დღეს ყველასათვის უდავოა, რომ თანამედროვე მოსწავლეები უნდა ფლობდნენ საბაზო ტექნოლოგიურ უნარებს. საბაზო ტექნოლოგიური უნარები დროთა განმავლობაში ფართოვდება. თუ რამოდენიმე წლის წინად ასეთ უნარებად ითვლებოდა ტექსტებთან, ცხრილებთან, გრაფიკულ ინფორმაციასთან მუშაობის უნარები, დღეს მათ დაემატა Web 2.0-ის ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა.
ჩვენში ხშირად გაისმის აზრი, რომ ისტ უნარების დაუფლება უნდა მოხდეს მხოლოდ სხვადასხვა საგნების კონტექსტში და ამისათვის არ არის აუცილებელი სპეციალური საგნის, მაგალითად, ”ინფორმატიკა” ან ”ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები” არსებობა.
ჩემი აზრით ეს მცდარი შეხედულებაა და ამის დასასაბუთებლად ბევრი არგუმენტის მოყვანა შეიძლება. პირველ რიგში, რთულია იმის წარმოდგენა, რომ მოსწავლემ შეძლოს რომელიმე პროგრამის, მაგალითად, გრაფიკული რედაქტორის გამოყენება რაიმე საგნის, მაგალითად, ბუნების გაკვეთილისათვის რაიმე ილუსტრაციების შესაქმნელად, თუ მას არა აქვს წარმოდგენა ამ პროგრამის ფუნქციებზე და არა აქვს გარკვეული უნარები ამ ფუნქციების გამოყენებისა სხვადასხვა სტანდარტული ოპერაციების შესრულებისას. სწორედ ინფორმატიკის გაკვეთილზე შეუძლია მოსწავლეს მიიღოს სისტემური ცოდნა და გამოიმუშაოს შესაბამისი უნარები ძირითადი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებისათვის. კომპიუტერული ლაბორატორია, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილი სასწავლო პროგრამა და სასწავლო მასალები და სპეციალური ცოდნით აღჭურვილი მასწავლებელი აუცილებელი პირობაა ამის მისაღწევად.
რა თქმა უნდა ამით ტექნოლოგიის ინტეგრაციის საკითხი არ მთავრდება. ზემოთ აღწერილი მხოლოდ აუცილებელი პირობაა ამისათვის. მოსწავლეებს სჭირდებათ უფრო მეტი, ვიდრე საბაზო კომპიუტერული უნარები. მათ უნდა მიეცეთ საშუალება გამოიყენონ კომპიუტერული უნარები რეალური, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის კონტექსტში. ვინაიდან სწავლა მათთვის არის ყველაზე აქტუალური საქმიანობა, სწორედ სასწავლო პრობლემების გადაწყვეტაში ტექნოლოგიების გამოყენება არის საუკეთესო გზა ტექნოლოგიური წიგნიერების დაუფლებისა. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, შექმნა, ორგანიზება რეალური სასწავლო პროცესის კონტექსტში.
აქ არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სამწუხაროდ არ ექცევა ყურადღება. თუ ჩვენ ტექნოლოგიებს განვიხილავთ მასწავლებლისა და მოსწავლის ინსტრუმენტად, რომელიც მათ საჭიროებისამებრ უნდა გამოიყენონ, ლოგიკურია მოთხოვნა, რომ ეს ინსტრუმენტი მათთვის ხელმისაწვდომი იყოს მაშინ, როცა ის მათ სჭირდება ანუ ტექნოლოგიური ინსტრუმენტები საკლასო ოთახში უნდა იყოს განთავსებული.
თუ ეს ასე არ არის და მასწავლებელი მხოლოდ ორ-სამ თვეში ერთხელ ატარებს გაკვეთილს კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ამას ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
ტექნოლოგიის ინტეგრაცია არის კომპლექსური პრობლემა. ტექნოლოგიის ინტეგრაციის დონე არის ერთგვარი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად მზადაა სკოლა (ან უფრო ფართეთ - ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა) მოამზადოს ბავშვები 21 საუკუნის მოთხოვნების შესაბამისად.
21 September 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
Zalian gamixarda amdeni saintereso informaciis cakitxva(SemTxveviT movxvdi am gverdze),sainteresoa Tkveni komentari Cem blogze ganTavsebul namuSevrebze-ekoia.blogspot.com
Post a Comment