02 April 2009

რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს?

რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს უპირველეს ყოვლისა (საინტერესო ამონაწერები):

1. საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა
ბავშმა უნდა იცოდეს ბიოლოგიურად როგორ არის აგებული მისი ორგანიზმი. როგორ ფუნქციონირებს ის. რა არის მისთვის სასარგებლო და რა არის მავნე. სასარგებლოა თუ არა, მაგალითად, დღეში 20 ბოთლი კოკა-კოლას დალევა. როგორ მოქმედევს ეს ორგანიზმზე. ბავშვს უნდა ვასწავლოთ თუ რა უნდა იცოდეს საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სად და როგორ უნდა მოიძიოს მან საჭირო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ბავშმა უნდა დაიჯეროს, რომ საკუთარი ჯანმრთელობა მის ხელშია და რომ ჯანმრთელობის გარეშე სწავლაც და სხვა ყველაფერიც აზრს კარგავს.

2. კითხვა
კითხვის უნარში არ იგულისხმება ასოებისა და სიტყვების კითხვის ცოდნა. არ იგულისხმება ასევე კითხვა რაიმე ტექსტის დასამახსოვრებლად, რომელსაც ხშირად იყენებენ სკოლაში. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ კითხვის სხვადასხვა ტექნიკები, მეთოდები, მიდგომები, სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარება მას წაკითხულის გაგებაში. ეს უნარი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ სკოლის ასაკში უნდა გამოუმუშავდეს ადამიანს.

3. სწავლა
სწავლის სწავლებაში არ იგულისხმება რომ ბავშვი წყნარად უნდა იჯდეს გაკვეთილზე და უსმენდეს მასწავლებელს. აქ იგულისხმება სხვადასხვა მიდგომებისა და სტრატეგიების სწავლა, როგორიცაა კვლევა, ცდების ჩატარება, შეცდომების დაშვება და ამ შეცდომების ამოცნობა, შეჯამება, მიმოხილვა, გაზიარება, დაგეგმვა, ახალი იდეების აღქმა, სხვებთან თანამშრომლობა და სხვა.

4. კრეატულობა
კრეატულობა არ არის ნიჭი, რომელიც ან გვაქვს ან არ გვაქვს. ამ უნარის გამომუშავება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მიზანდასახული სწავლით. კრეატულობა არის პრობლემების გადაჭრის უნარი, რომლის სწავლა სავსებით შესაძლებელია. კრეატულობა არ ვლინდება მხოლოდ ხელოვნებაში, ის ვლინდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი მიღწევა შესაძლებელია განსხვავებული აზროვნებით. ეს არის უნარი არასტანდარტული აზროვნების, უნარი გავცდეთ ჩვეულ ჩარჩოებს.

5. თანაგრძნობა
ამ უნარის განვითარებას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა ტრადიციულ სკოლაში. ამავე დროს უნარი წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი სხვის მაგივრად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ უნარის ნაწილია სხვის მოსმენა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს არა მხოლოდ სხვის მიერ ნათქვამი ფრაზების მოსმენა, არამედ გაგება იმისა, თუ რის თქმა სურს მას ამით. დისკუსიაში, საუბარში ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი იდეების წარმოდგენა, არამედ სხვის იდეების მოსმენა და გაგება უნდა შეგვეძლოს. დისკუსია არარის შეჯიბრი, მისი მიზანი არ არის კამათში გამარჯვება და საკუთარი ცოდნის დემონსტრაცია. დისკუსიას წარმართავს ცნობისმოყვარეობა, სურვილი იდეების გაცვლის და სხვების დახმარებისა.

6. სიმართლის სიცრუესგან გარჩევა
ამ უნარის განვითარებას ემსახურება მედია-წიგნიერება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ ამოიცნოს პროპაგანდა და როგორ შეეწინააღმდეგოს მას, როგორ დაიცვას საკუთარი ინტერესები. ბავშვს უნდა განუვითაროთ ინფორმაციის შეფასების უნარი, რომლის გარეშე შეუძლებელია მოზღვავებული ინფორმაციის გარემოში ორიენტაცია.

7. მომავლის პროგნოზირება
სწრაფად ცვალებად სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ტენდენციების ანალიზის საფუძველზე უახლოესი მომავლის პროგნოზირების უნარი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი ხედვის შემუშავება და მისი მუდმივი კორექტირება გარე ფაქტორების ცვლილებების კვალდაკვალ. ადამიანს უნდა შეეძლოს ადაპტირება შეცვლილ გარემოსთან, ამ ადაპტაციისათვის წინასწარ მომზადება.

8. ეფექტიანი კომუნიკაცია
ეს ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი უნარია. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ კომუნიკაციის თანამედროვე ინსტრუმენტები და კომუნიკაციის ხერხები და მეთოდები. დღეს კომუნიკაცია სწავლის და ცოდნის მიღების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

9. კარგი კითხვების დასმა
დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია არა სწორი პასუხების ცოდნა, არამედ კარგი კითხვების დასმის უნარი. ამის სწავლა მიზანდასახულად უნდა მიმდინარეობდეს. უნდა შეგვეძლოს კითხვების დასმა როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სხვებისათვის.

ჩემი აზრით ეს არის ერთგვარი სქემა განათლების შინაარსის რეფორმის. ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებისათვის არ არის საჭირო ახალი საგნების შემოღება სკოლაში. ამის გაკეთება შესაძლებელია არსებული საგნების კონტექსტში. საჭიროა მხოლოდ ამ კონტექსტის ძირეული შეცვლა, საჭიროა განათლების შინაარსის ტრანსფორმაცია და მისი დაახლოვება რეალურ ცხოვრებასთან და რეალურ მოთხოვნილებებთან.

No comments: