21 February 2011

PISA - 2009

მოკლე ცნობა: მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო პროგრამას (PISA - Programme for International Student Assessment) ახორციელებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD – Organization for Economic Cooperation and Development) 2000 წლიდან. კვლევები ტარდება სამწლიანი ციკლებით. კვლევის სუბიექტებია 15 წლის ასაკის მოსწავლეები.

PISA-ს ბოლო კვლევა ჩატარდა 2009 წელს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 2010 წლის ბოლოს. მთელ მსოფლიოში PISA-ს შედეგებს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ქვეყნდება უამრავი სტატიები წამყვან გამოცემებში, მონაწილე ქვეყნები ცდილობენ გაანალიზონ საკუთარი შედეგების მიზეზები. სამწუხაროდ PISA 2009-ის შედეგებთან დაკავშირებული არცერთი პუბლიკაცია ჩვენ პრესაში მე არ შემხვედრია. ჩემი აზრით ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

PISA 2009-ის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 65-მა ქვეყანამ. სამწუხაროდ, საქართველოს ამ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია (საინტერესოა რატომ?), არადა ჩვენში განათლების ხარისხთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ კითხვაზე მივიღებდით გაცილებით უფრო ზუსტ პასუხებს, ვიდრე ამას პოლიტიკოსების კომენტარებიდან ვიღებთ.

კვლევამ მოიცვა სამი ძირითადი სფერო: კითხვის წიგნიერება ანუ ტექსტების გაგებისა და გამოყენების უნარი (Reading), მათემატიკური წიგნიერება ანუ მათემატიკური ცოდნის გამოყენების უნარი (Mathematics) და საბუნებისმეტყველო წიგნიერება ანუ საბუნებისმეტყველო ცოდნის ათვისებისა და გამოყენების უნარი (Science). 2009 წელს პრიორიტეტული იყო კითხვის წიგნიერება, რომელსაც დაეთმო ტესტირების დროის ორი მესამედი.

PISA-ს მთავარი მიზანია არა სასკოლო საგნების ათვისების დონის დადგენა, არამედ იმის შეფასება, თუ რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს მიღებული ცოდნის გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ტესტებიც შესაბამისად არის შედგენილი.

კვლევა დიდ ყურადღებას უთმობს ასევე იმ ფაქტორების შესწავლას, რომლებიც ხსნიან განსხვავებებს სხვადასხვა ქვეყნების მოსწავლეების შედეგებს შორის.

შედეგების გაზომვისას ფასდება მოსწავლეების ფუნქციონალური წიგნიერება, დამოკიდებულებები, ინტერესი, მოტივაცია და სასწავლო სტრატეგიები.

შედეგები კვლევის სამივე სფეროს მიხედვით:

კითხვის წიგნიერება.

შეფასება განხორციელდა 1000-ბალიანი სკალით. მონაწილეთა საშუალო შეფასებამ შეადგინა 493 ბალი. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. შანხაი (ჩინეთი) - 556
  2. სამხრეთ კორეა - 539
  3. ფინეთი - 536
  4. ჰონკონგი - 533
  5. სინგაპური - 526
მათემატიკური წიგნიერება.

პირველი ხუთეული:

  1. შანხაი (ჩინეთი) - 600
  2. სინგაპური - 562
  3. ჰონკონგი - 555
  4. სამხრეთ კორეა - 546
  5. ტაივანი- 543
საბუნებისმეტყველო წიგნიერება.

  1. შანხაი (ჩინეთი) - 575
  2. ფინეთი - 554
  3. ჰონკონგი - 549
  4. სინგაპური - 542
  5. იაპონია - 539
დაწვრილებითი ინფორმაცია PISA 2009 შედეგებთან დაკავშირებით შეგვიძლია მოვიძიოთ ამ საიტზე.

შედეგების ცხრილი:

No comments: