14 June 2007

ცვლილებები კარს მოგვადგა

ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო სახელწოდებით "Shift Happens" (ცვლილებები მიმდინარეობს). მოყვანილია უამრავი მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მსოფლიო დიდი ცვლილებების წინაშე დგას.
ავტორი: Karl Fisch.




იგივე თემას ეხება ვიდეო სახელწოდებით ”Did You Know 2.0”



...და ვიდეო სახელწოდებით ”Education Today and Tomorrow”

ტექნოლოგიური სტანდარტი მოსწავლეთათვის

ISTE ამზადებს ახალ საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ სტანდარტებს. მომზადებულია სტანდარტები მოსწავლეთათვის (National Educational Technology Standards for Students).

სტანდარტების წინა ვერსია გამოქვეყნდა 1998 წელს.

განახლების მიზეზები: სტანდარტის ”ასაკი”, განათლების გლობალიზაცია, ახალი ტექნოლოგიები.

ძირითადი ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ შეიცვალა ამ სტანდარტების პრიორიტეტი - ტექნოლოგიური ინსტრუმენტების კომპეტენტური ფლობა. ახალი პრიორიტეტი მიმართულია უნარებზე და განსაზღვრავს თუ რა უნდა იცოდნენ და რა უნდა შეეძლოთ მოსწავლეებს რათა ისწავლონ ეფექტიანად და იცხოვრონ პროდუქტიულად ციფრულ სამყაროში.

ამ სტანდარტის გაცნობა სასარგებლოა, როგორც სკოლების საინფორმაციო მენეჯერებისათვის, ასევე დირექტორებისათვის და ყველა საგნის მასწავლებლებისათვის.

სტანდარტი ნათლად გვაჩვენებს, რომ ტექნოლოგიის ინტეგრაცია არის კომპლექსური პრობლემა და მოიცავს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ფლობას, არამედ მათ გამოყენებას აზროვნების, კომუნიკაციის, ცოდნის პროდუქტების შექმნისა და ერთობლივი მუშაობის უნარების განსავითარებლად.

სტანდარტი მოიცავს ექვს მიმართულებას. ქვემოთ მოყვანილია ამ მიმართულებების მოკლე დახასიათება.


I. კრეატიულობა და ინოვაცია (Creativity and Innovation)
მოსწავლეები აზროვნებენ კრეატიულად, აგებენ ცოდნას და ქმნიან პროდუქტებს ტექნოლოგიების გამოყენებით.

II. კომუნიკაცია და თანამშრომლობა (Communication and Collaboration)
მოსწავლეები იყენებენ ციფრულ მედიას კომუნიკაციისათვის და მუშაობენ ერთობლივად, მათ შორის დისტანციურად, საკუთარი სწავლის მხარდასაჭერად და სხვების სწავლის დასახმარებლად.

III. კვლევა და ინფორმაციის ძებნა (Research and Information Retrieval)
მოსწავლეები ეძებენ, მართავენ და აფასებენ ინფორმაციას.

IV. კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაწყვეტა და გადაწყვეტილებების მიღება (Critical Thinking, Problem-Solving and Decision-Making)
მოსწავლეები იყენებენ კრიტიკული აზროვნების უნარებს კვლევების დასაგეგმად და განსახორციელებლად, პროექტების სამართავად, პრობლემების გადასაწყვეტად და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით.

V. ციფრული მოქალაქეობა (Digital Citizenship)
მოსწავლეებს ესმით ადამიანური, კულტურული და სოციალური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან, იქცევიან ლეგალურად და ეთიკურად.

VI. ტექნოლოგიური ოპერაციები და ცნებები (Technology Operations and Concepts)
მოსწავლეები ამჟღავნებენ ტექნოლოგიური ცნებების, სისტემებისა და ოპერაციების მყარ გაგებას.

07 June 2007

კონექტივიზმი (Connectivism)

კონექტივიზმი (ციფრული ერას სწავლის თეორია)
სტატიის ავტორი:
George Seimens-სი

წარმოგიდგენთ ნაწყვეტებს ამ სტატიიდან.

დაახლოებით ორმოცი წლის წინად მოსწავლეები სავალდებულო სასკოლო განათლების დასრულების შემდეგ იწყებდნენ საკუთარ კარიერას, რომელიც ხშირად ერთადერთი იყო მათი ცხოვრების მანძილზე. ინფორმაციის წარმოება ნელი ტემპებით ხორციელდებოდა. ცოდნის აქტუალურობის ვადა ათწლეულებით იზომებოდა. დღეს ამ ფუნდამენტალურმა პრინციპებმა ცვლილებები განიცადეს. ცოდნა ექსპონენტურად იზრდება. ბევრ სფეროში ცოდნის აქტუალურობის ვადა წლებით ან თვეებით იზომება.

სწავლისათვის დამახასიათებელი ტენდენციები:
  • ბევრ მოსწავლეს მოუწევს სხვადასხვა, ხშირად ურთიერთკავშირში არმყოფი სფეროების ათვისება ცხოვრების მანძილზე;
  • არაფორმალური განათლება წარმოადგენს ჩვენი სწავლის მნიშვნელოვან ნაწილს. სწავლა დღეს შესაძლებელია სხვადასხვა გზებით - პრაქტიკოსთა თემებისა და პერსონალური ქსელების საშუალებით, ასევე სამსახურებრივი ამოცანების გადაწყვეტისას;
  • სწავლა უწყვეტი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. სწავლა და სამსახურებრივი აქტივობები აღარ არის იზოლირებული ერთმანეთისაგან;
  • ტექნოლოგიები ცვლიან ჩვენ ტვინს. ინსტრუმენტები, რომლებსაც ვიყენებთ, განსაზღვრავენ და განაპირობებენ ჩვენს აზროვნებას;
  • ორგანიზაცია და ინდივიდი ორივე მოსწავლე ორგანიზმებია. ცოდნის მენეჯმენტის მზარდი მოთხოვნილება საჭიროებს ისეთ თეორიას, რომელიც ახსნის კავშირს ინდივიდუალურ და ორგანიზაციულ სწავლას შორის;
  • ბევრი იმ პროცესებისა, რომლებითაც ადრე მანიპულირებდნენ სწავლის თეორიები (განსაკუთრებით ინფორმაციის კოგნიტიური დამუშავების) დღეს მხარდაჭერილია ტექნოლოგიებით;
  • Know-how და know-what-ს დაემატა know-where (ანუ იმის ცოდნა, თუ სად შეიძლება საჭირო ცოდნის მოძიება).
თითქმის ყველა სწავლის თეორიის ცენტრალური პრინციპია ის, რომ სწავლა ხორციელდება ინდივიდის შინაგანად. ეს თეორიები არ განიხილავენ სწავლას ადამიანის გარე სამყაროში (outside of people) (მაგალითად, სწავლას, რომელიც წარიმართება ტექნოლოგიის მეშვეობით). ისინი ასევე არ ეხებიან სწავლას ორგანიზაციის შიგნით.
სწავლის თეორიები კონცენტრირებულნი არიან სწავლის ფაქტიურ პროცესზე და არა სწავლის ფასეულობაზე (ანუ რის სწავლაა უფრო ფასეული, მომგებიანი). ჩვენს ქსელურ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ფასეულობის შეფასება. ეს შეფასება არის მეტა-უნარი, რომელიც გამოიყენება სწავლის დაწყებამდე. როცა ცოდნის უკმარისობაა, მისი შეფასების პროცესი თვით სწავლაშია ნაგულისხმევი. როცა ცოდნის სიჭარბეა, ცოდნის სწრაფი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია.

ალტერნატიული თეორია

ჩვენ აღარ გვჭირდება პერსონალური გამოცდილება და ცოდნის შეძენა საჭირო აქტივობების განსახორციელებლად. ჩვენ ვიღებთ ჩვენს კომპეტენტურობას კავშირების დამყარებით (from forming connections). Karen Stephenson-ის სიტყვებით:

”გამოცდილება ხანგრძლივ დროის მანძილზე ითვლებოდა ცოდნის შეძენის საუკეთესო საშუალებად. მას შემდეგ, რაც არ შეგიძლია ყველაფრის გამოცდა, სხვა ადამიანების გამოცდილება და, აქედან გამომდინარე, სხვა ადამიანებიც, ხდება ცოდნის შემცვლელი. ”მე ვდებ ჩემს ცოდნას ჩემს მეგობრებში” არის აქსიომა ცოდნის შეგროვებისა, ადამიანების შეგროვების საშუალებით”.

სწავლა, როგორც თვითორგანიზებული პროცესი მოითხოვს, რომ სისტემა (ინდივიდუალური ან ორგანიზაციული სწავლის სისტემა) იყოს ინფორმაციულად ღია, რაც მისთვის ნიშნავს უნარს მოახდინოს გარემოსთან საკუთარი ინტერაქციების კლასიფიცირება და უნარს შეცვალოს მათი სტრუქტურა.

კონექტივიზმი

სწავლა არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ცვალებადი ელემენტებისაგან შემდგარ ბუნდოვან გარემოში - რომელიც ვერ ექვემდებარება ინდივიდის სრულ კონტროლს. სწავლა არის ფოკუსირებული იმაზე, რომ დაამყაროს კავშირები სპეციალიზირებულ ინფორმაციულ კვანძებს შორის და ეს კავშირები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ უფრო მეტი ვისწავლოთ, არიან უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი საკუთარი ცოდნის დონე.

კონექტივიზმის არსი მდებარეობს იმის გაგებაში, რომ გადაწყვეტილებები ეფუძნება სწრაფად ცვალებად პრინციპებს. ახალი ინფორმაცია ყოველწუთს მიიღება. უნარი შეამჩნიო განსხვავება მნიშვნელოვან და უმნიშვნელო ინფორმაციას შორის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. ასევე მნიშვნელოვანია უნარი მიხვდე, როცა ახალი ინფორმაცია ცვლის გუშინ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველს.

კონექტივიზმის პრინციპები

  • სწავლა და ცოდნა ეყრდნობა შეხედულებათა მრავალფეროვნებას;
  • სწავლა არის სპეციალიზირებული კვანძებისა და ინფორმაციის წყაროების დაკავშირების პროცესი;
  • სწავლა შეიძლბეა არსებობდეს არა მხოლოდ ადამიანში, არამედ სხვადასხვა მოწყობილობებში;
  • უნარი გაიგო მეტი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცოდნა, რომელიც ახლა გაგაჩნია;
  • კავშირების შექმნა და შენარჩუნება საჭიროა მუდმივი სწავლის მხარდასაჭერად;
  • უნარი დაინახო კავშირები სფეროებს, იდეებს და ცნებებს შორის არის ძირითადი უნარი;
  • ცოდნის ფასეულობა (ზუსტი, მომენტის შესაბამისი ცოდნა) არის კონექტივიზმის სწავლის აქტივობათა მთავარი მიზანი;
  • თვით გადაწყვეტილების მიღებაც არის სწავლის პროცესი. თუ დღეს პასუხი სწორია, ხვალ ის შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს, რაც იქნება განპირობებული იმ ინფორმაციის შეცვლით, რომელსაც ემყარებოდა გადაწყვეტილება.
კონექტივიზმის სასტარტო წერტილს წარმოადგენს ინდივიდი. ცოდნის ჩამოყალიბების ციკლი: ინდივიდი - ქსელი - ორგანიზაცია საშუალებას აძლევს მოსწავლეს იყოს შესაბამისი საკუთარ სფეროში იმ კავშირების მეშვეობით, რომლებსაც აყალიბებს.

როცა ცოდნა საჭიროა, მაგრამ ის არ გვაქვს, საინფორმაციო წყაროების მოძიების და მათთან დაკავშირების უნარი არის უმნიშვნელოვანესი. როცა ცოდნა იზრდება და მუდმივად იცვლება, საჭირო ინფორმაციის წვდომის შესაძლებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ცოდნა, რომელიც მოსწავლეს ამჟამად აქვს.

კონექტივიზმი წარმოადგენს სწავლის მოდელს, რომელიც ათვიცნობიერებს საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს, სადაც სწავლა აღარ არის შინაგანი, ინდივიდუალიზირებული აქტივობა. კონექტივიზმს შეაქვს სიცხადე, თუ რა ესაჭიროება მოსწავლეს ციფრულ ერაში წარმატებული ცხოვრებისათვის.

05 June 2007

A Whole New School

ძალიან საინტერესო იდეები, თუ რა როლი ეკისრება თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს განათლებაში და რა როლი ეკისრება მასწავლებელს ამ გარემოში.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით ჩვენ ვიღებთ არა სკოლა+კომპიუტერები, არამედ სრულიად ახალ სკოლებს (whole new schools).

თუ სწავლა შეიცვლება მხოლოდ იმ მოსწავლეებისათვის, ვისთვისაც მისაწვდომია ტექნოლოგიები, ჩვენ უფრო გავზრდით სხვაობას მათ შორის ვისაც ”აქვს” და ”არ აქვს”. ტექნოლოგიები უნდა იყოს ყველგან და ისინი უნდა იყოს უჩინარი. ისინი მუდმივად უნდა იყვნენ მისაწვდომი და ეს პრობლემა არ უნდა არსებობდეს.

ეს ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევენ ყგელას - მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც - ხუთი რამ ვაკეთოთ უფრო კარგად, ვიდრე ამას ვაკეთებდით: ვაწარმოოთ კვლევები, ვითანამშრომლოთ, შევქმნათ, წარმოვადგინოთ ნამუშევარი და გამოვიყენოთ ქსელები.

კვლევა - უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ეფექტიანად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული რესურსები და გახდნენ ინფორმაციის უფრო კრიტიკული მომხმარებლები.

თანამშრომლობა - ახალი ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევენ ვითანამშრომლოთ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან მთელ მსოფლიოში.

შექმნა - მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ახალი ცოდნის შექმნა ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით.

პრეზენტაცია - დღეს სწავლის პროცესი არ არის დიალოგი მხოლოდ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ეს უფრო ემსგავსება დიალოგს მოსწავლესა და მსოფლიოს შორის. სკოლები დიდი ხნის მანძილზე იყვნენ ”შავი ყუთები” მშობლებისათვის და თემისათვის. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ გარე სამყარო სკოლაში და ვაჩვენოთ მას ჩვენი მუშაობა.

ქსელი - მოსწავლეებმა უნდა აითვისონ ქსელური ტექნოლოგიები, რათა შეძლონ ურთიერთობა მსოფლიოსთან. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ შეიძლება ქსელების გამოყენება საკუთარი სწავლის გასაძლიერებლად.

როგორია მასწავლებლის როლი ახალ სკოლაში? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მასწავლებლის როლი გაცილებით დიდია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ აღარ ვართ ინფორმაციის წყარო, ვინაიდან მოსწავლეებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღება სხვა წყაროებიდანაც. ჩვენი მთავარი როლია - ვასწავლოთ მოსწავლეებს სიბრძნე.

04 June 2007

ახალი სახელმძღვანელო

Web 2.0 ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ განათლებაში. ამ ინსტრუმენტების გამოყენების უნარი აუცილებელია, როგორც მათთვის, ვინც სწავლობს, ასევე მათთვის ვინც ასწავლის.

წიგნი წარმოადგენს Web 2.0 ტექნოლოგიების შემსწავლელ სახელმძღვანელოს. მასში აღწერილია ინტერნეტის ის ძირითადი სერვისები, რომლებიც გამოიყენებენ ამ ტექნოლოგიებს.





სახელმძღვანელოში წარმოდგენილია შემდეგი მოდულები:
  • ინფორმაციის პუბლიკაცია ინტერნეტში. ბლოგი
  • ერთობლივი მუშაობა ინტერნეტში. Wiki, Google Docs
  • პრეზენტაციების გაზიარების სერვისი. SlideShare
  • ფოტო-გაზიარების სერვისი. Flickr
  • ვიდეო-გაზიარების სერვისი. YouTube
სახელმძღვანელო განკუთვნილია VIII-XII კლასელთათვის.
სახელმძღვანელოში არსებული მასალა წარმოადგენს საბაზო კურსის გაგრძელებას და მისი სწავლება მიზანშეწონილია მათთვის, ვისაც შესწავლილი აქვს საბაზო კურსის მოდულები.