სწავლის დიფერენციაციის შესახებ
მოსწავლეების მრავალფეროვნება დიდ პრობლემებს უქმნის მასწავლებელს.
კლასში ერთად შეიძლება სწავლობდნენ მოსწავლეები, რომელთათვის ქართული არ არის მშობლიური ენა, მოსწავლეები, რომლებიც ვერ კითხულობენ ასაკის შესაბამისად, მოსწავლეები ქცევის, ყურადღებისა და მოტივაციის პრობლემებით, მოსწავლეები სხვადასხვა კულტურული დონის ოჯახებიდან, ნიჭიერი მოსწავლეები. კლასში შეიძლება აღმოჩნდნენ უნარშეზღუდული, მაგალითად, დაბალი მხედველობის მოსწავლეები.
მეორეს მხრივ არსებობს მკაცრი სტანდარტები, რომელთა მოსწავლეების მიერ მიღწევის უზრუნველყოფა სავალდებულოა მასწავლებლისათვის. არსებობს ერთგვარი წინააღმდეგობა მოსწავლეთა მრავალფეროვნებასა და ყველაზე ერთნაირ პასუხისმგებლობას შორის.
ამ წინააღმდეგობის გადასალახვად საჭიროა ძალიან მოქნილი სასწავლო გეგმის შექმნა, სადაც გამოიყენება ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ თითოეული მოსწავლე ეფექტიანად ავამუშავოთ. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებებს ტრადიციულ სწავლაში.
ისტორიულად, როცა ხსნიდნენ ინდივიდუალურ განსხვავებებს სწავლაში ეფუძნებოდნენ იმ მოსაზრებას, რომ ტვინი მთელ ზედაპირზე თითქმის ერთგვაროვანია და რომ მისი სხვადასხვა ნაწილების როლი სწავლაში ბევრად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. სწორედ ეს იდეა უდევს საფუძვლად სწავლისა და ინტელექტის ერთგანზომილებიან ხედვას, რომელიც წარმოდგენილია, მაგალითად, ინტელექტის გაზომვაში IQ ქულებით. ამის საწინააღმდეგოდ, ბოლო წლების თეორიების თანახმად, მაგალითად, ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის, მოსწავლეებს არა აქვთ სწავლის ერთი გლობალური შესაძლებლობა, არამედ სწავლის მრავალასპექტიანი შესაძლებლობები და, რომ შეზღუდულობა ან პრობლემები ერთ სფეროში შეიძლება გადაიფაროს ექსტრაორდინალური შესაძლებლობებით სხვა სფეროში.
უფრო მეტიც, ხშირად მოსწავლის შესაძლებლობის შეფასება კი არ ხდება, არამედ იმ მედიუმის, რომელიც გამოიყენება შეფასების წარმოებისას. მაგალითად, მოსწავლემ, რომელსაც აქვს პრობლემები ბეჭდვითი ტექსტის აღქმაში და გაგებაში, შეიძლება გამოიჩინოს ექსტრაორდინალური უნარი გრაფიკულ და ვიდეო გარემოში.
ამ პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშონ თანამედროვე ტექნოლოგიებმა, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ მრავალასპექტიან ინდივიდუალურ განსხვავებებს მოსწავლეებში დავუპირისპიროთ მრავალფეროვანი მედია, ინსტრუმენტები და მეთოდები. ციფრული ტექნოლოგიების მოქნილობა საშუალებას გვაძლევს მოვარგოთ ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულ მოსწავლეებს, რაც შესაძლებელს გახდის, რომ მასწავლებელმა: (1) განასხვავოს ის პრობლემები, რომლებსაც მოსწავლეებს უქმნიან სხვადასხვა მედია საშუალებები, სწავლის სხვა, უფრო ზოგადი პრობლემებისგან; (2) გამოაღვიძოს მოსწავლეების ძლიერი მხარეები და ინტერესები, რომლებიც ბლოკირებულია მხოლოდ ბეჭდვითი ტექსტის გამოყენებით.
მოსწავლეზე-ორიენტირებული სწავლის შესახებ
დამოუკიდებელი სწავლა ნიშნავს, რომ ადამიანები პასუხს აგებენ საკუთარ სწავლაზე. პერსონალური პასუხისმგებლობის ღერძი არის რწმენა, რომ სწავლა შეიძლება წარმატებული იყოს შესაბამისი ძალისხმევის შედეგად.
მოსწავლეზე-ორიენტირებულ დიზაინს სწავლაზე კონტროლი გადააქვს მოსწავლის ხელში. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გადაწყვიტოს რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და რელევანტური.
კურსების ნაცვლად დიზაინერები უნდა განიხილავდნენ სწავლას, როგორც აქტივობას დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. პედაგოგიური დიზაინერის ამოცანა არის სწორი გარემოს შექმნა მუდმივი სწავლისათვის. მოსწავლეებმა თვითონ უნდა მოიძიონ და დაეუფლონ ცოდნის საჭირო ელემენტებს.
30 November 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment