ყოველწლიურად New Media Consortium-მი Horizon პროექტის ფარგლებში ატარებს კვლევას რათა დაადგინოს, თუ რა ტექნოლოგიები მოახდენენ ყველაზე დიდ გავლენას სწავლა/სწავლებაზე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში. კვლევის შედეგები ქვეყნდება სპეციალური ანგარიშის (Horizon Report) სახით.
2009 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ინოვაციებისა და კრეატულობის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. სულ უფრო იზრდება იმ სამუშაოების რიცხვი, სადაც მუშაკებისგან პირველ რიგში მოითხოვენ იმპროვიზაციას, შემოქმედებას. აღნიშნულია, რომ განათლების სისტემამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს ტენდენცია, რათა მოამზადოს ახალგაზრდები დროის მოთხოვნილებების შესაბამისად.
აღნიშნულია ასევე, რომ ტექნოლოგიების როლი ადამიანის ცხოვრებაში დიდი ტემპებით იზრდება. ინტერნეტი ფაქტიურად შლის საზღვრებს ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის. ინტერნეტი გადაიქცა ვირტუალურ სივრცედ, სადაც ადამიანები ურთიერთობენ თანამშრომლებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ინტერნეტი არის მოსწავლეების სწავლის გაძლიერების, მათი კომუნიკაციისა და სოციალიზაციის ინსტრუმენტი.
იცვლება სწავლის გარემოს ხედვა. სწავლის გარემო აღარ არის შეზღუდული ფიზიკური სივრცით. მისი შემადგენელი ნაწილია ვირტუალური სივრცე, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ”გავიდნენ” საკლასო ოთახის კედლებს გარეთ და დაუკავშირდნენ მთელ მსოფლიოს. აქვე აღნიშნულია, რომ ვირტუალურ სივრცეში მოსწავლეებისათვის გაცილებით მიმზიდველია მოქნილი, თავისუფალი ინსტრუმენტები და არა კომერციული პროდუქტები, მაგალითად, სხვადასხვა სახის სწავლის მართვის სისტემები (learning management systems).
ანგარიშში გამოყოფილია ექვსი ტექნოლოგია, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენენ განათლებაში უახლოეს ხუთ წელიწადში. ეს ტექნოლოგიებია:
ინტერნეტის მობილური მოწყობილობები (რომელთა საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის სრული კონტენტი)
პრივატული ”ღრუბელი” (cloud computing-ის უსაფრთხო გარემო)
ღია კონტენტი (ტრადიციულ სახელმძღვანელოებთან ერთად სწავლაში ფართოდ გამოიყენება ინტერნეტში არსებული ღია საგანმანათლებლო ინფორმაცია. ბლოგები ასეთი გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია)
ვირტუალური, გაფართოებული და ალტერნატიული რეალობები (ეს არის სხვადასხვა სიმულატორების, ვირტუალური ექსპერიმენტების, ვირტუალური თამაშების გამოყენების ფართე შესაძლებლობები)
ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სწავლა (მობილური მოწყობილობები ადვილად დაადგენენ მოსწავლის ფიზიკურ ადგილმდებარეობას და მიაწვდიან მას ამ ადგილისათვის რელევანტურ ინფორმაციას ანუ შესაძლებელი ხდება სწავლის სოციალურ კონტექსტთან დაკავშირება)
”ჭკვიანი” ობიექტები და მოწყობილობები (ეს მოწყობილობები ადვილად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ინფორმაციისა და მედიის სხვადასხვა ობიექტებს)
04 October 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment