17 October 2009

მეოთხე გამოცდასთან დაკავშირებით

სიმონ ჯანაშიას ბლოგში წავიკითხე გზავნილი ”ცვლილება ერთიან ეროვნულ გამოცდებში SoS!”, სადაც გამოთქმულია მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად მომავალ წლიდან ეროვნულ გამოცდებს ემატება მე-4 სავალდებულო გამოცდა.

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მე დადებითად ვაფასებ ერთიანი ეროვნული გამოცდების როლს. ამ გამოცდებმა გადაჭრა მთავარი პრობლემა: ყველა აბიტურიენტი ჩააყენა თანაბარ პირობებში და უზრუნველყო სამართლიანი გარემო.


მაგრამ თავი იჩინა სხვა პრობლემამ. სამწუხაროდ სკოლა ჯერ ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეების მომზადებას ისე, რომ მათ სკოლაში მიღებული ცოდნით წარმატებით ჩააბარონ ეროვნული გამოცდები (ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ჩვენ განვსაზღვრეთ საგნობრივი სტანდარტები, მაგრამ არ განვსაზღვრეთ ამ სტანდარტების მისაღწევად საჭირო პირობების სტანდარტები, რომლებზეც პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს). ამიტომ აბიტურიენტების აბსოლუტური უმრავლესობა იძულებულია მიმართოს რეპეტიტორებს. თანხები, რომლებიც ადრე იხარჯებოდა კორუფციულ გარიგებებში, დღეს მიემართება რეპეტიტორებისაკენ.

თვით რეპეტიტორობას მე არ განვიხილავ პრობლემად. საგანმანათლებლო ბაზარზე გაჩნდა გამოცდებისათვის მომზადების მოთხოვნილება და გაჩნდა ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებაც. თუ რეპეტიტორი პატიოსნად ასრულებს თავის საქმეს, ის სავსებით იმსახურებს იმ ანაზღაურებას, რომელსაც ითხოვს. რეპეტიტორობის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლა, არის ბრძოლა შედეგთან და არა მიზეზთან, არის ბრძოლა მოჩვენებით და არა რეალურ პრობლემასთან.

ნამდვილი პრობლემის დადგენა კი არც ისე ადვილია. მე ვეცდები ჩემი ხედვა წარმოვადგინო.

დავიწყებ რამდენიმე დებულებით: 1. ყველა მშობელს საკუთარი შვილისათვის მხოლოდ კარგი სურს; 2. მშობლების უმეტესობა (და არა მარტო მშობლები) სკოლას ზოგადად განიხილავს უმაღლესში მოსამზადებელ ინსტიტუდან; 3. მშობლები დარწმუნდნენ, რომ სკოლა ამ ფუნქციას ვერ ასრულებს და მოძებნეს ალტერნატივა რეპეტიტორის სახით; 4. მშობლები საკუთარ შვილებთან დაკავშირებულ საკითხებში ძალიან პრაგმატულები არიან (მათ დაინახეს, რომ ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებლად მათი შვილებისათვის საკმარისია ერთი ან ორწლიანი მომზადება რეპეტიტორთან (სხვათაშორის ეს ზოგადი უნარების გამოცდასაც ეხება, რასაც ადასტურებს ამ წლების გამოცდილება) და გაუჩნდათ ბუნებრივი კითხვა: მაშ რატომ უნდა ვატაროთ უფროსკლასელები სკოლაში?).

ამ დებულებებიდან გამომდინარე მშობლები სრულიად ლოგიკურად მოქმედებენ: ამზადებენ ბავშვებს რეპეტიტორებთან და ცდილობენ სკოლაში არ ატარონ (განსაკუთრებით უფროს კლასებში).

აქედან გამომდინარე მეოთხე გამოცდის დამატება პირდაპირ ურტყავს მშობლის ჯიბეს, რაშიც სიმონს სავსებით ვეთანხმები. აბიტურიენტის მომზადება მესამედით ძვირდება.

თუ ამ ლოგიკას ვიზიარებთ, სამართლიანობა რომ დავიცვათ, ეროვნული გამოცდებისათვის უნდა დადგინდეს გამოცდების ოპტიმალური მინიმუმი.

სწორედ ამ მინიმუმთან დაკავშირებით არსებობს, როგორც ჩანს, აზრთასხვადასხვაობა.

მე ვეთანხმები სიმონს, რომ მეოთხე გამოცდის შემოტანით მოხდა ”მეტი აქცენტის გადატანა შინაარსობრივ ცოდნაზე”. მაგრამ რა ლოგიკას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება?

თუ ჩვენ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ზოგადი უნარების გამოცდა ნამდვილად ზომავს იმ უნარებს, რომლებიც ”ადამიანს სჭირდება პროფესიის დასაუფლებლად”, მაშინ გამოცდების არსებული მინიმუმი მისაღები უნდა იყოს.

მაგრამ ბევრს, და მეც მათ შორის, ეჭვი ეპარება იმაში, რომ ზოგადი უნარების გამოცდა ზომავს ამ უნარებს (ამის დასაბუთების მიზანი აქ არ მაქვს). ისინი, ვინც მეოთხე გამოცდის შემოტანის იდეას იზიარებს, შეიძლება ასე ფიქრობენ:

სწავლისა და აზროვნების უნარების ფლობა ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლეს სასწავლებელში წარმატებული სწავლისათვის, მაგრამ ამ უნარების გაზომვა ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია. ზოგადი უნარების გამოცდა ამას ვერ აკეთებს, ამიტომ არსებობს რისკი, რომ უნივერსიტეტებში მივიღებთ ნაკლებად მომზადებულ ადამიანებს. ამ პრობლემის დასაძლევად შემოვიტანოთ კიდევ ერთი გამოცდა და გამოცდის შედეგებით ირიბად მაინც დავადგენთ რამდენად ფლობს აბიტურიენტი საჭირო უნარებს. მაგალითად, თუ აბიტურიენტმა კარგად ჩააბარა ფიზიკა, გარკვეულწილად ეს ნიშნავს, რომ ის ფლობს სწავლისა და აზროვნების უნარებს და ჩვენ ვიღებთ დამატებით გარანტიებს, რომ სტუდენტებად მივიღებთ მომზადებულ ადამიანებს.
მე ვთვლი რომ ამ ლოგიკას აქვს არსებობის უფლება და ბევრი ადამიანისათვის ეს ძალიან დამაჯერებელია.

არსებობს მეოთხე გამოცდის შემოტანის გასამართლებელი კიდევ ერთი არგუმენტი. ეს გამოცდა ერთგვარი მონიტორინგია ისეთი მნიშვნელოვანი საგნების სწავლებისა, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, რომელთა სწავლების ხარისხის შემოწმება ფაქტიურად არ ხორციელდება.

როგორც ჩანს პრობლემა ერთგვაროვანი არ არის.

არსებულ პირობებში მე უფრო მშობლების ჯიბეს გავუფრთხილდებოდი და მეოთხე გამოცდას არ დავამატებდი.

ჩემი აზრით რეალური გამოსავალი შემდეგშია:

  1. უნდა განემარტოს მშობლებს და საზოგადოებას, რომ სკოლის დანიშნულება არა უმაღლესში მისაღები გამოცდებისათვის მომზადებაა, არამედ თითოეული ბავშვის ყოველმხრივი განვითარების ხელშეწყობა. უნდა ფართედ გავრცელდეს აზრი, რომ მაგალითად, მუსიკალური ინტელექტის განვითარება ბავშვში არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ლოგიკური ან ლინგვისტური ინტელექტისა. ეს უნდა იქცეს განათლების რეფორმის მთავარ პრიორიტეტად.
  2. ეს პრიორიტეტი უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მატერიალურად და მეთოდურად. მხოლოდ სწავლის თანამედროვე თეორიების პრინციპების დეკლარაციით საქმე ვერ გამოვა. ამით მხოლოდ საზოგადოების თვალში ამ თეორიების დევალვაციას ვახდენთ. მარტო ის რად ღირს, რომ ძალიან ბევრ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილები არ ტარდება პირობების არარსებობის გამო.
  3. ჩვენ აქცენტი არა უნარების გაზომვაზე, არამედ ამ უნარების განსავითარებლად საჭირო პირობების შექმნაზე უნდა გავამახვილოთ. მთავარია არა შედეგის გაზომვა, არამედ პროცესის უზრუნველყოფა. გამართული პროცესი აუცილებლად იქნება შედეგიანი.
  4. უნდა შევუწყოთ ხელი, რომ სკოლებში რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი წრეები და სექციები ამოქმედდეს. და საერთოდ, არაფორმალურ განათლებას (მათ შორის ქსელურ განათლებას) რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.
  5. სკოლებში თანამედროვე პედაგოგიური მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა არა საეჭვო ხარისხის ტრენინგებით, არამედ საგანგებოდ შემუშავებული კომპლექსური ღონისძიებებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

თუ ამ და კიდევ სხვა საკითხებს გადავწყვეტთ, აღარ დაგვჭირდება სკოლებში მოსწავლეების მოსაყვანად დისციპლინარული ღონისძიებების გამკაცრება.

გულახდილად რომ ვთქვა, ამ საკითხების ფონზე უმაღლესში მისაღები გამოცდები მე მესამეხარისხოვან პრობლემად მიმაჩნია.

3 comments:

სიმონ ჯანაშია said...

საინტერესო ხედვაა. მაგრამ მცდარია ის აზრი, რომ ადამიანი იმიტომ ემზადება, რომ სკოლა არ აძლევს საკმარისს.
თუ სკოლა აძლევს A-ს ხოლო გამოცდები ამოწმებს B-ს, შეუძლებელია A+ ან AA იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დაძლიო B. შესაბამისად ასეთ სისტემაში არასოდეს არ იქნება საკმარისი სკოლა გამოცდის ჩასაბარებლად.
ამის გარდა როდესაც ვადარებთ აკრედიტაციის ცენტრის ბიუჯეტს გამოცდების ცენტრისას ვიღებთ ასეთ სურათს - აკრედიტაციას 450 000 ხოლო გამოცდებს 6 000 000. უნდა დავსვათ კითხვა, რანაირად შეიძლება ვუზრუნველვყოთ განათლების ხარისხი, როდესაც იმ სისტემას, რომელიც პროცესს წარმართვაში გვეხმარება 1 დოლარით ვაფინანსებთ, ხოლო შედეგის შემოწმებაში ვიხდით 12-ს?

სიმონ ჯანაშია said...

"არსებობს მეოთხე გამოცდის შემოტანის გასამართლებელი კიდევ ერთი არგუმენტი. ეს გამოცდა ერთგვარი მონიტორინგია ისეთი მნიშვნელოვანი საგნების სწავლებისა, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, რომელთა სწავლების ხარისხის შემოწმება ფაქტიურად არ ხორციელდება."
მეოთხე გამოცდა კიდევ ერთი კარგი არგუმენტი იქნება, ამ საგნების არსწავლის ლეგიტიმაციის. თუ ჩემი შვილი აბარებს მათემატიკას (და თითქმის ყველა საბუნებისმეტყველო მიმართულების განხრა ირჩევს მათემატიკას როგორც გამოცდის ალტერნატივას) მაშინ რატომ უნდა დახარჯოს "ზედმეტი დრო" საბუნებისმეტყველო საგნებისთვის?

Anonymous said...

კი მქონდა შინაგანი პროტესტი ამ მეოთხე საგნის ჩაბარებაზე (ბოლო-ბოლო აბიტურიენტის დედა ვარ), მაგრამ იმდენად ცხადი გახდა ეს ყველაფერი ჩემთვის, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ბატონო სიმონ, რომ ალბათ ისღა დაგვრჩენია, ისევ თქვენი იმედი გვქონდეს... ამდენი არგუმენტი ნუთუ საკმარისი არ არის? ან ვინ წყვეტს ამ საკითხებს თქვენს გარეშე?!!
elene