ბევრ ადამიანს აქვს არასწორი წარმოდგენა კრეატულობის შესახებ. ჩამოვთვლით სამ ძირითად მცდარ წარმოდგენას:
- კრეატულობა იშვიათი მოვლენაა და ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანია კრეატული. სინამდვილეში ყველა ადამიანს აქვს უდიდესი კრეატული პოტენციალი.
- კრეატულობა ვლინდება მხოლოდ სპეციალურ სფეროებში, მაგალითად, ხელოვნებაში. სინამდვილეში კრეატულობა ვლინდება ყველაფერში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
- კრეატულობა ადამიანის განსაკუთრებული, ხშირად არანორმალური მდგომარეობაა. სინამდვილეში კრეატულობა დისციპლინირებული პროცესია, რომელსაც ესაჭიროება გარკვეული უნარები, ცოდნა, კონტროლი. ასევე მას ესაჭიროება შთაგონება და ფანტაზია.
ჩვენ ვცხოვრობთ არაპროგნოზირებად დროში. არავის არ შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ როგორ ვიცხოვრებთ თუნდაც 20-30 წლის შემდეგ.
კომპანიები სულ უფრო ხშირად ეძებენ ინოვაციურ ადამიანებს, ვისაც შეუძლია განსხვავებული აზროვნება.
დიდი პრობლემებია განათლების სისტემაში, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ბევრ განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყანაში. როცა სკოლას არ ამთავრებს მოსწავლეების 30-50%, დიდი ალბათობაა, რომ ეს არა ბავშვების, არამედ განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების ბრალია. ამის ერთ-ერთი მიზეზია ბოლო წლებში დამკვიდრებული სტანდარტიზირებული ტესტების კულტურა. ეს ტოტალურად კონტპროდუქტიულია.
დავაკვირდეთ საკუთარ სწავლას. ჩვენ ვცოცხლდებით მხოლოდ გარკვეულ გაკვეთილებზე, მხოლოდ გარკვეულ მასწავლებლებთან მაშინ, როცა მოგვეცემა იმის კეთების შესაძლებლობა რაც გვაინტერესებს, რაც გვიზიდავს. როცა აღმოვაჩენთ რაიმეს, რაშიც ვგრძნობთ რომ ძლიერები ვართ, ეს გრძნობა სხვა საგნებზეც გადაგვაქვს. ბავშვებს ხშირათ უნდა მივცეთ იმის კეთების და სწავლის საშუალება, რაც მათ იზიდავს.
ადამიანების კულტურა საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია, ხოლო განათლების სისტემა სულ უფრო მოსაწყენი და მონოტონური ხდება. არ არის გასაკვირვი რატომ ვერ ძლებენ სკოლაში ბავშვები.
კრეატულობა ხშირად განიხილება ინდივიდუალურ პროცესად, რაც არ არის სწორი. ამ პროცესში სოციალური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლობა, მრავალფეროვნება, იდეების გაცვლა, სხვა ადამიანების მიღწევებზე საკუთარი მიღწევების დაშენება - კრეატული პროცესის არსს წარმოადგენს. განათლება, რომელიც ფოკუსირებას ახდენს მხოლოდ იზოლირებულ ინდივიდზე ზღუდავს ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებას.
ბევრს მიაჩნია, რომ კრეატულობის სწავლა შეუძლებელია, რაც ასევე არ არის სწორი.
შესაძლებელია კრეატულობის შემადგენელი უნარების სწავლება, მაგალითად, ფანტაზიის , ვიზუალური აზროვნების განვითარება, როგორც ვასწავლით კითხვას, წერას, თვლას. მნიშვნელოვანია სასწავლო გარემოს მრავალფეროვნება, რაც გაზრდის იმის ალბათობას, რომ ბავშვები მოძებნიან მასში მათთვის საინტერესოს და მიმზიდველს. ხშირად ბავშვის კრეატულობის სტიმულირებას ახდენს გარკვეული მედიუმი ან გარკვეული მასალების გამოყენება. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვის მიდრეკილებები.
სწავლებისას კრეატულობის მიღწეული დონის ქულებით ან ნიშნებით შეფასება ალბათ არ არის საჭირო და ალბათ შეუძლებელიცაა. თუ სწავლების პროცესი თვითონ არის კრეატული, თუ მასწავლებელი თვითონ ახდენს ახალი იდეებისა და მეთოდების გენერირებას, შედეგიც ალბათ კარგი იქნება. ეს აუცილებელი პირობაა კრეატული სწავლებისა. ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვებს ორიგინალურობის კრედიტი, ჩვენ უნდა ვენდოთ მათ, უნდა წავახალისოთ, უნდა მივცეთ მათ რეფლექსიის საშუალება. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კრეატულობის ქულებით შეფასება.
No comments:
Post a Comment