21 January 2010

განათლება 2020-2030 წლებში. პროგნოზი

ევროკომისიის ეგიდით მიმდინარეობს კვლევა “The Future of Learning: New ways to learn new skills for future jobs” (”განათლების მომავალი: მომავალი სამუშაოებისათვის საჭირო ახალი უნარების სწავლის ახალი გზები”), რომლის მიზანია შეიმუშაოს ხედვა და სცენარები, თუ რა გზებით მოხდება ახალი უნარებისა და კომპეტენციების დაუფლება ევროპის ქვეყნებში 2020-2030 წლებში.

კომისიაში მიწვეულ ექსპერტებს შესთავაზეს საკუთარი პროგნოზების წარმოდგენა. ინტერნეტში შემხვდა ერთ-ერთი ექსპერტის პროგნოზები, რომლებიც მან საკუთარ ბლოგში გამოაქვეყნა. მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო პროგნოზებია (ბევრ მათგანს მე სრულიად ვიზიარებ):


  • ადამიანების აღიარება მოხდება იმის მიხედვით, თუ რის კეთება შეუძლიათ და არა დიპლომში მითითებული კვალიფიკაციით;
  • საყოველთაოდ გავრცელდება ღია განათლება ინტერნეტის საშუალებით
  • მოსწავლეები თვითონ გააკონტროლებენ საკუთარ სწავლას
  • ფორმალური განათლება უფრო ეპიზოდური გახდება ადამიანების კარიერის სხვადასხვა ეტაპებზე;
  • ციფრული იდენტურობა (ციფრული პორტფოლიო) შეცვლის ტრადიციულ CV-ს;
  • ციფრული იდენტურობების მართვა გახდება მნიშვნელოვან კომპეტენციად;
  • სამუშაო ადგილი გახდება სწავლის უმთავრეს კონტექსტად;
  • მობილური ინტერნეტ-მოწყობილობები გახდება სწავლის მთავარ ინსტრუმენტად
  • სწავლის აქცენტი გამახვილდება პრაქტიკაზე, რაც მიიღწევა მობილური მოწყობილობებით და ინტეგრირებას მოახდენს ღრუბელზე დაფუძნებულ პორტფოლიოებთან (cloud based portfolios);
  • გაფართოებული რეალობის პროგრამები (Augmented reality applications) გახდება სწავლის მთავარ ინსტრუმენტად;
  • სკოლა (უმაღლესი სასწავლებელი) გახდება სწავლისათვის ნაკლებად მნიშვნელოვან ადგილად, სწავლა გადაინაცვლებს სამუშაო ადგილებზე, თემებში და სახლებში;
  • უმაღლესი განათლება დაუბრუნდება ტრადიციულ დანიშნულებას - კვლევებს;
  • სისტემები და მომსახურებები შემუშავდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ დაინტერესებული მოსწავლეების ჯგუფური ურთიერთსწავლება;
  • ქაღალდის წიგნები შეიცვლება ელექტრონული მულტიმედია კონტენტით;
  • ინტერნეტში გამოქვეყნებული მულტიმედია მასალები და ბლოგები აღიარებულ იქნება ლეგიტიმურ პუბლიკაციებად მეცნიერებისათვის;
  • მრავალმომხმარებლიანი ვირტუალური სამყაროები არააუცილებელს გახდიან სკოლაში ან უნივერსიტეტში გაკვეთილების ფიზიკურ დასწრებას;
  • ფინანსური კრიზისი გამოიწვევს უნივერსიტეტების პრივატიზაციის ზრდას;
  • სწავლის მაღალი ფასები სერიოზულ ბარიერს შეუქმნის ახალგაზრდებს ღარიბი ოჯახებიდან უმაღლესი განათლების მიღებაში;
  • ვირტუალური მობილობა დაანგრევს ბარიერებს ეროვნული განათლების სისტემებს შორის;
  • დაიწევს სკოლის დამთავრების ასაკი, ვინაიდან აღიარებულ იქნება, რომ სწავლის სხვა კონტექსტები უფრო ეფექტიანია სწავლისათვის და უფრო მოტივირებული მოსწავლეთათვის, ვიდრე სკოლა;
  • ჩვენ ნაკლებად ვენდობით ექსპერტებს, როგორც ცოდნის და სასწავლო პროგრამების მომწოდებლებს და უფრო მეტად ვენდობით ინტერნეტის სისტემებით დადასტურებულ ხარისხიან ცოდნას;
  • კონტექსტურად სპეციფიური სასწავლო მასალები და ამოცანები მიგვიყვანენ უფრო ლოკალურ სწავლამდე;
  • სწავლის პერსონალური გარემოები (Personal Learning Environments) შეცვლიან ინსტიტუციონალურ სწავლის ვირტუალურ სისტემებს (LMS);
  • პროფესიონალური პროფილები გაფართოვდება და მოიცავენ ელემენტებს, რომლებიც დღეს ცალკეულ პროფესიებად გვევლინება;
  • უფრო გავრცელდება პროფესიების ხშირი შეცვლის პროცესი, შესაბამისი გადამზადებით;
  • ტრადიციული საზღვრები დისციპლინებს შორის დაიმსხვრევა, მოსწავლეებს კი მიეცემათ საშუალება გაიარონ მულტი- და ინტერ- დისციპლინარულ სწავლაზე დაფუძნებული ინდივიდუალიზირებული კურსები;
  • საგანმანათლებლო ინსტიტუციები გარდაიქმნება სათემო ცოდნის ცენტრებად, რომლებიც მოემსახურებიან როგორც გეოგრაფიულ თემებს, ასევე უფრო ფართოდ განაწილებულ თემებს;
  • ინსტიტუციების ინტერსექტორული და ინტერდისციპლინარული ქსელები გაერთიანდებიან და შექმნიან ინტერესებზე დაფუძნებულ ქსელებს.

No comments: