14 June 2007

ტექნოლოგიური სტანდარტი მოსწავლეთათვის

ISTE ამზადებს ახალ საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ სტანდარტებს. მომზადებულია სტანდარტები მოსწავლეთათვის (National Educational Technology Standards for Students).

სტანდარტების წინა ვერსია გამოქვეყნდა 1998 წელს.

განახლების მიზეზები: სტანდარტის ”ასაკი”, განათლების გლობალიზაცია, ახალი ტექნოლოგიები.

ძირითადი ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ შეიცვალა ამ სტანდარტების პრიორიტეტი - ტექნოლოგიური ინსტრუმენტების კომპეტენტური ფლობა. ახალი პრიორიტეტი მიმართულია უნარებზე და განსაზღვრავს თუ რა უნდა იცოდნენ და რა უნდა შეეძლოთ მოსწავლეებს რათა ისწავლონ ეფექტიანად და იცხოვრონ პროდუქტიულად ციფრულ სამყაროში.

ამ სტანდარტის გაცნობა სასარგებლოა, როგორც სკოლების საინფორმაციო მენეჯერებისათვის, ასევე დირექტორებისათვის და ყველა საგნის მასწავლებლებისათვის.

სტანდარტი ნათლად გვაჩვენებს, რომ ტექნოლოგიის ინტეგრაცია არის კომპლექსური პრობლემა და მოიცავს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ფლობას, არამედ მათ გამოყენებას აზროვნების, კომუნიკაციის, ცოდნის პროდუქტების შექმნისა და ერთობლივი მუშაობის უნარების განსავითარებლად.

სტანდარტი მოიცავს ექვს მიმართულებას. ქვემოთ მოყვანილია ამ მიმართულებების მოკლე დახასიათება.


I. კრეატიულობა და ინოვაცია (Creativity and Innovation)
მოსწავლეები აზროვნებენ კრეატიულად, აგებენ ცოდნას და ქმნიან პროდუქტებს ტექნოლოგიების გამოყენებით.

II. კომუნიკაცია და თანამშრომლობა (Communication and Collaboration)
მოსწავლეები იყენებენ ციფრულ მედიას კომუნიკაციისათვის და მუშაობენ ერთობლივად, მათ შორის დისტანციურად, საკუთარი სწავლის მხარდასაჭერად და სხვების სწავლის დასახმარებლად.

III. კვლევა და ინფორმაციის ძებნა (Research and Information Retrieval)
მოსწავლეები ეძებენ, მართავენ და აფასებენ ინფორმაციას.

IV. კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაწყვეტა და გადაწყვეტილებების მიღება (Critical Thinking, Problem-Solving and Decision-Making)
მოსწავლეები იყენებენ კრიტიკული აზროვნების უნარებს კვლევების დასაგეგმად და განსახორციელებლად, პროექტების სამართავად, პრობლემების გადასაწყვეტად და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით.

V. ციფრული მოქალაქეობა (Digital Citizenship)
მოსწავლეებს ესმით ადამიანური, კულტურული და სოციალური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან, იქცევიან ლეგალურად და ეთიკურად.

VI. ტექნოლოგიური ოპერაციები და ცნებები (Technology Operations and Concepts)
მოსწავლეები ამჟღავნებენ ტექნოლოგიური ცნებების, სისტემებისა და ოპერაციების მყარ გაგებას.

No comments: