15 January 2010

შეფასების როლი სწავლაში - ნაწილი 1

მოსწავლის შეფასება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და განსაზღვრავს მიღწეულია თუ არა საგანმანათლებლო მიზნები. შეფასებისას ჩვენ მუდმივად ვპასუხობთ კითხვებზე: ”ნამდვილად იმას ვასწავლით, რაც გვგონია რომ ვასწავლით?”, ’ნამდვილად იმას სწავლობენ მოსწავლეები, რაც იგულისხმება, რომ უნდა ისწავლონ?”, ”არის საგნის ეკეთესად სწავლების გზები?”...

როგორც წესი, შეფასების მეთოდიკას ნაკლებ ყურადღებას ანიჭებენ. რატომღაც ითვლება, რომ სპეციალური ცოდნის გარეშეც მასწავლებელი შეძლებს მოსწავლეების ადექვატურად შეფასებას, რაც ჩემი აზრით არ არის სწორი. მოსწავლეების რეალური შეფასება რომ შეგვეძლოს, უამრავ პრობლემებს ავიცილებდით თავიდან.


რამდენიმე ნაწყვეტი ინტერვიუდან Grant Wiggins-თან (მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი შეფასების საკითხებში):

კითხვა: რა განსხვავებაა ”ტესტირებასა” და ”შეფასებას” შორის?.

პასუხი: ...ტესტირება შეფასების მცირე ნაწილია. ის არის მთელი სურათის ნაწილი. ტესტირება არის აუდიტი. ის არის მომენტალური ფოტოსურათი მოსწავლის ცოდნისა. მაგრამ თქვენ ხომ არ წარმართავთ თქვენს ბიზნესს მხოლოდ აუდიტისათვის. თქვენ გჭირდებათ არა მხოლოდ ერთი ფოტოსურათი, არამედ მთელი ოჯახური ფოტოალბომი. ტესტს შეუძლია დაგვანახოს ინდივიდუალური მოსწავლის დისკრეტული ცოდნა და კონკრეტული უნარი.

კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მასწავლებელმა ჯერ უნდა მოიფიქროს შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს გაკვეთილების ან პროექტების დაგეგმვა?

პასუხი: სწავლების ერთ-ერთი მოთხოვნა არის დიზაინი. კარგმა დიზაინერმა კი უნდა იფიქროს იმაზე, თუ რის მიღწევა სურს და მოახდინოს ოსტატური შეთავსება შინაარსის, სწავლების მეთოდებისა და შეფასების. ბოლო წლებში მასწავლებლებთან მუშაობისას ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასვა კითხვა: ”რის მიღწევა მსურს?”, ”რა არის იმ მიზნების საფუძველი, მე რომ დავსახე?”. სხვა შემთხვევაში თქვენი სწავლება წარუმატებლად დასრულდება. ჩვენ ვეძახით ამას უკუ-დიზაინს. სანამ აქტივობებზე გადახვალთ უნდა წარმოიდგინოთ, როგორი იქნება მიღწეული მიზანი, რითი დაამტკიცებთ, რომ მოსწავლეებმა მიზანს მიაღწიეს? ანუ მასწავლებელმა უნდა წარმოიდგინოს, თუ როგორი იქნება დასასრული. შემდეგ იწყებთ უკან მოძრაობას და განსაზღვრავთ, თუ რა აქტივობებით უნდა მიაღწიოთ ყოველივე ამას.

კითხვა: სტანდარტიზირებული ტესტები, როგორიცაა, მაგალითად, SAT - I, სკოლების მიერ გამოიყენება მოსწავლის მომავალი წარმატებების პროგნოზირებისათვის. არის ეს ამ ტესტის ვალიდური გამოყენება?

პასუხი: სტანდარტიზირებული ტესტი ასრულებს აუდიტის როლს, მაგრამ განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებს და მშობლებს ხშირად ავიწყდებათ ან არ იციან, რომ ამ ტესტებს აქვთ ვიწრო ფოკუსი და მათი დანიშნულება აუდიტია. მათი საშუალებით ჩვენ ვცდილობთ იმის დადგენას, რომ ის რაც უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ნამდვილად ისწავლება. მაგრამ კითხვაზე წინასწარმეტყველებენ თუ არა ეს ტესტები მოსწავლის მომავალ წარმატებებს გეტყვით, რომ არა. მას მაქსიმუმ შეუძლია იწინასწარმეტყველოს, მაგალითად, ახალი მოსწავლის წარმატება პირველ სემესტრში. და ეს მაქსიმუმია. არსებობს მრავალი მაგალითები იმისა, რომ კოლეჯში მიღწეული რანგები არ არის კორელაციაში მომავალ წარმატებებთან. ეროვნული და შტატების ტესტების უმეტესობას შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ სკოლების საქმიანობის მხოლოდ ძალიან, ძალიან ვიწრო შედეგები.

No comments: