიარება, მატერიალური სტიმულირება - ინოვაციის წახალისების მთავარი ატრიბუტებია".

ჩემი აზრით, სკოლის რეალური რეფორმა შესაძლებელია ორი მიმართულებით:
  1. სკოლის ანგარიშგების გაზრდა საზოგადოების წინაშე. სკოლის წინაშე ისმევა მკაფიო ამოცანები და განისაზღვრება კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება მათი საქმოანობის შეფასება. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რაზე იქნება გამახვილებული ყურადღება ამ შეფასებაში. ასეთი მკაცრი შეფასება აიძულებს სკოლებს სიახლეების ძიებისაკენ და საკუთარი საქმიანობის სრულყოფისაკენ.
  2. ინოვაციების წახალისება, შემოქმედებითობა, სხვადასხვა პროექტების სიმრავლე. ანუ წინა პლანზე წამოწევა პროცესის და არა შედეგის.
მეორე მიმართულებას სულ უფრო დიდი ყურადღება ექცევა ინოვაციურად მოაზროვნე მეცნიერების მხრიდან. მსოფლიოში იზრდება იმ სკოლების რიცხვი, რომლებიც უარს ამბობენ სწავლების ტრადიციულ ფორმებზე, სტანდარტულ ტესტებზე და ეძებენ სწავლების ინოვაციურ გზებს, რომლებიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებენ მოსწავლეების ინტერესებს.

ალბათ არსებობს სკოლის რეფორმირების მესამე მიმართულებაც, რომელიც შეიძლება განვიხილოთ გარდამავალ ეტაპად პირველი მიმართულებიდან მეორეზე - ეს არის ამ ორი მიმართულების შერწყმა.