10 April 2009

Twitter-რევოლუცია მოლდოვაში

როგორც ჩანს ინტერნეტი სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თანამედროვე მსოფლიოში. როგორც მკვლევარებმა აღნიშნეს, ობამას წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ინტერნეტის ტექნოლოგიების ინტენსიური გამოყენება არჩევნების პროცესში.

რამოდენიმე დღის წინ მივიღეთ კიდევ ერთი მაგალითი ამ ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენებისა. ეს ეხება მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებს. საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა ახალგაზრდების მობილიზაციისათვის გამოიყენეს Web 2.0 ტექნოლოგიები და პირველ რიგში მიკრობლოგინგის სერვისი Twitter-ი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნატალია მორარი აღწერს ამას თავის ბლოგში. 15 ათასი ადამიანის მოგროვებას სულ რამოდენიმე საათი დასჭირდა. ეს მხოლოდ ინტერნეტის გამოყენებით მოხერხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოლდოვაში სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, ინტერნეტი ნაკლებად არის განვითარებული, მაგრამ ამის მიუხედავად მისი გამოყენება ასე ეფექტურად მოხერხდა. ეს ინტერნეტის ძალის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. წარმოვიდგინოთ რა გავლენის მოხდენა შეეძლება ამ ტექნოლოგიებს რამოდენიმე წლის შემდეგ, როცა მობილური ტექნოლოგიები და მობილური ინტერნეტი განვითარების პიკს მიაღწევს.

No comments: