20 November 2008

გამოვიყენოთ მთლიანი ტვინი

ბოლო წლებში შექმნილია გაცილებით ზუსტი წარმოდგენები ტვინის მუშაობასთან დაკავშირებით, ვიდრე გასული ასი წლის მანძილზე.

აღმოჩნდა, რომ ტვინის სტრუქტურა არ არის მყარი და წინასწარ განსაზღვრული. სწავლა და პრაქტიკა ახდენს ტვინში პერმანენტულ ფიზიკურ ცვლილებებს, მათ შორის კავშირების რიცხვის გაზრდას ნეირონებს შორის და სისხლძარღვების გამრავლებას და აძლიერებს იმ არეების უჯრედებს, რომლებიც ჩართულია სწავლის პროცესში.

აქედან შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა კულტურაში იზრდებიან არა უბრალოდ სხვადასხვა რამეზე ფიქრობენ, არამედ განსხვავებულად აზროვნებენ. გარემო და კულტურა, რომელშიც ადამიანი იზრდება განაპირობებს მისი აზროვნების პროცესებს.

ტვინი მუდმივად ახდენს საკუთარი თავის რეორგანიზებას ადამიანის ცხოვრების მანძილზე, გარე პირობებიდან, ადამიანის პრაქტიკიდან გამომდინარე.

შესაძლებელია მეხსიერების მოცულობის და დამუშავების შესაძლებლობების შეცვლა, ანუ ინტელექტი არ არის ფიქსირებული.

ტვინის რეორგანიზება არ ხდება შემთხვევით, მარტივად და თვითნებურად. ცვლილებები ტვინში ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად მიიღწევა. ტვინები, რომლებმაც განიცადეს განსხვავებული განვითარების გამოცდილება მოქმედებენ განსხვავებულად. განსხვავებული კულტურის გავლენის შედეგია განსხვავებული აზროვნება.

აქედან გამომდინარე, მოსწავლეების დაყოფა ფართე კატეგორიებად, როგორიცაა სწრაფი და არასწრაფი აზროვნების, უნარიანი და უუნარო, ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი, არის რეალობის ძალიან გამარტივება. ტვინში სწავლის ქსელების მოდულური ორგანიზება და უაღრესად სპეციალიზირებული ქვეპროცესები ამ ქსელებს შიგნით ცხადყოფენ, რომ თითოეულ მოსწავლეს გააჩნია უნიკალური ასორტიმენტი სიძლიერებებისა, სისუსტეებისა და მიდრეკილებებისა.

დენიალ პინკი თავის წიგნში "A Whole New Mind" ამბობს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც დომინირებს მარცხენა ტვინი, საზოგადოებაში, სადაც ჭარბობს წრფივი, ლოგიკური, მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ, დასაწყისიდან დასასრულამდე, მცირე პროციებად დაყოფილი ცოდნა და ანალიტიკური აზროვნება. იგივე დამოკიდებულება პრევალირებს სკოლებში.

ტვინის მარჯვენა ნაწილის როლი, რომელიც მართავს პატერნების ანალიზს, შემოქმედებას, თანაგრძნობას, კონცეპტუალურ აზროვნებას, ინტუიციას, კავშირში არ მყოფი იდეების დაკავშირების და რაიმე ახლის შექმნის უნარს, ნაკლებად გამოიყენება.

მაგრამ ის, რის გაკეთებაც მარცხენა ტვინით შეგვიძლია, შეიძლება იქნეს ავტომატიზირებული, გადაცემული კომპიუტერისათვის. ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმ უნარებს, რომლებსაც მარჯვენა ტვინი მართავს და ადამიანმა უნდა ისწავლოს მთელი ტვინის თანაბრად გამოყენება.

19 November 2008

ფოტოების არქივი Google-ისგან

Google-ის კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა: Google LIFE photo archive. მათ ინტერნეტში განათავსეს ფოტოარქივი, რომელიც შეიცავს 10 მილიონამდე ფოტოს, სადაც წარმოდგენილია ჩვენი პლანეტის ცხოვრება 1750 წლიდან დღემდე.
ამ ფოტოარქივში ძებნა შესაძლებელია ასევე Google image საძიებო სტრიქონიდან. ამისათვის საკვანძო სიტყვას უნდა მივუწეროთ ოპერატორი: "source:life".
ამ არქივს აქვს დიდი საგანმანათლებლო პოტენციალი და მდიდარი რესურსია სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისათვის.

18 November 2008

საინტერესო საიტები - 18 ნოემბერი

Literacy with ICT
საიტების კრებული სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისათვის. საიტები კლასიფიცირებულია საგნების და კლასების მიხედვით.

Phun - 2D physics sandbox
მოდელირების ძალიან საინტერესო გარემო. გარემოში შესაძლებელია სხვადასხვა ფიზიკური მოდელების შექმნა და მათი მოქმედების დაკვირვება. აქ ხდება მეცნიერების და ხელოვნების შერწყმა. სასარგებლო ინსტრუმენტია ყველა ასაკის მოსწავლეებისათვის.

ამ ვიდეოკლიპში წარმოდგენილია Phun-ის შესაძლებლობები:



Play Songs by Ear
ონლაინ მუსიკალური პროგრამა, რომელიც გვასწავლის მარტივი მელოდიების დაკვრას.

17 November 2008

ტექნოლოგიების და სწავლის მომავალი

ამონაწერები ძალიან საინტერესო სტატიიდან, სადაც საუბარია ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებზე და სწავლის მომავალზე.

”ახლო მომავალში სწრაფი ინტერნეტის და პორტატული კომპიუტერების კომბინაცია მოიტანს ‘cloud computing’-ის კონცეფციის საყოველთაო გავრცელებას. ამ კონცეფციის თანახმად, თქვენი კომპიუტერი წარმოადგენს არა აპარატურას, არამედ ინტერნეტში განთავსებულ მონაცემებისა და ფაილების კრებულს, რომლის წვდომა შესაძლებელია ნებისმიერი აპარატურული პლატფორმის, მათ შორის მობილური და პორტატული მოწყობილობების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, ადამიანს შეეძლება საკუთარი კომპიუტერული გარემოს წვდომა ნებისმიერი კომპიუტერიდან, სახლში იქნება ის, თუ სამსახურში (სწორედ ამის რეალიზებას აპირებენ Windows 7 -ში). პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემების შენახვა ასეთი კომპიუტერისათვის უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ინტერნეტ-სერვისების მიერ.

გაიზრდება სპეციალიზირებული კომპიუტერების რიცხვი, როგორიცაა დღეს iPod, ციფრული ფოტო და ვიდეო კამერები, PDA (პერსონალური ციფრული ასისტენტები), GPS (გლობალური პოზიციონირების სისტემები). თვით პერსონალური კომპიუტერების ზომები შემცირდება. დღეს არსებული სამაგიდო კომპიუტერები მალე ჩაბარდება წარსულს.

გაიზრდება ონლაინ-პროგრამების რიცხვი. ის რომ მონაცემების შენახვა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება ონლაინ იქნება შესაძლებელი შეცვლის მოთხოვნებს ოპერაციული სისტემების მიმართ. ეს განაპირობებს უფრო სტაბილური და შედარებით ”მცირე წონიანი” სპეციალიზირებული ოპერაციული სისტემების მრავალფეროვნებას. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, Vista-ას წარუმატებლობა მისმა ”სიმძიმემ” განაპირობა. განსხვავება ოპერაციულ სისტემებს შორის, რომელიც ხასიათდებოდა მწვავე ბატალიებით Windows, Linux და Mac-ს შორის, სულ უფრო შემცირდება და ეს საკითხი აღარ იქნება აქტუალური.

ინტერნეტთან დაკავშირებული მცირე ზომის პროცესორები ჩაშენებული იქნება ადამიანის ყოველდღიურ ნივთებში. ასეთი ჩიპების შესაძლებლობები ძალიან ფართე იქნება და მათი პროგნოზირება დღეს რთულია.

ახლო მომავალში განათლებაში სულ უფრო გავრცელდება მცირე ზომის კომპიუტერები, რომლებსაც ექნებათ წიგნის, რვეულის და კალმის ფუნქცია.

საკლასო ოთახებში გაჩნდება დიდი ზომის თხელი მონიტორები, რომლებთან დაკავშირება მოსწავლეებს და მასწავლებელბს შეეძლებათ საკუთარი პორტატული მოწყობილობების მეშვეობით. ასევე შემცირდება პროექტორების ზომები. უკვე ახლა გამოჩნდა მობილური ტელეფონები, რომლებსაც შეთავსებული აქვთ პროექტორის ფუნქციები.

ასეთი პორტატული და ხელმისაწვდომი მოწყობილობები სწავლას გახდიან ჭეშმარიტად პერსონალურს და მობილურს. მოსწავლეებს ექნებათ მუდმივი აუდიო და ვიდეო კავშირი ყველასთან, ვისთანაც მოინდომებენ. მულტიმედია ასოცირებული იქნება არა კომპიუტერის აპარატურასთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან, არამედ თვით პიროვნებასთან. ყველა ადამიანს ექნება საკუთარი ”პროფილი” ხელოვნების, მუსიკის და სხვა მედიის, რომელსაც ნებისმიერ მომენტში მოიხმარს.

დღეს სულ უფრო ხშირად გაისმის, რომ განათლების საფუძველს წარმოადგენენ საუბრები, დისკუსიები. საუბრების შესაძლებლობები უფრო გაიზრდება. ხელმისაწვდომი გახდება მარტივი და მოხერხებული ვიდეო-კონფერენციების ტექნოლოგიები.

დღეს დომინირებს ”საკლასო ოთახის” სწავლის მოდელი: მოსწავლეთა ჯგუფი სწავლობს ერთი და იგივე მასალას, ასრულებს ერთი და იგივე აქტივობებს. ჯგუფს ჰყავს ერთი მასწავლებელი, რომელიც ახდენს სასწავლო პროცესის მართვას. ძალიან დიდი როლი ენიჭება დროს: სწავლის დაწყება, სწავლის ხანგრძლივობა, სასწავლო გეგმა. სწავლის ეს მოდელი იმიტომ დამკვიდრდა, რომ ის ოპტიმალური იყო არსებულ პირობებში. დღეს უკვე შეიმჩნევა ამ მოდელის შეცვლის ტენდენციები, რომლებიც მომავალში უფრო გაძლიერდება. მნიშვნელოვნად გაიზრდება არაფორმალური განათლების როლი. არაფორმალურ განათლებაში საკლასო ოთახის მოდელის შეზღუდვები გაცილებით ნაკლებია. აქ შესაძლებელია საკუთარი სასწავლო გეგმის შედგენა და საკუთარ ტემპში სწავლა. ასეთი სწავლა მეტად ეფუძნება მოსწავლის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს და არა საკლასო ოთახში განსაზღვრულ ამოცანებს და ხორციელდება მოსწავლის და არა სასწავლო ორგანიზაციის მიერ შედგენილი გრაფიკით.

სწავლის მოდელის შეცვლას განაპირობებს ქსელური ურთიერთობების და სოციალური ქსელების განვითარება. ადრე განათლება ასოცირდებოდა ინდივიდუალურ ან ჯგუფურ სწავლასთან სხვადასხვა მოდიფიკაციებით. დღეს დაემატა ქსელური სწავლა, რომელიც გაცილებით მეტ თავისუფლებას ანიჭებს ინდივიდს. ქსელური სწავლა, ქსელური დისკუსიები არ არის სტრუქტურირებული, ის უფრო მეტად განისაზღვრება მონაწილეების ინტერესებითა და საჭიროებებით. აქ არ არის გამოკვეთილი ლიდერები. აქ არ არის საზღვრები, ნებისმიერს შეუძლია გამოვიდეს ერთი დისკუსიიდან და შეუერთდეს სხვას. ქსელები მუდამ ღიაა ახალი მონაწილეებისათვის.

”სწავლის პერსონალური სივრცე” წარმოადგენს მომავალი სწავლის მოსალოდნელ მოდელს. ეს სივრცე არ არის კონკრეტული ადგილი. სწავლის სივრცე განისაზღვრება იმ ადგილით, სადაც ადამიანი იმყოფება მოცემულ მომენტში: კონკრეტული პროდუქტიული ინსტრუმენტი, ვებ-გვერდი ან ონლაინ თამაში. ამ სივრცეში მისაწვდომია ინტერნეტის ყველა ის რესურსი, რომელიც სჭირდება ადამიანს და რომლებიც განისაზღვრება მისი ინტერესებით და მოთხოვნილებებით. ეს რესურსები შეიძლება იყოს გაფილტრული ინტერნეტ თემის მიერ და შექმნილი სხვადასხვა პროვაიდერების (ავტორების, მასწავლებლების, სხვა მოსწავლეების ან თვით ამ პიროვნების მიერ).

სწავლის პერსონალური სივრცე არ ეფუძნება რესურსების წვდომის პრინციპს. ის უფრო განიხილება როგორც მრავალი სერვისების წვდომის მექანიზმი. ეს სივრცე უფრო კონფერენციის, დისკუსიის ინსტრუმენტია, ვიდრე კონტენტის დაგროვების. ფოკუსი ამ სივრცეში გამახვილებულია შექმნაზე და კომუნიკაციაზე და არა მოხმარებაზე.

სწავლის პროცესს მოეხსნება ორი დიდი შეზღუდვა: დროის და ადგილის ...”

მოკლედ რომ ვთქვათ, ახლო მომავალში ჩვენ გველოდება ბევრი საინტერესო ცვლილებები და მოსაწყენად ნამდვილად არ დაგვრჩება დრო. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რამდენად აღმოვჩნდებით მზად ამ ცვლილებებისათვის.

სწრაფი ჩანაწერები - 17 ნოემბერი

21 საუკუნის მოსწავლე მუდმივად უნდა ეძებდეს პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
  • როგორ შევაფასო ინფორმაციის ჭეშმარიტობა?
  • როგორ ვისწავლო ეფექტიანი კომუნიკაცია?
  • რას ნიშნავს იყო გლობალური მოქალაქე?
  • როგორ ვისწავლო უფრო უკეთესად?
  • როგორ ვიყო უკეთ დაცული?
ამ კითხვებით იწყება აზროვნება, ინფორმაციის ანალიზი და კრიტიკული შეფასება, კომუნიკაცია. მოსწავლე უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე და მას უნდა შეეძლოს კომპეტენტური დაკვირვება საკუთარი სწავლის პროცესზე. სკოლის უმთავრესი ამოცანაა ამ კომპეტენტურობის უზრუნველყოფა. ამისათვის სკოლა უნდა გახდეს მოსწავლე ორგანიზაცია, სადაც სწავლის კულტია გამეფებული. ასეთ სკოლაში თითოეული მასწავლებელიც უნდა იყოს მოსწავლე, რომელიც მუდმივად სწავლობს. თუ ეს არ იქნა გაგებული და რეალიზებული, შეუძლებელია განათლების რეფორმის წარმატებაზე საუბარი.


მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა გულისხმობს, რომ ყურადღება ფოკუსირებულია მოსწავლეზე და არა მასწავლებელზე და მის მიერ მასალის პრეზენტაციის მეთოდებზე. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე, რა შესაძლებლობები ეძლევა საკუთარი თავის და საკუთარი ცოდნის წარმოსაჩენად, როგორ ადგენს მასწავლებელი იმას, თუ რას სწავლობს მოსწავლე, რა არის მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეები.


ტექნოლოგიების გამოყენება სწავლაში არის ძალიან კომპლექსური ამოცანა. ამ ამოცანის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც აქვთ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენების წინასწარი გამოცდილება. ასეთი გამოცდილება მოსწავლეებმა უნდა მიიღონ ინფორმატიკის (ისტ-ს) გაკვეთილებზე (მიზანშეწონილია ეს მოხდეს სულ გვიან 5-8 კლასებში), ხოლო მასწავლებლებმა ჯერ თვითონ უნდა დაიწყონ ტექნოლოგიების გამოყენება საკუთარ სწავლაში და საქმიანობაში. ამის გარეშე ჩვენში გავრცელებული ”ინტეგრირებული გაკვეთილების” იდეა ვერ იქნება დანერგილი და მხოლოდ ფიქციად დარჩება.

ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტექნოლოგიის ინტეგრაცია არის ინოვაციური მიმართულება განათლებაში, განათლება კი - ძალიან კონსერვატული სფეროა. ამიტომ სირთულეები ამ საქმეში ძალიან ბევრი იქნება. მაგალითად, ძალიან ხშირად ისმევა კითხვა: ”რატომ არის საჭირო ეს ახალი ტექნოლოგიები, მიდგომები, მეთოდები?”. ამ კითხვის დასმის მოტივაცია სხვადასხვაა. ზოგი სვავს ამ კითხვას იმიტომ, რომ აქვს შიში იმისა რაც არ იცის და არ ესმის. ზოგი იმიტომ სვავს ამ კითხვას, რომ არ სურს რაიმე ახლის სწავლა. ზოგს მართლაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიების პედაგოგიური ფასეულობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ წარუმატებელი ცდები ინოვაციური საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. წარუმატებლობა უნდა გახდეს შეცდომების ანალიზის მასტიმულირებელი. საჭიროა მიდგომების მრავალფეროვნება, ღიაობა, დისკუსია, იდეების და გამოცდილების გაცვლა. სწორედ ამის უზრუნველყოფა შეუძლია Web 2.0 ტექნოლოგიებს.

16 November 2008

ახალი წიგნიერება

Tim O'Reilly-ის ხედვა თანამედროვე წიგნიერების:

(2005 წელს სწორედ Tim O'Reilly-იმ პირველმა წარმოადგინა Web 2.0 ტექნოლოგიების თავისებურებების განმარტება)

  • პატერნების ამოცნობა არის მთავარი
  • ღია კოდი, სერვისები და არა პროგრამული პაკეტები, მონაცემების აგრეგატორები და არა პროგრამები. ქსელური ეფექტები არის გადამწყვეტი.
  • მიეცით ადამიანებს შესაძლებლობა გაგიზიარონ იდეები
  • Web 2.0 სერვისების არსი: ისინი აძლიერებენ ქსელურ ეფექტებს. მთავარია მონაცემები. მონაცემები არის ახალი თაობის Intel Inside
  • რა უნდა ვასწავლოთ ადამიანებს. არა ინსტრუმენტები, არამედ როგორ გამოიყენონ ისინი. როგორ მიაღწიონ მონაცემების მოგროვებას. ინფორმაციული ერას მთავარი კომპეტენცია - კოლექტიური ინტელექტის ამოქმედება
  • სტატისტიკა, დიზაინი - ახალი წიგნიერების მნიშვნელოვანი ნაწილებია
  • რჩევა - ასწავლეთ იმ ადამიანებს, ვისაც არ სჭირდებათ თქვენი დახმარება. მოძებნეთ ის ადამიანები, რომლებიც მოწინავე პოზიციებზეა და მათ ასწავლეთ
  • აჩვენეთ, შემდეგ გააკეთებინეთ. გააძლიერეთ ხშირად გამეორებადი წარმატებებით. უზრუნველყავით ადამიანების დაინტერესება ამ პროცესით
  • ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკა (hands-on)
  • შექმენით ერთმანეთის სწავლების შესაძლებლობები
  • გააცანით წარმატებული ისტორიები
  • შეწყვიტეთ ჩაქუჩის მოფერება, ყურადღება გაამახვილეთ სახლზე. მთავარი არა ტექნოლოგიებია, არამედ ის, რის გაკეთება გვსურს.

15 November 2008

Search Cube - ვიზუალური ძებნა

Search Cube არის საძიებო სისტემა, რომელიც მოძებნილი საიტების ვებ-გვერდების გამოსახულებებს ათავსებს სამგანზომილებიანი კუბის ზედაპირზე. მომხმარებელს შეუძლია კუბის ბრუნვა და მისი მთელი ზედაპირის დათვალიერება.