რატომ ჩამორჩებიან ამერიკელი მოსწავლეები საერთაშორისო კვლევების შედეგებით სხვა ქვეყნების მოსწავლეებს?
რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი და უმთავრესი მიზეზია ის, რომ ტესტები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ სწავლის შედეგების გასაზომად (სწორი პასუხის არჩევა რამოდენიმე ვარიანტიდან), მოითხოვენ ძალიან მცირე აზროვნებას. ჩვენგან განსხვავებით, ყველა იმ ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც გვისწრებენ PISA-ს (Programme for International Student Assessment) ტესტირების შედეგებით გამოიყენება ზეპირი და წერითი გამოცდები და ასევე მოსწავლეებთან გასაუბრება, მათი კომპეტენციის დასადგენად. შეფასება გავლენას ახდენს სწავლებაზე - ან დადებით გავლენას ან უარყოფითს. (ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ადასტურებს სწავლის შედეგების გაზომვის დიდ მნიშვნელობას. ჩვენში მიმდინარე განათლების რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევენ ძველი სისტემიდან შედეგზე ორიენტირებულ სისტემაზე გადასვლას, რაც მაგალითად, დეკლარირებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. მაგრამ, ამავე დროს, არ ხდება სახელმწიფოს მიერ სწავლების შედეგების გაზომვა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ დეკლარაციას. ანუ გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს შედეგზე ორიენტირებული განათლების სისტემა, მაგრამ მასწავლებლის, სკოლის მუშაობის შედეგს არავინ არ ზომავს. ჩემი აზრით სწორედ ეს წინააღმდეგობა წარმოადგენს მთავარ საფუძველს ჩვენ სკოლებში არსებული პრობლემებისა, რომლებიც დღითიდღე ღრმავდება - ჯ.გ.).
მეორე მიზეზია ის, რომ ჩვენი სასწავლო გეგმა და სწავლების მეთოდები არ არის მიმართული იმაზე, რომ ვასწავლოთ ყველა მოსწავლეს მსჯელობა, ანალიზი, წერა და ა.შ. სწავლა მიმართულია არა აზროვნებაზე, არამედ დამახსოვრებაზე. ეს კი იწვევს მოწყენილობას მოსწავლეებში და არის მთვარი მიზეზი იმისა, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი არ ამთავრებს სკოლას.
და ბოლოს, განათლების სფეროში მოწინავე ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, ფინეთი, მასწავლებლის სტატუსი ძალიან მაღალია. ამ ქვეყნებში სხვაობა მოწინავე სკოლებსა და დანარჩენ სკოლებს შორის შეადგენს მხოლოდ 5%.
Wagner-რის აზრით 21 საუკუნეში წარმატებისათვის საჭიროა შემდეგი 7 უნარის სწავლება:
- კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა;
- ერთობლივი მუშაობა ქსელების გამოყენებით;
- სიმარდე და შეწყობილობა (ადაპტურობა);
- ინიციატივა და მეწარმეობა;
- ეფექტიანი წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
- ინფორმაციის წვდომა და ანალიზი;
- ცოდნისმოყვარეობა და წარმოსახვა (ფანტაზია).
No comments:
Post a Comment