ნეირომეცნიერებაში მიმდინარე კვლევები და მათი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია განათლებისათვის. ბოლო წლებში, კვლევის ახალი მეთოდებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ადამიანის ტვინის ფუნქციონირების კანონების გაგებას. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი, მაგრამ მიღწევებიც, წინა წლებთან შედარებით, დიდია.
მაგალითად, ძალიან საინტერესო და ჩვენთვის დამაფიქრებელი შედეგები მიიღეს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა: იმ ბავშვების ტვინი, რომლებიც იზრდებიან ხელმოკლე ოჯახებში ფუნქციონირებს განსვავებულად, ვიდრე ბავშვების შეძლებულ ოჯახებიდან.
სპეციალური მოწყობილობით, ელექტროენცეფალოგრაფით (EEG), გაზომეს 9-10 წლის ბავშვების ტვინის ელექტრული აქტივობა და აღმოჩნდა, რომ განსხვავებული სოციალური სტატუსის მქონე ბავშვებს შეემჩნევათ განსხვავებები ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც პასუხისმგებელია კრეატულობის და პრობლემების გადაწყვეტის უნარზე.
ხელმოკლე ოჯახებიდან ბავშვების ტვინის ფიზიოლოგიური პატერნები აღმოჩნდა მსგავსი იმ ზრდასრულთა პატერნებისა, რომლებსაც აქვთ დაზიანებები ტვინის ფრონტალურ ნაწილში (Frontal Lobe).
აქვე უნდა ითქვას, რომ გამოკვლეულ ბავშვებს არ აღენიშნებოდათ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემები. კვლევაში გამოვლენილი განსხვავებები ძირითადად განპირობებულია გასხვავებული გარემოთი.
არსებობს ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებიც, რომლებიც აჩვენებენ სტრესული და კოგნიტურად ღარიბი გარემოს უარყოფით გავლენას ტვინის განვითარებაზე.
ძალიან საინტერესოა ერთ-ერთი წინა კვლევის შედეგებიც, რომელმაც დაადგინა, რომ ბავშვები ხელმოკლე ოჯახებიდან ოთხი წლის ასაკამდე ისმენენ 30 მილიონ სიტყვაზე ნაკლებს, ვიდრე საშუალო კლასის სტატუსის მქონე ოჯახებში, რაც თავის მხრივ დიდ გავლენას ახდენს მათ განვითარებაზე. ანუ უბრალო საუბრითაც კი, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბავშვის ტვინის განვითარებას.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ღარიბი ბავშვი განიცდის ასეთ პრობლემებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ადასტურებს გარემოს დიდ გავლენას ბავშვის განვითარებაზე. ეს პირველი კვლევებია ამ მიმართულებით, ამიტომ ჯერ არ არის გარკვეული რამდენად გამოიხატება ეს განსხვავებები ინტელექტში და სხვა ფაქტორებში. მეცნიერები აქვე დასძენენ, რომ ამ პრობლემების გამოსწორება შესაძლებელია სპეციალური ტრენინგებით, ანუ ეს არ არის ფატალური. მთავარია ამის გაკეთება დროულად.
თუ გავითვალისწინებთ ჩვენში არსებულ აუმრავ ღარიბ და ხელმოკლე ოჯახს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა პირობებში იზრდებიან მათი ბავშვები და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს ჩვენი მომავლისათვის. ამ პირობებში ძალიან დიდია სკოლების როლი, რომლებმაც უნდა მისცენ ასეთ ბავშვებს რეაბილიტიაციის შესაძლებლობა. ეს მიმართულება სკოლების მუშაობაში ერთ-ერთი უმთავრესი უნდა იყოს.
ამ საქმეში საინფორმაციო ტექნოლოგიები უდიდეს დახმარებას გაგვიწევენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიების ათვისებაში და გამოყენებაში დავეხმაროთ სწორედ იმ ბავშვებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ სწავლაში და ქცევაში. სამწუხაროდ, არსებული დაკვირვებებით, სკოლების უმეტესობაში ეს არ ხდება. მიმდინარე საკონკურსო პროექტებში მონაწილეობს მხოლოდ მოსწავლეთა მცირე ნაწილი, რაც სერიოზულად ამცირებს სკოლებში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გავლენის ეფექტს სწავლაზე.
05 December 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment