ამონაწერები ძალიან საინტერესო სტატიიდან, სადაც საუბარია ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებზე და სწავლის მომავალზე.
”ახლო მომავალში სწრაფი ინტერნეტის და პორტატული კომპიუტერების კომბინაცია მოიტანს ‘cloud computing’-ის კონცეფციის საყოველთაო გავრცელებას. ამ კონცეფციის თანახმად, თქვენი კომპიუტერი წარმოადგენს არა აპარატურას, არამედ ინტერნეტში განთავსებულ მონაცემებისა და ფაილების კრებულს, რომლის წვდომა შესაძლებელია ნებისმიერი აპარატურული პლატფორმის, მათ შორის მობილური და პორტატული მოწყობილობების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, ადამიანს შეეძლება საკუთარი კომპიუტერული გარემოს წვდომა ნებისმიერი კომპიუტერიდან, სახლში იქნება ის, თუ სამსახურში (სწორედ ამის რეალიზებას აპირებენ Windows 7 -ში). პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემების შენახვა ასეთი კომპიუტერისათვის უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ინტერნეტ-სერვისების მიერ.
გაიზრდება სპეციალიზირებული კომპიუტერების რიცხვი, როგორიცაა დღეს iPod, ციფრული ფოტო და ვიდეო კამერები, PDA (პერსონალური ციფრული ასისტენტები), GPS (გლობალური პოზიციონირების სისტემები). თვით პერსონალური კომპიუტერების ზომები შემცირდება. დღეს არსებული სამაგიდო კომპიუტერები მალე ჩაბარდება წარსულს.
გაიზრდება ონლაინ-პროგრამების რიცხვი. ის რომ მონაცემების შენახვა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება ონლაინ იქნება შესაძლებელი შეცვლის მოთხოვნებს ოპერაციული სისტემების მიმართ. ეს განაპირობებს უფრო სტაბილური და შედარებით ”მცირე წონიანი” სპეციალიზირებული ოპერაციული სისტემების მრავალფეროვნებას. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, Vista-ას წარუმატებლობა მისმა ”სიმძიმემ” განაპირობა. განსხვავება ოპერაციულ სისტემებს შორის, რომელიც ხასიათდებოდა მწვავე ბატალიებით Windows, Linux და Mac-ს შორის, სულ უფრო შემცირდება და ეს საკითხი აღარ იქნება აქტუალური.
ინტერნეტთან დაკავშირებული მცირე ზომის პროცესორები ჩაშენებული იქნება ადამიანის ყოველდღიურ ნივთებში. ასეთი ჩიპების შესაძლებლობები ძალიან ფართე იქნება და მათი პროგნოზირება დღეს რთულია.
ახლო მომავალში განათლებაში სულ უფრო გავრცელდება მცირე ზომის კომპიუტერები, რომლებსაც ექნებათ წიგნის, რვეულის და კალმის ფუნქცია.
საკლასო ოთახებში გაჩნდება დიდი ზომის თხელი მონიტორები, რომლებთან დაკავშირება მოსწავლეებს და მასწავლებელბს შეეძლებათ საკუთარი პორტატული მოწყობილობების მეშვეობით. ასევე შემცირდება პროექტორების ზომები. უკვე ახლა გამოჩნდა მობილური ტელეფონები, რომლებსაც შეთავსებული აქვთ პროექტორის ფუნქციები.
ასეთი პორტატული და ხელმისაწვდომი მოწყობილობები სწავლას გახდიან ჭეშმარიტად პერსონალურს და მობილურს. მოსწავლეებს ექნებათ მუდმივი აუდიო და ვიდეო კავშირი ყველასთან, ვისთანაც მოინდომებენ. მულტიმედია ასოცირებული იქნება არა კომპიუტერის აპარატურასთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან, არამედ თვით პიროვნებასთან. ყველა ადამიანს ექნება საკუთარი ”პროფილი” ხელოვნების, მუსიკის და სხვა მედიის, რომელსაც ნებისმიერ მომენტში მოიხმარს.
დღეს სულ უფრო ხშირად გაისმის, რომ განათლების საფუძველს წარმოადგენენ საუბრები, დისკუსიები. საუბრების შესაძლებლობები უფრო გაიზრდება. ხელმისაწვდომი გახდება მარტივი და მოხერხებული ვიდეო-კონფერენციების ტექნოლოგიები.
დღეს დომინირებს ”საკლასო ოთახის” სწავლის მოდელი: მოსწავლეთა ჯგუფი სწავლობს ერთი და იგივე მასალას, ასრულებს ერთი და იგივე აქტივობებს. ჯგუფს ჰყავს ერთი მასწავლებელი, რომელიც ახდენს სასწავლო პროცესის მართვას. ძალიან დიდი როლი ენიჭება დროს: სწავლის დაწყება, სწავლის ხანგრძლივობა, სასწავლო გეგმა. სწავლის ეს მოდელი იმიტომ დამკვიდრდა, რომ ის ოპტიმალური იყო არსებულ პირობებში. დღეს უკვე შეიმჩნევა ამ მოდელის შეცვლის ტენდენციები, რომლებიც მომავალში უფრო გაძლიერდება. მნიშვნელოვნად გაიზრდება არაფორმალური განათლების როლი. არაფორმალურ განათლებაში საკლასო ოთახის მოდელის შეზღუდვები გაცილებით ნაკლებია. აქ შესაძლებელია საკუთარი სასწავლო გეგმის შედგენა და საკუთარ ტემპში სწავლა. ასეთი სწავლა მეტად ეფუძნება მოსწავლის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს და არა საკლასო ოთახში განსაზღვრულ ამოცანებს და ხორციელდება მოსწავლის და არა სასწავლო ორგანიზაციის მიერ შედგენილი გრაფიკით.
სწავლის მოდელის შეცვლას განაპირობებს ქსელური ურთიერთობების და სოციალური ქსელების განვითარება. ადრე განათლება ასოცირდებოდა ინდივიდუალურ ან ჯგუფურ სწავლასთან სხვადასხვა მოდიფიკაციებით. დღეს დაემატა ქსელური სწავლა, რომელიც გაცილებით მეტ თავისუფლებას ანიჭებს ინდივიდს. ქსელური სწავლა, ქსელური დისკუსიები არ არის სტრუქტურირებული, ის უფრო მეტად განისაზღვრება მონაწილეების ინტერესებითა და საჭიროებებით. აქ არ არის გამოკვეთილი ლიდერები. აქ არ არის საზღვრები, ნებისმიერს შეუძლია გამოვიდეს ერთი დისკუსიიდან და შეუერთდეს სხვას. ქსელები მუდამ ღიაა ახალი მონაწილეებისათვის.
”სწავლის პერსონალური სივრცე” წარმოადგენს მომავალი სწავლის მოსალოდნელ მოდელს. ეს სივრცე არ არის კონკრეტული ადგილი. სწავლის სივრცე განისაზღვრება იმ ადგილით, სადაც ადამიანი იმყოფება მოცემულ მომენტში: კონკრეტული პროდუქტიული ინსტრუმენტი, ვებ-გვერდი ან ონლაინ თამაში. ამ სივრცეში მისაწვდომია ინტერნეტის ყველა ის რესურსი, რომელიც სჭირდება ადამიანს და რომლებიც განისაზღვრება მისი ინტერესებით და მოთხოვნილებებით. ეს რესურსები შეიძლება იყოს გაფილტრული ინტერნეტ თემის მიერ და შექმნილი სხვადასხვა პროვაიდერების (ავტორების, მასწავლებლების, სხვა მოსწავლეების ან თვით ამ პიროვნების მიერ).
სწავლის პერსონალური სივრცე არ ეფუძნება რესურსების წვდომის პრინციპს. ის უფრო განიხილება როგორც მრავალი სერვისების წვდომის მექანიზმი. ეს სივრცე უფრო კონფერენციის, დისკუსიის ინსტრუმენტია, ვიდრე კონტენტის დაგროვების. ფოკუსი ამ სივრცეში გამახვილებულია შექმნაზე და კომუნიკაციაზე და არა მოხმარებაზე.
სწავლის პროცესს მოეხსნება ორი დიდი შეზღუდვა: დროის და ადგილის ...”
მოკლედ რომ ვთქვათ, ახლო მომავალში ჩვენ გველოდება ბევრი საინტერესო ცვლილებები და მოსაწყენად ნამდვილად არ დაგვრჩება დრო. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რამდენად აღმოვჩნდებით მზად ამ ცვლილებებისათვის.
17 November 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment