31 October 2008

რამდენად ეფექტიანია ტექნოლოგიების გამოყენება სწავლაში?

მსოფლიოს სკოლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. იზრდება სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების (კომპიუტერები, ნოუთბუქები, ინტერნეტი, საპრეზენტაციო მოწყობილობები და სხვა) რაოდენობა. ეს მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს, ამიტომ ბუნებრივია, რომ სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: რამდენად ეფექტიანია საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება სკოლაში, რამდენად უწყობენ ხელს ეს ტექნოლოგიები 21 საუკუნის საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

პასუხი ამ კითხვაზე არ არის აშკარად დადებითი. ბევრი ადამიანი, მათ შორის სხვადასხვა დარგის მეცნიერებიც, სკეპტიკურად არიან განწყობილი იმ აზრისადმი, რომ ტექნოლოგიებს მართლაც დადებითი გავლენა აქვთ სწავლაზე. მათ სკეპტიციზმს საკმაოდ სერიოზული კვლევების შედეგებიც ამყარებენ.

მაგალითად, 2000 წელს Kirk Johnson-მა (Heritage Foundation) გაანალიზა NAEP-ის (National Assessment of Educational Progress) მონაცემები და გამოიტანა დასკვნა, რომ იმ მოსწავლეების შედეგები წერაში, რომლებსაც კვირაში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ უტარდებათ კომპიუტერული გაკვეთილები კარგად მომზადებული მასწავლებლის მიერ, არაფრით არ არის უკეთესი იმ მოსწავლეების შედეგებზე, რომლებსაც ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ უტარდებათ კომპიუტერული გაკვეთილები.

2004 წელს მიუნხენის უნივერსიტეტის ეკონომისტებმა გაანალიზეს საერთაშორისო ტესტირებების შედეგები და დაასკვნეს, რომ მოსწავლეების შედეგები მათემატიკაში და კითხვაში პირდაპირ ნეგატიურ სტატისტიკურ დამოკიდებულებაშია იმასთან, რომ ამ მოსწავლეებს სახლში აქვთ კომპიუტერი, ხოლო მათ სკოლებში კომპიუტერების არსებობა არანაირად არ აისახება შედეგებზე.

2007 წელს New York Times-მა ყურადღება გაამახვილა ზოგიერთ ქალაქებსა და სასკოლო ოლქებში შემჩნეულ ტენდენციაზე, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მათ სკოლებში გაიზარდა უნდობლობა ძვირადღირებული კომპიუტერული პროექტების მიმართ, რადგანაც მათი დაკვირვებით კარგად აღჭურვილი სკოლების მოსწავლეების შედეგები არაფრით არ განსხვავდება იმ სკოლების მოსწავლეების შედეგებისგან, რომლებიც მცირედ ან საერთოდ არ არის აღჭურვილი კომპიუტერული ტექნიკით.

რა თქმა უნდა ამ და კიდევ სხვა მრავალი კვლევის შედეგები დამაფიქრებელია. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შედეგები სულაც არ ადასტურებენ იმას, რომ საგანმანათლებლო ტექნოლოგიები არაეფექტიანია სწავლაში. ეს კვლევები გვაჩვენებენ, რომ არასწორად, ზედაპირულად განხორციელებულ კომპიუტერიზაციას ნამდვილად არანაირი შედეგი არ მოაქვს და მასზედ გაწეული ხარჯები გაუმართლებელია. თუ სკოლების ტექნოლოგიური აღჭურვა არის მხოლოდ თვითმიზანი და არ განიხილება სკოლის კონკრეტული ამოცანებისა და პრობლემების გადაჭრის საშუალებად, შედეგი ძალიან დაბალი იქნება.

ტექნოლოგიის ინტეგრაცია სწავლაში არის ინოვაციური საქმიანობა, რომელიც ნაკლებად ერგება სკოლის ტრადიციულ მოდელს. ბუნებრივია, რომ სკოლა ცდილობს მოაქციოს ეს ინოვაცია არსებულ ჩარჩოში. ტრადიციული საკლასო ოთახის ტრანსფორმაცია, ტრადიციული სწავლის ტრანსფორმაცია არ ხდება და ამიტომაც სკოლის კომპიუტერიზაციის დონე არ აისახება სწავლის ხარისხზე.

”მიუხედავად მრავალი სირთულეებისა საკლასო ოთახები ფუნდამენტალურად იცვლება. ეს ცვლილებები ყველგან იგრძნობა და მათი საფუძველია ქსელში ჩართული მილიონობით კომპიუტერი, რომლებიც კოლექტიურად აწარმოებენ 2000 გიგაბაიტ ინფორმაციას წამში.

საკლასო ოთახის ტრადიციული მოდელი ჩამოყალიბდა მაშინ, როცა ინფორმაცია არასაკმარისი და რთულად მოსაპოვებელი იყო. დღეს შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის მთელი ცოდნა ხელმისაწვდომია საკლასო ოთახში, რომელიც აღჭურვილია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით. საკლასო ოთახები, რომლებიც გათვლილი იყო ავტორიტეტების მიერ შექმნილი ცოდნის მოსწავლესათვის გადაცემაზე, დღეს ჩაფლულია ციფრულ ინფორმაციაში, სადაც ცოდნა იქმნება და არა მოიძიება, სადაც ავტორიტეტი დგინდება დისკუსიებით და მონაწილეობით”.

ზოგიერთი პროგნოზებით 2019 წლისათვის საგანმანათლებლო კურსების 50% ონლაინ იქნება წარმოდგენილი.

ცვლილებები კარს მოგვადგა. რამოდენიმე წელიწადში სულ სხვა კუთხით იქნება განხილული ტექნოლოგიის ინტეგრაციის პრობლემები. მთავარია არ დავკარგოთ დრო და უკეთ მოვემზადოთ ამ ცვლილებებისათვის. Web 2.0 ტექნოლოგიები სერიოზული მანიშნებელია მომავალი ცვლილებებისა. ამ ტექნოლოგიების ათვისება და გამოყენება სწავლაში კარგი მოსამზადებელი ნაბიჯი იქნება მომავლისათვის.

No comments: