28 November 2008

საყურადღებო ტენდენციები

ამონაწერები სტატიიდან, სადაც საუბარია ტექნოლოგიების მიერ განპირობებულ ოთხ ტენდენციაზე, რომლებიც გვაძლევენ მსოფლიოსა და საკუთარი თავის შეცვლის უპრეცედენტო შესაძლებლობებს. ამ ტენდენციების რეალიზაციით შეიძლება შეიქმნას ქსელებითა და კომპიუტერებით უზრუნველყოფილი გლობალური ცნობიერება.

ეს ტენდენციები დიდ გავლენას მოახდენენ განათლებაზე, მოგვცემენ ადამიანის სწავლის ეფექტიანობის გაზრდის არნახულ შესაძლებლობებს.

ტენდენცია #1: პარალელური გამოთვლები (Parallel computing)
ჩვენ ასე ვიცით, რომ ტრადიციულად ერთი კომპიუტერი დროის მოცემულ მომენტში მუშაობს ერთ პრობლემაზე. ეს თანამიმდევრობითი გამოთვლებია (serial computing). პარალელური გამოთვლები გულისხმობს შემდეგს: კომპლექსური ამოცანა იყოფა მცირე ქვეამოცანებად, რამოდენიმე კომპიუტერს ევალება ერთდროულად ამ ნაწილების დამუშავება, ბოლოს ხდება თითოეული კომპიუტერის მუშაობის შედეგების გაერთიანება და გამოსავალი შედეგის უნიფიცირება. თეორიულად, პარალელური გამოთვლების წარმოებისათვის, შესაძლებელია მსოფლიოში არსებული ყველა კომპიუტერის გაერთიანება ერთ სისტემაში.

პარალელური გამოთვლების საშუალებით შესაძლებელია უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის დამუშავება. მაგალითად, უდიდესი ევროპული ფიზიკური ლაბორატორიის (CERN-ის) პარალელური გამოთვლების სისტემა გათვლილია წელიწადში 15 პეტაბაიტ (petabytes) ინფორმაციის დამუშავებაზე ერთი წლის განმავლობაში (1 პეტაბაიტი უდრის მილიონ გიგაბაიტს. Facebook-ში მომხმარებელთა ფოტოების მოცულობა შეადგენს 1 პეტაბაიტს).

ასეთი შესაძლებლობების მქონე სისტემები საშუალებას მისცემს მეცნიერებს განახორციელონ სხვადასხვა რთული მოვლენების მოდელირება და მოახდინონ, მაგალითად, სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება, გაერკვნენ დაავადებების გავრცელების მექანიზმებში, დაინახონ თუ როგორ რეაგირებს ადამიანის ტვინი, მაგალითად, სხვადასვა პედაგოგიურ მეთოდებზე, რაც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ ეფექტიანი პედაგოგიური სტრატეგიები და შევათავსოთ ეს სტრატეგიები თითოეული ადამიანის სწავლის სტილს.

ტენდენცია #2: Cloud computing

ტერმინით Cloud computing (”Cloud” - ”ღრუბელი”) აღნიშნავენ კონცეფციას, რომლის თანახმად პროგრამული უზრუნველყოფა განთავსდება არა ლოკალურ კომპიუტერზე, არამედ მძლავრ სერვერებზე და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტით ან რაიმე მსგავსი ქსელით. ამ კონცეფციას შეეფერება ასევე ტერმინი World Wide Computer.

ჯერ კიდევ 1993 წელს, Eric Schmidt-მა, Google-ის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, იწინასწარმეტყველა, რომ როცა ქსელების სისწრაფე გაუტოლდება მიკროპროცესორის სისწრაფეს, კომპიუტერი ფაქტიურად ”გაიჟღინთება” ქსელში ანუ ქსელი გახდება კომპიუტერი.

შეიძლება ითქვას, რომ ამ კონცეფციის თანახმად კომპიუტერული რესურსები ელექტრობის მსგავსად გავრცელდება. მაგალითად, როცა ვრთავთ მტვერსასრუტს, ჩვენ არ გვაინტერესებს, საიდან მოდის ელექტროენერგია და რა პრინციპით მუშაობს ხელსაწყო. ჩვენ უბრალოთ ვიყენებთ მას კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად.

სერვერზე არსებული პროგრამის გამოყენება ერთდროულად მილიონობით ადამიანს შეეძლება. პროგრამული უზრუნველყოფა აქ განიხილება სერვისად, რომელიც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილიდან არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ფუნქციონირებს Google-ის მილიონამდე სერვერი, რომლებიც გვთავაზობენ სხვადასხვა პროგრამულ სერვისებს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.
Cloud computing-ი პირდაპირ კავშირშია პარალელურ გამოთვლებთან და მათი განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის გამოთვლებისა და ანალიზის შესაძლებლობებს.

ტენდენცია #3: ტვინის ფუნქციონირების ასახვა

ტვინი შედგება მილიარდობით ნეირონისგან, რომლებსაც აქვთ ტრილიონობით სინაფსური კავშირები. როცა ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას, ხდება სინაფსური კავშირების აქტივაცია ელექტრული იმპულსებით. სპეციალური კომპიუტერიზებული მოწყობილობებით შესაძლებელია ამ იმპულსების ვიზუალიზაცია. ეს საშუალებას მოგვცემს გამოვიკვლიოთ ტვინის აქტივობის არეები სხვადასხვა საქმიანობის, მაგალითად, სწავლის დროს, რაც მოგვცემს ინფორმაციას, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები. ამით შესაძლებელი გახდება სწავლის ინდივიდუალიზაცია, ანუ სწავლის მეთოდების მორგება კონკრეტულ ადამიანზე.



ტენდენცია #4: გლობალური კონვეერი


1908 წელს ფორდის მიერ გამოგონებულმა კონვეერმა მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო. დღეს, გლობალური ეკონომიკის პირობებში, როცა გვაქვს სწრაფი კომუნიკაცია, სწრაფი ტრანსპორტი და კომპიუტერული ქსელების საშუალებით განხორციელებული სწრაფი მენეჯმენტი, შეიძლება ვისაუბროთ გლობალურ კონვეერზე. აღარ არის საჭირო წარმოების ერთ ადგილას, ერთ ქარხანაში განთავსება. ის შეიძლება იყოს განაწილებული სხვადასხვა წერტილებში და ისე აწარმოებდეს პროდუქციას. ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვნად გაზრდის წარმადობას, არამედ, რაც უფრო მთავარია, საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ პროდუქციის ინდივიდუალიზაცია. გლობალური კონვეერი პარალელური გამოთვლების ანალოგიური კონცეფციაა.

როგორც ვხედავთ, გლობალიზაციის პროცესები მსოფლიოში სულ უფრო გაძლიერდება. ყველა ამ პროცესების საფუძველს წარმოადგენს ტექნოლოგიების განვითარება. ასეთ სამყაროში ფუნქციონირება შეეძლებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ესმით ტექნოლოგიები. ამას კი მხოლოდ ხარისხიანი განათლება უზრუნველყოფს.

No comments: