ბოლო წლებში დასავლეთში ძალიან პოპულარული გახდა ”სწავლის სტილების” (learning styles) კონცეფცია.
ამ კონცეფციის თანახმად ბავშვები განსხვავდებიან სწავლის სტილით: ზოგი კარგად ითვისებს ვიზუალურ მასალას (ვიზუალური მოსწავლეები), ზოგს მასალის მოსმენა ურჩევნია (სმენითი მოსწავლეები), ზოგი უკეთ სწავლობს სხვადასხვა ნივთების მანიპულაციის დროს (კინესთეტიკური მოსწავლეები). აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ დავადგენთ ბავშვის სწავლის სტილს და მივაწვდით მასალას იმ ფორმით, რომელიც შეეფერება ამ სტილს, ბავშვის მიერ მასალის ათვისების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მიუხედავად დიდი მხარდაჭერისა, ამ თეორიას ჰყავს კრიტიკოსებიც. ერთ-ერთი მათგანის, კოგნიტური ფსიქოლოგის Daniel Willingham-ის საინტერესო მოსაზრებები, დაიბეჭდა Washington Post-ში:
”50 წელია რაც მკვლევარები ატარებენ სწავლის სტილებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. მაგრამ ეს ექსპერიმენტები არ გვაძლევენ საკმარის საფუძველს იმისა, რომ ბავშვები სწავლობენ ფუნდამენტურად განსხვავებულად. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბავშვი ერთნაირია და ყველა ერთნაირად უნდა ვასწავლოთ. უბრალოდ საჭიროა გარკვევა, რა არის ბავშვების განსხვავების საფუძველი.
მაგალითად, დავაკვირდეთ ბავშვებს მუზეუმში ექსკურსიის დროს. ბავშვებს სხვადასხვა მხატვრები მოსწონთ. ზოგს იზიდავს იმპრესიონისტების ტილოები, ზოგს კუბიზმი ხიბლავს, ზოგი ძველი ოსტატების ტილოებითაა აღტაცებული. ეს განსხვავებები არ აიხსნება იმით, რომ ბავშვებს განსხვავებული ვიზუალური სისტემები აქვთ, არამედ იმით, რომ მათ განსხვავებული ცოდნა, გემოვნება და სხვა პერსონალური თვისებები ახასიათებთ, რომლებიც განაპირობებენ ხელოვნების ნიმუშების განსხვავებულ აღქმას.
ასევეა სწავლაში. ის, რომ რომელიმე კონკრეტული გაკვეთილი კარგად აღიქმევა კლასის გარკვეული მოსწავლეების მიერ და ცუდათ - სხვა მოსწავლეების მიერ, სულაც არ მიუთითებს მათ შორის რაიმე მუდმივ ფუნდამენტურ განსხვავებებზე. გაკვეთილის აღქმაზე გავლენას ახდენს წინა ცოდნა, რომლითაც ბავშვები მოვიდნენ კლასში, მათი ინტერესი და კიდევ სხვა ფაქტორები.
სწავლის სტილების თეორიის მიზანია არა მოსწავლეებს შორის არსებული რეალური განსხვავებების დადგენა, არამედ ბავშვების კატეგორიზაცია. კატეგორიზაცია შეიძლება იყოს სასარგებლო, თუ ის იძლევა ინფორმაციას, რომელიც რეალურად ეხმარება მასწავლებელს. ამ თვალსაზრისით სწავლის სტილების მიხედვით კატეგორიზაცია უსარგებლოა და მხოლოდ დამატებით სირთულეებს უქმნის მასწავლებელს.
მასწავლებელმა მასალის გადაცემის ფორმა უნდა შეარჩიოს არა მოსწავლის ”სწავლის სტილის”, არამედ მასალის შენაარსიდან გამომდინარე”.
ამ სტატიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არსებული სწავლის თეორიების გაზეპირებას არანაირი პრაქტიკული სარგებელი მასწავლებლისათვის არ მოაქვს. მანძილი სწავლის თეორიასა და მასწავლებლის კონკრეტულ პრაქტიკას შორის უზარმაზარია. საჭიროა ქართულენოვანი მეთოდური მასალები, რომლებიც აჩვენებენ მასწავლებელს სწავლის თეორიების პრინციპების საკლასო ოთახში რეალიზაციის კონკრეტულ გზებს, რომლებიც ითვალისწინებენ ჩვენში არსებულ პირობებს, ჩვენს საგანმანათლებლო ტრადიციებს.
28 September 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment