ბლოგების გამოყენების საწყის ეტაპზე ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ბლოგის ძირითადი უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ ინტერნეტის რიგით მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებით გამოაქვეყნოს ინტერნეტში ინფორმაცია, რომლის გაზიარება მას სურს სხვა ადამიანებთან. ბლოგების გამოყენება სწავლაში ხშირად ასოცირდება მათში არსებული მრავალფეროვანი ინფორმაციის კითხვასთან.
ეს ძალიან ვიწრო ხედვაა. ბლოგებში არსებული ინფორმაციის კითხვა, სწავლაში ბლოგების გამოყენების მხოლოდ მცირე ნაწილია.
ძალიან საინტერესო ბლოგერის მიშელ მარტინის (Michele Martin) აზრით, ბლოგი არის ბლოგერის საუბარი საკუთარ თავთან (რეფლექსიის ფორმა) და ასევე ბლოგერის საუბარი მისი ბლოგის მკითხველთან. სწორედ ამაში გამოიხატება ბლოგის ძირითადი ფასეულობა სწავლაში. სწორედ ამ საუბრების დროს მიმდინარეობს რეალური სწავლის პროცესი.
როგორც წესი, ჩანაწერები, შენიშვნები, რომლებსაც ვაკეთებთ ქაღალდზე გამოდის ზედაპირული, დაუმთავრებელი, ჩვენ იშვიათად ვუბრუნდებით მათ. პირიქით, როცა ჩვენ ვამზადებთ გზავნილებს ბლოგისათვის, ჩნდება სურვილი (და, რაც მთავარია, არსებობს ამის დიდი შესაძლებლობები), რომ გზავნილი იყოს გამდიდრებული რესურსებითა და ბმულებით. გზავნილები, ქაღალდზე გაკეთებული ჩანაწერებისგან განსხვავებით, ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ინტერნეტის ყველა მომხმარებლისათვის. როცა ადამიანი აქტიურად აკვირდება და აანალიზებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას (და სწორედ ეს ხდება პროფესიული ბლოგის წარმოებისას), ის იწყებს რეალურ და აქტიურ სწავლას.
ბლოგების მთავარი ფასეულობა სწავლაში არის ის, რომ მათი საშუალებით ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ცოდნის შექმნაში.
05 October 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment