პასუხი თვით კითხვაშია: სამოქალაქო საზოგადოების სკოლა უნდა იყოს სამოქალაქო სკოლა ანუ უფრო კონკრეტულად - მოქალაქეების სკოლა.
ჭეშმარიტად დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანთა ჯგუფებს ეძლევათ საშუალება დააფუძნონ სკოლა, რომელიც შეესაბამება მათ ფასეულობებს, მსოფლმხედველობას და სრული თაცისუფლება, ამ სკოლის საქმიანობის წარმართვის. მაგალითად, თავისუფლება შექმნან სკოლის სასწავლო გეგმა, მოიწვიონ ის მასწავლებლები, რომლებიც იზიარებენ ადამიანთა ამ ჯგუფის ხედვასა და ფასეულობებს. სწორედ ეს შეუწყობს ხელს აღზრდის პრობლემის გადაწყვეტას, რომელსაც აბსოლუტურად ვერ წყვეტს სახელმწიფო მართვის ქვეშ მყოფი სკოლა.
აქ საუბარია არა კერძო, კომერციულ სკოლაზე, არამედ თავისუფალ სკოლაზე, რომელსაც აფუძნებენ მოქალაქეები და, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
სამოქალაქო სკოლის მოდელი წარმოადგენს დემოკრეტიული ქვეყნის სკოლის ოპტიმალურ ხედვას, რომელიც ჩემი აზრით უფრო მისაღებია, ვოდრე გავრცელებული ხედვები: ერთის მხრივ ტოტალურად სახელმწიფო სკოლის (კომუნიტარიზმი) და მეორეს მხრივ - ბაზარზე სრულად მინდობილი სკოლის (რადიკალური ლიბერალიზმი).
რა პრინციპებს ეფუძნება სამოქალაქო სკოლის მოდელი?
- სახელმწიფოს ვეღარ შეუძლია ერთპიროვნულად მართოს სკოლა. სახელმწიფო იზიარებს ამ აზრს და თვითონ მიდის სკოლიდან.
- სახელმწიფო არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან სკოლის წინაშე. მაგრამ ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება მხოლოდ სკოლის მხარდაჭერაში: რესურსებით უზრუნველყოფა, კოორდინაცია, სტანდარტიზაცია, უსაფრთხოება და სხვა.
- ჭეშმარიტი განათლება და აღზრდა შესაძლებელია მაშინ, როცა მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აქვთ ფასეულობათა საერთო ორიენტაცია. სწორედ ეს არის ძირითადი არგუმენტი, რომელიც განაპირობებს სახელმწიფოს წასვლას სკოლიდან, რადგანაც ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპი სწორედ ფასეულებრივი, მსოფლმხედველობითი ნეიტრალიტეტია (ის უნდა იყოს ყველა მოქალაქის სახელმწიფო). სკოლა კი ვერ იქნება ნეიტრალური ფასეულობათა მიმართ.
- სამოქალაქო სკოლაში დასაშვებია პედაგოგიური სისტემების მრავალფეროვნება ანუ პედაგოგიური პლურალიზმი.
მაგალითად, ძველი დემოკრატიის ქვეყნებში, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, დანია, ნიდერლანდები, სადაც ძლიერია განათლების სამოქალაქო ტრადიციები, სკოლის მოდელი ახლოსაა ამ იდეალურ მოდელთან და ეს ტენდენცია ვითარდება.
ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, რომლებშიც დემოკრატია გაიგება უფრო იურიდიულ-ნორმატიულად, შესაბამისად სკოლის მოდელიც უფრო ცენტრალიზებულისკენ იხრება.
რამდენადაც ვიცი, ჩვენშიც მიმდინარეობდა გარკვეული დისკუსიები სკოლის მოდელთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ ოპტიმალური ხედვა ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა. დღეისათვის ჩვენ გვაქვს სკოლის ”ეკლეკტიკური მოდელი”, რომელიც სხვადასხვა ხედვების ნარევს წარმოადგენს და შესაბამის შედეგებსაც იძლევა.
No comments:
Post a Comment