23 October 2009

ტექნოლოგიური სიახლეები - 23 - 10 - 09

საძიები სისტემა Microsoft Bing მიიღებს Twitter-ის და Facebook-ის რეალური დროის რეჟიმში ინდექსირების უფლებას. შედეგად ამ საიტებზე არსებული საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია დაექვემდებარება ამ სისტემით ძებნას. Google-მაც განაცხადა, რომ ანალოგიური შეთანხმება აქვს Twitter-თან. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ამ ორი საძიებო სისტემის ძებნის არეალს.


აშშ-ს კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი ქსელური ნეიტრალიტეტის კონცეფციას. ამ კონცეფციის თანახმად პროვაიდერებს ეკრძალებათ ტრაფიკის რეგულირება კონკრეტული საიტების სასარგებლოდ. ეკრძალებათ ასევე ცალკეული საიტებისა და გარკვეული ტიპის კონტენტის დისკრიმინაცია. სატელეკომუნიკაციო კომპანიების ურთიერთობა კლიენტებთან უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. პროვაიდერებს ეკრძალებათ კანონიერი კონტენტის და სერვისების ბლოკირება. ჩემი აზრით ეს ძალიან პროგრესული კონცეფციაა, რომელიც ხელს შეუწყობს ინტერნეტის განვითარებას.


პროექტ Internet Archive-მა განაცხადა BookServer-ის გაშვების შესახებ. BookServer არის ელექტრონული წიგნების დისტრიბუციის უნივერსალური და ღია სისტემა. ეს სისტემა უზრუნველყოფს ყველა არსებული (მაღაზიებში, ბიბლიოთეკებში და ღია წვდომაში) წიგნების კატალოგიზაციას, რაც გაუადვილებს ადამიანებს საჭირო ინფორმაციის მოძებნას. მოძებნილი ელექტრონული ტექსტის წაკითხვა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მოწყობილობით. დღეისათვის ეს კატალოგი მოიცავს 1,6 მილიონი დასახელების წიგნს.

No comments: