21 საუკუნეში განათლების მიზნები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ მიზნებისგან, რომლებიც თუნდაც 10-15 წლის წინად იდგა. თანამედროვე სწავლის თეორიის ფუნდამენტალურ პრინციპს წარმოადგენს ის, რომ განსხვავებული სასწავლო მიზნები მოითხოვენ განსხვავებულ მიდგომებს სწავლებაში, მოითხოვენ ასევე განსხვავებულ სასწავლო გარემოს.
ნაშრომში "How People Learn" განხილულია სასწავლო გარემოს ოთხი პერსპექტივა, რომლებიც წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების სისტემას:
მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო (Learner-Centered Environment) ამახვილებს ყურადღებას მოსწავლის წარმოდგენებზე და დამოკიდებულებებზე და იწყებს სწავლებას იმით, თუ რაზე ფიქრობენ და რა იციან მოსწავლეებმა.
სწავლება უნდა იწყებოდეს დიდი ყურადღებით მოსწავლეთა იდეების, ცოდნის, უნარების და დამოკიდებულებების მიმართ, რაც არის ახალი ცოდნის აგების საფუძველი.
იყო მოსწავლეზე ორიენტირებული ნიშნავს ანგარიში გაუწიო მოსწავლის მომზადების დონეს და კულტურულ ფასეულობებს, ასევე მის შესაძლებლობებს. ახალი ცოდნა უნდა აიგოს იმ კონცეპტუალურ და კულტურულ ცოდნაზე, რომელიც მოსწავლეს მოაქვს კლასში.
მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო დიდ ყურადღებას აქცევს და გაგებით ეკიდება მოსწავლეს ენობრივ გამოცდილებას, რადგანაც ეს გამოცდილება წარმოადგენს შემდგომი სწავლის საფუძველს.
მასწავლებელმა უნდა მოძებნოს მოსწავლის ძლიერი მხარე, რათა ჩართოს ის სწავლის პროცესში.
ცოდნაზე ორიენტირებული გარემო (Knowledge-Centered Environment) ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რა ისწავლება (საგანის არსი) , რატომ ისწავლება (გაგება), როგორ უნდა მოხდეს ცოდნის ორგანიზება (სასწავლო გეგმა) და რა შედეგი უნდა მივიღოთ (სწავლის მიზნები).
აქ რამოდენიმე ძირითადი კითხვა უნდა დაისვას:
- რა ცოდნა და უნარებია საჭირო მოსწავლისათვის?
- რა ძირითადი ცნებებია, რომელთა გარშემო უნდა მოხდეს საგნის არსის გაგება და რა კონკრეტული და დეტალური ცოდნაა საჭირო, რომ მოსწავლემ ღრმად აითვისოს ეს ცნებები?
- როგორ უნდა გავიგოთ, რომ მოსწავლემ მიაღწია საჭირო დონეს?
შეფასებაზე ორიენტირებული გარემო (Assessment-Centered Environment) ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ საჭიროა პირობების შექმნა რათა ხილვადი გახდეს მოსწავლეს აზროვნება და სწავლა, რაც დაეხმარება როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეს სწავლებაში და სწავლაში.
შეფასება არის მთავარი მახასიათებელი როგორც მოსწავლეზე ორიენტირებული, ასევე ცოდნაზე ორიენტირებული გარემოსი. ის საშუალებას აძლევს მასწავლებელს დაადგინოს მოსწავლის ცრუწარმოდგენები, მისი აზროვნების უნარი, მოსწავლის პროგრესის დონე, მოახდინოს კორექტივები სწავლების პროცესში, რათა შეუსაბამოს ის მოსწავლეთა მოთხოვნებს.
ძალიან მნიშვნელოვანია მივცეთ მოსწავლეს შესაძლებლობა დააკვირდეს და გააუმჯობესოს საკუთარი აზროვნების უნარი. მნიშვნელოვანია ასევე დავეხმაროთ მოსწავლეს იმ სტრატეგიების შეფასებაში, რომლებსაც ის იყენებს სწავლისას და პრობლემების გადაწყვეტისას.
თემზე ორიენტირებული გარემო (Community-Centered Environment) აყალიბებს კითხვების დასმის, ერთმანეთის პატივისცემის, რისკის გაწევის კულტურას.
თემზე ორიენტირებული მიდგომა გვეხმარება საკლასო და სასკოლო ნორმების დადგენაში და ასევე გარე სამყაროსთან კავშირების დამყარებაში.
მოსწავლეთა აზროვნებაზე ფოკუსირება მოითხოვს ისეთი ნორმების დამკვიდრებას, რომლებიც ხელს უწყობენ იდეების თავისუფლად გამოთქმას და რისკის გაწევას.
თემზე ორიენტირებულ გარემოში წარმოუდგენელია მოსწავლის შეცდომაში ან პასუხის არცოდნაში გამოჭერა.
No comments:
Post a Comment