08 November 2008

ტექნოლოგიური სიახლეები

PC World-ში გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო სტატია, სადაც აღწერილია 15 ახალი ტექნოლოგია, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენენ ჩვენ ცხოვრებაზე. ეს სტატია ეხმიანება ჩემ გუშინდელ გზავნილს ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციები. მოვიყვან ამ სტატიის მცირე ფრაგმენტს.


Memristor

ეს არის ერთელემენტიანი სქემა უნიკალური თვისებებით. მას შეუძლია ელექტრონული მდგომარეობის შენარჩუნება გამორთვის შემდეგაც. ამ თვისებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ ის ახლო მომავალში შეცვლის flash-მეხსიერებას, რადგანაც თეორიულად memristor-ი ამ მეხსიერებაზე იაფი და გაცილებით სწრაფია.

მან შეიძლება ასევე RAM ჩიპებიც შეცვალოს. დღეს არსებულ RAM მეხსიერების ჩიპებში ინფორმაცია იშლება კომპიუტერის გამორთვისთანავე. Memristor-ი დაიმახსოვრებს ოპერატიულ მეხსიერებაში კომპიუტერის გამორთვის მომენტისათვის არსებულ ინფორმაციას და კომპიუტერის ხელმეორედ ჩართვისას, ჩვენ შეგვეძლება შეწყვეტილი სამუშაოს გაგრძელება.

ფასის ასეთი შემცირება და კომპონენტების გაერთიანება საშუალებას მისცემს მწარმოებლებს შექმნან მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა ჯიბით ტარებაც კი იქნება შესაძლებელი. თანაც ამ კომპიუტერების სიმძლავრე და სისწრაფე დღეს არსებულ კომპიუტერებზე გაცილებით დიდი იქნება.

სავარაუდოთ ამ სქემის აქტიური გამოყენება დაიწყება 2014-2016 წლებში.

32-ბირთვიანი პროცესორი

დღეისათვის 4-ბირთვიანი პროცესორები ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ მალე დაიწყება ”ბირთვების ომემის” დრო. ახლო მომავალში პროცესორების კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება არა ტაქტური სიხშირით, არამედ ბირთვების რაოდენობით. ბირთვების რაოდენობის გაზრდა მოითხოვს ჩიპების მინიატურიზაციას. მაგალითად, Intel-ი უკვე 2009 წელს აპირებს 32-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე გადასვლას (დღეს გამოიყენება 45-ნანომეტრიანი ტექნოლოგია).

Intel-ის ყურადღება ფოკუსირებულია პროცესორის ახალ არქიტექტურაზე, სახელწოდებით Nehalem, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილი იქნება Core i7 სახელით. ამ არქიტექტურის 8-ბირთვიანი პროცესორები გამოჩნდება 2009-2010 წელს.

სავარაუდოთ 16-ბირთვიანი პროცესორები გამოჩნდება 2011-2012 წლებში, ხოლო 32-ბირთვიანი - 2013-2014 წლებში. მომდევნო წლებში ეს ტენდენცია გაგრძელდება.

Nehalem-ი და სწრაფი ჩიპები დააჩქარებენ დისკრეტული გრაფიკული პლატების ერას დასრულებას.

მრავალბირთვიან პროცესორებში ბირთვების გარკვეული რაოდენობა დაეთმობა გრაფიკული ინფორმაციის დამუშავებას. ამიტომ ცალკე გრაფიკული პლატები აღარ იქნება საჭირო. ეს ბევრ პრობლემას მოხსნის და კიდევ უფრო გააიაფებს კომპიუტერებს.

USB 3.0

კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობების მუშაობის სისწრაფე ბევრწილად დამოკიდებულია კომპიუტერთან მათი კავშირის სისწრაფეზე.

სავარაუდოთ USB 3.0 სისწრაფე 10-ჯერ მეტი იქნება USB 2.0-ზე, რაც შეადგენს დაახლოებით 4,8 გიგაბიტ ინფორმაციას წამში.

ეს მოწყობილობა დაახლოებით 2010 წლისთვისაა ნავარაუდევი.

ელექტროენერგიის გადაცემა კაბელის გარეშე

Intel-ის მკვლევარებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც ელექტროენერგიის რამოდენიმე ათეულ სანტიმეტრ მანძილზე უკაბელოდ გადაცემის შესაძლებლობას იძლევა. უკვე დღეს ამ მეთოდით შესაძლებელია 60 ვატიანი ნათურას ანთება.

ეს ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს, მაგალითად, დისტანციურად დავტენოთ ნოუთბუქის ან მობილური ტელეფონის ელემენტები. მისი საყოველთაო გავრცელება ნავარაუდევია 6-8 წლის შემდეგ.

No comments: