12 November 2008

საინტერესო საიტები - 12 ნოემბერი

HistoGrafica
აქ შესაძლებელია სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებთან დაკავშირებული ძველი ფოტოების მოძიება. ფოტოები ატვირთულია ინტერნეტის მომხმარებლების მიერ. შესაძლებელია საკუთარ ქალაქთან ან სხვა ადგილთან დაკავშირებული ფოტოების ატვირთვა.

Kerpoof
საიტი ბავშვებისათვის. საიტზე წარმოდგენილი ინსტრუმენტებით ბავშვებს შეუძლიათ ნახატის, ფილმის ან მოთხრობის შექმნა.

Fantastic Contraption
ძალიან საინტერესო საიტი. წარმოდგენილია ონლაინ თამაში, რომელიც გულისხმობს დინამიური ფიზიკური თავსატეხების ამოხსნას.

Hippocampus
სხვადასხვა საგნების (ალგებრა, ბიოლოგია, ფიზიკა, სტატისტიკა და სხვა) ელექტრონული სახელმძღვანელოების კრებული.

10 November 2008

ახალი სათამაშო მოწყობილობა

LevelHead - საინტერესო სამგანზომილებიანი სივრცული თამაში. ადამიანი მოძრაობს ოთახების ლაბირინტში.

YouTube-დან ვიდეი ფაილის გადმოწერა

YouTube-ზე შესაძლებელია იქ არსებული ვიდეოების მოძიება და დათვალიერება. ვიდეოკლიპის ფაილის გადმოწერის შესაძლებლობა არ არის, მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია სხვა ვებ-სერვისების დახმარებით, მაგალითად KeepVid სერვისით.

ამისათვის შევასრულოთ შემდეგი მოქმედებები:

1. ბრაუზერის ერთ ფანჯარაში გავხსნათ YouTube-ზე არსებული იმ ვიდეოკლიპის ვებ-გვერდი , რომლის გადმოწერაც გვსურს (ბრაუზერის სამისამართო სტრიქონში აისახება ამ კლიპის URL-მისამართი), ხოლო ბრაუზერის მეორე ფანჯარაში გამოვიძახოთ საიტი მისამართით http://keepvid.com

2. მოვახდინოთ ვიდეოკლიპის URL-მისამართის კოპირება ბუფერში












3. ჩავსვათ კოპირებული მისამართი KeepVid საიტის მთავარი ვებ-გვერდის ზედა ნაწილში წარმოდგენილ URL ველში და დავაწკაპოთ ამ ველის მარჯვენა კიდესთან მდებარე Download ღილაკზე.






URL ველის ქვემოთ, Download links არეში აისახება გადმოწერისათვის საჭირო ინფორმაცია.













4. ვიდეოფაილის გადმოწერა შესაძლებელია ორ ფორმატში: flv და mp4 (mp4 ფორმატი უფრო ხარისხიანია). ამისათვის შესაბამისი ფორმატისათვის განკუთვნილ არეში დავაწკაპოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით Download ბმულზე, კონტექსტურ მენიუში ავირჩიოთ Save Link As და გადმოვწეროთ ფაილი.

გულისხმობით flv ფორმატის ფაილს მიენიჭება სახელი get_video.flv, ხოლო mp4 ფორმატის ფაილს - video.mp4. შეგვიძლია გადმოწერილ ფაილს დავარქვათ ჩვენთვის სასურველი სახელი.

გაკვეთილის დაგეგმვა

სწავლების მაღალი შედეგის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გაკვეთილის დაგეგმვას. არსებობს სხვადასხვა მიდგომები დაგეგმვის პროცესისადმი. გაკვეთილის გეგმა შეიძლება იყოს დეტალური ან შემოიფარგლოს მხოლოდ გაკვეთილის ძირითადი ეტაპების მოკლე აღწერით. გაკვეთილის გეგმაში უნდა აისახოს გაკვეთილის მსვლელობის ლოგიკა, დროის განაწილება, ბალანსი ინფორმაციის პრეზენტაციასა და პრაქტიკას შორის, კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეებს და თვით მოსწავლეებს შორის და სხვა. ეს ყველაფერი მიმართულია გაკვეთილის ამოცანების მისაღწევად.

ქვემოთ წარმოდგენილია გაკვეთილის გეგმის სტრუქტურა, რომელიც სრულ წარმოდგენას მოგვცემს გაკვეთილის გეგმის კომპონენტების შესახებ.

  1. გაკვეთილის მიზანი. მასწავლებელმა პირველ რიგში მკაფიოდ უნდა გამოკვეთოს ის, თუ რის მიღწევა სურს გაკვეთილზე (რა ცოდნა, უნარები, სტრატეგიები უნდა აითვისოს მოსწავლემ).
  2. რესურსები. მას შემდეგ რაც მიზანი განსაზღვრულია, საჭიროა იმ რესურსების (როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ) განსაზღვრა, რომლებიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა და წინასწარ უნდა იყოს შესრულებული მასწავლებლის მიერ.
  3. მუშაობის (ანუ სწავლის) პროცესი. შემდეგ უნდა მოხდეს სამუშაო პროცესის მოდელირება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსწავლეების ჩართვა გაკვეთილის ამოცანების მიღწევაში. უნდა განისაზღვროს, რამდენად მიმზიდველია, მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის გაკვეთილის მასალა, როგორ უნდა იქნეს ორგანიზებული მათი ერთობლივი მუშაობა და სხვა.
  4. დისკუსია. ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელმა დაგეგმოს, თუ როგორ წარმართავს დისკუსიას გაგკვეთილის თემებთან დაკავშირებით. დისკუსია სწავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომლის გამოყენება ძალიან გაამდიდრებს სწავლის პროცესს და გახდის მას მიმზიდველს მოსწავლეებისათვის.
  5. დრო. ძალიან მნიშვნელოვანია დროის მენეჯმენტი, რაც რეალისტურს გახდის გაკვეთილის მიზნის მიღწევას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ვასწავლოთ მოსწავლეს დამოუკიდებელი სწავლა. ამიტომ დროის მენეჯმენტი მოსწავლეებთან ერთად უნდა ვაწარმოოთ.
  6. ტექნოლოგია. გაკვეთილის ყველა ეტაპის განხორციელებაში საჭიროებისამებრ უნდა გავითვალისწინოთ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება. უნდა გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგია არის გაკვეთილის რესურსებით უზრუნველყოფის, ერთობლივი მუშაობის ორგანიზების და მიმზიდველობის ამაღლების საუკეთესო საშუალება.

09 November 2008

ნიჭი თუ შრომა?

ამონაწერები სტატიიდან ”The Secret to Raising Smart Kids”, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ”Scientific American”. სტატიაში აღწერილია მრავალთვიანი კვლევის შედეგი, რომელმაც აჩვენა, რომ სწავლის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, როცა ყურადღება მახვილდება არა ბავშვის ნიჭზე ან ინტელექტზე, არამედ მის ძალისხმევაზე, შრომაზე.

ნუ შევაფასებთ ბავშვის ნიჭს. ფოკუსირება უნდა მოხდეს ცდაზე (ძალისხმევაზე) და არა ინტელექტზე და ნიჭზე.
ინტელექტზე და ნიჭზე ყურადღების ზედმეტად გამახვილება იწვევს იმას, რომ ადამიანი მტკივნეულად აღიქვავს საკუთარ წარუმატებლობას, ეშინია პრობლემების და არა აქვს სურვილი გამოასწოროს საკუთარი ნაკლოვანებები.

როცა ბავშვი დაწყებით კლასებში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევს აკადემიურ წარმატებას ის ითვლება ძლიერად და ნიჭით დაჯილდოებულად. ასეთ ბავშვს უჩნდება შინაგანი რწმენა. რომ ინტელექტი არის ბუნებით მინიჭებული და ფიქსირებული და, რომ ბეჯითი სწავლა უფრო უმნიშნელოა, ვიდრე იყო (ან გამოიყურებოდე, რომ ხარ) ძლიერი. ეს რწმენა ასევე უნერგავს მათ აზრს, რომ სირთულეები, შეცდომები და ძალისხმევის გაწევაც კი, უქმნის საშიშროებას მათ ეგოს. ეს ქმნის იმის საშიშროებას, რომ ასეთი ბავშვები ვერ შეძლებენ საკუთარი პოტენციალის განვითარებას.

როცა ბავშვს სჯერა, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზია არასაკმარისი ძალისხმევა, მას გაუადვილდება სირთულეების დაძლევა. ჯიუტი მოსწავლეები არ ფიქრობენ საკუთარ წარუმატებლობაზე და საკუთარ შეცდომებს განიხილავენ პრობლემებად, რომლებიც მათ უნდა დაძლიონ.

მოსწავლეებში არსებობს ინტელექტის ორი ხედვა. ნაწილს მიაჩნია, რომ ინტელექტი არის ფიქსირებული და ბუნებით მინიჭებული და მისი განვითარება შეუძლებელია. შეცდომები და წარუმატებლობა დიდ დარტყმას აყენებს მათ თვითდაჯერებულობას, ვინაიდან ისინი აღიქვავენ შეცდომებს დაბალი ინტელექტის შედეგად, რომლის ამაღლება მათ არ ძალუძთ. მათ არ უყვართ და ერიდებიან სირთულეებს, ვინაიდან იზრდება შეცდომის დაშვების ალბათობა და ამით გამოჩნდება მათი დაბალი ინტელექტი. ასეთ მოსწავლეებს სჯერათ, რომ მეტი ძალისხმევის გაწევა რაიმე პრობლემის გადაწყვეტისას არის იმის დასტური, რომ მათ ნაკლები ნიჭი აქვთ. ასეთი მოსწავლეები მუდამ ცდილობენ, რომ გამოიყურებოდნენ ნიჭიერებად და მათთვის დიდი ძალისხმევის დახარჯვა სწავლაში არის იმის ნიშანი, რომ დაბალი ინტელექტი აქვთ.

დაოსტატებაზე-ორიენტირებული ბავშვები პირიქით თვლიან, რომ ინტელექტი მოქნილია და შესაძლებელია მისი განვითარება სწავლითა და დიდი შრომით. მათ სურთ სწავლა. თუ ადამიანს სჯერა, რომ შეუძლია საკუთარი ინტელექტის ამაღლება, ის აუცილებლად ეცდება ამის განხორციელებას. სირთულეები მათ მატებს ენერგიას. მათთვის წარუმატებლობა, მაგალითად ტესტებში, არის იმის ნიშანი, რომ მეტი უნდა იმუშაონ და მოშინჯონ სწავლის სხვა სტრატეგიები. ასეთი მოსწავლეების ყურადღება მიმართულია სწავლის სტრატეგიებზე და ძალისხმევაზე.

(ჩემი აზრით ზემოთ მოყვანილი მოსაზრებები გარკვეულწილად ასაბუთებენ იმას, რომ სწავლაში უფრო მნიშვნელოვანია პროცესი, ვიდრე შედეგის გაზომვა. მიზანი უნდა იყოს არა მაღალი ნიშნების მიღება ან ტესტების ჩაბარება, არამედ სწავლის პროცესში ჩართულობა. რაც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავ სწავლისას, მით მეტად ვითარდება შენი ინტელექტი და საბოლოო შედეგი იქნება აუცილებლად მაღალი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სწავლის პროცესი იყოს რელევანტური იმ მოთხოვნებისა, რომლებიც აქვს თვით მოსწავლეს და ასევე საზოგადოებას - ჯ.გ.)

08 November 2008

ტექნოლოგიური სიახლეები

PC World-ში გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო სტატია, სადაც აღწერილია 15 ახალი ტექნოლოგია, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენენ ჩვენ ცხოვრებაზე. ეს სტატია ეხმიანება ჩემ გუშინდელ გზავნილს ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციები. მოვიყვან ამ სტატიის მცირე ფრაგმენტს.


Memristor

ეს არის ერთელემენტიანი სქემა უნიკალური თვისებებით. მას შეუძლია ელექტრონული მდგომარეობის შენარჩუნება გამორთვის შემდეგაც. ამ თვისებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ ის ახლო მომავალში შეცვლის flash-მეხსიერებას, რადგანაც თეორიულად memristor-ი ამ მეხსიერებაზე იაფი და გაცილებით სწრაფია.

მან შეიძლება ასევე RAM ჩიპებიც შეცვალოს. დღეს არსებულ RAM მეხსიერების ჩიპებში ინფორმაცია იშლება კომპიუტერის გამორთვისთანავე. Memristor-ი დაიმახსოვრებს ოპერატიულ მეხსიერებაში კომპიუტერის გამორთვის მომენტისათვის არსებულ ინფორმაციას და კომპიუტერის ხელმეორედ ჩართვისას, ჩვენ შეგვეძლება შეწყვეტილი სამუშაოს გაგრძელება.

ფასის ასეთი შემცირება და კომპონენტების გაერთიანება საშუალებას მისცემს მწარმოებლებს შექმნან მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა ჯიბით ტარებაც კი იქნება შესაძლებელი. თანაც ამ კომპიუტერების სიმძლავრე და სისწრაფე დღეს არსებულ კომპიუტერებზე გაცილებით დიდი იქნება.

სავარაუდოთ ამ სქემის აქტიური გამოყენება დაიწყება 2014-2016 წლებში.

32-ბირთვიანი პროცესორი

დღეისათვის 4-ბირთვიანი პროცესორები ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ მალე დაიწყება ”ბირთვების ომემის” დრო. ახლო მომავალში პროცესორების კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება არა ტაქტური სიხშირით, არამედ ბირთვების რაოდენობით. ბირთვების რაოდენობის გაზრდა მოითხოვს ჩიპების მინიატურიზაციას. მაგალითად, Intel-ი უკვე 2009 წელს აპირებს 32-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე გადასვლას (დღეს გამოიყენება 45-ნანომეტრიანი ტექნოლოგია).

Intel-ის ყურადღება ფოკუსირებულია პროცესორის ახალ არქიტექტურაზე, სახელწოდებით Nehalem, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილი იქნება Core i7 სახელით. ამ არქიტექტურის 8-ბირთვიანი პროცესორები გამოჩნდება 2009-2010 წელს.

სავარაუდოთ 16-ბირთვიანი პროცესორები გამოჩნდება 2011-2012 წლებში, ხოლო 32-ბირთვიანი - 2013-2014 წლებში. მომდევნო წლებში ეს ტენდენცია გაგრძელდება.

Nehalem-ი და სწრაფი ჩიპები დააჩქარებენ დისკრეტული გრაფიკული პლატების ერას დასრულებას.

მრავალბირთვიან პროცესორებში ბირთვების გარკვეული რაოდენობა დაეთმობა გრაფიკული ინფორმაციის დამუშავებას. ამიტომ ცალკე გრაფიკული პლატები აღარ იქნება საჭირო. ეს ბევრ პრობლემას მოხსნის და კიდევ უფრო გააიაფებს კომპიუტერებს.

USB 3.0

კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობების მუშაობის სისწრაფე ბევრწილად დამოკიდებულია კომპიუტერთან მათი კავშირის სისწრაფეზე.

სავარაუდოთ USB 3.0 სისწრაფე 10-ჯერ მეტი იქნება USB 2.0-ზე, რაც შეადგენს დაახლოებით 4,8 გიგაბიტ ინფორმაციას წამში.

ეს მოწყობილობა დაახლოებით 2010 წლისთვისაა ნავარაუდევი.

ელექტროენერგიის გადაცემა კაბელის გარეშე

Intel-ის მკვლევარებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც ელექტროენერგიის რამოდენიმე ათეულ სანტიმეტრ მანძილზე უკაბელოდ გადაცემის შესაძლებლობას იძლევა. უკვე დღეს ამ მეთოდით შესაძლებელია 60 ვატიანი ნათურას ანთება.

ეს ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს, მაგალითად, დისტანციურად დავტენოთ ნოუთბუქის ან მობილური ტელეფონის ელემენტები. მისი საყოველთაო გავრცელება ნავარაუდევია 6-8 წლის შემდეგ.

07 November 2008

ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციები

ჩვენ ვცხოვრობთ დიდი ცვლილებების ერაში. ცვლილებები არ არის დროებითი და არ უნდა გვეგონოს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი თავის ნორმას დაუბრუნდება. ყალიბდება უწყვეტი, სწრაფი ცვლილებების ერა. ეს არის ექსპონენტური ცვლილებების ერა.

სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად ამ ცვლილებებს ბევრწილად განაპირობებს ტექნოლოგიების ექსპონენტური განვითარების ტენდენციები. წარმოვადგენ ოთხ ძირითად ტენდენციას, რომლებიც უდიდეს გავლენას ახდენენ ჩვენ ცხოვრებაზე.

ტენდენცია #1: მურის კანონი.

Intel-ის თანადამფუძნებელმა ჯონ მურმა 1963 წელს ჟურნალ ”ელეკტრონიკაში” დაწერა სტატია, სადაც ჩამოაყალიბა ”მურის კანონი”, რომელიც ასე ჟღერდა: ”ყოველ 24 თვეში ინტეგრირებულ სქენაში ტრანზისტორების რაოდენობის გაორმაგებაა შესაძლებელი”. ეს კანონი დღემდე მოქმედებს და უფრო გაძლიერდა კიდევაც. დღეს შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერის სისწრაფე და სიმძლავრე ყოველ 18 თვეში ორმაგდება, ხოლო მისი ფასი წელიწადში მესამედით მცირდება.

ამ ტენდენციის თანახმად 2018 წლისათვის მივიღებთ კომპიუტერის შემდეგ მაჩვენებლებს:

მეხსიერება: 104032 Mb
დისკის მოცულობა: 20480 Gb
სისწრაფე: 612000 mhz
კომპიუტერის ფასი: 2,72$

ეს პროგნოზი უფრო დამაჯერებელი რომ გახდეს მოვიყვან დამატებით ფაქტებს.
1974 წელს უბრალო კალკულატორი, რომელიც მხოლოდ ოთხ არითმეტიკულ ოპერაციას ასრულებდა აშშ-ში 795$ ღირდა და მის გადასაადგილებლად სპეციალური მოწყობილობა იყო საჭირო. 1980 წელს, იმ დროისათვის ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერს (Cray supercomputer) ჰქონდა 8 Mb მეხსიერება და მისი სიხშირე შეადგენდა 80 mhz. ეს კომპიუტერი ღირდა 12 მილიონი დოლარი.

მეცნიერების აზრით მურის კანონი კიდევ 15-20 წელიწადი იმოქმედებს, ხოლო მოლეკულარული ელექტრონიკის განვითარებამ ეს პერიოდი შეიძლება 50 წლამდე გაზარდოს.

ტენდენცია #2: ფოტონის კანონი.

1983 წლიდან ქსელების გამტარიანობა ერთ დოლარზე ყოველ 12 თვეში სამმაგდება.
თუ დღეს ოპტიკური ხაზის გამტარიანობა შეადგენს 10 გიგაბაიტ ინფორმაციას წამში, ახლო მომავალში გამტარიანობა მიუახლოვდება 10 ტრილიონ ბიტ ინფორმაციას წამში (ამ სიჩქარით შესაძლებელია ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის მთელი ინფორმაციის ერთ წამში გადაცემა).

სწრაფად ვიტარდება უკაბელო ქსელების ტექნოლოგიები. ახლო მომავალში ჩვენ შეგვეძლება ნებისმიერ წერტილიდან მაღალსიჩქარიან ქსელში ჩართვა.

ტენდენცია #3: ინტერნეტის რევოლუცია.

1992 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი შეადგენდა 300 ადამიანს.
დღეს მათმა რიცხვმა მილიარდს გადააჭარბა.

ინტერნეტი ორჯერ იზრდება ყოველ 120 დღეში.

ყველა მედიასაშუალებები, რომლებიც ადრე ცალ-ცალკე ვითარდებოდა, დღეს ინტერნეტში ერთიანდება.

არსებული ყველა მედია, დაწყებული წიგნით და დამთავრებული ტელევიზიით არის ერთმხრივი - ის მხოლოდ მიაწვდის ინფორმაციას მომხმარებელს. ინტერნეტი ორმხრივი მედიაა - ის აწვდის და იღებს ინფორმაციას.

ინტერნეტი არის მედიუმი, სადაც ვლინდება მრავალმხრივი ინტელექტის ცნების აქტუალურობა. ინტერნეტი ახდენს ინტელექტის მრავალი ფორმის რეალიზებას - აბსტრაქტული, ტექსტური, ვიზუალური, მუსიკალური, სოციალური და სხვა.

მასწავლებლებს ეძლევა შანსი შექმნას მედიუმი, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეს ჩაერთოს სწავლაში მისთვის ყველაზე ხელსაყრელად და მოხერხებულად. ეს არის კარგი საშუალება შევათავსოთ მედიუმი და ადამიანის სწავლის სტილი.

ტენდენცია #4: მოზღვავებული ინფორმაცია.

წინა სამი ტენდენცია განაპირობებს მეოთხე ტენდენციას, რომელიც გამოიხატება ინფორმაციის მოზღვავებაში.

აქსპონენტურად იზრდება სიტყვების, ტერმინების, ცნებების რიცხვი.
დღეში გამოიცემა 3000 წიგნი.

ახალი ტექნიკური ინფორმაცია ორმაგდება ყოველ 2 წელიწადში ანუ ბავშვის სკოლაში სწავლის პერიოდში ინფორმაცია 64-ჯერ იზრდება. მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია შეიცვლება და ახლო მომავალში ინფორმაცია გაორმაგდება ყოველ 2 კვირაში.

შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაცია მნიშვნელოვანია და ხელმისაწვდომია, მაგრამ ის სწრაფად ძველდება და უვარგისი ხდება.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ არსებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ქაოტური და უსარგებლოა. მაგრამ ეს არგუმენტი უფრო ართულებს პრობლემას. ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია საჭირო ინფორმაციის მოძიება და მისი შესაბამისობის დადგენა. სწორედ ეს უნარია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოიმუშაოს.

ზემოთ მოყვანილი ფაქტები უამრავ კითხვას ბადებს.

რა გავლენა ექნება ამ ცვლილებებს ჩვენ ცხოვრებაზე და პროფესიულ საქმიანობაზე? რა გავლენას მოახდენენ ჩვენ ბავშვებზე? რა ცვლილებები უნდა მოხდეს სასწავლო გეგმებში, შეფასებაში, სკოლის გარემოში? როგორი უნდა იყოს მასწავლებელთა მომზადება? როგორ უნდა მოვამზადოთ მოსწავლეები, რომ მათ შეძლონ არა მხოლოდ ტესტებისა და გამოცდების ჩაბარება, არამედ დაეუფლონ 21 საუკუნის წიგნიერებას? და ბოლოს, რას ნიშნავს განათლებულობა 21 საუკუნეში?

ის ფაქტი, რომ გლობალურ ეკონომიკაში ყველგან და ნებისმიერ დროს უაღრესად სწრაფად იქნება მისაწვდომი ინფორმაციის დიდი ნაკადები, მოახდენს თუ არა გავლენას ბავშვებისათვის საჭირო უნარებზე, ცოდნასა და აზროვნებაზე?

ამ კითხვებზე პასუხების დროულად მოძებნა ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სისტემის განვითარებისათვის.