ამონაწერები სტატიიდან ”The Secret to Raising Smart Kids”, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ”Scientific American”. სტატიაში აღწერილია მრავალთვიანი კვლევის შედეგი, რომელმაც აჩვენა, რომ სწავლის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, როცა ყურადღება მახვილდება არა ბავშვის ნიჭზე ან ინტელექტზე, არამედ მის ძალისხმევაზე, შრომაზე.
ნუ შევაფასებთ ბავშვის ნიჭს. ფოკუსირება უნდა მოხდეს ცდაზე (ძალისხმევაზე) და არა ინტელექტზე და ნიჭზე.
ინტელექტზე და ნიჭზე ყურადღების ზედმეტად გამახვილება იწვევს იმას, რომ ადამიანი მტკივნეულად აღიქვავს საკუთარ წარუმატებლობას, ეშინია პრობლემების და არა აქვს სურვილი გამოასწოროს საკუთარი ნაკლოვანებები.
როცა ბავშვი დაწყებით კლასებში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევს აკადემიურ წარმატებას ის ითვლება ძლიერად და ნიჭით დაჯილდოებულად. ასეთ ბავშვს უჩნდება შინაგანი რწმენა. რომ ინტელექტი არის ბუნებით მინიჭებული და ფიქსირებული და, რომ ბეჯითი სწავლა უფრო უმნიშნელოა, ვიდრე იყო (ან გამოიყურებოდე, რომ ხარ) ძლიერი. ეს რწმენა ასევე უნერგავს მათ აზრს, რომ სირთულეები, შეცდომები და ძალისხმევის გაწევაც კი, უქმნის საშიშროებას მათ ეგოს. ეს ქმნის იმის საშიშროებას, რომ ასეთი ბავშვები ვერ შეძლებენ საკუთარი პოტენციალის განვითარებას.
როცა ბავშვს სჯერა, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზია არასაკმარისი ძალისხმევა, მას გაუადვილდება სირთულეების დაძლევა. ჯიუტი მოსწავლეები არ ფიქრობენ საკუთარ წარუმატებლობაზე და საკუთარ შეცდომებს განიხილავენ პრობლემებად, რომლებიც მათ უნდა დაძლიონ.
მოსწავლეებში არსებობს ინტელექტის ორი ხედვა. ნაწილს მიაჩნია, რომ ინტელექტი არის ფიქსირებული და ბუნებით მინიჭებული და მისი განვითარება შეუძლებელია. შეცდომები და წარუმატებლობა დიდ დარტყმას აყენებს მათ თვითდაჯერებულობას, ვინაიდან ისინი აღიქვავენ შეცდომებს დაბალი ინტელექტის შედეგად, რომლის ამაღლება მათ არ ძალუძთ. მათ არ უყვართ და ერიდებიან სირთულეებს, ვინაიდან იზრდება შეცდომის დაშვების ალბათობა და ამით გამოჩნდება მათი დაბალი ინტელექტი. ასეთ მოსწავლეებს სჯერათ, რომ მეტი ძალისხმევის გაწევა რაიმე პრობლემის გადაწყვეტისას არის იმის დასტური, რომ მათ ნაკლები ნიჭი აქვთ. ასეთი მოსწავლეები მუდამ ცდილობენ, რომ გამოიყურებოდნენ ნიჭიერებად და მათთვის დიდი ძალისხმევის დახარჯვა სწავლაში არის იმის ნიშანი, რომ დაბალი ინტელექტი აქვთ.
დაოსტატებაზე-ორიენტირებული ბავშვები პირიქით თვლიან, რომ ინტელექტი მოქნილია და შესაძლებელია მისი განვითარება სწავლითა და დიდი შრომით. მათ სურთ სწავლა. თუ ადამიანს სჯერა, რომ შეუძლია საკუთარი ინტელექტის ამაღლება, ის აუცილებლად ეცდება ამის განხორციელებას. სირთულეები მათ მატებს ენერგიას. მათთვის წარუმატებლობა, მაგალითად ტესტებში, არის იმის ნიშანი, რომ მეტი უნდა იმუშაონ და მოშინჯონ სწავლის სხვა სტრატეგიები. ასეთი მოსწავლეების ყურადღება მიმართულია სწავლის სტრატეგიებზე და ძალისხმევაზე.
(ჩემი აზრით ზემოთ მოყვანილი მოსაზრებები გარკვეულწილად ასაბუთებენ იმას, რომ სწავლაში უფრო მნიშვნელოვანია პროცესი, ვიდრე შედეგის გაზომვა. მიზანი უნდა იყოს არა მაღალი ნიშნების მიღება ან ტესტების ჩაბარება, არამედ სწავლის პროცესში ჩართულობა. რაც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავ სწავლისას, მით მეტად ვითარდება შენი ინტელექტი და საბოლოო შედეგი იქნება აუცილებლად მაღალი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სწავლის პროცესი იყოს რელევანტური იმ მოთხოვნებისა, რომლებიც აქვს თვით მოსწავლეს და ასევე საზოგადოებას - ჯ.გ.)
09 November 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment