31 March 2009

საინტერესო საიტები - 31 მარტი, 09






Interactivate
ონლაინ ინტერაქტიული აქტივობების, ინსტრუმენტებისა და გაკვეთილების კრებული მათემატიკის სწავლებისათვის.

IXL
მათემატიკური უნარების განვითარება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის.


Biology in Motion
ინტერაქტიული აქტივობები ბიოლოგიის სწავლებისათვის.






Interactive Simulations
ინტერაქტიული სიმულატორები ფიზიკის სხვადასხვა თემების სწავლებისათვის.

26 March 2009

სწრაფი კითხვის ვარჯიში

მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ დღევანდელი ახალგაზრდები ნაკლებს კითხულობენ, ვიდრე წინა თაობები.

ინტერნეტის სწრაფი განვითარების პირობებში, როცა ადამიანისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოცულობა წარმოუდგენლად დიდია, რეალობასთან უფრო ახლოსაა ის აზრი, რომ ახალგაზრდებს მეტი ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება უწევთ და გაცილებით მეტის მოუწევთ მომავალში. ეს ინფორმაცია ძალიან მრავალფეროვანია (ელექტრონული წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, ბლოგები, საძიებო და საცნობარო სისტემები, სხვადასხვა საიტები, მოკლე შეტყობინებები, ჩეტი, სოციალურ ქსელებში არსებული ინფორმაცია, პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაცია, სარეკლამო ინფორმაცია და სხვა) და განსხვავდება ტრადიციული ბეჭდვითი წყაროებისაგან.

სწორედ ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვის უნარის განვითარება. ეს უნარი კომპლექსურია და მოიცავს არა მხოლოდ ტექსტის გაგების და კრიტიკული ანალიზის უნარებს, არამედ ინტერნეტში არსებული მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შეფასების და დახარისხების უნარებს. ანუ ცნება ”კითხვა” დღეს უფრო ფართეა, ვიდრე თუნდაც 15 წლის წინად.

ასეთ პირობებში ძალიან აქტუალურია ასევე კითხვის სისწრაფე, რომლის გაზრდა სპეციალური ვარჯიშებითაც არის შესაძლებელი. ერთ-ერთი სერვისი, რომელიც ამაში დაგვეხმარება, წარმოდგენილია საიტზე Spreeder. აქ ხდება თვალების და ტვინის ვარჯიში სწრაფი კითხვისათვის. პროგრამას შეუძლია ჩვენს მიერ შეტანილი სავარჯიშო ტექსტის პორციებად გამოტანა ეკრანზე (თითო სიტყვა, ორ-ორი ან მეტი სიტყვა) წინასწარ განსაზღვრული სისწრაფით. ამ და სხვა პარამეტრების შეცვლა შეგვიძლია settings მენიუში.

22 March 2009

საქართველოს რუკა

საიტზე Diversity.ge წარმოდგენილია საქართველოს ინტერაქტიული რუკა, რომელზეც ასახულია ქართველების და ეროვნული უმცირესობების პროცენტული შემადგენლობა საქართველოს სხვადასხვა რაიონების მიხედვით.

კარგი რესურსია საქართველოს გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის.

სწრაფი ჩანაწერები - 22 მარტი, 09

ბოლო წლებში საგანმანათლებლო დისკუსიების ერთ-ერთი აქტუალური თემაა ის, თუ რა გავლენას ახდენს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება ცოდნის არსზე ანუ იცვლება თუ არა ცოდნის არსი 21 საუკუნეში.

ამ დისკუსიებთან დაკავშირებული რამოდენიმე ამონაწერი:

"ცოდნა არის არა ობიექტი, არამედ ქსელებისა და ნაკადების ერთობლიობა . . . ახალი ცოდნა არის პროცესი და არა პროდუქტი. ცოდნა იქმნება არა ინდივიდების თავებში, არამედ ადამიანებს შორის ურთიერთობებში”.

”ტრადიციული იდეა, რომ ცოდნის დაუფლება წვრთნის გონებას მოძველებულია ისევე, როგორც იდეა, რომ ცოდნა არის უნივერსალური ჭეშმარიტობების ერთობლიობა. პირიქით, შეიძლება არსებობდეს მრავალი ჭეშმარიტობები, მრავალი ცოდნა და მსჯელობის მრავალი ფორმები”.

”საზღვრები ტრადიციულ დისციპლინებს შორის იშლება, ინფორმაციის წარმოდგენის ტრადიციული მეთოდები (როგორიცაა წიგნები, აკადემიური სტატიები და ა.შ.) სულ უფრო უმნიშვნელო ხდება, ტრადიციული პროფესორებისა და ექსპერტების როლი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის”.


უფრო დეტალური სურათი

”ცოდნის ქსელები ძალიან ჰგავს კომერციულ ქსელებს, ვინაიდან არსებობს მსგავსება ”დამოუკიდებელ ცოდნასა” და ”ბაზრის უხილავ ხელს” შორის. ცოდნა არ არის ობიექტი (ან ობიექტური), ცოდნა არ არის დისკრეტული, ცოდნა არ არის მიზეზობრივი აგენტი”. ეს არის ცოდნის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც არ ეფუძნება მარტივ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ბუნების კანონებს, ობიექტურ პერსპექტივებს, ეს არის ცოდნა, რომელის თავისთავად იგულისხმება, რომელიც არის გამოუთქმელი, აუწერელი. ეს ცოდნა სულ უფრო და უფრო ემსგავსება დინამიურ საინფორმაციო სივრცეს, გიგანტურ ტალღას, რომლის დაჭერა და ფლობა შეუძლებელია. აქ შესაძლებელია მხოლოდ ნავიგაცია და სერფინგი”.

”ეს არ არის უბრალოდ ცოდნა, არამედ ასევე ისტ წიგნიერება, უნარები, რომლებიც ასოცირებულია სწავლასთან მთელი ცხოვრების მანძილზე, დამოკიდებულებები/ეთიკა და სოციალური ქცევა. ესეც ცოდნის ნაირსახეობებია ანუ ახალი, 21 საუკუნის წიგნიერება. . . აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება ახალი უნარები, რომლებიც ეფუძნება ცოდნის ახალ, სულ უფრო მეტად ამორფულ ფორმებს. ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის ანალიზის, ორგანიზების და გამოყენების უნარი, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ სწავლაზე, მოქნილობა და ადაპტურობა ახალი ცოდნისა და უნარების განვითარებისას.”

”სწორედ ამიტომ არის საჭირო განათლების სისტემის შეცვლა. ფოკუსი შინაარსის შესწავლაზე უნდა შეიცვალოს. უნდა შეიქმნას სწავლის ისეთი გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს განავითარონ უნარები და ცოდნის ქსელები”.

ალტერნატიული სკოლა

სკოლის რეფორმირების ხედვის სრულყოფისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედი ალტერნატიული სკოლების საქმიანობის და ფილოსოფიის გაცნობა და შესწავლა. ეს საშუალებას მოგვცემს სხვადასხვა კუთხით დავინახოთ არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.

მრავალფეროვნება წარმოადგენს განათლების არსს. საოცარია, რომ დღემდე სერიოზულად აღიქმევა სწავლა, რომელიც ფაქტიურად არ ითვალისწინებს განსხვავებებს ბავშვებს შორის და ეფუძნება სტანდარტიზებულ სასწავლო გეგმასა და შეფასებას. ეს ალბათ დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. პასუხისმგებლიანი რეფორმა ამას უნდა ხედავდეს და ამისათვის უნდა ემზადებოდეს. სამწუხაროდ ჩვენთან ეს არ იგრძნობა. განათლების რეფორმა ”ჩაიციკლა” საორგანიზაციო საკითხებში, როგორიცაა ეროვნული გამოცდები, სკოლების აკრედიტაცია, მასწავლებელთა სერტიფიკაცია, სკოლების აღჭურვა კომპიუტერებით და მათი ჩართვა ინტერნეტში, სკოლების მართვის დეცენტრალიზაცია. ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ არა მთავარი. მთავარია განათლების შინაარსი, ხარისხი, ინოვაციები, სასწავლო გარემო, დისკუსიები, კვლევები. ამ კუთხით განიხილება 15-20 წლის წინანდელი იდეები, მოდელები, მიდგომები, რომლებმაც დღეს დაკარგეს აქტუალურობა.

ალტერნატიული სკოლის საინტერესო მაგალითია აშშ-ს ქალაქ Framingham-ში მდებარე სკოლა Sudbury Valley School. ამ სკოლაში თვით მოსწავლეები წარმართავენ საკუთარ სწავლას ცნობისმოყვარეობაზე და ინტერესებზე დაყრდნობით. უფროსები ამ პროცესში თითქმის არ მონაწილეობენ. ”აქ თვით მოსწავლეები განსაზღვრავენ რა უნდა აკეთონ, როდის, როგორ და სად. ეს თავისუფლება წარმოადგენს სკოლის არსს”, - ვკითხულობთ საიტის ერთ-ერთ სტატიაში. ამ სკოლაში არ არის კლასებად დაყოფა, ნიშნები და ხარისხები, საშინაო დავალებები. დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, თემის ინტერესების პატივისცემა - ძირითადი ფასეულობებია.

სკოლის ფილოსოფია ეფუძნება შემდეგ მარტივ პრინციპებს:
  • ყველა ადამიანი ცნობისმოყვარეა თავისი ბუნებით
  • სწავლა მაშინ არის ეფექტიანი, როცა წარიმართება თვით მოსწავლის მიერ
  • ყველა ადამიანი კრეატულია, მათ უბრალოდ უნდა მიეცეთ საკუთარი უნიკალური ტალანტების განვითარების შესაძლებლობა
  • განათლების მიზანი სწავლაა და არა სწავლება
  • მოსწავლესათვის ყველაზე მთავარია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ისწავლოს და სწავლის მიტივაცია.

პრაქტიკაში ეს აისახემა იმაში, რომ თვით მოსწავლეები არიან ყველა აქტივობების ინიციატორები და თვითონ ქმნიან სწავლის გარემოს.

შეიძლება ზოგი რამ მოგვეჩვენოს აქ საკამათო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კერძო სკოლა არსებობს, მშობლები იხდიან სწავლის საფასურს წელიწადში 6450$ და ალბათ კმაყოფილნი არიან.

PS. რა თქმა უნდა ზემოთ აღწერილ ალტერნატიულ სკოლას არანაირი კავშირი არა აქვს განათლების სამინისტროს მიერ ინიციირებულ ალტერნატიულ სკოლებთან, სადაც ძნელადაღსაზრდელი ბავშვები ისწავლიან.

21 March 2009

YouTube-დან ვიდეი ფაილის გადმოწერა - სხვა ხერხი

ერთ-ერთ გზავნილში მე აღვწერე YouTube-დან ვიდეი ფაილის გადმოწერის ხერხი.
გავეცნოთ კიდევ ერთ, ძალიან მარტივ ხერხს, რომელიც წარმოდგენილია საიტზე KickYouTube.

ფაილის გადმოწერის ხერხი აღწერილია საიტის საწყის ვებ-გვერდზე წარმოდგენილ ვიდეოში.

20 March 2009

TOEFLtv

YouTube-ზე ამოქმედდა სპეციალური არხი Official TOEFL TV Channel.

არხის მიზანია დაეხმაროს მათ, ვინც სწავლობს ინგლისურ ენას. აქ წარმოდგენილი იქნება მასწავლებლებისა და მოსწავლეების ვიდეოები, სადაც ისინი გაგვიზიარებენ
ენის შესწავლასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას, რეკომენდაციებს.


Internet Explorer 8

Microsoft-მა 19 მარტს გამოუშვა საკუთარი ბრაუზერის ბოლო ვერსია - Internet Explorer 8. ბრაუზერის გადმოწერა შესაძლებელია ამ საიტზე.

ახალი ვერსია გამოირჩევა მეტი სისწრაფით, სტაბილურობით და აქვს გარკვეული ახალი ფუნქციები, მაგალითად, მექანიზმი Web Slices, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩამოვტვირთოთ ვებ-გვერდის ნაწილი და არა მთლიანი გვერდი.

ბოლო მონაცემებით ბრაუზერების წილი ბაზარზე ასეთია: Internet Explorer - 67%, Firefox - 22%, Safari - 8%, Chrome - 1%, Opera - 0.71%.

19 March 2009

სახალისო ფიზიკა

საიტზე Physics Games წარმოდგენილია სახალისო თამაშები ბავშვებისათვის, რომლებიც დაეხმარება მათ ფიზიკის კანონების უკეთ გაგებაში.

Chrome Experiments

Google-მა საკუთარი Chrome ბრაუზერის ახალი ბეტა ვერსიის და Google's JavaScript engine-ის V8 ვერსიის შესაძლებლობების დემონსტრაციისათვის გაუშვა ახალი საიტი Chrome Experiments, სადაც წარმოდგენილია საინტერესო JavaScript აპლიკაციები.

18 March 2009

საძიებო სისტემა KOSMIX







კიდევ ერთი საინტერესო საძიებო სისტემა სახელწოდებით KOSMIX.

ამ საძიებო სისტემის მუშაობის პრინციპი საკმაოდ საინტერესოა: საკვანძო სიტყვის ან ფრაზის საფუძველზე სისტემას გამოაქვს არა ამ სიტყვის შემცველი ვებ-გვერდების სია, არამედ ქმნის მულტიმედიური ენციკლოპედიის ერთგვარ თემატურ გვერდს, სადაც წარმოდგენილია ინტერნეტის სხვადასხვა წყაროებიდან მოძებნილი ინფორმაცია (მასალები ენციკლოპედიებიდან და ლექსიკონებიდან, სადისკუსიო ფორუმებიდან, ვიდეოები, სლაიდები, საცნობარო წყაროები და სხვა).

მთელი ეს ინფორმაცია საკმაოდ მოხერხებულად არის განთავსებული ძიების შედეგების ვებ-გვერდზე.

ასეთი საძიებო სისტემების გამოყენება საკმაოდ ეფექტიანია, როცა ვაწარმოებთ კვლევას რაიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები

ამ ვებ-გვერდზე წარმოდგენილია მსოფლიოში 2008 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების ასეული.

17 March 2009

ნებისმიერი ტიპის ფაილის გახსნა

საიტზე OpenWith.org წარმოდგენილია სასარგებლო ინსტრუმენტი სახელწოდებით OpenWith.org Desktop Tool.

ეს პროგრამა სასარგებლოა მაშინ, როცა ჩვენ კომპიუტერში გვაქვს ფაილი, რომელსაც ვერ ვხსნით. პროგრამა დაგვეხმარება ამ ფაილის ტიპის დადგენაში და ამავდროულად შემოგვთავაზებს უფასო პროგრამებს (თან დაგვეხმარება მათ გადმოწერაში), რომელთა საშუალებით შევძლებთ ფაილის გახსნას.

ამისათვის უნდა გადმოვწეროთ და დავაინსტალოთ OpenWith.org Desktop Tool. საჭირო ფაილის გასახსნელად დავაწკაპუნოთ ფაილის პიქტოგრამაზე მაუსის მარჯვენა ღილაკით და ავირჩიოთ "How do I open this?".

15 March 2009

შრიფტების პერიოდული ცხრილი

ცხრილში წარმოდგენილია დღეისათვის 100 ყველაზე პოპულარული შრიფტი.

შრიფტები გაერთიანებულია ჯგუფებში: san-serif, serif, script, blackletter, glyphic, display, grotesque, realist, didone, garalde, geometric, humanist, slab-serif და შერეული.

14 March 2009

მაგიური სფერო

ამ ვებ-გვერდზე წარმოდგენილია საინტერესო მათემატიკური ფოკუსი.

ვებ-გვერდის მარცხენა ნაწილში წარმოდგენილია მაგიური სფერო, ხოლო მარჯვენა ნაწილში - მაგიური ცხრილი.

ფოკუსი მდგომარეობს შემდეგში: ჩავიფიქროთ ნებისმიერი ორნიშნა რიცხვი, გამოვთვალოთ ამ რიცხვის ციფრთა ჯამი და გამოვაკლოთ ეს ჯამი ჩაფიქრებულ რიცხვს. შედეგად მიღებული რიცხვი მოვძებნოთ ცხრილში და გარკვეული დროით მოვახდინოთ კონცენტრაცია ამ რიცხვის გვერდით მდებარე სიმბოლოზე. შემდეგ დავაწკაპუნოთ მაგიურ სფეროზე. სფეროზე აისახება სწორედ ის სიმბოლო, რომელზეც ვახდენდით კონცენტრაციას.

როგორ ახერხებს ამას კომპიუტერი?

PDF ფაილის რედაქტირება ონლაინ

PDF ფაილში რაიმე ცვლილებების შესატანად შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი უფასო სერვისი PDFVue.

სერვისის საშუალებით შეგვიძლია ავტვირთოთ PDF ფაილი, მოვახდინოთ მასში საჭირო ცვლილებები (მაგალითად, დავამატოთ ტექსტი, ბმულები, შევცვალოთ ფერები, დავამატოთ გამოსახულებები და შესავსები ფორმები) და ჩამოვტვირთოთ შეცვლილი ფაილი ჩვენს კომპიუტერში ან მოვახდინოთ მისი ონლაინ გაზიარება. ამჟამად წარმოდგენილია სერვისის ბეტა ვერსია, ამიტომ შეიძლება არსებობდეს რაიმე ხარვეზები.

ადამიანის ევოლუცია

საინტერესო ინტერაქტივი Before and After Humans, სადაც წარმოდგენილია ადამიანის ევოლუციის წარსული (7 მლნ. წლიდან) და მომავალი (4 მლნ. წლის შემდეგ).

08 March 2009

YouTube-ის სიმფონიური ორკესტრი

YouTube-მა შექმნა საკუთარი სიმფონიური ორკესტრი, რომელიც 90 ადამიანისგან შედგება. ორკესტრის წევრები კონკურსით იქნენ შერჩეული. ორკესტრის წევრების მოსმენა შეგვიძლია მისამართზე http://www.youtube.com/symphony.

საკმაოდ სასარგებლო რესურსია ხელოვნების გაკვეთილებისათვის. აქ ბავშვები მოისმენენ ყველა ინსტრუმენტის ჟღერადობას.

მრავალმხრივი ინტელექტის ტესტი

ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის თანახმად, ადამიანს აქვს მრავალმხრივი ინტელექტი, რომელიც არანაკლებ რვა განსხვავებული ელემენტისაგან შედგება, როგორიცაა კინესთეტიკური (Kinaesthetic), ლიგვისტური (Linguistic), ლოგიკური (Logical), ინტერპერსონალური (Interpersonal), ინტრაპერსონალური (Intrapersonal), მუსიკალური (Musical), ვიზუალური/სივრცული (Visual/Spatial), ნატურალისტური (Naturalistic) ინტელექტი.

ალბათ საინტერესოა იმის დადგენა, თუ ინტელექტის რომელი ელემენტები გვაქვს უფრო განვითარებული. ამაში დაგვეხმარება ტესტი, რომელიც ამ საიტზეა წარმოდგენილი.

05 March 2009

ნოუთბუქი ვირტუალური კლავიატურით

CeBIT-ის გამოფენაზე Asus-მა წარმოადგინა ახალი ნოუთბუქის პროტოტიპი, რომელსაც აქვს ორი სენსორული ეკრანი. ქვედა ეკრანი ასრულებს კლავიატურის როლს. ეს მომხმარებელს აძლევს საშუალებას მომართოს კლავიშები, მაგალითად, შეცვალოს მათი ზომა. ქვედა ეკრანის გამოყენება შეიძლება ხელნაწერი ტექსტის შესატანადაც.

შესაძლებელია ასევე ერთდროულად ორივე ეკრანის გამოყენება, მაგალითად, დიდი ზომის გამოსახულების დასათვალიერებლად. ამ დროს ნოუთბუქი ემსგავსება გადაშლილ წიგნს.


04 March 2009

ისტ-ს განვითარების ინდექსი

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა (International Telecommunication Union) გამოიკვლია 2002-2007 წლების პერიოდში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დონე 154 ქვეყანაში. გამოქვეყნებულია კვლევის შედეგებიც. ამ შედეგების გაცნობა საკმაოდ საინტერესოა, რადგანაც 21 საუკუნეში ქვეყნის განვითარების მაჩვენებელი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ბევრწილად მეტყველებს ჩვენ პერსპექტივებზე.

კვლევაში მონაწილე თითოეულ ქვეყანას მიენიჭა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარების შესაბამისი რეიტინგი. ამ რეიტინგში საქართველო მე-80 ადგილზეა.














აღსანიშნავია ის, რომ 2002 წელს საქართველო 75-ე ადგილზე იმყოფებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ სფეროს განვითარების ტემპები მომდევნო ხუთ წელიწადში იყო შედარებით დაბალი და რამოდენიმე ქვეყანამ (მათ შორისაა, მაგალითად, ჩინეთი და სასომხეთი) გაგვისწრო. იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანი 86-ე ადგილზე იმყოფება, კვლევის პერიოდში ამ ქვეყანაში აღინიშნებოდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარების მაღალი ტემპი, რაც აისახა ისტ-ს განვითარების ინდექსის 40%-ან ზრდაში და შედეგად ქვეყანამ მე-100 ადგილიდან 86-ზე გადაინაცვლა.

რეიტინგების სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:














როგორც ვხედავთ, სიის სათავეში ძირითადად ჩრდილოეთ ევროპული ქვეყნებია.

საინტერესოა ასევე თითოეულ ქვეყანაში ისტ-ს სარგებლობის ”ფასების კალათა”. ამ მაჩვენებლით საქართველო 103 ადგილზეა.



















ყველაზე იაფი ისტ-ს სარგებლობა სინგაპურშია. შემდეგ მოდიან აშშ, ლუქსემბურგი და დანია.

კვლევამ აჩვენა ასევე, რომ მსოფლიოში მობილური კავშირი ხელმისაწვდომია მოსახლეობის 60%-თვის ანუ 4 მილიარდი ადამიანისათვის. მსოფლიოში ინტერნეტით სარგებლობს მოსახლეობის 23%. აქედან შეგვიძია დავასკვნათ, რომ მობილური ინტერნეტის განვითარება და გაიაფება გამოიწვევს ინტერნეტის მომხმარებელთა მკვეთრ ზრდას და რომ ეს სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი იქნება მომდევნო წლებში.

03 March 2009

Мир 2.0

ამ რუსულ საიტზე (სახელწოდებით Мир 2.0) წარმოდგენილია საკმაოდ საინტერესო შინაარსის 10 ფლეშ-კლიპი, რომლებიც ბევრწილად ეხმიანება Web 2.0 ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ხედვას.
უყურე და იფიქრე.

02 March 2009

ონლაინ თარგმნის სერვისები

ქვემოთ წარმოდგენილია ონლაინ თარგმნის უფასო სერვისების მისამართები:

FreeTranslation.com

WorldLingo

PROMT Translator

Google Language Tools

WordReference

LOGOS

Babylon

01 March 2009

ობამას გეგმა

ობამას გეგმის მოკლე მიმოხილვა. გეგმა ითვალისწინებს ამერიკის ეკონომიკის აღორძინებას. გეგმის ძლიერი მხარეა ის, რომ ღიად არის საუბარი იმ მიზეზებზე, რომლებმაც განაპირობეს კრიზისი.






ძირითადი მიმართულებები:
  • ეფექტიანი, სუფთა ენერგეტიკა;
  • ეკონომიკის გარდაქმნა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საშუალებით;
  • განათლება 21 საუკუნისათვის;
  • ჯანდაცვის ღირებულების შემცირება;
  • სამუშაო ადგილების შენარჩუნება და სხვა.
გეგმა ითვალისწინებს უპრეცედენტო გამჭვირვალობას. თითოეული დოლარის ხარჯვის ანგარიში ეცოდიენაბ საზოგადოებას. ეს ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება სპეციალურ ვებ-საიტზე.

დიდი ყურადღება მიექცევა ეფქტიანი ენერგეტიკის შექმნას. გაიზრდება ენერგიის ალტერნატიული წყაროების კვლევებთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება.

6 მილიარდი დოლარი გამოიყოფა უკაბელო და სწრაფი ინტერნეტის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებით დახარჯული თითოეული დოლარი ათმაგ მოგებას მოიტანს, აღნიშნულია გეგმაში. დიდი დახმარება გაეწევა ფუნდამენტალურ მეცნიერებას და ტექნიკას. განსაკუთრებით გამოყოფილია კვლევები ბიომედიცინის სფეროში.

განათლების სფეროში ინვესტიციები დაიხარჯება შემდეგი მიმართულებებით:
  • სკოლების რეკონსტრუქცია და რემონტი (20 მლრდ. დოლარი);
  • საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ინტეგრაცია (1 მლრდ. დოლარი);
  • სწავლის ხელშეწყობის სხვადასხვა პროგრამების მხარდაჭერა;
  • სწავლების დონის ამაღლების დაფინანსება და სხვა;