საინტერესო გზავნილი შემხვდა LeMill-ის ბლოგზე სათაურით ”Georgian LeMill has reached 2000 learning resources”, რომელიც დათარიღებულია 2008 წლის 20 ნოემბრით.
გზავნილში ნათქვამია, რომ LeMill-ის ყველაზე აქტიური მონაწილე საქართველოა და ამ პორტალზე გამოქვეყნებული ქართული რესურსების რიცხვმა 2000 მიაღწია. რაც ყველაზე საინტერესოა, თურმე ეს უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნების (სულ 50 ქვეყანა) მასწავლებლემის მიერ ატვირთული რესურსების რიცხვი, რომელმაც შეადგინა 1477.
როგორ შეიძლება ამის ახსნა? ჩემი აზრით, ეს უფრო უარყოფითი მოვლენაა, ვიდრე დადებითი, რომელიც გვაჩვენებს, რომ სხვა ქვეყნებში, ჩვენგან განსხვავებით, უკეთ გაერკვნენ, რომ LeMill-ი საკმაოდ რიგითი პროექტია და არ იმსახურებს ისეთ ყურადღებას, რაც ჩვენში იყო გამოვლენილი. ეს კიდევ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან ფაქტიურად არ არის არჩევანი, არ არის დისკუსია და ყველა ხელმძღვანელობს მხოლოდ იმით, რასაც ”ირმის ნახტომის” ესტონელი კონსულტანტები გვთავაზობენ.
საქართველოში LeMill-ის ”ათვისება” ხდებოდა მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ესტონეთშიც, იზრდებოდა ყურადღება Web 2.0 ტექნოლოგიების მიმართ და ’სასწავლო ობიექტების” და ’სასწავლო მასალების საცავის” იდეა კარგავდა აქტუალობას.
სამწუხაროდ ჩვენ ისევ ვიგვიანებთ, ისევ ვხარჯავთ რესურსებს არაეფექტურად.
24 December 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
ბატონო ჯემალ,
პირველყოვლისა მინდა გამოვთქვა პატივისცემა თქვენდამი და თქვენი ბლოგის მიმართ. იმავდროულად არ დაგეთანხმოთ ამ პოსტში გამოთქნმული მოსაზრების გამო.
"სასწავლო ობიექტები" არათუ არ ეწინააღმდეგება, სწორედ web 2.o კონცეფციით ვითარდება. ის, განსხვავებით web 1.o სტატიური გვერდებისაგან დამოუკიდებელი და მობილურია. წარმოადგენს "ცოდნის მოზაიკის" ნაწილს, რომელიც კოლექტიური კოლაბორაციის გზით სხვადასხვა ინფორმაციულ კონტექსტში, ქსოვილში მოხვედრის შედეგად ვითარდება თავად და ანვითარებს სხვას. სწორედ ეს ქმნის ცოდნის, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, კალეიდოსკოპს, მრავალფეროვნებას, რომლითაც გამოირჩევა ახალი თაობის ინტეერნეტი.
ხოლო რაც შეეხება lemill-ს, რომელიც თავისი სტრუქტურით wikipedia-ს კოლექტიური კონსტრუქტივიზმზეა დაფუძნებული, არის ინსტრუმენტი და გარემო, რომელიც აძლევს მომხმარებელს საშუალებას გაეცნოს სხვების მიერ შექმნილ ობიექტებს ერთი მხრივ და მეორე მხრივ - გაარღვიოს პასიური მაყურებლის საზღვრები და გახდის თანამონაწილე ცოდნის გენერირების პროცესის.
მე სწორედ ასე მესმის web 2.0. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოება ფლობდეს ამ ინსტრუმენტებს. სწორედ ამიტომ, ჩემ მეგობრებთან ერთად ვცდილობდი და ვცდილობ ამ და სხვა მსგავსი ინერტნეტ-სერვისების დანერგვას ქართულ განათლების სივრცეში.
მოხარული ვარ, რომ ამ საკითხებზე არის ფიქრი.
პატივისცემით, დავით კიზირია (უკაცრავად დაგვიანებული კომენტარისათვის, უბრალოდ სტატია ახლა აღმოვაჩინე)
Post a Comment