31 March 2009

საინტერესო საიტები - 31 მარტი, 09






Interactivate
ონლაინ ინტერაქტიული აქტივობების, ინსტრუმენტებისა და გაკვეთილების კრებული მათემატიკის სწავლებისათვის.

IXL
მათემატიკური უნარების განვითარება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის.


Biology in Motion
ინტერაქტიული აქტივობები ბიოლოგიის სწავლებისათვის.






Interactive Simulations
ინტერაქტიული სიმულატორები ფიზიკის სხვადასხვა თემების სწავლებისათვის.

26 March 2009

სწრაფი კითხვის ვარჯიში

მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ დღევანდელი ახალგაზრდები ნაკლებს კითხულობენ, ვიდრე წინა თაობები.

ინტერნეტის სწრაფი განვითარების პირობებში, როცა ადამიანისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოცულობა წარმოუდგენლად დიდია, რეალობასთან უფრო ახლოსაა ის აზრი, რომ ახალგაზრდებს მეტი ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება უწევთ და გაცილებით მეტის მოუწევთ მომავალში. ეს ინფორმაცია ძალიან მრავალფეროვანია (ელექტრონული წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, ბლოგები, საძიებო და საცნობარო სისტემები, სხვადასხვა საიტები, მოკლე შეტყობინებები, ჩეტი, სოციალურ ქსელებში არსებული ინფორმაცია, პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაცია, სარეკლამო ინფორმაცია და სხვა) და განსხვავდება ტრადიციული ბეჭდვითი წყაროებისაგან.

სწორედ ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვის უნარის განვითარება. ეს უნარი კომპლექსურია და მოიცავს არა მხოლოდ ტექსტის გაგების და კრიტიკული ანალიზის უნარებს, არამედ ინტერნეტში არსებული მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შეფასების და დახარისხების უნარებს. ანუ ცნება ”კითხვა” დღეს უფრო ფართეა, ვიდრე თუნდაც 15 წლის წინად.

ასეთ პირობებში ძალიან აქტუალურია ასევე კითხვის სისწრაფე, რომლის გაზრდა სპეციალური ვარჯიშებითაც არის შესაძლებელი. ერთ-ერთი სერვისი, რომელიც ამაში დაგვეხმარება, წარმოდგენილია საიტზე Spreeder. აქ ხდება თვალების და ტვინის ვარჯიში სწრაფი კითხვისათვის. პროგრამას შეუძლია ჩვენს მიერ შეტანილი სავარჯიშო ტექსტის პორციებად გამოტანა ეკრანზე (თითო სიტყვა, ორ-ორი ან მეტი სიტყვა) წინასწარ განსაზღვრული სისწრაფით. ამ და სხვა პარამეტრების შეცვლა შეგვიძლია settings მენიუში.

22 March 2009

საქართველოს რუკა

საიტზე Diversity.ge წარმოდგენილია საქართველოს ინტერაქტიული რუკა, რომელზეც ასახულია ქართველების და ეროვნული უმცირესობების პროცენტული შემადგენლობა საქართველოს სხვადასხვა რაიონების მიხედვით.

კარგი რესურსია საქართველოს გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის.

სწრაფი ჩანაწერები - 22 მარტი, 09

ბოლო წლებში საგანმანათლებლო დისკუსიების ერთ-ერთი აქტუალური თემაა ის, თუ რა გავლენას ახდენს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება ცოდნის არსზე ანუ იცვლება თუ არა ცოდნის არსი 21 საუკუნეში.

ამ დისკუსიებთან დაკავშირებული რამოდენიმე ამონაწერი:

"ცოდნა არის არა ობიექტი, არამედ ქსელებისა და ნაკადების ერთობლიობა . . . ახალი ცოდნა არის პროცესი და არა პროდუქტი. ცოდნა იქმნება არა ინდივიდების თავებში, არამედ ადამიანებს შორის ურთიერთობებში”.

”ტრადიციული იდეა, რომ ცოდნის დაუფლება წვრთნის გონებას მოძველებულია ისევე, როგორც იდეა, რომ ცოდნა არის უნივერსალური ჭეშმარიტობების ერთობლიობა. პირიქით, შეიძლება არსებობდეს მრავალი ჭეშმარიტობები, მრავალი ცოდნა და მსჯელობის მრავალი ფორმები”.

”საზღვრები ტრადიციულ დისციპლინებს შორის იშლება, ინფორმაციის წარმოდგენის ტრადიციული მეთოდები (როგორიცაა წიგნები, აკადემიური სტატიები და ა.შ.) სულ უფრო უმნიშვნელო ხდება, ტრადიციული პროფესორებისა და ექსპერტების როლი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის”.


უფრო დეტალური სურათი

”ცოდნის ქსელები ძალიან ჰგავს კომერციულ ქსელებს, ვინაიდან არსებობს მსგავსება ”დამოუკიდებელ ცოდნასა” და ”ბაზრის უხილავ ხელს” შორის. ცოდნა არ არის ობიექტი (ან ობიექტური), ცოდნა არ არის დისკრეტული, ცოდნა არ არის მიზეზობრივი აგენტი”. ეს არის ცოდნის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც არ ეფუძნება მარტივ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ბუნების კანონებს, ობიექტურ პერსპექტივებს, ეს არის ცოდნა, რომელის თავისთავად იგულისხმება, რომელიც არის გამოუთქმელი, აუწერელი. ეს ცოდნა სულ უფრო და უფრო ემსგავსება დინამიურ საინფორმაციო სივრცეს, გიგანტურ ტალღას, რომლის დაჭერა და ფლობა შეუძლებელია. აქ შესაძლებელია მხოლოდ ნავიგაცია და სერფინგი”.

”ეს არ არის უბრალოდ ცოდნა, არამედ ასევე ისტ წიგნიერება, უნარები, რომლებიც ასოცირებულია სწავლასთან მთელი ცხოვრების მანძილზე, დამოკიდებულებები/ეთიკა და სოციალური ქცევა. ესეც ცოდნის ნაირსახეობებია ანუ ახალი, 21 საუკუნის წიგნიერება. . . აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება ახალი უნარები, რომლებიც ეფუძნება ცოდნის ახალ, სულ უფრო მეტად ამორფულ ფორმებს. ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის ანალიზის, ორგანიზების და გამოყენების უნარი, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ სწავლაზე, მოქნილობა და ადაპტურობა ახალი ცოდნისა და უნარების განვითარებისას.”

”სწორედ ამიტომ არის საჭირო განათლების სისტემის შეცვლა. ფოკუსი შინაარსის შესწავლაზე უნდა შეიცვალოს. უნდა შეიქმნას სწავლის ისეთი გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს განავითარონ უნარები და ცოდნის ქსელები”.

ალტერნატიული სკოლა

სკოლის რეფორმირების ხედვის სრულყოფისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედი ალტერნატიული სკოლების საქმიანობის და ფილოსოფიის გაცნობა და შესწავლა. ეს საშუალებას მოგვცემს სხვადასხვა კუთხით დავინახოთ არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.

მრავალფეროვნება წარმოადგენს განათლების არსს. საოცარია, რომ დღემდე სერიოზულად აღიქმევა სწავლა, რომელიც ფაქტიურად არ ითვალისწინებს განსხვავებებს ბავშვებს შორის და ეფუძნება სტანდარტიზებულ სასწავლო გეგმასა და შეფასებას. ეს ალბათ დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. პასუხისმგებლიანი რეფორმა ამას უნდა ხედავდეს და ამისათვის უნდა ემზადებოდეს. სამწუხაროდ ჩვენთან ეს არ იგრძნობა. განათლების რეფორმა ”ჩაიციკლა” საორგანიზაციო საკითხებში, როგორიცაა ეროვნული გამოცდები, სკოლების აკრედიტაცია, მასწავლებელთა სერტიფიკაცია, სკოლების აღჭურვა კომპიუტერებით და მათი ჩართვა ინტერნეტში, სკოლების მართვის დეცენტრალიზაცია. ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ არა მთავარი. მთავარია განათლების შინაარსი, ხარისხი, ინოვაციები, სასწავლო გარემო, დისკუსიები, კვლევები. ამ კუთხით განიხილება 15-20 წლის წინანდელი იდეები, მოდელები, მიდგომები, რომლებმაც დღეს დაკარგეს აქტუალურობა.

ალტერნატიული სკოლის საინტერესო მაგალითია აშშ-ს ქალაქ Framingham-ში მდებარე სკოლა Sudbury Valley School. ამ სკოლაში თვით მოსწავლეები წარმართავენ საკუთარ სწავლას ცნობისმოყვარეობაზე და ინტერესებზე დაყრდნობით. უფროსები ამ პროცესში თითქმის არ მონაწილეობენ. ”აქ თვით მოსწავლეები განსაზღვრავენ რა უნდა აკეთონ, როდის, როგორ და სად. ეს თავისუფლება წარმოადგენს სკოლის არსს”, - ვკითხულობთ საიტის ერთ-ერთ სტატიაში. ამ სკოლაში არ არის კლასებად დაყოფა, ნიშნები და ხარისხები, საშინაო დავალებები. დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, თემის ინტერესების პატივისცემა - ძირითადი ფასეულობებია.

სკოლის ფილოსოფია ეფუძნება შემდეგ მარტივ პრინციპებს:
  • ყველა ადამიანი ცნობისმოყვარეა თავისი ბუნებით
  • სწავლა მაშინ არის ეფექტიანი, როცა წარიმართება თვით მოსწავლის მიერ
  • ყველა ადამიანი კრეატულია, მათ უბრალოდ უნდა მიეცეთ საკუთარი უნიკალური ტალანტების განვითარების შესაძლებლობა
  • განათლების მიზანი სწავლაა და არა სწავლება
  • მოსწავლესათვის ყველაზე მთავარია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ისწავლოს და სწავლის მიტივაცია.

პრაქტიკაში ეს აისახემა იმაში, რომ თვით მოსწავლეები არიან ყველა აქტივობების ინიციატორები და თვითონ ქმნიან სწავლის გარემოს.

შეიძლება ზოგი რამ მოგვეჩვენოს აქ საკამათო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კერძო სკოლა არსებობს, მშობლები იხდიან სწავლის საფასურს წელიწადში 6450$ და ალბათ კმაყოფილნი არიან.

PS. რა თქმა უნდა ზემოთ აღწერილ ალტერნატიულ სკოლას არანაირი კავშირი არა აქვს განათლების სამინისტროს მიერ ინიციირებულ ალტერნატიულ სკოლებთან, სადაც ძნელადაღსაზრდელი ბავშვები ისწავლიან.

21 March 2009

YouTube-დან ვიდეი ფაილის გადმოწერა - სხვა ხერხი

ერთ-ერთ გზავნილში მე აღვწერე YouTube-დან ვიდეი ფაილის გადმოწერის ხერხი.
გავეცნოთ კიდევ ერთ, ძალიან მარტივ ხერხს, რომელიც წარმოდგენილია საიტზე KickYouTube.

ფაილის გადმოწერის ხერხი აღწერილია საიტის საწყის ვებ-გვერდზე წარმოდგენილ ვიდეოში.

20 March 2009

TOEFLtv

YouTube-ზე ამოქმედდა სპეციალური არხი Official TOEFL TV Channel.

არხის მიზანია დაეხმაროს მათ, ვინც სწავლობს ინგლისურ ენას. აქ წარმოდგენილი იქნება მასწავლებლებისა და მოსწავლეების ვიდეოები, სადაც ისინი გაგვიზიარებენ
ენის შესწავლასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას, რეკომენდაციებს.