31 October 2008

რამდენად ეფექტიანია ტექნოლოგიების გამოყენება სწავლაში?

მსოფლიოს სკოლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. იზრდება სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების (კომპიუტერები, ნოუთბუქები, ინტერნეტი, საპრეზენტაციო მოწყობილობები და სხვა) რაოდენობა. ეს მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს, ამიტომ ბუნებრივია, რომ სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: რამდენად ეფექტიანია საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება სკოლაში, რამდენად უწყობენ ხელს ეს ტექნოლოგიები 21 საუკუნის საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

პასუხი ამ კითხვაზე არ არის აშკარად დადებითი. ბევრი ადამიანი, მათ შორის სხვადასხვა დარგის მეცნიერებიც, სკეპტიკურად არიან განწყობილი იმ აზრისადმი, რომ ტექნოლოგიებს მართლაც დადებითი გავლენა აქვთ სწავლაზე. მათ სკეპტიციზმს საკმაოდ სერიოზული კვლევების შედეგებიც ამყარებენ.

მაგალითად, 2000 წელს Kirk Johnson-მა (Heritage Foundation) გაანალიზა NAEP-ის (National Assessment of Educational Progress) მონაცემები და გამოიტანა დასკვნა, რომ იმ მოსწავლეების შედეგები წერაში, რომლებსაც კვირაში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ უტარდებათ კომპიუტერული გაკვეთილები კარგად მომზადებული მასწავლებლის მიერ, არაფრით არ არის უკეთესი იმ მოსწავლეების შედეგებზე, რომლებსაც ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ უტარდებათ კომპიუტერული გაკვეთილები.

2004 წელს მიუნხენის უნივერსიტეტის ეკონომისტებმა გაანალიზეს საერთაშორისო ტესტირებების შედეგები და დაასკვნეს, რომ მოსწავლეების შედეგები მათემატიკაში და კითხვაში პირდაპირ ნეგატიურ სტატისტიკურ დამოკიდებულებაშია იმასთან, რომ ამ მოსწავლეებს სახლში აქვთ კომპიუტერი, ხოლო მათ სკოლებში კომპიუტერების არსებობა არანაირად არ აისახება შედეგებზე.

2007 წელს New York Times-მა ყურადღება გაამახვილა ზოგიერთ ქალაქებსა და სასკოლო ოლქებში შემჩნეულ ტენდენციაზე, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მათ სკოლებში გაიზარდა უნდობლობა ძვირადღირებული კომპიუტერული პროექტების მიმართ, რადგანაც მათი დაკვირვებით კარგად აღჭურვილი სკოლების მოსწავლეების შედეგები არაფრით არ განსხვავდება იმ სკოლების მოსწავლეების შედეგებისგან, რომლებიც მცირედ ან საერთოდ არ არის აღჭურვილი კომპიუტერული ტექნიკით.

რა თქმა უნდა ამ და კიდევ სხვა მრავალი კვლევის შედეგები დამაფიქრებელია. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შედეგები სულაც არ ადასტურებენ იმას, რომ საგანმანათლებლო ტექნოლოგიები არაეფექტიანია სწავლაში. ეს კვლევები გვაჩვენებენ, რომ არასწორად, ზედაპირულად განხორციელებულ კომპიუტერიზაციას ნამდვილად არანაირი შედეგი არ მოაქვს და მასზედ გაწეული ხარჯები გაუმართლებელია. თუ სკოლების ტექნოლოგიური აღჭურვა არის მხოლოდ თვითმიზანი და არ განიხილება სკოლის კონკრეტული ამოცანებისა და პრობლემების გადაჭრის საშუალებად, შედეგი ძალიან დაბალი იქნება.

ტექნოლოგიის ინტეგრაცია სწავლაში არის ინოვაციური საქმიანობა, რომელიც ნაკლებად ერგება სკოლის ტრადიციულ მოდელს. ბუნებრივია, რომ სკოლა ცდილობს მოაქციოს ეს ინოვაცია არსებულ ჩარჩოში. ტრადიციული საკლასო ოთახის ტრანსფორმაცია, ტრადიციული სწავლის ტრანსფორმაცია არ ხდება და ამიტომაც სკოლის კომპიუტერიზაციის დონე არ აისახება სწავლის ხარისხზე.

”მიუხედავად მრავალი სირთულეებისა საკლასო ოთახები ფუნდამენტალურად იცვლება. ეს ცვლილებები ყველგან იგრძნობა და მათი საფუძველია ქსელში ჩართული მილიონობით კომპიუტერი, რომლებიც კოლექტიურად აწარმოებენ 2000 გიგაბაიტ ინფორმაციას წამში.

საკლასო ოთახის ტრადიციული მოდელი ჩამოყალიბდა მაშინ, როცა ინფორმაცია არასაკმარისი და რთულად მოსაპოვებელი იყო. დღეს შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის მთელი ცოდნა ხელმისაწვდომია საკლასო ოთახში, რომელიც აღჭურვილია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით. საკლასო ოთახები, რომლებიც გათვლილი იყო ავტორიტეტების მიერ შექმნილი ცოდნის მოსწავლესათვის გადაცემაზე, დღეს ჩაფლულია ციფრულ ინფორმაციაში, სადაც ცოდნა იქმნება და არა მოიძიება, სადაც ავტორიტეტი დგინდება დისკუსიებით და მონაწილეობით”.

ზოგიერთი პროგნოზებით 2019 წლისათვის საგანმანათლებლო კურსების 50% ონლაინ იქნება წარმოდგენილი.

ცვლილებები კარს მოგვადგა. რამოდენიმე წელიწადში სულ სხვა კუთხით იქნება განხილული ტექნოლოგიის ინტეგრაციის პრობლემები. მთავარია არ დავკარგოთ დრო და უკეთ მოვემზადოთ ამ ცვლილებებისათვის. Web 2.0 ტექნოლოგიები სერიოზული მანიშნებელია მომავალი ცვლილებებისა. ამ ტექნოლოგიების ათვისება და გამოყენება სწავლაში კარგი მოსამზადებელი ნაბიჯი იქნება მომავლისათვის.

საინტერესო საიტები - 31 ოქტომბერი

Dance Mat Typing
საინტერესო კლავიატურის ტრენაჟორი 7-11 წლის ბავშვებისათვის. წარმოდგენილია ბეჭდვის ოთხდონიანი კურსი. პროგრამა კარგად არის გაფორმებული. შესაძლებელია ყველა დავალების ტექსტური ვარიანტის ამობეჭდვა და მათი გამოყენება სავარჯიშოებად.

Certificates
დასაბეჭდათ გამზადებული სხვადასხვა სახის სერტიფიკატების მზა შაბლონები.

Sites for Teachers
მასწავლებლებისათვის საინტერესო საიტების ბმულების კოლექცია.

Google-ის შესაძლებლობები

თუ გვსურს რომელიმე ქალაქისათვის ამინდის პროგნოზის გაგება, Google-ის საძიებო სტრიქონში ავკრიფოთ weather [ქალაქის სახელი ან საფოსტო კოდი].

მაგალითად, weather tbilisi










თუ გვსურს ადგილობრივი დროის გაგება რომელიმე ქალაქში, Google-ის საძიებო სტრიქონში ავკრიფოთ time [ქალაქის ან ქვეყნის სახელწოდება].

მაგალითად, time madrid








თუ გვაინტერესებს, როგორ გამოიყურება რაიმე ნივთი, მცენარე, ცხოველი ან სხვა, Google-ის გამოსახულებების (Google Images) საძიებო სტრიქონში ავკრიფოთ მისი დასახელება.
მაგალითად, rambutan (ეს ხილია)

30 October 2008

სწავლის გარემოს დიზაინი

ამ გზავნილში წარმოდგენილია მასალები ძალიან საინტერესო ნაშრომიდან "How People Learn" (”როგორ სწავლობენ ადამიანები”).

21 საუკუნეში განათლების მიზნები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ მიზნებისგან, რომლებიც თუნდაც 10-15 წლის წინად იდგა. თანამედროვე სწავლის თეორიის ფუნდამენტალურ პრინციპს წარმოადგენს ის, რომ განსხვავებული სასწავლო მიზნები მოითხოვენ განსხვავებულ მიდგომებს სწავლებაში, მოითხოვენ ასევე განსხვავებულ სასწავლო გარემოს.

ნაშრომში "How People Learn" განხილულია სასწავლო გარემოს ოთხი პერსპექტივა, რომლებიც წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების სისტემას:

მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო (Learner-Centered Environment) ამახვილებს ყურადღებას მოსწავლის წარმოდგენებზე და დამოკიდებულებებზე და იწყებს სწავლებას იმით, თუ რაზე ფიქრობენ და რა იციან მოსწავლეებმა.

სწავლება უნდა იწყებოდეს დიდი ყურადღებით მოსწავლეთა იდეების, ცოდნის, უნარების და დამოკიდებულებების მიმართ, რაც არის ახალი ცოდნის აგების საფუძველი.

იყო მოსწავლეზე ორიენტირებული ნიშნავს ანგარიში გაუწიო მოსწავლის მომზადების დონეს და კულტურულ ფასეულობებს, ასევე მის შესაძლებლობებს. ახალი ცოდნა უნდა აიგოს იმ კონცეპტუალურ და კულტურულ ცოდნაზე, რომელიც მოსწავლეს მოაქვს კლასში.

მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო დიდ ყურადღებას აქცევს და გაგებით ეკიდება მოსწავლეს ენობრივ გამოცდილებას, რადგანაც ეს გამოცდილება წარმოადგენს შემდგომი სწავლის საფუძველს.

მასწავლებელმა უნდა მოძებნოს მოსწავლის ძლიერი მხარე, რათა ჩართოს ის სწავლის პროცესში.

ცოდნაზე ორიენტირებული გარემო (Knowledge-Centered Environment) ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რა ისწავლება (საგანის არსი) , რატომ ისწავლება (გაგება), როგორ უნდა მოხდეს ცოდნის ორგანიზება (სასწავლო გეგმა) და რა შედეგი უნდა მივიღოთ (სწავლის მიზნები).

აქ რამოდენიმე ძირითადი კითხვა უნდა დაისვას:
  • რა ცოდნა და უნარებია საჭირო მოსწავლისათვის?
  • რა ძირითადი ცნებებია, რომელთა გარშემო უნდა მოხდეს საგნის არსის გაგება და რა კონკრეტული და დეტალური ცოდნაა საჭირო, რომ მოსწავლემ ღრმად აითვისოს ეს ცნებები?
  • როგორ უნდა გავიგოთ, რომ მოსწავლემ მიაღწია საჭირო დონეს?
კონკრეტული თემებისა და უნარების სწავლება იმის გარეშე, რომ მოხდეს მათი გააზრება ცოდნის არეს უფრო ფართე კონცეპტუალურ კონტექსტში, არის დროის არაეკონომიურად ხარჯვა. ფუნდამენტალური პრინციპები და იდეები წარმოადგენენ სწავლის მთავარ არსს.

შეფასებაზე ორიენტირებული გარემო (Assessment-Centered Environment) ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ საჭიროა პირობების შექმნა რათა ხილვადი გახდეს მოსწავლეს აზროვნება და სწავლა, რაც დაეხმარება როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეს სწავლებაში და სწავლაში.

შეფასება არის მთავარი მახასიათებელი როგორც მოსწავლეზე ორიენტირებული, ასევე ცოდნაზე ორიენტირებული გარემოსი. ის საშუალებას აძლევს მასწავლებელს დაადგინოს მოსწავლის ცრუწარმოდგენები, მისი აზროვნების უნარი, მოსწავლის პროგრესის დონე, მოახდინოს კორექტივები სწავლების პროცესში, რათა შეუსაბამოს ის მოსწავლეთა მოთხოვნებს.

ძალიან მნიშვნელოვანია მივცეთ მოსწავლეს შესაძლებლობა დააკვირდეს და გააუმჯობესოს საკუთარი აზროვნების უნარი. მნიშვნელოვანია ასევე დავეხმაროთ მოსწავლეს იმ სტრატეგიების შეფასებაში, რომლებსაც ის იყენებს სწავლისას და პრობლემების გადაწყვეტისას.

თემზე ორიენტირებული გარემო (Community-Centered Environment) აყალიბებს კითხვების დასმის, ერთმანეთის პატივისცემის, რისკის გაწევის კულტურას.

თემზე ორიენტირებული მიდგომა გვეხმარება საკლასო და სასკოლო ნორმების დადგენაში და ასევე გარე სამყაროსთან კავშირების დამყარებაში.

მოსწავლეთა აზროვნებაზე ფოკუსირება მოითხოვს ისეთი ნორმების დამკვიდრებას, რომლებიც ხელს უწყობენ იდეების თავისუფლად გამოთქმას და რისკის გაწევას.

თემზე ორიენტირებულ გარემოში წარმოუდგენელია მოსწავლის შეცდომაში ან პასუხის არცოდნაში გამოჭერა.

23 October 2008

სკოლა თუ სწავლა?

ინტერნეტში შემხვდა ასეთი ინფორმაცია: მასწავლებელი ყვება, რომ მან სთხოვა მოსწავლეებს აეწიათ ხელი, ვისაც არ უყვარს სკოლა. ნახევარზე მეტმა მოსწავლემ აწია ხელი. როცა მასწავლებელმა სთხოვა ხელი აეწიათ მათ, ვისაც არ უყვარს სწავლა, ხელი არავინ არ აწია.

ეს ძალიან საინტერესო ფაქტია. ტრადიციული სკოლა მის საპირისპირო ფუნქციას ასრულებს - ის კლავს მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობას და სწავლის სურვილს. ჩვენ გვიყვარს სწავლა, მაგრამ არ გვიყვარს სკოლა. ჩვენ იმიტომ არ გვიყვარს სკოლა, რომ ძალიან გვიყვარს სწავლა.

22 October 2008

A Vision of Students Today

კანზასის შტატის უნივერსიტეტის პროფესორის მაიკლ უეშის ვიდეო ”დღევანდელი სტუდენტის სახე”, რომელშიც ასახულია თანამედროვე სტუდენტების ძირითადი მახასიათებლები ანუ როგორ სწავლობენ, რის სწავლა სურთ, მათი მიზნები, მოლოდინები და ოცნებები.

ეს ვიდეო YouTube-ზე პირველივე თვეს მილიონზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.

ინტერნეტში ძებნა აძლიერებს ტვინის ფუნქციას












კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როცა საშუალო ან უფრო დიდი ასაკის ადამიანი, რომელიც კარგად ფლობს ინტერნეტის ტექნოლოგიებს, ახორციელებს ძებნას ინტერნეტში, ხდება ტვინის ისეთი ცენტრების გააქტიურება, რომლებიც აკონტროლებენ გადაწყვეტილების მიღების და კომპლექსური აზროვნების პროცესებს.

კვლევის შედეგები იმედს ბადებენ, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას მოაქვს ფიზიოლოგიური ეფექტი ანუ ხდება ტვინის ფუნქციის გაძლიერება. ეს კვლევა ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ტვინი საკმაოდ მგრძნობიარეა და აგრძელებს სწავლას ხანდაზმულ ასაკშიც.

21 October 2008

Web 2.0 განათლებაში

რატომ უნდა გამოვიყენოთ Web 2.0 ტექნოლოგიები სწავლა/სწავლებაში? რა სარგებელი მოაქვთ ამ ტექნოლოგიებს მოსწავლეებისათვის და მასწავლებლებისათვის?

Web 2.0 ტექნოლოგიები ზრდიან მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს. სწავლა ამ ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო მიმზიდველია, ვინაიდან უფრო ახლოსაა რეალურ საქმიანობასთან.

Web 2.0 ტექნოლოგიები აძლევენ მოსწავლეებს საშუალებას წარდგნენ რეალური აუდიტორიის წინაშე და აკეთონ რეალური საქმეები. თუ ადრე, მოსწავლის მიერ დაწერილი თემა ან ანგარიში მხოლოდ მასწავლებლისათვის და მშობლისათვის იყო ხელმისაწვდომი, დღეს მოსწავლე ქმნის ინტელექტუალურ პროდუქტს საკმაოდ ფართე აუდიტორიისათვის და იღებს რეალურ შეფასებას საკუთარი ნამუშევრისა.

Web 2.0 ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლე არა მხოლოდ სწავლობს, არამედ მონაწილეობს ცოდნის შექმნაში. ასეთი შესაძლებლობა მოსწავლეებს ადრე იშვიათად თუ ეძლეოდათ. მაგალითად, მოსწავლის მიერ შექმნილი ბლოგი და იქ გამოქვეყნებული ინფორმაცია არის მისი წვლილი (და შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანიც) ინტერნეტის კონტენტის შექმნაში. ეს მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობაა, რომელიც ზრდის მოსწავლეების მოტივაციას.

Web 2.0 ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ზრდიან ჩვენს შესაძლებლობებს მოვიძიოთ და გამოვიყენოთ საინტერესო ინფორმაცია. ამ ტექნოლოგიების მთავარი მახასიათებელია მათი ღიაობა: ღია სტანდარტები, ღია პროგრამული უზრუნველყოფა და ღია კონტენტი.

Web 2.0 ტექნოლოგიები გვაძლევენ თანამშრომლობის რეალურ შესაძლებლობებს. ბოლო წლებში განათლებაში თანამშრომლობას მოსწავლეებს შორის, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. მაგრამ მხოლოდ ახლა ხდება შესაძლებელი რეალური თანამშრომლობის პირობების შექმნა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

Web 2.0 ტექნოლოგიები ხელს უწყობენ კრეატულობის ზრდას. რიგით მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა შექმნას მულტიმედიური პროდუქტები, გამოაქვეყნოს ინტერნეტში და მიიღოს შეფასება სხვადასხვა ადამიანებისაგან.

Web 2.0 ტექნოლოგიები ხელს უწყობენ დისკუსიის და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. ურთიერთობა რეალურ აუდიტორიასთან მოითხოვს მათგან გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას.

პრეზენტაცია: Web 2.0 არის განათლების მომავალი

20 October 2008

რა გველოდება ახლო მომავალში

ჟურნალ THE FUTURIST-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, სადაც წარმოდგენილია 10 წინასწარმეტყველება ჩვენი ახლო მომავლისა.

განსაკუთრებით საინტერესოა მეექვსე წინასწარმეტყველება, სადაც საუბარია იმაზე, რომ პროფესიული ცოდნის დაძველების ტემპი სულ უფორ და უფრო გაიზრდება და საბოლოოდ პროფესიული ცოდნა მოძველდება მისი მოპოვებისთანავე. ბევრ პროფესიას დასჭირდება მუდმივი სწავლა და ტრენინგი. სწრაფი ცვლილებები შრომის ბაზარზე და სხვადასხვა სახის შრომასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებში აუცილებელს გახდის სამსახურებრივ განათლებას ყველა მუშაკისათვის. დროის ყოველ მოცემულ მომენტში მუშაკთა საკმაოდ დიდი ნაწილი ჩართული იქნება სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში.

17 October 2008

ბლოგის გამოყენება სწავლაში

ბლოგი მნიშვნელოვნად ამდიდრებს საგანმანათლებლო გარემოს. ბლოგებს აქვთ სწავლა/სწავლების ტრანსფორმაციის დიდი პოტენციალი.

ბლოგის გამოყენება არ არის მხოლოდ წერის პროცესის გადატანა ვირტუალურ სივრცეში. ბლოგების ეფექტიანი გამოყენება სწავლებაში მოითხოვს მასწავლებლისგან სხვადასხვა უნარებს. მას უნდა შეეძლოს წერა ფართე აუდიტორიისათვის, ციტატების და ბმულების გამოყენება, კომენტარების გამოყენება პედაგოგიური მიზნების მისაღწევად, ვებ-მასალების კითხვა და სხვა. მასწავლებელს უნდა შეეძლოს ნავიგაცია ბლოგოსივრცეში.

რატომ არის ბლოგი ასეთი მნიშვნელოვანი სწავლა/სწავლებაში?
  • ბლოგი არის სივრცე, სადაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ერთმანეთისაგან
  • ბლოგების საშუალებით შესაძლებელია ვირტუალური თემების შექმნა, სადაც თემის წევრები ერთობლივად მსჯელობენ, უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას, მართავენ დისკუსიებს მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ
  • ბლოგი ეხმარება მოსწავლეს ცოდნა აღიქვას მთლიანობაში, როგორც ურთიერთდაკავშირებული და არა იზოლირებული ფაქტები
  • ბლოგი აძლიერებს საკუთრების გრძნობას და ზრდის არჩევანს
  • ბლოგი აძლევს მოსწავლეს საშუალებას მიაწვდინოს საკუთარი ხმა საკმაოდ დიდ აუდიტორიას. ეს ზრდის პასუხისმგებლობას და ანავითარებს საკუთარ სწავლაზე დაკვირვების უნარს
  • ბლოგი ზრდის მოსწავლის მოტივაციას და პასუხისმგებლობას. როცა მოსწავლემ იცის, რომ მის ნამუშევარს ეცნობა ფართე აუდიტორია ის მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება სწავლას
  • ის რომ ბლოგში ინახება სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული გზავნილები, ბლოგის ავტორს ეძლევა შესაძლებლობა შეაფასოს თუ როგორ იცვლებოდა დროის განმავლობაში მისი შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში
  • ბლოგი აძლევს მოსწავლეს სხვადასხვა სფეროების ექსპერტებთან დაკავშირების და მათთან დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას

13 October 2008

პიაჟეს განმავითარებელი თეორია

შვეიცარიელი ბიოლოგი და ფსიქოლოგი ჟან პიაჟე (1896-1980) ცნობილია იმით, რომ შექმნა ბავშვის განვითარებისა და სწავლის ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი. მისი თეორია ეფუძნება იდეას, რომ განვითარების პროცესში მყოფი ბავშვი აგებს კოგნიტურ სტრუქტურებს - სხვა სიტყვებით მენტალურ ”რუკებს”, სქემებს ანუ გაერთიანებულ (ურთიერთდაკავშირებულ) ცნებებს (networked concepts), რათა გაიგოს და მოახდინოს რეაგირება ფიზიკურ გამოცდილებაზე მის ირგვლივ არსებულ გარემოში. პიაჟე ასევე ამტკიცებდა, რომ ბავშვის კოგნიტური სტრუქტურები იხვეწება მის განვითარებასთან ერთად და გადის რამოდენიმე სტადიას, დაწყებული რამოდენიმე თანდაყოლილი რეფლექსით (როგორიცაა ტირილი და წოვა) და დამთავრებული უაღრესად კომპლექსური მენტალური აქტივობებით.

პიაჟე გამოყოფს განვითარების ოთხ სტადიას და იმ პროცესებს, რომელთა მეშვეობით ბავშვები აღწევენ პროგრესს ამ სტადიების ფარგლებში. ეს სტადიებია:
  1. სენსომოტორული სტადია (დაბადებიდან - 2 წლამდე) - ბავშვი შეიცნობს სამყაროს მხოლოდ სხვადასხვა ქმედებების მეშვეობით (დათვალიერება, ხელის ჩაჭირება, წოვა, კბენა, ღეჭვა და სხვა). ამ სტადიაზე ბავშმა არ იცის, რომ ფიზიკური ობიექტები მაშინაც არსებობენ, როცა ის მათ ვერ ხედავს.
  2. წინაოპერაციული სტადია (2-დან - 7 წლამდე) - ბავშვები იწყებენ ცნებების ფორმირებას და სიმბოლოების გამოყენებას. ეს ცნებები შეზღუდულია მათი პირადი, უშუალო გამოცდილებით. ამ ასაკში ბავშვებს ძალიან უჭირთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება და ობიექტებისა და მოვლენების კლასიფიკაცია
  3. კონკრეტული ოპერაციების სტადია (7-დან - 11-12 წლამდე) - ფიზიკური გამოცდილების დაგროვების შედეგად ბავშვი იწყებს გააზრებას, ლოგიკური სტრუქტურების შექმნას, რომლებიც ხსნიან მის ფიზიკურ გამოცდილებას. იწყებენ კონკრეტულ ობიექტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული აბსტრაქტული პრობლემების გადაწყვეტას.
  4. ფორმალური ოპერაციების სტადია (11-12-დან - 15 წლამდე) - ბავშვის კოგნიტური სტრუქტურები უტოლდება ზრდასრულისას და მოიცავენ კონცეპტუალურ მსჯელობას.
პიაჟემ დასახა კოგნიტური სტრუქტურების აგების რამოდენიმე პრინციპი. განვითარების ყველა სტადიის განმავლობაში ბავშვი ურთიერთობს საკუთარ გარემოსთან იმ მენტალური რუკების გამოყენებით, რომლებიც მანამდე შექმნა. თუ გამოცდილება გამეორდა, ადვილად ხდება მისი მორგება ბავშვის კოგნიტურ სტრუქტურაში ისე, რომ შენარჩუნდეს მენტალური ”თანასწორობა”. თუ გამოცდილება განსხვავებულია ან საერთოდ ახალია, ბავშვი კარგავს ”თანასწორობას” და ცვლის კოგნიტურ სტრუქტურას, რათა მოერგოს ახალ პირობებს. ამ გზით ბავშვი აგებს სულ უფრო და უფრო ადექვატურ კოგნიტურ სტრუქტურებს.

პიაჟეს თეორიის თანახმად დიდი მნიშვნელობა ენიჭება კურიკულუმის დაგეგმვას ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნას მოსწავლეების ლოგიკური და კონცეპტუალური ზრდა. მასწავლებელმა განსაკუთრებული როლი უნდა მიანიჭოს მოსწავლის ირგვლივ არსებულ გარემოს, რადგანაც ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს მის სწავლაზე.

12 October 2008

სასწავლო გარემოს დიზაინი

მიუხედავად იმისა, რომ საკლასო ოთახების დიზაინი იცვლება და უახლოვდება თანამედროვე მოთხოვნილებებს, მსოფლიოს უმეტეს სკოლებში სასწავლო გარემოს დიზაინი სწავლისა და სწავლების ძველ მოდელებზეა ორიენტირებული. ასეთი გარემო
  • მასწავლებელზე ორიენტირებულია
  • გათვლილია ისეთ სტილზე, როცა ერთი ახდენს კომუნიკაციას ბევრთან
  • ნაკლებად მოქნილია
  • ნაკლებად ხელსაყრელია ერთობლივი მუშაობისათვის და კომუნიკაციისათვის
  • ნაკლებად ხელსაყრელია ტექნოლოგიების ინტეგრირებისათვის
  • მკაცრი დიზაინი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს გარემოს ადაპტირება სხვა საჭიროებებისადმი
  • ფოკუსირებულია ინდივიდუალურ და არა ჯგუფურ მუშაობაზე
ის რომ დღეს საკლასო ოთახები უკეთ არის გარემონტებული, უკეთესი ხარისხის მერხები და დაფებია მათში განთავსებული, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი თანამედროვე მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ. ეს მნიშვნელოვნად ხელს უშლის 21 საუკუნის სწავლის პრინციპების რეალიზაციას.

თანამედროვე საკლასო ოთახი უნდა იყოს მოქნილი და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მისი ადაპტირების შესაძლებლობა სხვადასხვა საჭიროებისათვის. საკლასო ოთახში უნდა არსებობდეს სივრცე მოსწავლეების ინდივიდუალური მუშაობისათვის, სივრცე მოსწავლეების ჯგუფური მუშაობისათვის და დისკუსიისათვის, სივრცე სადაც მთელი კლასი მიიღებს მონაწილეობას დისკუსიაში, პროექტების დაგეგმვაში და დემონსრაციებში.

ბოლო წლებში სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს სასწავლო სივრცეების თანამედროვე დიზაინის პრინციპების ჩამოყალიბება. ქვემოთ წარმოდგენილია რამოდენიმე ფოტო, სადაც ასახულია ახალი დიზაინის ნიმუშები.


06 October 2008

ნეირომეცნიერება (Neuroscience)

ნეირომეცნიერება არის მეცნიერება ადამიანის ნერვული სისტემის, ტვინისა და ცნობიერების, აღქმის, მეხსიერებისა და სწავლის ბიოლოგიური საფუძვლების შესახებ.

ნერვული სისტემა და ტვინი შეადგენენ ფიზიკურ საფუძველს ადამიანის სწავლის პროცესისა. ნეირომეცნიერება აკავშირებს ჩვენს წარმოდგენებს კოგნიტურ ქცევებთან დაკავშირებით ფაქტიურად არსებულ ფიზიკურ პროცესებთან, რომლებიც განაპირობებენ ასეთ ქცევებს. ეს მეცნიერება საკმაოდ ”ახალგაზრდაა” და განიცდის სწრაფ განვითარებას.

ნეირომეცნიერების ძირითადი მიღწევები:

ტვინს აქვს ტრიადული სტრუქტურა. ჩვენი ტვინი სინამდვილეში შეიცავს სამ ტვინს: დაბალი დონის ტვინს (lower or reptilian brain), რომელიც აკონტროლებს საბაზო სენსომოტორულ ფუნქციებს, ლიმბიკურ ტვინს (mammalian or limbic brain), რომელიც აკონტროლებს ემოციებს, მეხსიერებას და ბიორიტმებს და ნეოკორტექსს ანუ მოაზროვნე ტვინს (neocortex or thinking brain), რომელიც აკონტროლებს კოგნიტურობას, მსჯელობას, ენას და უმაღლეს ინტელექტს.

ტვინი არ არის კომპიუტერი. ტვინის ნეირონების კავშირების სტრუქტურა არის თავისუფალი (განუსაზღვრელი), მოქნილი, ”მოქსოვილი”, გადაფარული და ჭარბი. შეუძლებელია, რომ ასეთმა სისტემამ იმუშაოს ხაზოვნად ან პარალელურად-მომუშავე კომპიუტერის მსგავსად. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტვინი ხასიათდება როგორც თვითორგანიზებადი სისტემა.

ტვინი იცვლება მთელი ცხოვრების მანძილზე. მენტალური კონცენტრაცია და ძალისხმევა ცვლის ტვინის ფიზიკურ სტრუქტურას. ჩვენი ნერვული უჯრედები (ნეირონები) დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან ტოტებით, რომლებსაც დენდრინები ეწოდება. ტვინში 10 მილიარდი ნეირონია და 1000 ტრილიონი კავშირი. ამ კავშირების შესაძლო კომბინაციები უზარმაზარ რიცხვს შეადგენს. როცა ტვინს ვიყენებთ, ჩვენ ვაძლიერებთ კავშირების გარკვეულ სტრუქტურებს, რაც აადვილებს შემდგომში იგივე კავშირების გამეორებას. ასე იქმნება მეხსიერება.

რა გავლენას ახდენს ნეირომეცნიერება განათლებაზე

ნეირომეცნიერების მიღწევების გათვალისწინებული კურიკულუმი ორგანიზებულია რეალური გამოცდილების ირგვლივ და ინტეგრირებულია. ის ასევე ფოკუსირებულია კომპლექსურ აზროვნებაზე და ტვინის განვითარებაზე. ნეირომეცნიერების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ სწავლა და ინტელექტუალური განვითარება მიმდინარეობს მთელი ცხოვრების მანძილზე.

05 October 2008

ბლოგების მნიშვნელობა სწავლაში

ბლოგების გამოყენების საწყის ეტაპზე ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ბლოგის ძირითადი უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ ინტერნეტის რიგით მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით გამოაქვეყნოს ინტერნეტში ინფორმაცია, რომლის გაზიარება მას სურს სხვა ადამიანებთან. ბლოგების გამოყენება სწავლაში ხშირად ასოცირდება მათში არსებული მრავალფეროვანი ინფორმაციის კითხვასთან.

ეს ძალიან ვიწრო ხედვაა. ბლოგებში არსებული ინფორმაციის კითხვა, სწავლაში ბლოგების გამოყენების მხოლოდ მცირე ნაწილია.

ძალიან საინტერესო ბლოგერის მიშელ მარტინის (Michele Martin) აზრით, ბლოგი არის ბლოგერის საუბარი საკუთარ თავთან (რეფლექსიის ფორმა) და ასევე ბლოგერის საუბარი მისი ბლოგის მკითხველთან. სწორედ ამაში გამოიხატება ბლოგის ძირითადი ფასეულობა სწავლაში. სწორედ ამ საუბრების დროს მიმდინარეობს რეალური სწავლის პროცესი.

როგორც წესი, ჩანაწერები, შენიშვნები, რომლებსაც ვაკეთებთ ქაღალდზე გამოდის ზედაპირული, დაუმთავრებელი, ჩვენ იშვიათად ვუბრუნდებით მათ. პირიქით, როცა ჩვენ ვამზადებთ გზავნილებს ბლოგისათვის, ჩნდება სურვილი (და, რაც მთავარია, არსებობს ამის დიდი შესაძლებლობები), რომ გზავნილი იყოს გამდიდრებული რესურსებითა და ბმულებით. გზავნილები, ქაღალდზე გაკეთებული ჩანაწერებისგან განსხვავებით, ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ინტერნეტის ყველა მომხმარებლისათვის. როცა ადამიანი აქტიურად აკვირდება და აანალიზებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას (და სწორედ ეს ხდება პროფესიული ბლოგის წარმოებისას), ის იწყებს რეალურ და აქტიურ სწავლას.

ბლოგების მთავარი ფასეულობა სწავლაში არის ის, რომ მათი საშუალებით ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ცოდნის შექმნაში.

03 October 2008

კონსტრუქტივიზმი (Constructivism)

კონსტრუქტივიზმი არის სწავლის ფილოსოფია, რომელიც ეფუძნება იდეას, რომ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ ვაგებთ (ვახდენთ კონსტრუირებას) საკუთარ გაგებას იმ სამყაროსი, რომელშიც ვცხოვრობთ. თითოეული ჩვენგანი აყალიბებს საკუთარ ”წესებსა” და ”მენტალურ მოდელებს”, რომლებსაც ვიყენებთ ჩვენი გამოცდილების გააზრებისას. აქედან გამომდინარე სწავლა უბრალოდ არის ჩვენი მენტალური მოდელების ახალ გამოცდილებასთან მორგების პროცესი.

გამოყოფენ კონსტრუქტივიზმის შემდეგ ძირითად პრინციპებს:
  1. სწავლა არის არსის ძიება. ამიტომ სწავლა უნდა დაიწყოს იმ საკითხების ჩამოყალიბებით, რომლებთანაც დაკავშირებით მოსწავლეები აქტიურად ეცდებიან არსის კონსტრუირებას.
  2. არსის გაგება მოითხოვს როგორც მთელის, ასევე მის ნაწილის გაგებას. ნაწილები უნდა იქნეს გაგებული მთლიანის კონტექსტში. ამიტომ, სწავლის პროცესი ფოკუსირებულია ძირითად ცნებებზე (მთავარზე) და არა იზოლირებულ ფაქტებზე.
  3. კარგად რომ ვასწავლოთ, ჩვენ უნდა გვესმოდეს ის მენტალური მოდელები, რომლებსაც მოსწავლეები იყენებენ სამყაროს აღსათქმელად და ის ვარაუდები (წარმოდგენები), რომლებსაც ისინი იყენებენ ამ მოდელების მხარდასაჭერად (გასამტკიცებლად).
  4. ინდივიდის სწავლის დანიშნულებაა საკუთარი გაგების (საკუთარი არსის) კონსტრუირება და არა ”სწორი” პასუხების დამახსოვრება ან სხვის გაგების გადმოცემა. ვინაიდან განათლება არსებითად ინტერდისციპლინურია, არსებობს სწავლის გაზომვის ერთადერთი ფასეული გზა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ შეფასება უნდა გახდეს სწავლის პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოსწავლეს უზრუნველყოფს მისი სწავლის ხარისხთან დაკავშირებული ჭეშმარიტი და სრული ინფორმაციით,
რა გავლენას ახდენს კონსტრუქტივიზმი სწავლაზე

კურიკულუმი - კონსტრუქტივიზმი მოგვიხმობს სტანდარტიზირებული კურიკულუმის უარყოფისაკენ. ის მოგვიწოდებს, რომ გამოვიყენოთ ისეთი კურიკულუმი, რომელიც ეფუძნება მოსწავლეების წინა ცოდნას, ანუ იმ ცოდნას, რომელსაც მოსწავლე უკვე ფლობს. ასევე ის ამახვილებს ყურადღებას პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაზე.

სწავლება - კონსტრუქტივიზმის თეორიის თანახმად მასწავლებელი ფოკუსირებულია იმაზე, რომ აჩვენოს მოსწავლეს კავშირები ფაქტებს შორის და ხელი შეუწყოს მოსწავლეების ახალ გაგებას. მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს სწავლების სტრატეგიები მოსწავლეების თავისებურებების გათვალისწინებით, რათა მაქსიმალურად წაახალისოს მოსწავლეებში ინფორმაციის ანალიზის, აღქმისა და პროგნოზირების უნარი.

შეფასება - კონსტრუქტივიზმი მოგვიხმობს ხარისხების (რანგების) და სტანდარტიზებული ტესტების უარყიფისაკენ. ამის მაგივრად, შეფასება უნდა გახდეს სწავლის პროცესის შემადგენელ ნაწილად ისე, რომ მოსწავლეების როლი საკუთარი პროგრესის დადგენაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

02 October 2008

Google 10 წლისაა

კომპანია Google ათი წლის გახდა. ეს კომპანია შესანიშნავი ნიმუშია საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომის.
Google-ის ოფიციალურ საიუბილეო ვებ-გვერდზე წარმოდგენილია დროის სკალა, რომელზეც ასახულია Google-ის განვითარების ისტორია.

Google-მა გამოყო 10 მლნ. დოლარი პროექტებისათვის, სადაც წარმოდგენილი იქნება იდეები, რომლებსაც მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ადამიანების დახმარება შეეძლებათ. Google-ი ასევე დაეხმარება საუკეთესო პროექტების ავტორებს საკუთარი იდეების განხორციელებაში.

01 October 2008

უფასო ფოტორესურსები ინტერნეტში

ბლოგის გზავნილების შესაქმნელად ხშირად გვჭირდება სხვადასხვა შინაარსის ნახატები და ფოტოები. იმის ცოდნა, თუ სად შეიძლება მათი მოძიება ინტერნეტში, ძალიან სასარგებლოა. აქ წარმოდგენილია იმ საიტების მისამართები, სადაც შესაძლებელია უფასო ფოტორესურსების მოძიება.


Bigfoto.com
ეს საიტი წარმოადგენს ფოტოების რეპოზიტორიუმს. ფოტოები დაყოფილია კატეგორიებად, როგორიცაა, America, Asia, Europe, Africa. წარმოდგენილია ასევე თემატური (Themes) ფოტოები, როგორიცაა ადამიანი (Human), ბუნება (Nature), ავიაცია (Aviation), ახალი წელი (Christmas) და სხვა.

Geek Philosopher
აქ წარმოდგენილია უფასო ფოტოები, რომლებიც დაყოფილია ცხრა ძირითად კატეგორიად. კატეგორიები მენიუს სახით წარმოდგენილია ვებ-გვერდის თავში. თითოეულ კატეგორიას აქვს სხვადასხვა რაოდენობის ქვეკატეგორიები. საკმაოდ მრავალფეროვანი კოლექციაა წარმოდგენილი.

FreeImages.co.uk
საიტზე წარმოდგენილია 2500 ფოტო. საწყის ვებ-გვერდზე სამი ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიის ფოტოებს. აქვე შესაძლებელია პრეზენტაციების ფაილების გადმოწერა.

FreeDigitalPhotos.net
წარმოდგენილია 2000 ფოტო, რომლებიც დაყოფილია კატეგორიებად. შესაძლებელია საძიებო სტრიქონის საშუალებით სხვადასხვა თემატიკის ფოტოების მოძიება.

FreePhotosBank
კატეგორიებად დაყოფილი უფასო ფოტოების საცავი. თუ ვებ-გვერდის თავში წარმოდგენილ მენიუში ავირჩევთ Hot List, ეკრანზე გამოვა საიტის ყველაზე პოპულარული, ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ფოტოების ჩამონათვალი.

From Old Books
ძველი წიგნებიდან სკანირებული 800-მდე ფოტო.

Woophy
ამ საიტზე განთავსებულია 23000 ფოტო. საძიებო სისტემის გამოყენებით შესაძლებელია ფოტოების მოძიება სხვადასხვა პარამეტრებით. საიტზე ჩნდება მსოფლიო რუკა, რომლის დახმარებით შეგვიძლია სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებთან დაკავშირებული ფოტოების ჩამონათვალის გამოტანა.

ფოტოების მოძიება შესაძლებელია ასევე სხვადასხვა საძიებო სისტემების გამოყენებით, როგორიცაა:

Ask.com Picture Search
Creative Commons Search
Flickr
Google Image Search
Picsearch
Yotophoto