28 March 2010

სწრაფი ჩანაწერები - 28 მარტი, 2010

განათლების შინაარსის საკითხები

მსოფლიოში იზრდება ხარისხიანი საშუალო განათლების მოთხოვნილება. სახელმწიფოები ორმაგი გამოწვევის წინაშე დგანან - განათლების მისაწვდომობისა და ხარისხის ზრდის უზრუნველყოფა.

ცოდნის ეკონომიკა და სამუშაო ბაზრის ახალი მოთხოვნილებები გვაიძულებენ ახლებურად გავიაზროთ სასწავლო მასალის შერჩევის, ორგანიზებისა და მოსწავლეთათვის გადაცემის წესები და მეთოდები.

საშუალო სკოლის პროგრამა სულ უფრო მეტად არ შეესაბამება ახალგაზრდების მოთხოვნილებებს. ეს იწვევს მათში უკმაყოფილებას, აპათიას. ეს არის მათსა და მასწავლებლებს შორის კონფლიქტების მიზეზი. პროგრამებში ბევრია აბსტრაქტული, აღწერითი ხასიათის მასალა, რომელიც ფაქტების დამახსოვრებზეა ორიენტირებული და რომელიც ნაკლებადაა დაკავშირებული რეალურ ცხოვრებასთან. სხვადასხვა ქვეყნების სასკოლო პროგრამების შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ ზემოთ ნათქვამი თითქმის ყველა ქვეყანას ახასიათებს.

ამავე დროს სულ უფრო ნათელია, რომ 21 საუკუნეში ადამიანები დასაქმებულნი იქნებიან არა იმდენად მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების, რამდენადაც მომსახურეობების, იდეებისა და კომუნიკაციების წარმოებაში, რაც აქტუალურს ხდის მეტა-კოგნიტური და შემოქმედებითი კაპიტალის დაგროვების ამოცანას. მეტა-კოგნიტური უნარები მოიცავენ:
  • ფორმალური და არაფორმალური, აღწერითი და პროცედურული ცოდნის შეთავსების უნარს;
  • ჭარბი ინფორმაციის გარემოში საჭირო ცოდნის წვდომის, შერჩევის და შეფასების უნარს;
  • გონებრივი შესაძლებლობების გამოყენების უნარს არა მხოლოდ სასწავლო, არამედ ცხოვრებისეულ პროცესებში;
  • გუნდში ეფექტიანი მუშაობის უნარს;
  • აქტიურ სამოქალაქო პოზიციას და კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის უნარებს;
  • ცოდნის შექმნისა და გადაცემის უნარებს;
  • სამუშაო ბაზარზე საკუთარი თავის წარდგენის უნარს.
ზოგადი და პროფესიული საშუალო განათლება

ტრადიციულად არსებული "დაპირისპირება" ზოგად და პროფესიულ საშუალო განათლებას შორის, როგორც ჩანს კომპრომისით დასრულდება, ვინაიდან ზღვარი მათ შორის სულ უფრო იშლება. საშუალო სკოლის დონეზე პროფესიული და ზოგადი განათლების დაახლოების აუცილებლობა განპირობებულია სამუშაო ბაზრის მზარდი მოთხოვნილებებით. მიდგომა ამ საკითხისადმი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში განიხილება პროფესიული განათლების ელემენტების დაწყებით კლასებში სწავლების საკითხი. მსგავსი მიდგომებია საფრანგეთში.

მასწავლებლის როლი

მასწავლებლის როლი თანამედროვე სკოლაში არ მდგომარეობს საგნის შინაარსის გადაცემაში მოსწავლეებისათვის. ინფორმაციის დიდი ნაწილი მოსწავლეებმა თვითონ უნდა მოიძიონ და შეაფასონ კიდევაც მოძიებული მასალების ვარგისიანობა.

ამისათვის სამი პირობაა საჭირო:
  1. უნდა არსებობდეს მრავალფეროვანი ქართულენოვანი ინფორმაციული რესურსები, რომლებსაც ბავშვები გამოიყენებენ სწავლაში;
  2. მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს უცხო ენის, პირველ რიგში, ინგლისური ენის სწავლება;
  3. მოსწავლეები უნდა ფლობდნენ ინფორმაციასთან მუშაობის უნარებს.
მასწავლებლის მთავარი ამოცანაა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას და გაზრდის მათ მოტივაციას. ეს მოითხოვს მასწავლებლისგან ახალ უნარებს და ღრმა თანამედროვე პედაგოგიურ ცოდნას. ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე სწავლა და საინფორმაციო ტექნოლოგიები გადახლართულია ერთმანეთში. ცალკეულ მასწავლებელს ამის მიღწევა ალბათ გაუჭირდება, თუ მთელი სკოლა (პირველ რიგში სკოლის ადმინისტრაცია) არ არის ჩართული ამ პროცესში.

საგანმანათლებლო ინსტიტუციების ტრანსფორმაციის პრინციპები

ბოლო 15-20 წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალა სწავლის შესაძლებლობები. შეიქმნა ინფორმაციის ახალი წყაროები, გაჩნდა ინფორმაციის გაცვლისა და ინფორმაციასთან ინტერაქციის ახალი გზები. მეორეს მხრივ, საგანმანათლებლო ინსტიტუციები (სკოლები, უნივერსიტეტები) ჯერ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სულ უფრო ხშირად ჩნდება სტატიები, ნაშრომები, კვლევების ანგარიშები, სადაც ავტორები ასაბუთებენ, რომ საგანმანათლებლო ინსტიტუციების რადიკალური ცვლილებები გარდაუვალია და დროის მოთხოვნაა, რომ ეს ინსტიტუციები ისეთივე მოქნილი, ინოვაციური, ერთობლივი სწავლის ადგილებად უნდა იქცნენ, როგორც საუკეთესო სოციალური ქსელებია.

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის ანგარიშში წარმოდგენილია პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავენ საგანმანათლებლო ინსტიტუციების ცვლილებების მიმართულებებს:

თვითსწავლა, დამოუკიდებელი სწავლა. მოსწავლეები დამოუკიდებლად ქმნიან სასწავლო მასალის გაგების საკუთარ გზებს.

ჰორიზონტალური სტრუქტურები. არა სტანდარტიზირებული სასწავლო გეგმა, არამედ პროექტებზე ერთობლივი მუშაობა. სწავლის სტრატეგია ფოკუსირებულია არა ინფორმაციაზე, არამედ ინფორმაციის ვარგისიანობის შეფასებაზე, არა ინფორმაციის დამახსოვრებაზე, არამედ რელევანტური ინფორმაციის წყაროების მოძიებაზე.

არა ავტორიტეტები, არამედ კოლექტიური ნდობა. ერთობლივი და ინტერდისციპლინარულ სასწავლო გარემოში მხოლოდ ავტორიტეტებისა და ექსპერტების ცოდნაზე დაყრდნობა აღარ არის საკმარისი. ასეთ გარემოში უნდა მოხდეს ერთმანეთის ცოდნისადმი ნდობის წახალისება და მართვა.

დეცენტრალიზებული პედაგოგიკა. სწავლის ინსტიტუციებმა უნდა აითვისონ კოლექტიური პედაგოგიკა, რომელიც ეფუძნება კოლექტიურ კონტროლს, ცნობისმოყვარე სკეპტიციზმს და ჯგუფურ შეფასებას.

ქსელური სწავლა. ტრადიციულად სწავლა წარიმართება შეჯიბრობითი ფორმით. პირიქით, ქსელური სწავლა ეყრდნობა ხედვას, რომელიც მეტ ყურადღებას ამახვილებს ერთობლიობაზე, ინტერაქტიულობაზე, საერთო მოგებაზე და სოციალურ ჩართულობაზე. ინტერაქტიულად მომუშავე ათი ადამიანი მუდამ აჯობებს ერთს, რომელიც დანარჩენ ცხრას განიხილავს მოწინააღმდეგეებად და ცდილობს მათ დამარცხებას.

ღია განათლება. ქსელური სწავლა ეყრდნობა ”ღია კოდის” კულტურას, რაც გულისხმობს ცოდნის პროდუქტების ღია და თავისუფალ შექმნას და გავრცელებას.

სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე. ცვლილებების სიჩქარე იმდენად დიდია, რომ მოითხოვს ადამიანისგან მუდმივ სწავლას, ახალ პირობებთან ადაპტაციას. სწავლა არასოდეს სრულდება. რადიკალურად იცვლება ცოდნის შეძენის გზები.

სასწავლო ინსტიტუციები, როგორც სამობილიზაციო ქსელები. მოქნილობისა და ინოვაციების მობილიზება.

No comments: