30 November 2008

სწრაფი ჩანაწერები - 30 ნოემბერი

სწავლის დიფერენციაციის შესახებ

მოსწავლეების მრავალფეროვნება დიდ პრობლემებს უქმნის მასწავლებელს.
კლასში ერთად შეიძლება სწავლობდნენ მოსწავლეები, რომელთათვის ქართული არ არის მშობლიური ენა, მოსწავლეები, რომლებიც ვერ კითხულობენ ასაკის შესაბამისად, მოსწავლეები ქცევის, ყურადღებისა და მოტივაციის პრობლემებით, მოსწავლეები სხვადასხვა კულტურული დონის ოჯახებიდან, ნიჭიერი მოსწავლეები. კლასში შეიძლება აღმოჩნდნენ უნარშეზღუდული, მაგალითად, დაბალი მხედველობის მოსწავლეები.

მეორეს მხრივ არსებობს მკაცრი სტანდარტები, რომელთა მოსწავლეების მიერ მიღწევის უზრუნველყოფა სავალდებულოა მასწავლებლისათვის. არსებობს ერთგვარი წინააღმდეგობა მოსწავლეთა მრავალფეროვნებასა და ყველაზე ერთნაირ პასუხისმგებლობას შორის.

ამ წინააღმდეგობის გადასალახვად საჭიროა ძალიან მოქნილი სასწავლო გეგმის შექმნა, სადაც გამოიყენება ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ თითოეული მოსწავლე ეფექტიანად ავამუშავოთ. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებებს ტრადიციულ სწავლაში.

ისტორიულად, როცა ხსნიდნენ ინდივიდუალურ განსხვავებებს სწავლაში ეფუძნებოდნენ იმ მოსაზრებას, რომ ტვინი მთელ ზედაპირზე თითქმის ერთგვაროვანია და რომ მისი სხვადასხვა ნაწილების როლი სწავლაში ბევრად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. სწორედ ეს იდეა უდევს საფუძვლად სწავლისა და ინტელექტის ერთგანზომილებიან ხედვას, რომელიც წარმოდგენილია, მაგალითად, ინტელექტის გაზომვაში IQ ქულებით. ამის საწინააღმდეგოდ, ბოლო წლების თეორიების თანახმად, მაგალითად, ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის, მოსწავლეებს არა აქვთ სწავლის ერთი გლობალური შესაძლებლობა, არამედ სწავლის მრავალასპექტიანი შესაძლებლობები და, რომ შეზღუდულობა ან პრობლემები ერთ სფეროში შეიძლება გადაიფაროს ექსტრაორდინალური შესაძლებლობებით სხვა სფეროში.

უფრო მეტიც, ხშირად მოსწავლის შესაძლებლობის შეფასება კი არ ხდება, არამედ იმ მედიუმის, რომელიც გამოიყენება შეფასების წარმოებისას. მაგალითად, მოსწავლემ, რომელსაც აქვს პრობლემები ბეჭდვითი ტექსტის აღქმაში და გაგებაში, შეიძლება გამოიჩინოს ექსტრაორდინალური უნარი გრაფიკულ და ვიდეო გარემოში.

ამ პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშონ თანამედროვე ტექნოლოგიებმა, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ მრავალასპექტიან ინდივიდუალურ განსხვავებებს მოსწავლეებში დავუპირისპიროთ მრავალფეროვანი მედია, ინსტრუმენტები და მეთოდები. ციფრული ტექნოლოგიების მოქნილობა საშუალებას გვაძლევს მოვარგოთ ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულ მოსწავლეებს, რაც შესაძლებელს გახდის, რომ მასწავლებელმა: (1) განასხვავოს ის პრობლემები, რომლებსაც მოსწავლეებს უქმნიან სხვადასხვა მედია საშუალებები, სწავლის სხვა, უფრო ზოგადი პრობლემებისგან; (2) გამოაღვიძოს მოსწავლეების ძლიერი მხარეები და ინტერესები, რომლებიც ბლოკირებულია მხოლოდ ბეჭდვითი ტექსტის გამოყენებით.

მოსწავლეზე-ორიენტირებული სწავლის შესახებ

დამოუკიდებელი სწავლა ნიშნავს, რომ ადამიანები პასუხს აგებენ საკუთარ სწავლაზე. პერსონალური პასუხისმგებლობის ღერძი არის რწმენა, რომ სწავლა შეიძლება წარმატებული იყოს შესაბამისი ძალისხმევის შედეგად.

მოსწავლეზე-ორიენტირებულ დიზაინს სწავლაზე კონტროლი გადააქვს მოსწავლის ხელში. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გადაწყვიტოს რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და რელევანტური.

კურსების ნაცვლად დიზაინერები უნდა განიხილავდნენ სწავლას, როგორც აქტივობას დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. პედაგოგიური დიზაინერის ამოცანა არის სწორი გარემოს შექმნა მუდმივი სწავლისათვის. მოსწავლეებმა თვითონ უნდა მოიძიონ და დაეუფლონ ცოდნის საჭირო ელემენტებს.

28 November 2008

საყურადღებო ტენდენციები

ამონაწერები სტატიიდან, სადაც საუბარია ტექნოლოგიების მიერ განპირობებულ ოთხ ტენდენციაზე, რომლებიც გვაძლევენ მსოფლიოსა და საკუთარი თავის შეცვლის უპრეცედენტო შესაძლებლობებს. ამ ტენდენციების რეალიზაციით შეიძლება შეიქმნას ქსელებითა და კომპიუტერებით უზრუნველყოფილი გლობალური ცნობიერება.

ეს ტენდენციები დიდ გავლენას მოახდენენ განათლებაზე, მოგვცემენ ადამიანის სწავლის ეფექტიანობის გაზრდის არნახულ შესაძლებლობებს.

ტენდენცია #1: პარალელური გამოთვლები (Parallel computing)
ჩვენ ასე ვიცით, რომ ტრადიციულად ერთი კომპიუტერი დროის მოცემულ მომენტში მუშაობს ერთ პრობლემაზე. ეს თანამიმდევრობითი გამოთვლებია (serial computing). პარალელური გამოთვლები გულისხმობს შემდეგს: კომპლექსური ამოცანა იყოფა მცირე ქვეამოცანებად, რამოდენიმე კომპიუტერს ევალება ერთდროულად ამ ნაწილების დამუშავება, ბოლოს ხდება თითოეული კომპიუტერის მუშაობის შედეგების გაერთიანება და გამოსავალი შედეგის უნიფიცირება. თეორიულად, პარალელური გამოთვლების წარმოებისათვის, შესაძლებელია მსოფლიოში არსებული ყველა კომპიუტერის გაერთიანება ერთ სისტემაში.

პარალელური გამოთვლების საშუალებით შესაძლებელია უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის დამუშავება. მაგალითად, უდიდესი ევროპული ფიზიკური ლაბორატორიის (CERN-ის) პარალელური გამოთვლების სისტემა გათვლილია წელიწადში 15 პეტაბაიტ (petabytes) ინფორმაციის დამუშავებაზე ერთი წლის განმავლობაში (1 პეტაბაიტი უდრის მილიონ გიგაბაიტს. Facebook-ში მომხმარებელთა ფოტოების მოცულობა შეადგენს 1 პეტაბაიტს).

ასეთი შესაძლებლობების მქონე სისტემები საშუალებას მისცემს მეცნიერებს განახორციელონ სხვადასხვა რთული მოვლენების მოდელირება და მოახდინონ, მაგალითად, სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება, გაერკვნენ დაავადებების გავრცელების მექანიზმებში, დაინახონ თუ როგორ რეაგირებს ადამიანის ტვინი, მაგალითად, სხვადასვა პედაგოგიურ მეთოდებზე, რაც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ ეფექტიანი პედაგოგიური სტრატეგიები და შევათავსოთ ეს სტრატეგიები თითოეული ადამიანის სწავლის სტილს.

ტენდენცია #2: Cloud computing

ტერმინით Cloud computing (”Cloud” - ”ღრუბელი”) აღნიშნავენ კონცეფციას, რომლის თანახმად პროგრამული უზრუნველყოფა განთავსდება არა ლოკალურ კომპიუტერზე, არამედ მძლავრ სერვერებზე და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტით ან რაიმე მსგავსი ქსელით. ამ კონცეფციას შეეფერება ასევე ტერმინი World Wide Computer.

ჯერ კიდევ 1993 წელს, Eric Schmidt-მა, Google-ის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, იწინასწარმეტყველა, რომ როცა ქსელების სისწრაფე გაუტოლდება მიკროპროცესორის სისწრაფეს, კომპიუტერი ფაქტიურად ”გაიჟღინთება” ქსელში ანუ ქსელი გახდება კომპიუტერი.

შეიძლება ითქვას, რომ ამ კონცეფციის თანახმად კომპიუტერული რესურსები ელექტრობის მსგავსად გავრცელდება. მაგალითად, როცა ვრთავთ მტვერსასრუტს, ჩვენ არ გვაინტერესებს, საიდან მოდის ელექტროენერგია და რა პრინციპით მუშაობს ხელსაწყო. ჩვენ უბრალოთ ვიყენებთ მას კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად.

სერვერზე არსებული პროგრამის გამოყენება ერთდროულად მილიონობით ადამიანს შეეძლება. პროგრამული უზრუნველყოფა აქ განიხილება სერვისად, რომელიც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილიდან არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ფუნქციონირებს Google-ის მილიონამდე სერვერი, რომლებიც გვთავაზობენ სხვადასხვა პროგრამულ სერვისებს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.
Cloud computing-ი პირდაპირ კავშირშია პარალელურ გამოთვლებთან და მათი განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის გამოთვლებისა და ანალიზის შესაძლებლობებს.

ტენდენცია #3: ტვინის ფუნქციონირების ასახვა

ტვინი შედგება მილიარდობით ნეირონისგან, რომლებსაც აქვთ ტრილიონობით სინაფსური კავშირები. როცა ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას, ხდება სინაფსური კავშირების აქტივაცია ელექტრული იმპულსებით. სპეციალური კომპიუტერიზებული მოწყობილობებით შესაძლებელია ამ იმპულსების ვიზუალიზაცია. ეს საშუალებას მოგვცემს გამოვიკვლიოთ ტვინის აქტივობის არეები სხვადასხვა საქმიანობის, მაგალითად, სწავლის დროს, რაც მოგვცემს ინფორმაციას, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები. ამით შესაძლებელი გახდება სწავლის ინდივიდუალიზაცია, ანუ სწავლის მეთოდების მორგება კონკრეტულ ადამიანზე.



ტენდენცია #4: გლობალური კონვეერი


1908 წელს ფორდის მიერ გამოგონებულმა კონვეერმა მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო. დღეს, გლობალური ეკონომიკის პირობებში, როცა გვაქვს სწრაფი კომუნიკაცია, სწრაფი ტრანსპორტი და კომპიუტერული ქსელების საშუალებით განხორციელებული სწრაფი მენეჯმენტი, შეიძლება ვისაუბროთ გლობალურ კონვეერზე. აღარ არის საჭირო წარმოების ერთ ადგილას, ერთ ქარხანაში განთავსება. ის შეიძლება იყოს განაწილებული სხვადასხვა წერტილებში და ისე აწარმოებდეს პროდუქციას. ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვნად გაზრდის წარმადობას, არამედ, რაც უფრო მთავარია, საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ პროდუქციის ინდივიდუალიზაცია. გლობალური კონვეერი პარალელური გამოთვლების ანალოგიური კონცეფციაა.

როგორც ვხედავთ, გლობალიზაციის პროცესები მსოფლიოში სულ უფრო გაძლიერდება. ყველა ამ პროცესების საფუძველს წარმოადგენს ტექნოლოგიების განვითარება. ასეთ სამყაროში ფუნქციონირება შეეძლებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ესმით ტექნოლოგიები. ამას კი მხოლოდ ხარისხიანი განათლება უზრუნველყოფს.

25 November 2008

მასწავლებლის ცოდნის დიზაინი

ქვემოთ წარმოდგენილი დიაგრამა (Technological Pedagogical Content Knowledge (TPCK)) ძალიან თვალსაჩინოდ ასახავს მასწავლებლის ცოდნას, რომელიც საჭიროა ტექნოლოგიის ინტერგრაციისათვის.


დიაგრამის საფუძველს წარმოადგენს ცოდნის სამი ძირითადი ფორმა: Content Knowledge (C) - საგნის ცოდნა, Pedagogical Knowledge (P) - პედაგოგიური ცოდნა და Technological Knowledge (T) - ტექნოლოგიური ცოდნა. როგორც წესი, სხვადასხვა ტრენინგების დროს ცოდნის ეს ფორმები განიხილება იზოლირებულად, რაც ბადებს უამრავ სირთულეებს ტექნოლოგიის ინტეგრაციის თვალსაზრისით.

თუ განვიხილავთ ამ ფორმების ურთიერთკვეთას, ცოდნის კიდევ ძალიან მნიშვნელოვან ფორმებს მივიღებთ:

Pedagogical Content Knowledge (PCK) - საგნის პედაგოგიური ცოდნა ანუ ისეთი პედაგოგიური მეთოდებისა და სტრატეგიების ცოდნა, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული საგნის სწავლებისას;

Technological Content Knowledge (TCK) - საგნის ტექნოლოგიური ცოდნა ანუ იმის ცოდნა, თუ რამდენად შესაძლებელია ტექნოლოგიების გამოყენება კონკრეტული საგნის სწავლებისას;

Technological Pedagogical Knowledge (TPK) - ტექნოლოგიური პედაგოგიური ცოდნა ანუ იმის ცოდნა, თუ როგორ აძლიერებს ტექნოლოგია კონკრეტულ პედაგოგიურ მეთოდებსა და სტრატეგიებს.

დიაგრამის ცენტრში, სამივე წრეს გადაკვეთაზე, ვიღებთ ცოდნის ყველაზე მნიშვნელოვან ფორმას: Technological Pedagogical Content Knowledge (TPCK) - საგნის ტექნოლოგიური და პედაგოგიური ცოდნა. ეს არის კომპლექსური ცოდნა, რომელიც საწინდარია ტექნოლოგიების წარმატებული ინტეგრაციისა კონკრეტული საგნის სწავლაში.

ბრძოლას მუდამ აქვს აზრი





საინტერესო საიტები - 25 ნოემბერი

TimeSearch









სპეციალიზირებული საძიებო სისტემა. უნდა განვსაზღვროთ გეოგრაფიული არეალი, თემა და დროის პერიოდი და მივიღებთ დათარიღებულ ისტორიულ ინფორმაციას.

Keyboardr
ახალი საძიებო სისტემა. ძებნას ახორციელებს ერთდროულად Google-ში, Google Images-ში, Wikipedia-ში და YouTube-ში. ძებნის კომბინირებული შედეგი აისახება ერთ გვერდზე.

GetBodySmart
ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია. ძალიან საინტერესო, თვალსაჩინო ინტერაქტიული ონლაინ პროგრამა, რომლის გამოყენება შეუძლიათ ბიოლოგიის მასწავლებლებს.

24 November 2008

21 საუკუნის სწავლა

21 საუკუნის სწავლა უნდა განიხილებოდეს სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის კონტექსტში:

გლობალიზაცია (Globalization) - რომელიც ხასიათდება გლობალური ურთიერთდამოკიდებულებით და კონკურენციით;

ტექნოლოგიური ინოვაციები (Technology Innovations) - რომლებიც გვაძლევენ რესურსების წვდომის და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნის არნახულ შესაძლებლობებს;

თანამედროვე მეცნიერული კვლევები, რომლებიც ხსნიან, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები.

20 November 2008

ცოდნის ტრანსფორმაცია

სწავლების ახალი მეთოდები სულაც არ გულისხმობენ, რომ შინაარსობრივი ცოდნა არ არის მნიშვნელოვანი. პირიქით, 21 საუკუნის განათლება უნდა იყოს დაფუძნებული სოლიდურ შინაარსობრივ ცოდნაზე. მაგრამ ეს ცოდნა არ გულისხმობს ამა თუ იმ სფეროში იზოლირებული ფაქტების დაგროვებას და დამახსოვრებას.

ცოდნა არის პროცესი და არა პროდუქტი. ჩვენ არა უნდა დავაგროვოთ მეხსიერებაში მათემატიკური ფაქტები, არამედ ვისწავლოთ მათემატიკური აზროვნება, ჩვენ არა უნდა დავაგროვოთ მეხსიერებაში ისტორიული ფაქტები, არამედ ვისწავლოთ ისტორიული ანალიზი.

მოსწავლეები უკეთ ითვისებენ ძირითად საგნებს, როცა ფოკუსირება ხდება სიღრმეზე.

დღევანდელი საგნობრივი სტანდარტები მიმართულია რაც შეიძლება ფართე თემატიკის დაფარვაზე და არა საგნის ღრმა გაგებაზე. ეს ხელს უშლის საგნის ძირითადი იდეების გაგებას და ათვისებას. საგნის დაუფლება კი სწორედ მისი ძირითადი იდეების გაგებას ეფუძნება.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ სკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენება სკოლის გარეთ - სახლში, თემში და სხვა. ცოდნის ტრანსფერის უნარი ყოველდღიურ გარემოში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

კვლევები აჩვენებს, რომ ეს უნარი ვითარდება მაშინ, როცა სწავლისას გამოიყენება რეალური ცხოვრებისეული კონტექსტი. საჭიროა საგნის იდეების დაკავშირება სხვა საგნებთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ამის ერთ-ერთი გზაა - პროექტული სწავლა. პროექტი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს იმავდროულად მოახდინონ კავშირის დამყარება ნასწავლ შინაარსსა და მის გამოყენებას შორის.

სწავლა ტრანსფერისათვის არის საგნის უფრო ღრმად გაგების საფუძველი.