სტატიის ავტორი: George Seimens-სი
წარმოგიდგენთ ნაწყვეტებს ამ სტატიიდან.
დაახლოებით ორმოცი წლის წინად მოსწავლეები სავალდებულო სასკოლო განათლების დასრულების შემდეგ იწყებდნენ საკუთარ კარიერას, რომელიც ხშირად ერთადერთი იყო მათი ცხოვრების მანძილზე. ინფორმაციის წარმოება ნელი ტემპებით ხორციელდებოდა. ცოდნის აქტუალურობის ვადა ათწლეულებით იზომებოდა. დღეს ამ ფუნდამენტალურმა პრინციპებმა ცვლილებები განიცადეს. ცოდნა ექსპონენტურად იზრდება. ბევრ სფეროში ცოდნის აქტუალურობის ვადა წლებით ან თვეებით იზომება.
სწავლისათვის დამახასიათებელი ტენდენციები:
- ბევრ მოსწავლეს მოუწევს სხვადასხვა, ხშირად ურთიერთკავშირში არმყოფი სფეროების ათვისება ცხოვრების მანძილზე;
- არაფორმალური განათლება წარმოადგენს ჩვენი სწავლის მნიშვნელოვან ნაწილს. სწავლა დღეს შესაძლებელია სხვადასხვა გზებით - პრაქტიკოსთა თემებისა და პერსონალური ქსელების საშუალებით, ასევე სამსახურებრივი ამოცანების გადაწყვეტისას;
- სწავლა უწყვეტი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. სწავლა და სამსახურებრივი აქტივობები აღარ არის იზოლირებული ერთმანეთისაგან;
- ტექნოლოგიები ცვლიან ჩვენ ტვინს. ინსტრუმენტები, რომლებსაც ვიყენებთ, განსაზღვრავენ და განაპირობებენ ჩვენს აზროვნებას;
- ორგანიზაცია და ინდივიდი ორივე მოსწავლე ორგანიზმებია. ცოდნის მენეჯმენტის მზარდი მოთხოვნილება საჭიროებს ისეთ თეორიას, რომელიც ახსნის კავშირს ინდივიდუალურ და ორგანიზაციულ სწავლას შორის;
- ბევრი იმ პროცესებისა, რომლებითაც ადრე მანიპულირებდნენ სწავლის თეორიები (განსაკუთრებით ინფორმაციის კოგნიტიური დამუშავების) დღეს მხარდაჭერილია ტექნოლოგიებით;
- Know-how და know-what-ს დაემატა know-where (ანუ იმის ცოდნა, თუ სად შეიძლება საჭირო ცოდნის მოძიება).
სწავლის თეორიები კონცენტრირებულნი არიან სწავლის ფაქტიურ პროცესზე და არა სწავლის ფასეულობაზე (ანუ რის სწავლაა უფრო ფასეული, მომგებიანი). ჩვენს ქსელურ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ფასეულობის შეფასება. ეს შეფასება არის მეტა-უნარი, რომელიც გამოიყენება სწავლის დაწყებამდე. როცა ცოდნის უკმარისობაა, მისი შეფასების პროცესი თვით სწავლაშია ნაგულისხმევი. როცა ცოდნის სიჭარბეა, ცოდნის სწრაფი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია.
ალტერნატიული თეორია
ჩვენ აღარ გვჭირდება პერსონალური გამოცდილება და ცოდნის შეძენა საჭირო აქტივობების განსახორციელებლად. ჩვენ ვიღებთ ჩვენს კომპეტენტურობას კავშირების დამყარებით (from forming connections). Karen Stephenson-ის სიტყვებით:
”გამოცდილება ხანგრძლივ დროის მანძილზე ითვლებოდა ცოდნის შეძენის საუკეთესო საშუალებად. მას შემდეგ, რაც არ შეგიძლია ყველაფრის გამოცდა, სხვა ადამიანების გამოცდილება და, აქედან გამომდინარე, სხვა ადამიანებიც, ხდება ცოდნის შემცვლელი. ”მე ვდებ ჩემს ცოდნას ჩემს მეგობრებში” არის აქსიომა ცოდნის შეგროვებისა, ადამიანების შეგროვების საშუალებით”.სწავლა, როგორც თვითორგანიზებული პროცესი მოითხოვს, რომ სისტემა (ინდივიდუალური ან ორგანიზაციული სწავლის სისტემა) იყოს ინფორმაციულად ღია, რაც მისთვის ნიშნავს უნარს მოახდინოს გარემოსთან საკუთარი ინტერაქციების კლასიფიცირება და უნარს შეცვალოს მათი სტრუქტურა.
კონექტივიზმი
სწავლა არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ცვალებადი ელემენტებისაგან შემდგარ ბუნდოვან გარემოში - რომელიც ვერ ექვემდებარება ინდივიდის სრულ კონტროლს. სწავლა არის ფოკუსირებული იმაზე, რომ დაამყაროს კავშირები სპეციალიზირებულ ინფორმაციულ კვანძებს შორის და ეს კავშირები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ უფრო მეტი ვისწავლოთ, არიან უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი საკუთარი ცოდნის დონე.
კონექტივიზმის არსი მდებარეობს იმის გაგებაში, რომ გადაწყვეტილებები ეფუძნება სწრაფად ცვალებად პრინციპებს. ახალი ინფორმაცია ყოველწუთს მიიღება. უნარი შეამჩნიო განსხვავება მნიშვნელოვან და უმნიშვნელო ინფორმაციას შორის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. ასევე მნიშვნელოვანია უნარი მიხვდე, როცა ახალი ინფორმაცია ცვლის გუშინ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველს.
კონექტივიზმის პრინციპები
- სწავლა და ცოდნა ეყრდნობა შეხედულებათა მრავალფეროვნებას;
- სწავლა არის სპეციალიზირებული კვანძებისა და ინფორმაციის წყაროების დაკავშირების პროცესი;
- სწავლა შეიძლბეა არსებობდეს არა მხოლოდ ადამიანში, არამედ სხვადასხვა მოწყობილობებში;
- უნარი გაიგო მეტი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცოდნა, რომელიც ახლა გაგაჩნია;
- კავშირების შექმნა და შენარჩუნება საჭიროა მუდმივი სწავლის მხარდასაჭერად;
- უნარი დაინახო კავშირები სფეროებს, იდეებს და ცნებებს შორის არის ძირითადი უნარი;
- ცოდნის ფასეულობა (ზუსტი, მომენტის შესაბამისი ცოდნა) არის კონექტივიზმის სწავლის აქტივობათა მთავარი მიზანი;
- თვით გადაწყვეტილების მიღებაც არის სწავლის პროცესი. თუ დღეს პასუხი სწორია, ხვალ ის შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს, რაც იქნება განპირობებული იმ ინფორმაციის შეცვლით, რომელსაც ემყარებოდა გადაწყვეტილება.
როცა ცოდნა საჭიროა, მაგრამ ის არ გვაქვს, საინფორმაციო წყაროების მოძიების და მათთან დაკავშირების უნარი არის უმნიშვნელოვანესი. როცა ცოდნა იზრდება და მუდმივად იცვლება, საჭირო ინფორმაციის წვდომის შესაძლებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ცოდნა, რომელიც მოსწავლეს ამჟამად აქვს.
კონექტივიზმი წარმოადგენს სწავლის მოდელს, რომელიც ათვიცნობიერებს საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს, სადაც სწავლა აღარ არის შინაგანი, ინდივიდუალიზირებული აქტივობა. კონექტივიზმს შეაქვს სიცხადე, თუ რა ესაჭიროება მოსწავლეს ციფრულ ერაში წარმატებული ცხოვრებისათვის.
No comments:
Post a Comment