30 December 2008

2009 წელი


გილოცავთ ახალ წელს!

გისურვებთ ბედნიერებას და დიდ წარმატებებს.

26 December 2008

ინტერნეტმა გაუსწრო გაზეთებს

ამერიკაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამერიკელების 40% ახალი ამბების მიღების მთავარ წყაროდ ინტერნტეს მიიჩნევს. გაზეთები მხოლოდ 35% დაასახელა, ხოლო ტელევიზია - 70%-მა. ამჯერად ინტერნეტი მხოლოდ ტელევიზიას ჩამორჩება. მაგრამ თუ გრაფიკს დავაკვირდებით, ინტერნეტის ამ მიზნით გამოყენების ზრდის ტემპები საკმაოდ დიდია, ხოლო ტელევიზიისა და გაზეთების გამოყენება ახალი ამბების მისაღებად - კლებულობს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მალე ინტერნეტი ტელევიზიასაც გაუსწრებს.

24 December 2008

ჩვენი ”წარმატებები”

საინტერესო გზავნილი შემხვდა LeMill-ის ბლოგზე სათაურით ”Georgian LeMill has reached 2000 learning resources”, რომელიც დათარიღებულია 2008 წლის 20 ნოემბრით.

გზავნილში ნათქვამია, რომ LeMill-ის ყველაზე აქტიური მონაწილე საქართველოა და ამ პორტალზე გამოქვეყნებული ქართული რესურსების რიცხვმა 2000 მიაღწია. რაც ყველაზე საინტერესოა, თურმე ეს უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნების (სულ 50 ქვეყანა) მასწავლებლემის მიერ ატვირთული რესურსების რიცხვი, რომელმაც შეადგინა 1477.

როგორ შეიძლება ამის ახსნა? ჩემი აზრით, ეს უფრო უარყოფითი მოვლენაა, ვიდრე დადებითი, რომელიც გვაჩვენებს, რომ სხვა ქვეყნებში, ჩვენგან განსხვავებით, უკეთ გაერკვნენ, რომ LeMill-ი საკმაოდ რიგითი პროექტია და არ იმსახურებს ისეთ ყურადღებას, რაც ჩვენში იყო გამოვლენილი. ეს კიდევ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან ფაქტიურად არ არის არჩევანი, არ არის დისკუსია და ყველა ხელმძღვანელობს მხოლოდ იმით, რასაც ”ირმის ნახტომის” ესტონელი კონსულტანტები გვთავაზობენ.

საქართველოში LeMill-ის ”ათვისება” ხდებოდა მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ესტონეთშიც, იზრდებოდა ყურადღება Web 2.0 ტექნოლოგიების მიმართ და ’სასწავლო ობიექტების” და ’სასწავლო მასალების საცავის” იდეა კარგავდა აქტუალობას.

სამწუხაროდ ჩვენ ისევ ვიგვიანებთ, ისევ ვხარჯავთ რესურსებს არაეფექტურად.

22 December 2008

2008 წელი ფოტოებში

საიტზე Boston.com წარმოდგენილია ფოტოების ძალიან საინტერესო კოლექცია, რომლებიც ასახავენ გავლილ 2008 წელს. კოლექცია დაყოფილია სამ ნაწილად:

ნაწილი 1
ნაწილი 2
ნაწილი 3

მათ შორის არის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოებიც:




















ეს კოლექცია კარგი რესურსია სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის.

ახალი სერვისი Yahoo-სგან

Yahoo! Glue წარმოადგენს ახალ საძიებო სერვისს Yahoo-სგან. ის კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით აგროვებს ფოტო- და ვიდეოგამოსახულებებს, სტატიებს და წარმოადგენს ერთ გვერდძე. ანუ ავტომატურად იქმნება სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციის თემატური კრებული. ავკრიფოთ საკვანძო სიტყვა საძიებო სტრიქონში და დავაწკაპუნოთ GLUE IT ღილაკზე.

19 December 2008

საგანმანათლებლო ბლოგის შესახებ

რჩევები წარმატებული საგანმანათლებლო ბლოგის შესაქმნელად:

  • ბლოგს, პირველ რიგში, თქვენ თვითონ უნდა იყენებდეთ საკუთარ სწავლაში, რაც არის იმის საწინდარი, რომ ის სხვებისთვისაც გახდება სასარგებლო;
  • იფიქრეთ პროცესზე და არა პროდუქტზე. საგანმანათლებლო ბლოგის წარმოება არის პროცესი, რომელსაც მივყევართ პროდუქტამდე. ბლოგში ხშირად უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები, თუნდაც საკამათო, კითხვები, ეჭვები ანუ ყველაფერი ის, რაც ადამიანის სწავლის და აზროვნების პროცესს თანსდევს. ბლოგი ფაქტიურად უნდა ახდენდეს საკუთარი სწავლის პროცესის მოდელირებას;
  • საგანმანათლებლო ბლოგის მიზანი არ არის რაც შეიძლება მეტი მკითხველის მოზიდვა. აქ მიზანია ბლოგის ირგვლივ ისეთი ადამიანების თემის ჩამოყალიბება, რომლებსაც მოსწონთ და აინტერესებთ თქვენთან ერთად სწავლა;
  • არ უნდა გვეშინოდეს შეცდომების დაშვება. სწავლა ხომ შეცდომების გამოსწორების პროცესიცაა.

18 December 2008

კიდევ ერთხელ ბლოგების შესახებ

ბლოგი საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს გაუზიაროს გლობალურ აუდიტორიას პირადი გამოცდილება და მოსაზრებები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. როგორც წესი ბლოგებს ქმნიან შემოქმედი ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავის საქმიანობის სფერო. ამიტომ ბლოგებში უხვადაა წარმოდგენილი საინტერესო ინფორმაცია და სასარგებლო რჩევები.

ბლოგის უპირატესობები სწავლაში:
  • ჩართულობა და მოტივაცია
  • კონტექსტი
  • კვლევა
  • თანამშრომლობა
  • რეფლექსია და მეტაკოგნიტურობა
  • დისკუსია და დებატები
  • თვითმართვადი სწავლა
  • სიღრმე და კომპლექსურობა
  • უწყვეტობა და სისრულე
  • ეთიკური სტანდარტები
  • სოციალური და ემოციური განვითარება
  • უნიკალური თვითგამოხატვა
  • დიფერენციაცია

რატომ უნდა ვაწარმოოთ ბლოგი?
  1. იმიტომ რომ მომავალში ასე მოგვიწევს სწავლა. სწავლა ხორციელდება მაშინ, როცა მოსწავლე ჩართულია პრაქტიკოსთა თემში, სწავლის აუტენტური ამოცანების გადაჭრის პროცესში, სწავლობს მაშინ, როცა ახდენს ინტერაქციას თემის წევრებთან.
  2. იმიტომ რომ ეს შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
  3. იმიტომ რომ ბლოგის საშუალებით დაუკავშირდებით გარე სამყაროს.
  4. იმიტომ რომ ეს საინტერესო და მიმზიდველია. იმდენად მიმზიდველი, რომ მოსწავლეებს ავიწყდებათ, რომ ისინი სინამდვილეში სწავლობენ.
ბლოგი საშუალებას აძლევს მოსწავლეს გახდეს ”მასწავლებელი” - ანუ წარუდგინოს საკუთარი მასალები აუდიტორიას. როცა ვასწავლით - ჩვენც ვსწავლობთ.

ბლოგის გამოყენება სწავლაში:

მასწავლებლის კომუნიკაცია - მასწავლებელი ქმნის ბლოგს, რათა აწარმოოს კომუნიკაცია მოსწავლეებთან, მშობლებთან და სხვა მასწავლებლებთან. მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია განათავსოს ბლოგში საშინაო დავალებები ან აღწეროს ის, თუ რა ხდება კლასში.

დიალოგის გენერაცია - სადისკუსიო კითხვების განთავსება ბლოგში არის კარგი საშუალება რათა წავახალისოთ წერითი კომუნიკაცია მოსწავლეების მასწავლებელთან და ერთმანეთთან.

მასწავლებლის პერსონალური ბლოგი - მასწავლებლები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, იდეებს, ფილოსოფიას, მეთოდიკას, ინფორმაციას.

15 December 2008

სწავლის ძველი და ახალი პარადიგმა

საკმაოდ საინტერესო მასალა, სადაც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი სწავლის ტრადიციული და ახალი პარადიგმების თავისებურებები.

სწავლის ტრადიციული პარადიგმა ხასიათდება ჩაკეტულობით:ის ჩაკეტილია გარე სამყაროსათვის, ის ახდენს ინსტიტუციური წევრების იზოლირებას ერთმანეთისაგან, საგნებიც იზოლირებულია. ტრადიციული სასწავლო გარემო წარმოადგენს იერარქიულ სტრუქტურას, სადაც ყველა ელემენტის როლი მკაცრად არის განსაზღვრული:





















სწავლის ქსელური პარადიგმა
ხასიათდება გახსნილობით, კავშირების სიმრავლით, ცოდნის გაზიარების შესაძლებლობებით, იმის გაგებით, რომ გარე რესურსებთან კავშირი მნიშვნელოვნად აძლიერებს სწავლას. აქ ყველა ერთდროულად მოსწავლეცაა და მასწავლებელიც.






















გარდამავალ ეტაპზე შესაძლებელია ამ ორი პარადიგმას გაერთიანება, რაც დღევანდელი სასწავლო დაწესებულებების მიზნად უნდა იქცეს. უნდა მოხდეს ტრადიციული საზღვრების გარღვევა და გარე სამყაროსთან კავშირების დამყარება.





















გრძნობენ რა მოახლოვებულ ცვლილებებს, ტრადიციული ინსტიტუციები იწყებენ ფიქრს საკუთარ გადარჩენაზე და არა პროგრესზე და სხვადასხვა წესებით, რეგულაციებით, შეზღუდვებით ახდენენ იზოლაციას გარე სამყაროსგან. ეს კარგად ჩანს შემდეგ დიაგრამაზე:
















ქსელურ პარადიგმაში გაზიარება და ერთობლივი მუშაობა უფრო ფასეულია, ვიდრე შეჯიბრი და კონკურენცია, გარე ექსპერტებთან და წყაროებთან კავშირი განიხილება სწავლის მნიშვნელოვან ატრიბუტებად, დისციპლინების ინტეგრაცია, ცოდნისა და იდეების გაცვლა ქსელის წევრებს შორის ბუნებრივი პროცესია. შედეგად სწავლა არის მონაწილეობითი და აქტიური.

განათლების მომავალი და Web 2.0

კანზასის შტატის უნივერსიტეტის პროფესორის მაიკ უეშის ვიდეო-საუბარი (მისი ცნობილი ვიდეო მე ადრე მაქვს გამოქვეყნებული)

14 December 2008

საინტერესო საიტები - 14 დეკემბერი

GoogleFont
ამ საიტზე შეგვიძლია ლოგოს შექმნა Google-ის სტილის ფონტის გამოყენებით. შესაძლებელია ლოგოს შენახვა გრაფიკული ფაილის სახით.







საიტები, საიდანაც შეგვიძლია თავისუფალი ხმოვანი ეფექტების გადმოწერა:
Flash Kit
Sound-Effect
SoundSnap
Soungle
A1 Free Sound Effects
FreeSound.org
Ljudo

ონლაინ თარგმნა. ენების ფართე არჩევანი. ტექსტის აკრეფისთანავე ვიღებთ ამ ტექსტის თარგმანს. ძალიან მოხერხებულია მოკლე ფრაზების სათარგმნელად.
Nice Translator

მინის მუზეუმი. მრავალფეროვანი ინფორმაცია მინის წარმოების ხელოვნების, ისტორიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის შესახებ.
Corning Museum of Glass

ონლაინ ტაიმერი
TimeMe

ვიზუალური კონტროლის უნარის შემოწმება.
The eyeballing game

12 December 2008

ისტ-ს სწავლება ესტონეთის სკოლებში

ორგანიზაცია ”ვეფხვის ნახტომის” დაკვეთით ტალინის უნივერსიტეტმა შეისწავლა, თუ როგორ მიმდინარეობს ესტონეთის სკოლებში ისტ-ს, როგორც გამჭოლი თემის სწავლება. ეს კვლევა ჩაატარა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა მარტ ლაანპერემ (მარტი ”ირმის ნახტომის” პროექტის ავტორი და ამ პროექტის კონსულტანტია), რომელიც ხელმძღვანელობს ტალინის უნივერსიტეტის ინფორმატიკის ინსტიტუტის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ცენტრს.

ამა წლის 3 დეკემბერს ტალინის უნივერსიტეტში გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მარტ ლაანპერემ აღნიშნა, რომ კვლევამ გამოავლინა ესტონელი მოსწავლეების ისტ-წიგნიერების დაბალი დონე. ”მოსწავლეები უკეთ ფლობენ კომპიუტერული თამაშების უნარებს, ვიდრე ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარებს”.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია:

მოვიყვან ასევე ციტატებს რუსულენოვანი პრესიდან, რომლებიც ეხმიანება ამ კვლევის შედეგებს.

Институт информатики Таллиннского университета (ТЛУ) провел исследование, с ходе анализа результатов которого выяснилось, что навыки обращения с компьютером у учеников очень слабые, а также, что школы Эстонии не готовы перейти на обучение на основе компьютеров.

Лаанпере относится критически и к государственной учебной программе, в которой относительно открытыми остаются вопросы, кто и каким образом должен преподавать навыки использования компьютера и как этот предмет должен оцениваться.

NOVOSTI

Школы Эстонии не готовы к обучению на компьютере, а компьютерная грамотность учащихся находится на низком уровне, свидетельствуют результаты исследования, проведенного Институтом информатики Таллиннского университета.

Директор Центра образовательных технологий института Март Лаанпере сказал ERR raadiouudised, что дети обгоняют учителей в узких нишах, например, в компьютерных играх.

«Как только речь заходит о серьезных вещах, имеющих отношение к сложным навыкам поиска информации, школьники не справляются с задачей», - сказал Лаанпере.

Кроме того, учащиеся имеют слабые знания в части обработки текста и информации.

POSTIMEES

Заведующий центром образовательных технологий при Институте информатики ТЛУ Март Лаанпере относится критически и к государственной учебной программе, в которой относительно открытыми остаются вопросы, кто и каким образом должен преподавать навыки использования компьютера и как этот предмет должен оцениваться...

Kalev

ჩემი აზრით ეს შედეგები ჩვენთვისაც დამაფიქრებელია, ვინაიდან საქართველოს სკოლებშიც ანალოგიური მოდელით ხდება სკოლების კომპიუტერიზაცია და ისტ-ს სწავლება.

კვლევამ აჩვენა, რომ ისტ-ს სწავლება როგორც ”გამჭოლი” თემის, არა მარტო ჩვენი სკოლებისათვის, არამედ ესტონეთის სკოლებისათვისაც საკმაოდ გაუგებარია და ქმნის უამრავ პრობლემას.

ამ კვლევის შედეგებმა კიდევ უფრო გაამყარა ჩემში აზრი, რომ საჭიროა სკოლების კომპიუტერიზაციის სხვა, უფრო ეფექტიანი მოდელის ჩამოყალიბება და რეალიზაცია.

11 December 2008

Collaboration - ერთობლივი მუშაობა

ერთობლივი მუშაობის უნარი თანამედროვე მოსწავლისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული საგნების ცოდნა. სამწუხაროდ ამ უნარის განვითარებას სათანადო ყურადღება არ ექცევა, რაც ბევრ პრობლემებს შეუქმნის ბავშვებს მომავალში. ინოვაციური, კრეატული საქმიანობა მოითხოვს, პირველ რიგში, ერთობლივი სწავლისა და მუშაობის უნარს. ამას ქვემოთ მოყვანილი ციტატებიც ადასტურებენ.

”მიუხედავად გავრცელებული მითისა განმარტოებული გენიოსის შესახებ, ინოვაცია ვერ იქნება რეალიზებული იზოლაციაში”.

”ინოვაცია არ არის გარედან შემოტანილი იდეა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში გადაარჩენს კომპანიას. ინოვაცია არის მცირე და მუდმივი ცვლილებების უწყვეტი პროცესი, რომელიც ჩაქსოვილია კომპანიის კულტურაში”.

”შემოქმედება მოიცავს ადამიანების დიდ რაოდენობას, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა დისციპლინებნს და ერთობლივად მუშაობენ პრობლემების გადასაწყვეტად. შემოქმედება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზაციის ყველა დონეზე”.

არსებობს ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა მეთოდები. ძალიან საინტერესოა გონებრივი იერიშის (Brainstorming) მეთოდთან დაკავშირებული თანამედროვე მოსაზრებები. ერთობლივი მუშაობის ეს კლასიკური ინსტრუმენტი, რომელიც ბოლო 20 წელია ინტენსიურად გამოიყენება აღმოჩნდა გაცილებით ნაკლებად ეფექტური, ვიდრე წარმოგვედგინა. გონებრივი იერიშის მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პროდუქტიული იდეების გამოსავლენად ადამიანთა ჯგუფი ერთობლივად ახდენს სხვადასხვა იდეების გრძელი სიის გენერირებას და შემდეგ ხდება გენერირებული იდეების გახშირვა და საუკეთესოების შერჩევა. მაგრამ მკვლევარებმა არაერთხელ დაადგინეს, რომ ინდივიდს მარტო უფრო მეტი იდეის გენერირება შეუძლია, ვიდრე ჯგუფში. საქმე იმაშია, რომ ჯგუფში მუშაობისას ადამიანს ებადება შიში, რომ მისი იდეა არ იქნება მოწონებული და ამიტომ ის ყველა იდეას არ გამოთქვავს და ინახავს სხვა, უფრო ხელსაყრელი მომენტისათვის.

გონებრივი იერიშის მეთოდის სანაცვლოდ რუსმა ინჟინერმა გენრიხ ალტშულერმა წარმოადგინა კონცეფცია, რომელსაც დაერქვა ”ძლიერი აზროვნების თეორია”. ამ კონცეფციის თანახმად, ხდება წარმატებული პროდუქტებისა და პროცესების დაყოფა კომპონენტებად და ამ კომპონენტების შესწავლა იმ მიზნით, რომ შემდგომში მოხდეს მათი გამოყენება ახალი პროდუქტების შესაქმნელად.

Web 2.0 ინსტრუმენტები ერთობლივი მუშაობის ორგანიზებისათვის ძალიან მოხერხებულია. მათი საშუალებით ხდება მილიონობით ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების გაერთიანება ერთ ”კოლექტიურ ინტელექტში”. მათი საშუალებით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ვისწავლოთ სადაც გვსურს, როდესაც გვსურს და ვისგანაც გვსურს. ეს შესაძლებლობა სულ უფრო მკაფიოდ გვაჩვენებს ტრადიციული, წრფივი, მასწავლებლის მიერ მართვადი სასწავლო პროცესის არარელევანტურობას.

”ჩვენ შეგვიძლია დავუკავშირდეთ ნებისმიერ ექსპერტს და უშუალოდ მისგან მივიღოთ ინფორმაცია, რა თქმა უნდა თუ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ. კონტენტი და ინფორმაცია არის ყველგან და არა მხოლოდ სახელმძღვანელოებში. ჩვენს მიერ შესრულებული და გამოქვეყნებული სამუშაო ფასდება იმით, თუ რა სარგებელს მოუტანს მათ, ვინც ამ ნამუშევარს წაიკითხავს, გააკეთებს მასზე კომენტარს, გამოიყენებს მას საკუთარ საქმიანობაში. ქაღალდი აღარ წარმოადგენს ნამუშევრის გაზიარების საუკეთესო საშუალებას, ფაქტები და ჭეშმარიტებები მუდმივად იცვლება, ერთობლივი მუშაობა ხდება ნორმა და არა გამონაკლისი”.

10 December 2008

ე-ფოსტის ანგარიშები მოსწავლეებისათვის

თუ მასწავლებელს სურს მოსწავლეების რეგისტრაცია რომელიმე Web 2.0 სერვისში და ამისათვის საჭიროა ე-ფოსტის მისამართები, მას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი gmail ანგარიში.

ცალკეული მოსწავლეების ანგარიშის შესაქმნელად მას შეუძლია საკუთარი gmail ფოსტის მისამართის გამოყენება:

emailaddress+1@gmail.com
emailaddress+2@gmail.com
emailaddress+3@gmail.com
emailaddress+4@gmail.com
emailaddress+5@gmail.com

ნომრის მაგივრად შესაძლებელია მოსწავლის სახელის ჩაწერაც:

emailaddress+student name@gmail.com

ყველა საჭირო შეტყობინებები სერვისის გამოყენებისას გაიგზავნება ორიგინალურ მისამართზე (ანუ emailaddress@gmail.com).

gmail-ის ეს შესაძლებლობა ძალიან მოხერხებულია მასწავლებლისათვის და აძლევს მოსწავლეების ანგარიშების მონიტორინგის შესაძლებლობას.

06 December 2008

ბილ გეიტსი - ჩარტერული სკოლები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია

ბილ გეიტსმა თავის გამოსვლაში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაამახვილა ყურადღება ჩარტერული სკოლების მნიშვნელობაზე (ჩარტერული სკოლები აშშ-ში წარმოადგენენ საჯარო სკოლების ალტერნატივას, რომლებსაც აქვთ მეტი დამოუკიდებლობა. ასეთი სკოლების დაარსების უფლება აქვთ მშობლებს, მასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს. ჩარტერული სკოლები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ).

”კრიზისის დროს მუდამ არის საშიშროება, რომ იფიქრო არა იმდენად მომავალზე, არამედ მხოლოდ დღევანდელ გაჭირვებაზე და ინვესტიციებიც აქეთ მიმართო. მაგრამ მე მსურს, რომ ჩვენ დავისახოთ უფრო დიდი მიზანი, ვიდრე ეკონომიკის კვლავ აღორძინებაა. ჩვენ უნდა გავზარდოთ იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც შეუძლია საკუთარი წვლისის შეტანა თანამედროვე ეკონომიკაში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ დედას, ვისაც არ შეუძლია შვილის კოლეჯში სწავლის დაფინანსება, იმ მოსწავლეს, რომლის ჩარტერულ სკოლას ესაჭიროება სახელმწიფოს დახმარება, ღარიბ ოჯახს, რომელიც ცდილობს ფერმერობით ირჩინოს თავი. თუ ამას არ ვიზავთ, ეკონომიკა წავა უკან და მას ეს ადამიანებიც მიჰყვებიან”.

გეიტსმა მოიყვანა წარმატებული სკოლების მაგალითები (High Tech High School in San Diego, Green Dot Schools in Los Angeles, Aspire High Schools in California, YES College Preparatory Schools in Houston) (საინტერესოა, რომ ყველა ეს სკოლები ჩარტერულია). მისი სურვილია, რომ ამ სკოლების მაგალითი მთელ ქვეყანაში გავრცელდეს. გეიტსი მიესალმა ობამას დანაპირებს გააორმაგოს ჩარტერული სკოლების დაფინანსება.

გეიტსის აზრით ჩარტერული სკოლა იძლევა ფანტასტიურ შესაძლებლობას სწავლის ახალი მოდელების მოსინჯვისა და რეალიზაციის. გეიტსის სტრატეგია ორ მიმართულებას მოიცავს: წარმატებული ჩარტერული სკოლების რიცხვის გაზრდა (შესაბამისი დახმარების აღმოჩენით) და მათი მაგალითის გავრცელება მთელ ქვეყანაში.

ჩემი აზრით ჩარტერული სკოლების გამოცდილების შესწავლა და დანერგვა ჩვენ განათლების სისტემასაც არ აწყენდა.

05 December 2008

მკაცრი შეფასება

ერთ-ერთი ბლოგერის, Doug Johnson-ის ბლოგში წავიკითხე ძალიან მკაცრი შეფასება მასწავლებლების საკმაოდ დიდი ნაწილის დამოკიდებულებისა ტექნოლოგიების მიმართ, რომელსაც მე სავსებით ვიზიარებ (Seven stupid mistakes teachers make with technology - შვიდი სულელური შეცდომა, რომლებსაც მასწავლებლები უშვებენ ტექნოლოგიებთან მიმართებაში). მე მომყავს ამონაწერები ამ ბლოგიდან, რათა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება, რომ გავრცელებული წარმოდგენები სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაციისა, რბილად რომ ვთქვათ, მცდარია.

მე გამოვყოფ Johnson-ის მიერ დასახელებული შვიდ შეცდომიდან მხოლოდ სამს:

1. ”ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ იმისათვის, რომ ტრადიციულ ლექციას დავამატოთ ხმა, მუსიკა და სურათები, არის სისულელე. ტექნოლოგიების რეალური გამოყენება ცვლის მასწავლებლისა და მოსწავლის როლებს. კომპიუტერით აღჭურვილ მოსწავლეს შეუძლია გახდეს კონტენტის ექსპერტი, ხოლო მასწავლებელი გვევლინება პროცესის ექსპერტად, რომელიც სვავს მაგალითად, ასეთ კითხვებს: სად მოიძიე ეს ინფორმაცია, როგორ დაადგინე მისი ჭეშმარიტება, რატომ არის ის მნიშვნელოვანი, როგორ გაუზიარებ სხვებს შენს აღმოჩენებს, როგორ წარმოგვიდგენ შენს ნამუშევარს? მსოფლიო შეიცვალა და დიდი სისულელეა ამის არ დანახვა და არ აღიარება”.

2. ”მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და უყვართ ტექნოლოგიები. ამის არ გამოყენება სწავლის მოტივაციისა და ინტერესის გასაძლიერებლად არის სისულელე”.

3. ”ძალიან გავრცელებულია აზრი, რომ ტექნოლოგიები განათლებაში არის მორიგი მოდური იდეა, რომელიც თანდათანობით ჩაკვდება და ყველაფერი ძველ გარემოს დაუბრუნდება. ტექნოლოგიების როლი სულ უფრო ძლიერდება საბანკო საქმეში, მედიცინაში, ბიზნესში, მეცნიერებაში, სოფლის მეურნეობაში. რატომ უნდა შემცირდეს მათი როლი განათლებაში? ამის დაშვება დიდი სისულელეა”.

გარემო და ტვინის განვითარება

ნეირომეცნიერებაში მიმდინარე კვლევები და მათი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია განათლებისათვის. ბოლო წლებში, კვლევის ახალი მეთოდებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ადამიანის ტვინის ფუნქციონირების კანონების გაგებას. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი, მაგრამ მიღწევებიც, წინა წლებთან შედარებით, დიდია.

მაგალითად, ძალიან საინტერესო და ჩვენთვის დამაფიქრებელი შედეგები მიიღეს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა: იმ ბავშვების ტვინი, რომლებიც იზრდებიან ხელმოკლე ოჯახებში ფუნქციონირებს განსვავებულად, ვიდრე ბავშვების შეძლებულ ოჯახებიდან.

სპეციალური მოწყობილობით, ელექტროენცეფალოგრაფით (EEG), გაზომეს 9-10 წლის ბავშვების ტვინის ელექტრული აქტივობა და აღმოჩნდა, რომ განსხვავებული სოციალური სტატუსის მქონე ბავშვებს შეემჩნევათ განსხვავებები ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც პასუხისმგებელია კრეატულობის და პრობლემების გადაწყვეტის უნარზე.

ხელმოკლე ოჯახებიდან ბავშვების ტვინის ფიზიოლოგიური პატერნები აღმოჩნდა მსგავსი იმ ზრდასრულთა პატერნებისა, რომლებსაც აქვთ დაზიანებები ტვინის ფრონტალურ ნაწილში (Frontal Lobe).

აქვე უნდა ითქვას, რომ გამოკვლეულ ბავშვებს არ აღენიშნებოდათ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემები. კვლევაში გამოვლენილი განსხვავებები ძირითადად განპირობებულია გასხვავებული გარემოთი.

არსებობს ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებიც, რომლებიც აჩვენებენ სტრესული და კოგნიტურად ღარიბი გარემოს უარყოფით გავლენას ტვინის განვითარებაზე.

ძალიან საინტერესოა ერთ-ერთი წინა კვლევის შედეგებიც, რომელმაც დაადგინა, რომ ბავშვები ხელმოკლე ოჯახებიდან ოთხი წლის ასაკამდე ისმენენ 30 მილიონ სიტყვაზე ნაკლებს, ვიდრე საშუალო კლასის სტატუსის მქონე ოჯახებში, რაც თავის მხრივ დიდ გავლენას ახდენს მათ განვითარებაზე. ანუ უბრალო საუბრითაც კი, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბავშვის ტვინის განვითარებას.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ღარიბი ბავშვი განიცდის ასეთ პრობლემებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ადასტურებს გარემოს დიდ გავლენას ბავშვის განვითარებაზე. ეს პირველი კვლევებია ამ მიმართულებით, ამიტომ ჯერ არ არის გარკვეული რამდენად გამოიხატება ეს განსხვავებები ინტელექტში და სხვა ფაქტორებში. მეცნიერები აქვე დასძენენ, რომ ამ პრობლემების გამოსწორება შესაძლებელია სპეციალური ტრენინგებით, ანუ ეს არ არის ფატალური. მთავარია ამის გაკეთება დროულად.

თუ გავითვალისწინებთ ჩვენში არსებულ აუმრავ ღარიბ და ხელმოკლე ოჯახს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა პირობებში იზრდებიან მათი ბავშვები და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს ჩვენი მომავლისათვის. ამ პირობებში ძალიან დიდია სკოლების როლი, რომლებმაც უნდა მისცენ ასეთ ბავშვებს რეაბილიტიაციის შესაძლებლობა. ეს მიმართულება სკოლების მუშაობაში ერთ-ერთი უმთავრესი უნდა იყოს.

ამ საქმეში საინფორმაციო ტექნოლოგიები უდიდეს დახმარებას გაგვიწევენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიების ათვისებაში და გამოყენებაში დავეხმაროთ სწორედ იმ ბავშვებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ სწავლაში და ქცევაში. სამწუხაროდ, არსებული დაკვირვებებით, სკოლების უმეტესობაში ეს არ ხდება. მიმდინარე საკონკურსო პროექტებში მონაწილეობს მხოლოდ მოსწავლეთა მცირე ნაწილი, რაც სერიოზულად ამცირებს სკოლებში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გავლენის ეფექტს სწავლაზე.

04 December 2008

Spific - საძიებო სისტემა

სასარგებლო საძიებო სისტემა. შესაძლებელია ძებნის არეალის დაკონკრეტება აქვე წარმოდგენილი კატეგორიების გამოყენებით. საძიებო სისტემას აქვს კიდევ სხვა საინტერესო ფუნქციები.

Spific

03 December 2008

საინტერესო საიტები - 3 დეკემბერი

Museum Box

უფასო სერვისი, რომელიც საინტერესო იქნება ისტორიის მასწავლებლებისათვის. აქ შესაძლებელია ვირტუალური სამუზეუმო კარადების შექმნა, სადაც განვათავსებთ რაიმე ისტორიულ მოვლენასთან ან პიროვნებასთან დაკავშირებულ ილუსტრაციებს, ვიდეოებს, დოკუმენტებს, ტექსტებს. აქვე შესაძლებელია სხვების მიერ შექმნილი კარადების დათვალიერება და მათი კომენტირება.





Crossword puzzle maker
ამ საიტზე შეგვიძლია სხვადასხვა ზომის კროსფორდების შექმნა.

Muxicall
მუსიკალური საიტი. წარმოდგენილია მუსიკალური ნოტების ცხრილი. თითოეულ ნოტას შეესაბამება გარკვეული ფერი (ნიუტონის თეორიის თანახმად). შესაძლებელია ცხრილის თითოეული ნოტის აჟღერება, შესაბამისი ფერის დემონსტრაციით.

Free Printable Calendar Templates
კალენდრების შაბლონები. შესაძლებელია შაბლონის მომართვა და ამობეჭდვა.

Childtopia
ონლაინ საგანმანათლებლო თამაშები ბავშვებისათვის.

02 December 2008

წინასწარმეტყველებები, რომლებმაც არ გაამართლა

მომავლის წინასწარმეტყველების საუკეთესო გზა მისი გამოგონებაა. /ალან კეი/

მომავალში კომპიუტერის წონა . . . მხოლოდ 1.5 ტონა იქნება
(ჟურნალი "Popular Mechanics, 1949)

ჩემი აზრით პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზარი არ აღემატება 5 კომპიუტერს
(ტომას ვატსონი, IBM-ის ხელმძღვანელი, 1943)

არ არსებობს მიზეზი, რომ ვინმემ მოინდომოს კომპიუტერის ყიდვა სახლისათვის
(კენ ოლსონო, DEC-ის პრეზიდენტი, 1977)

640 KB მეხსიერება ალბათ ყველას დააკმაყოფილებს
(ბილ გეიტსი, 1981)

ამ ”ტელეფონს” იმდენი ნაკლოვანებები აქვს, რომ არასერიოზულია მისი განხილვა კომუნიკაციის საშუალებად. ეს მოწყობილობა არ არის ჩვენთვის ფასეული
(Western Union, 1876)

რადიოს მომავალი არ უწერია
(ლორდ კელვინი, სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი, 1897)

ინოვაციებს ადამიანები მუდამ ეჭვის თვალით უყურებდნენ. ის, რაც დღეს განათლებაში ხდება, ამის მკაფიო დასტურია.

კონექტივიზმის პრინციპები

კონექტივიზმი სწავლაში მთავარ უპირატესობას ანიჭებს კავშირებს. რაც უფრო მეტია კავშირები, მით უფრო მეტია სწავლის შესაძლებლობები. კავშირები მყარდება ქსელებში. George Siemens-სი გამოყოფს სამი ტიპის ქსელებს:

ნეირონული ქსელები. რაც უფრო დიდია მოსწავლის კოგნიტური და ეფექტიანი პრაქტიკა, მით უფრო მეტია აზროვნება, მეტია სინაპსური კავშირები ტვინში და მეტია სწავლა. სწავლა მრავალგანზომილებიანია და ღრმავდება, როცა საგანი განიხილება მრავალი კუთხით. საგნის გარშემო უნდა არსებობდეს მრავალფეროვანი კავშირები. სწავლა ეფექტიანია, როცა ძირითადი ცნებების გამეორება ხდება ხშირად და მრავალფეროვან, ღრმა კონტექსტში.

სოციალური/გარე ქსელები. სწავლას აქვს სოციალური განზომილება და ქსელში არსებობს ამის რეალიზაციის ბევრი გზა. ცხოვრებაში სწავლა უმეტესად ხორციელდება მაშინ, როცა ჩვენ ვუკავშირდებით ვინმეს, ვინც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით იცის ჩვემზე მეტი. აქედან გამომდინარე, პრაქტიკოსთა თემი და კავშირები, რომელსაც ის უზრუნველყოფს, თამაშობენ ცენტრალურ როლს სწავლაში.

კონცეპტუალური კავშირები. კონცეფციები, ცნებები წარმოადგენენ დისკუსიისა და რეფლექსიის საფუძველს და ასევე აკავშირებენ მოსწავლის ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და არსებულ ცოდნას. შეიძლება ითქვას, რომ არსებობენ კონცეპტუალური ქსელები, რომელთა მნიშვნელობა სწავლაში დიდია.

მასწავლებლის როლი გამოიხატება არა მოსწავლისათვის ცოდნის გადაცემაში, არამედ ზემოთაღნიშნულ ქსელებში კავშირების დამყარებისა და გაძლიერების ხელშეწყობაში.

01 December 2008

დამოუკიდებელი არჩევანი

მივცეთ მოსწავლეს არჩევანის შესაძლებლობა!

30 November 2008

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პროცესორი

17 ნოემბრიდან გაყიდვაშია პროცესორი Intel Core i7. ეს Intel-ის პირველი ჭეშმარიტად ოთხბირთვიანი პროცესორია. აქამდე არსებული Core 2 Quad წარმოადგენდა ერთ კორპუსში გაერთიანებულ Core 2 Duo ორ ბირთვს.
ახალი პროცესორის თავისებურებაა ის, რომ მას დაემატა მესამე დონის კეში და ასევე პროცესორში გადაინაცვლა ოპერატიული მეხსიერების კონტროლერმა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კომპიუტერის მუშაობის სისწრაფეს.
ბაზარზე წარმოდგენილია პროცესორის სამი მოდელი: Core i7-920, Core i7-940 და Core i7-965 Extreme Edition.

ცხრილში წარმოდგენილია ამ მოდელებისა და Intel-ის პროცესორების წინა მოდელების ძირითადი მახასიათებლები:

სწრაფი ჩანაწერები - 30 ნოემბერი

სწავლის დიფერენციაციის შესახებ

მოსწავლეების მრავალფეროვნება დიდ პრობლემებს უქმნის მასწავლებელს.
კლასში ერთად შეიძლება სწავლობდნენ მოსწავლეები, რომელთათვის ქართული არ არის მშობლიური ენა, მოსწავლეები, რომლებიც ვერ კითხულობენ ასაკის შესაბამისად, მოსწავლეები ქცევის, ყურადღებისა და მოტივაციის პრობლემებით, მოსწავლეები სხვადასხვა კულტურული დონის ოჯახებიდან, ნიჭიერი მოსწავლეები. კლასში შეიძლება აღმოჩნდნენ უნარშეზღუდული, მაგალითად, დაბალი მხედველობის მოსწავლეები.

მეორეს მხრივ არსებობს მკაცრი სტანდარტები, რომელთა მოსწავლეების მიერ მიღწევის უზრუნველყოფა სავალდებულოა მასწავლებლისათვის. არსებობს ერთგვარი წინააღმდეგობა მოსწავლეთა მრავალფეროვნებასა და ყველაზე ერთნაირ პასუხისმგებლობას შორის.

ამ წინააღმდეგობის გადასალახვად საჭიროა ძალიან მოქნილი სასწავლო გეგმის შექმნა, სადაც გამოიყენება ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ თითოეული მოსწავლე ეფექტიანად ავამუშავოთ. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებებს ტრადიციულ სწავლაში.

ისტორიულად, როცა ხსნიდნენ ინდივიდუალურ განსხვავებებს სწავლაში ეფუძნებოდნენ იმ მოსაზრებას, რომ ტვინი მთელ ზედაპირზე თითქმის ერთგვაროვანია და რომ მისი სხვადასხვა ნაწილების როლი სწავლაში ბევრად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. სწორედ ეს იდეა უდევს საფუძვლად სწავლისა და ინტელექტის ერთგანზომილებიან ხედვას, რომელიც წარმოდგენილია, მაგალითად, ინტელექტის გაზომვაში IQ ქულებით. ამის საწინააღმდეგოდ, ბოლო წლების თეორიების თანახმად, მაგალითად, ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის, მოსწავლეებს არა აქვთ სწავლის ერთი გლობალური შესაძლებლობა, არამედ სწავლის მრავალასპექტიანი შესაძლებლობები და, რომ შეზღუდულობა ან პრობლემები ერთ სფეროში შეიძლება გადაიფაროს ექსტრაორდინალური შესაძლებლობებით სხვა სფეროში.

უფრო მეტიც, ხშირად მოსწავლის შესაძლებლობის შეფასება კი არ ხდება, არამედ იმ მედიუმის, რომელიც გამოიყენება შეფასების წარმოებისას. მაგალითად, მოსწავლემ, რომელსაც აქვს პრობლემები ბეჭდვითი ტექსტის აღქმაში და გაგებაში, შეიძლება გამოიჩინოს ექსტრაორდინალური უნარი გრაფიკულ და ვიდეო გარემოში.

ამ პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშონ თანამედროვე ტექნოლოგიებმა, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ მრავალასპექტიან ინდივიდუალურ განსხვავებებს მოსწავლეებში დავუპირისპიროთ მრავალფეროვანი მედია, ინსტრუმენტები და მეთოდები. ციფრული ტექნოლოგიების მოქნილობა საშუალებას გვაძლევს მოვარგოთ ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულ მოსწავლეებს, რაც შესაძლებელს გახდის, რომ მასწავლებელმა: (1) განასხვავოს ის პრობლემები, რომლებსაც მოსწავლეებს უქმნიან სხვადასხვა მედია საშუალებები, სწავლის სხვა, უფრო ზოგადი პრობლემებისგან; (2) გამოაღვიძოს მოსწავლეების ძლიერი მხარეები და ინტერესები, რომლებიც ბლოკირებულია მხოლოდ ბეჭდვითი ტექსტის გამოყენებით.

მოსწავლეზე-ორიენტირებული სწავლის შესახებ

დამოუკიდებელი სწავლა ნიშნავს, რომ ადამიანები პასუხს აგებენ საკუთარ სწავლაზე. პერსონალური პასუხისმგებლობის ღერძი არის რწმენა, რომ სწავლა შეიძლება წარმატებული იყოს შესაბამისი ძალისხმევის შედეგად.

მოსწავლეზე-ორიენტირებულ დიზაინს სწავლაზე კონტროლი გადააქვს მოსწავლის ხელში. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გადაწყვიტოს რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და რელევანტური.

კურსების ნაცვლად დიზაინერები უნდა განიხილავდნენ სწავლას, როგორც აქტივობას დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. პედაგოგიური დიზაინერის ამოცანა არის სწორი გარემოს შექმნა მუდმივი სწავლისათვის. მოსწავლეებმა თვითონ უნდა მოიძიონ და დაეუფლონ ცოდნის საჭირო ელემენტებს.

28 November 2008

საყურადღებო ტენდენციები

ამონაწერები სტატიიდან, სადაც საუბარია ტექნოლოგიების მიერ განპირობებულ ოთხ ტენდენციაზე, რომლებიც გვაძლევენ მსოფლიოსა და საკუთარი თავის შეცვლის უპრეცედენტო შესაძლებლობებს. ამ ტენდენციების რეალიზაციით შეიძლება შეიქმნას ქსელებითა და კომპიუტერებით უზრუნველყოფილი გლობალური ცნობიერება.

ეს ტენდენციები დიდ გავლენას მოახდენენ განათლებაზე, მოგვცემენ ადამიანის სწავლის ეფექტიანობის გაზრდის არნახულ შესაძლებლობებს.

ტენდენცია #1: პარალელური გამოთვლები (Parallel computing)
ჩვენ ასე ვიცით, რომ ტრადიციულად ერთი კომპიუტერი დროის მოცემულ მომენტში მუშაობს ერთ პრობლემაზე. ეს თანამიმდევრობითი გამოთვლებია (serial computing). პარალელური გამოთვლები გულისხმობს შემდეგს: კომპლექსური ამოცანა იყოფა მცირე ქვეამოცანებად, რამოდენიმე კომპიუტერს ევალება ერთდროულად ამ ნაწილების დამუშავება, ბოლოს ხდება თითოეული კომპიუტერის მუშაობის შედეგების გაერთიანება და გამოსავალი შედეგის უნიფიცირება. თეორიულად, პარალელური გამოთვლების წარმოებისათვის, შესაძლებელია მსოფლიოში არსებული ყველა კომპიუტერის გაერთიანება ერთ სისტემაში.

პარალელური გამოთვლების საშუალებით შესაძლებელია უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის დამუშავება. მაგალითად, უდიდესი ევროპული ფიზიკური ლაბორატორიის (CERN-ის) პარალელური გამოთვლების სისტემა გათვლილია წელიწადში 15 პეტაბაიტ (petabytes) ინფორმაციის დამუშავებაზე ერთი წლის განმავლობაში (1 პეტაბაიტი უდრის მილიონ გიგაბაიტს. Facebook-ში მომხმარებელთა ფოტოების მოცულობა შეადგენს 1 პეტაბაიტს).

ასეთი შესაძლებლობების მქონე სისტემები საშუალებას მისცემს მეცნიერებს განახორციელონ სხვადასხვა რთული მოვლენების მოდელირება და მოახდინონ, მაგალითად, სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება, გაერკვნენ დაავადებების გავრცელების მექანიზმებში, დაინახონ თუ როგორ რეაგირებს ადამიანის ტვინი, მაგალითად, სხვადასვა პედაგოგიურ მეთოდებზე, რაც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ ეფექტიანი პედაგოგიური სტრატეგიები და შევათავსოთ ეს სტრატეგიები თითოეული ადამიანის სწავლის სტილს.

ტენდენცია #2: Cloud computing

ტერმინით Cloud computing (”Cloud” - ”ღრუბელი”) აღნიშნავენ კონცეფციას, რომლის თანახმად პროგრამული უზრუნველყოფა განთავსდება არა ლოკალურ კომპიუტერზე, არამედ მძლავრ სერვერებზე და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტით ან რაიმე მსგავსი ქსელით. ამ კონცეფციას შეეფერება ასევე ტერმინი World Wide Computer.

ჯერ კიდევ 1993 წელს, Eric Schmidt-მა, Google-ის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, იწინასწარმეტყველა, რომ როცა ქსელების სისწრაფე გაუტოლდება მიკროპროცესორის სისწრაფეს, კომპიუტერი ფაქტიურად ”გაიჟღინთება” ქსელში ანუ ქსელი გახდება კომპიუტერი.

შეიძლება ითქვას, რომ ამ კონცეფციის თანახმად კომპიუტერული რესურსები ელექტრობის მსგავსად გავრცელდება. მაგალითად, როცა ვრთავთ მტვერსასრუტს, ჩვენ არ გვაინტერესებს, საიდან მოდის ელექტროენერგია და რა პრინციპით მუშაობს ხელსაწყო. ჩვენ უბრალოთ ვიყენებთ მას კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად.

სერვერზე არსებული პროგრამის გამოყენება ერთდროულად მილიონობით ადამიანს შეეძლება. პროგრამული უზრუნველყოფა აქ განიხილება სერვისად, რომელიც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილიდან არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ფუნქციონირებს Google-ის მილიონამდე სერვერი, რომლებიც გვთავაზობენ სხვადასხვა პროგრამულ სერვისებს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.
Cloud computing-ი პირდაპირ კავშირშია პარალელურ გამოთვლებთან და მათი განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის გამოთვლებისა და ანალიზის შესაძლებლობებს.

ტენდენცია #3: ტვინის ფუნქციონირების ასახვა

ტვინი შედგება მილიარდობით ნეირონისგან, რომლებსაც აქვთ ტრილიონობით სინაფსური კავშირები. როცა ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას, ხდება სინაფსური კავშირების აქტივაცია ელექტრული იმპულსებით. სპეციალური კომპიუტერიზებული მოწყობილობებით შესაძლებელია ამ იმპულსების ვიზუალიზაცია. ეს საშუალებას მოგვცემს გამოვიკვლიოთ ტვინის აქტივობის არეები სხვადასხვა საქმიანობის, მაგალითად, სწავლის დროს, რაც მოგვცემს ინფორმაციას, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები. ამით შესაძლებელი გახდება სწავლის ინდივიდუალიზაცია, ანუ სწავლის მეთოდების მორგება კონკრეტულ ადამიანზე.



ტენდენცია #4: გლობალური კონვეერი


1908 წელს ფორდის მიერ გამოგონებულმა კონვეერმა მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო. დღეს, გლობალური ეკონომიკის პირობებში, როცა გვაქვს სწრაფი კომუნიკაცია, სწრაფი ტრანსპორტი და კომპიუტერული ქსელების საშუალებით განხორციელებული სწრაფი მენეჯმენტი, შეიძლება ვისაუბროთ გლობალურ კონვეერზე. აღარ არის საჭირო წარმოების ერთ ადგილას, ერთ ქარხანაში განთავსება. ის შეიძლება იყოს განაწილებული სხვადასხვა წერტილებში და ისე აწარმოებდეს პროდუქციას. ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვნად გაზრდის წარმადობას, არამედ, რაც უფრო მთავარია, საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ პროდუქციის ინდივიდუალიზაცია. გლობალური კონვეერი პარალელური გამოთვლების ანალოგიური კონცეფციაა.

როგორც ვხედავთ, გლობალიზაციის პროცესები მსოფლიოში სულ უფრო გაძლიერდება. ყველა ამ პროცესების საფუძველს წარმოადგენს ტექნოლოგიების განვითარება. ასეთ სამყაროში ფუნქციონირება შეეძლებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ესმით ტექნოლოგიები. ამას კი მხოლოდ ხარისხიანი განათლება უზრუნველყოფს.

25 November 2008

მასწავლებლის ცოდნის დიზაინი

ქვემოთ წარმოდგენილი დიაგრამა (Technological Pedagogical Content Knowledge (TPCK)) ძალიან თვალსაჩინოდ ასახავს მასწავლებლის ცოდნას, რომელიც საჭიროა ტექნოლოგიის ინტერგრაციისათვის.


დიაგრამის საფუძველს წარმოადგენს ცოდნის სამი ძირითადი ფორმა: Content Knowledge (C) - საგნის ცოდნა, Pedagogical Knowledge (P) - პედაგოგიური ცოდნა და Technological Knowledge (T) - ტექნოლოგიური ცოდნა. როგორც წესი, სხვადასხვა ტრენინგების დროს ცოდნის ეს ფორმები განიხილება იზოლირებულად, რაც ბადებს უამრავ სირთულეებს ტექნოლოგიის ინტეგრაციის თვალსაზრისით.

თუ განვიხილავთ ამ ფორმების ურთიერთკვეთას, ცოდნის კიდევ ძალიან მნიშვნელოვან ფორმებს მივიღებთ:

Pedagogical Content Knowledge (PCK) - საგნის პედაგოგიური ცოდნა ანუ ისეთი პედაგოგიური მეთოდებისა და სტრატეგიების ცოდნა, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული საგნის სწავლებისას;

Technological Content Knowledge (TCK) - საგნის ტექნოლოგიური ცოდნა ანუ იმის ცოდნა, თუ რამდენად შესაძლებელია ტექნოლოგიების გამოყენება კონკრეტული საგნის სწავლებისას;

Technological Pedagogical Knowledge (TPK) - ტექნოლოგიური პედაგოგიური ცოდნა ანუ იმის ცოდნა, თუ როგორ აძლიერებს ტექნოლოგია კონკრეტულ პედაგოგიურ მეთოდებსა და სტრატეგიებს.

დიაგრამის ცენტრში, სამივე წრეს გადაკვეთაზე, ვიღებთ ცოდნის ყველაზე მნიშვნელოვან ფორმას: Technological Pedagogical Content Knowledge (TPCK) - საგნის ტექნოლოგიური და პედაგოგიური ცოდნა. ეს არის კომპლექსური ცოდნა, რომელიც საწინდარია ტექნოლოგიების წარმატებული ინტეგრაციისა კონკრეტული საგნის სწავლაში.

ბრძოლას მუდამ აქვს აზრი





საინტერესო საიტები - 25 ნოემბერი

TimeSearch









სპეციალიზირებული საძიებო სისტემა. უნდა განვსაზღვროთ გეოგრაფიული არეალი, თემა და დროის პერიოდი და მივიღებთ დათარიღებულ ისტორიულ ინფორმაციას.

Keyboardr
ახალი საძიებო სისტემა. ძებნას ახორციელებს ერთდროულად Google-ში, Google Images-ში, Wikipedia-ში და YouTube-ში. ძებნის კომბინირებული შედეგი აისახება ერთ გვერდზე.

GetBodySmart
ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია. ძალიან საინტერესო, თვალსაჩინო ინტერაქტიული ონლაინ პროგრამა, რომლის გამოყენება შეუძლიათ ბიოლოგიის მასწავლებლებს.

24 November 2008

21 საუკუნის სწავლა

21 საუკუნის სწავლა უნდა განიხილებოდეს სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის კონტექსტში:

გლობალიზაცია (Globalization) - რომელიც ხასიათდება გლობალური ურთიერთდამოკიდებულებით და კონკურენციით;

ტექნოლოგიური ინოვაციები (Technology Innovations) - რომლებიც გვაძლევენ რესურსების წვდომის და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნის არნახულ შესაძლებლობებს;

თანამედროვე მეცნიერული კვლევები, რომლებიც ხსნიან, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები.

20 November 2008

ცოდნის ტრანსფორმაცია

სწავლების ახალი მეთოდები სულაც არ გულისხმობენ, რომ შინაარსობრივი ცოდნა არ არის მნიშვნელოვანი. პირიქით, 21 საუკუნის განათლება უნდა იყოს დაფუძნებული სოლიდურ შინაარსობრივ ცოდნაზე. მაგრამ ეს ცოდნა არ გულისხმობს ამა თუ იმ სფეროში იზოლირებული ფაქტების დაგროვებას და დამახსოვრებას.

ცოდნა არის პროცესი და არა პროდუქტი. ჩვენ არა უნდა დავაგროვოთ მეხსიერებაში მათემატიკური ფაქტები, არამედ ვისწავლოთ მათემატიკური აზროვნება, ჩვენ არა უნდა დავაგროვოთ მეხსიერებაში ისტორიული ფაქტები, არამედ ვისწავლოთ ისტორიული ანალიზი.

მოსწავლეები უკეთ ითვისებენ ძირითად საგნებს, როცა ფოკუსირება ხდება სიღრმეზე.

დღევანდელი საგნობრივი სტანდარტები მიმართულია რაც შეიძლება ფართე თემატიკის დაფარვაზე და არა საგნის ღრმა გაგებაზე. ეს ხელს უშლის საგნის ძირითადი იდეების გაგებას და ათვისებას. საგნის დაუფლება კი სწორედ მისი ძირითადი იდეების გაგებას ეფუძნება.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ სკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენება სკოლის გარეთ - სახლში, თემში და სხვა. ცოდნის ტრანსფერის უნარი ყოველდღიურ გარემოში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

კვლევები აჩვენებს, რომ ეს უნარი ვითარდება მაშინ, როცა სწავლისას გამოიყენება რეალური ცხოვრებისეული კონტექსტი. საჭიროა საგნის იდეების დაკავშირება სხვა საგნებთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ამის ერთ-ერთი გზაა - პროექტული სწავლა. პროექტი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს იმავდროულად მოახდინონ კავშირის დამყარება ნასწავლ შინაარსსა და მის გამოყენებას შორის.

სწავლა ტრანსფერისათვის არის საგნის უფრო ღრმად გაგების საფუძველი.

გამოვიყენოთ მთლიანი ტვინი

ბოლო წლებში შექმნილია გაცილებით ზუსტი წარმოდგენები ტვინის მუშაობასთან დაკავშირებით, ვიდრე გასული ასი წლის მანძილზე.

აღმოჩნდა, რომ ტვინის სტრუქტურა არ არის მყარი და წინასწარ განსაზღვრული. სწავლა და პრაქტიკა ახდენს ტვინში პერმანენტულ ფიზიკურ ცვლილებებს, მათ შორის კავშირების რიცხვის გაზრდას ნეირონებს შორის და სისხლძარღვების გამრავლებას და აძლიერებს იმ არეების უჯრედებს, რომლებიც ჩართულია სწავლის პროცესში.

აქედან შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა კულტურაში იზრდებიან არა უბრალოდ სხვადასხვა რამეზე ფიქრობენ, არამედ განსხვავებულად აზროვნებენ. გარემო და კულტურა, რომელშიც ადამიანი იზრდება განაპირობებს მისი აზროვნების პროცესებს.

ტვინი მუდმივად ახდენს საკუთარი თავის რეორგანიზებას ადამიანის ცხოვრების მანძილზე, გარე პირობებიდან, ადამიანის პრაქტიკიდან გამომდინარე.

შესაძლებელია მეხსიერების მოცულობის და დამუშავების შესაძლებლობების შეცვლა, ანუ ინტელექტი არ არის ფიქსირებული.

ტვინის რეორგანიზება არ ხდება შემთხვევით, მარტივად და თვითნებურად. ცვლილებები ტვინში ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად მიიღწევა. ტვინები, რომლებმაც განიცადეს განსხვავებული განვითარების გამოცდილება მოქმედებენ განსხვავებულად. განსხვავებული კულტურის გავლენის შედეგია განსხვავებული აზროვნება.

აქედან გამომდინარე, მოსწავლეების დაყოფა ფართე კატეგორიებად, როგორიცაა სწრაფი და არასწრაფი აზროვნების, უნარიანი და უუნარო, ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი, არის რეალობის ძალიან გამარტივება. ტვინში სწავლის ქსელების მოდულური ორგანიზება და უაღრესად სპეციალიზირებული ქვეპროცესები ამ ქსელებს შიგნით ცხადყოფენ, რომ თითოეულ მოსწავლეს გააჩნია უნიკალური ასორტიმენტი სიძლიერებებისა, სისუსტეებისა და მიდრეკილებებისა.

დენიალ პინკი თავის წიგნში "A Whole New Mind" ამბობს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც დომინირებს მარცხენა ტვინი, საზოგადოებაში, სადაც ჭარბობს წრფივი, ლოგიკური, მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ, დასაწყისიდან დასასრულამდე, მცირე პროციებად დაყოფილი ცოდნა და ანალიტიკური აზროვნება. იგივე დამოკიდებულება პრევალირებს სკოლებში.

ტვინის მარჯვენა ნაწილის როლი, რომელიც მართავს პატერნების ანალიზს, შემოქმედებას, თანაგრძნობას, კონცეპტუალურ აზროვნებას, ინტუიციას, კავშირში არ მყოფი იდეების დაკავშირების და რაიმე ახლის შექმნის უნარს, ნაკლებად გამოიყენება.

მაგრამ ის, რის გაკეთებაც მარცხენა ტვინით შეგვიძლია, შეიძლება იქნეს ავტომატიზირებული, გადაცემული კომპიუტერისათვის. ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმ უნარებს, რომლებსაც მარჯვენა ტვინი მართავს და ადამიანმა უნდა ისწავლოს მთელი ტვინის თანაბრად გამოყენება.

19 November 2008

ფოტოების არქივი Google-ისგან

Google-ის კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა: Google LIFE photo archive. მათ ინტერნეტში განათავსეს ფოტოარქივი, რომელიც შეიცავს 10 მილიონამდე ფოტოს, სადაც წარმოდგენილია ჩვენი პლანეტის ცხოვრება 1750 წლიდან დღემდე.
ამ ფოტოარქივში ძებნა შესაძლებელია ასევე Google image საძიებო სტრიქონიდან. ამისათვის საკვანძო სიტყვას უნდა მივუწეროთ ოპერატორი: "source:life".
ამ არქივს აქვს დიდი საგანმანათლებლო პოტენციალი და მდიდარი რესურსია სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისათვის.

18 November 2008

საინტერესო საიტები - 18 ნოემბერი

Literacy with ICT
საიტების კრებული სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისათვის. საიტები კლასიფიცირებულია საგნების და კლასების მიხედვით.

Phun - 2D physics sandbox
მოდელირების ძალიან საინტერესო გარემო. გარემოში შესაძლებელია სხვადასხვა ფიზიკური მოდელების შექმნა და მათი მოქმედების დაკვირვება. აქ ხდება მეცნიერების და ხელოვნების შერწყმა. სასარგებლო ინსტრუმენტია ყველა ასაკის მოსწავლეებისათვის.

ამ ვიდეოკლიპში წარმოდგენილია Phun-ის შესაძლებლობები:



Play Songs by Ear
ონლაინ მუსიკალური პროგრამა, რომელიც გვასწავლის მარტივი მელოდიების დაკვრას.

17 November 2008

ტექნოლოგიების და სწავლის მომავალი

ამონაწერები ძალიან საინტერესო სტატიიდან, სადაც საუბარია ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებზე და სწავლის მომავალზე.

”ახლო მომავალში სწრაფი ინტერნეტის და პორტატული კომპიუტერების კომბინაცია მოიტანს ‘cloud computing’-ის კონცეფციის საყოველთაო გავრცელებას. ამ კონცეფციის თანახმად, თქვენი კომპიუტერი წარმოადგენს არა აპარატურას, არამედ ინტერნეტში განთავსებულ მონაცემებისა და ფაილების კრებულს, რომლის წვდომა შესაძლებელია ნებისმიერი აპარატურული პლატფორმის, მათ შორის მობილური და პორტატული მოწყობილობების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, ადამიანს შეეძლება საკუთარი კომპიუტერული გარემოს წვდომა ნებისმიერი კომპიუტერიდან, სახლში იქნება ის, თუ სამსახურში (სწორედ ამის რეალიზებას აპირებენ Windows 7 -ში). პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემების შენახვა ასეთი კომპიუტერისათვის უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ინტერნეტ-სერვისების მიერ.

გაიზრდება სპეციალიზირებული კომპიუტერების რიცხვი, როგორიცაა დღეს iPod, ციფრული ფოტო და ვიდეო კამერები, PDA (პერსონალური ციფრული ასისტენტები), GPS (გლობალური პოზიციონირების სისტემები). თვით პერსონალური კომპიუტერების ზომები შემცირდება. დღეს არსებული სამაგიდო კომპიუტერები მალე ჩაბარდება წარსულს.

გაიზრდება ონლაინ-პროგრამების რიცხვი. ის რომ მონაცემების შენახვა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება ონლაინ იქნება შესაძლებელი შეცვლის მოთხოვნებს ოპერაციული სისტემების მიმართ. ეს განაპირობებს უფრო სტაბილური და შედარებით ”მცირე წონიანი” სპეციალიზირებული ოპერაციული სისტემების მრავალფეროვნებას. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, Vista-ას წარუმატებლობა მისმა ”სიმძიმემ” განაპირობა. განსხვავება ოპერაციულ სისტემებს შორის, რომელიც ხასიათდებოდა მწვავე ბატალიებით Windows, Linux და Mac-ს შორის, სულ უფრო შემცირდება და ეს საკითხი აღარ იქნება აქტუალური.

ინტერნეტთან დაკავშირებული მცირე ზომის პროცესორები ჩაშენებული იქნება ადამიანის ყოველდღიურ ნივთებში. ასეთი ჩიპების შესაძლებლობები ძალიან ფართე იქნება და მათი პროგნოზირება დღეს რთულია.

ახლო მომავალში განათლებაში სულ უფრო გავრცელდება მცირე ზომის კომპიუტერები, რომლებსაც ექნებათ წიგნის, რვეულის და კალმის ფუნქცია.

საკლასო ოთახებში გაჩნდება დიდი ზომის თხელი მონიტორები, რომლებთან დაკავშირება მოსწავლეებს და მასწავლებელბს შეეძლებათ საკუთარი პორტატული მოწყობილობების მეშვეობით. ასევე შემცირდება პროექტორების ზომები. უკვე ახლა გამოჩნდა მობილური ტელეფონები, რომლებსაც შეთავსებული აქვთ პროექტორის ფუნქციები.

ასეთი პორტატული და ხელმისაწვდომი მოწყობილობები სწავლას გახდიან ჭეშმარიტად პერსონალურს და მობილურს. მოსწავლეებს ექნებათ მუდმივი აუდიო და ვიდეო კავშირი ყველასთან, ვისთანაც მოინდომებენ. მულტიმედია ასოცირებული იქნება არა კომპიუტერის აპარატურასთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან, არამედ თვით პიროვნებასთან. ყველა ადამიანს ექნება საკუთარი ”პროფილი” ხელოვნების, მუსიკის და სხვა მედიის, რომელსაც ნებისმიერ მომენტში მოიხმარს.

დღეს სულ უფრო ხშირად გაისმის, რომ განათლების საფუძველს წარმოადგენენ საუბრები, დისკუსიები. საუბრების შესაძლებლობები უფრო გაიზრდება. ხელმისაწვდომი გახდება მარტივი და მოხერხებული ვიდეო-კონფერენციების ტექნოლოგიები.

დღეს დომინირებს ”საკლასო ოთახის” სწავლის მოდელი: მოსწავლეთა ჯგუფი სწავლობს ერთი და იგივე მასალას, ასრულებს ერთი და იგივე აქტივობებს. ჯგუფს ჰყავს ერთი მასწავლებელი, რომელიც ახდენს სასწავლო პროცესის მართვას. ძალიან დიდი როლი ენიჭება დროს: სწავლის დაწყება, სწავლის ხანგრძლივობა, სასწავლო გეგმა. სწავლის ეს მოდელი იმიტომ დამკვიდრდა, რომ ის ოპტიმალური იყო არსებულ პირობებში. დღეს უკვე შეიმჩნევა ამ მოდელის შეცვლის ტენდენციები, რომლებიც მომავალში უფრო გაძლიერდება. მნიშვნელოვნად გაიზრდება არაფორმალური განათლების როლი. არაფორმალურ განათლებაში საკლასო ოთახის მოდელის შეზღუდვები გაცილებით ნაკლებია. აქ შესაძლებელია საკუთარი სასწავლო გეგმის შედგენა და საკუთარ ტემპში სწავლა. ასეთი სწავლა მეტად ეფუძნება მოსწავლის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს და არა საკლასო ოთახში განსაზღვრულ ამოცანებს და ხორციელდება მოსწავლის და არა სასწავლო ორგანიზაციის მიერ შედგენილი გრაფიკით.

სწავლის მოდელის შეცვლას განაპირობებს ქსელური ურთიერთობების და სოციალური ქსელების განვითარება. ადრე განათლება ასოცირდებოდა ინდივიდუალურ ან ჯგუფურ სწავლასთან სხვადასხვა მოდიფიკაციებით. დღეს დაემატა ქსელური სწავლა, რომელიც გაცილებით მეტ თავისუფლებას ანიჭებს ინდივიდს. ქსელური სწავლა, ქსელური დისკუსიები არ არის სტრუქტურირებული, ის უფრო მეტად განისაზღვრება მონაწილეების ინტერესებითა და საჭიროებებით. აქ არ არის გამოკვეთილი ლიდერები. აქ არ არის საზღვრები, ნებისმიერს შეუძლია გამოვიდეს ერთი დისკუსიიდან და შეუერთდეს სხვას. ქსელები მუდამ ღიაა ახალი მონაწილეებისათვის.

”სწავლის პერსონალური სივრცე” წარმოადგენს მომავალი სწავლის მოსალოდნელ მოდელს. ეს სივრცე არ არის კონკრეტული ადგილი. სწავლის სივრცე განისაზღვრება იმ ადგილით, სადაც ადამიანი იმყოფება მოცემულ მომენტში: კონკრეტული პროდუქტიული ინსტრუმენტი, ვებ-გვერდი ან ონლაინ თამაში. ამ სივრცეში მისაწვდომია ინტერნეტის ყველა ის რესურსი, რომელიც სჭირდება ადამიანს და რომლებიც განისაზღვრება მისი ინტერესებით და მოთხოვნილებებით. ეს რესურსები შეიძლება იყოს გაფილტრული ინტერნეტ თემის მიერ და შექმნილი სხვადასხვა პროვაიდერების (ავტორების, მასწავლებლების, სხვა მოსწავლეების ან თვით ამ პიროვნების მიერ).

სწავლის პერსონალური სივრცე არ ეფუძნება რესურსების წვდომის პრინციპს. ის უფრო განიხილება როგორც მრავალი სერვისების წვდომის მექანიზმი. ეს სივრცე უფრო კონფერენციის, დისკუსიის ინსტრუმენტია, ვიდრე კონტენტის დაგროვების. ფოკუსი ამ სივრცეში გამახვილებულია შექმნაზე და კომუნიკაციაზე და არა მოხმარებაზე.

სწავლის პროცესს მოეხსნება ორი დიდი შეზღუდვა: დროის და ადგილის ...”

მოკლედ რომ ვთქვათ, ახლო მომავალში ჩვენ გველოდება ბევრი საინტერესო ცვლილებები და მოსაწყენად ნამდვილად არ დაგვრჩება დრო. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რამდენად აღმოვჩნდებით მზად ამ ცვლილებებისათვის.

სწრაფი ჩანაწერები - 17 ნოემბერი

21 საუკუნის მოსწავლე მუდმივად უნდა ეძებდეს პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
  • როგორ შევაფასო ინფორმაციის ჭეშმარიტობა?
  • როგორ ვისწავლო ეფექტიანი კომუნიკაცია?
  • რას ნიშნავს იყო გლობალური მოქალაქე?
  • როგორ ვისწავლო უფრო უკეთესად?
  • როგორ ვიყო უკეთ დაცული?
ამ კითხვებით იწყება აზროვნება, ინფორმაციის ანალიზი და კრიტიკული შეფასება, კომუნიკაცია. მოსწავლე უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე და მას უნდა შეეძლოს კომპეტენტური დაკვირვება საკუთარი სწავლის პროცესზე. სკოლის უმთავრესი ამოცანაა ამ კომპეტენტურობის უზრუნველყოფა. ამისათვის სკოლა უნდა გახდეს მოსწავლე ორგანიზაცია, სადაც სწავლის კულტია გამეფებული. ასეთ სკოლაში თითოეული მასწავლებელიც უნდა იყოს მოსწავლე, რომელიც მუდმივად სწავლობს. თუ ეს არ იქნა გაგებული და რეალიზებული, შეუძლებელია განათლების რეფორმის წარმატებაზე საუბარი.


მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა გულისხმობს, რომ ყურადღება ფოკუსირებულია მოსწავლეზე და არა მასწავლებელზე და მის მიერ მასალის პრეზენტაციის მეთოდებზე. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე, რა შესაძლებლობები ეძლევა საკუთარი თავის და საკუთარი ცოდნის წარმოსაჩენად, როგორ ადგენს მასწავლებელი იმას, თუ რას სწავლობს მოსწავლე, რა არის მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეები.


ტექნოლოგიების გამოყენება სწავლაში არის ძალიან კომპლექსური ამოცანა. ამ ამოცანის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც აქვთ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენების წინასწარი გამოცდილება. ასეთი გამოცდილება მოსწავლეებმა უნდა მიიღონ ინფორმატიკის (ისტ-ს) გაკვეთილებზე (მიზანშეწონილია ეს მოხდეს სულ გვიან 5-8 კლასებში), ხოლო მასწავლებლებმა ჯერ თვითონ უნდა დაიწყონ ტექნოლოგიების გამოყენება საკუთარ სწავლაში და საქმიანობაში. ამის გარეშე ჩვენში გავრცელებული ”ინტეგრირებული გაკვეთილების” იდეა ვერ იქნება დანერგილი და მხოლოდ ფიქციად დარჩება.

ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტექნოლოგიის ინტეგრაცია არის ინოვაციური მიმართულება განათლებაში, განათლება კი - ძალიან კონსერვატული სფეროა. ამიტომ სირთულეები ამ საქმეში ძალიან ბევრი იქნება. მაგალითად, ძალიან ხშირად ისმევა კითხვა: ”რატომ არის საჭირო ეს ახალი ტექნოლოგიები, მიდგომები, მეთოდები?”. ამ კითხვის დასმის მოტივაცია სხვადასხვაა. ზოგი სვავს ამ კითხვას იმიტომ, რომ აქვს შიში იმისა რაც არ იცის და არ ესმის. ზოგი იმიტომ სვავს ამ კითხვას, რომ არ სურს რაიმე ახლის სწავლა. ზოგს მართლაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიების პედაგოგიური ფასეულობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ წარუმატებელი ცდები ინოვაციური საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. წარუმატებლობა უნდა გახდეს შეცდომების ანალიზის მასტიმულირებელი. საჭიროა მიდგომების მრავალფეროვნება, ღიაობა, დისკუსია, იდეების და გამოცდილების გაცვლა. სწორედ ამის უზრუნველყოფა შეუძლია Web 2.0 ტექნოლოგიებს.

16 November 2008

ახალი წიგნიერება

Tim O'Reilly-ის ხედვა თანამედროვე წიგნიერების:

(2005 წელს სწორედ Tim O'Reilly-იმ პირველმა წარმოადგინა Web 2.0 ტექნოლოგიების თავისებურებების განმარტება)

  • პატერნების ამოცნობა არის მთავარი
  • ღია კოდი, სერვისები და არა პროგრამული პაკეტები, მონაცემების აგრეგატორები და არა პროგრამები. ქსელური ეფექტები არის გადამწყვეტი.
  • მიეცით ადამიანებს შესაძლებლობა გაგიზიარონ იდეები
  • Web 2.0 სერვისების არსი: ისინი აძლიერებენ ქსელურ ეფექტებს. მთავარია მონაცემები. მონაცემები არის ახალი თაობის Intel Inside
  • რა უნდა ვასწავლოთ ადამიანებს. არა ინსტრუმენტები, არამედ როგორ გამოიყენონ ისინი. როგორ მიაღწიონ მონაცემების მოგროვებას. ინფორმაციული ერას მთავარი კომპეტენცია - კოლექტიური ინტელექტის ამოქმედება
  • სტატისტიკა, დიზაინი - ახალი წიგნიერების მნიშვნელოვანი ნაწილებია
  • რჩევა - ასწავლეთ იმ ადამიანებს, ვისაც არ სჭირდებათ თქვენი დახმარება. მოძებნეთ ის ადამიანები, რომლებიც მოწინავე პოზიციებზეა და მათ ასწავლეთ
  • აჩვენეთ, შემდეგ გააკეთებინეთ. გააძლიერეთ ხშირად გამეორებადი წარმატებებით. უზრუნველყავით ადამიანების დაინტერესება ამ პროცესით
  • ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკა (hands-on)
  • შექმენით ერთმანეთის სწავლების შესაძლებლობები
  • გააცანით წარმატებული ისტორიები
  • შეწყვიტეთ ჩაქუჩის მოფერება, ყურადღება გაამახვილეთ სახლზე. მთავარი არა ტექნოლოგიებია, არამედ ის, რის გაკეთება გვსურს.

15 November 2008

Search Cube - ვიზუალური ძებნა

Search Cube არის საძიებო სისტემა, რომელიც მოძებნილი საიტების ვებ-გვერდების გამოსახულებებს ათავსებს სამგანზომილებიანი კუბის ზედაპირზე. მომხმარებელს შეუძლია კუბის ბრუნვა და მისი მთელი ზედაპირის დათვალიერება.

საინტერესო საიტები - 15 ნოემბერი

Math Glossary






მათემატიკური ლექსიკონი მოსწავლეებისათვის (ინგლისურ ენაზე). წარმოდგენილია მათემატიკასთან დაკავშირებული ტერმინების თვალსაჩინო განმარტებები. აქვე შეგვიძლია ტერმინის გახმოვანება.

A Math Dictionary for kids
კიდევ ერთი მათემატიკური ლექსიკონი მოსწავლეებისათვის.

eGlossary
მათემატიკური ტერმინების ლექსიკონი (გახმოვანებით)

Mathwords
ინტერაქტიული მათემატიკური ლექსიკონი.

MathMovesU
სახალისო მათემატიკური თამაში.

Google-ის უჩვეულო გამოყენების მაგალითი

Google-ის თანამშრომლები დააკვირდნენ, რომ ძებნისას გამოყენებული გარკვეული საკვანძო სიტყვების სიხშირე საკმაოდ ზუსტ და სწრაფ (ორი კვირით უფრო სწრაფს, ვიდრე ტრადიციული სისტემები) ინფორმაციას იძლევა გრიპის გავრცელების ტენდენციების შესახებ. მათ ეს ინფორმაცია გაანალიზეს აშშ-სთან დაკავშირებით. ქვემოთ წარმოდგენილია აშშ-ში გრიპის გავრცელების გრაფიკი:

13 November 2008

ინტერნეტის ევოლუცია

ანტიკური რომი Google Earth-ში

Google Earth-ში შესაძლებელია ანტიკური რომის შენობების დათვალიერება. ამისათვის გავუშვათ პროგრამა Google Earth და Layers არეში დავაწკაპუნოთ Ancient Rome in 3D










ვიდეოზე უფრო ვრცლად არის ეს შესაძლებლობა აღწერილი



ინტერნეტის გავლენა მოსწავლეებზე

University of Minnesota-ს მკვლევარებმა ჩაატერას კვლევა, თუ რა საგანმანათლებლო ეფექტს იძლევა მოსწავლეთათვის ისეთი სოციალური ქსელები, როგორიცაა MySpace და Facebook. გამოიკვლიეს 16-18 წლის ასაკის ახალგაზრდები აშშ-ს ცამეტ სკოლაში.

აღმოაჩინეს, რომ მოსწავლეები ღარიბ ოჯახებიდან ტექნოლოგიების ფლობის უნარებით არ ჩამორჩებიან თანატოლებს შეძლებული ოჯახებიდან (თუმცა გავრცელებულია აზრი, რომ ოჯახის სოციალური სტატუსი გავლენას ახდენს ასეთი უნარების განვითარებაზე).

აღმოჩნდა, რომ გამოკვლეულ მოსწავლეთა 92% იყენებს ინტერნეტს, 82% იყენებს ინტერნეტს სახლში, 77% აქვს შექმნილი პროფილი რომელიმე სოციალურ ქსელში. კითხვაზე, თუ რა სარგებელს იღებენ სოციალურ ქსელებში მუშაობისას პასუხები ასე განაწილდა:
1) გვინვითარდება ტექნოლოგიური უნარები; 2) გვინვითარდება კრეატულობა; 3) უფრო ღია ვხდებით სიახლეებისადმი; 4) გვინვითარდება კომუნიკაციური უნარები.

კვლევამ აჩვენა ასევე, რომ მათ ვინც ხშირად მუშაობს სოციალურ ქსელებში უნვითარდებათ ის უნარები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია 21 საუკუნეში. ასეთ მოსწავლეებს უყალიბდებათ პოზიტიური დამოკიდებულება ტექნოლოგიების გამოყენებისადმი, ისინი ახდენენ კონტენტის რედაქტირებას და მომართვას და ფიქრობენ ონლაინ დიზაინზე, უზიარებენ სხვებს ორიგინალურ შემოქმედებით ნამუშევრებს. მოსწავლეები ასევე იღებენ ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენების გამოცდილებას.

აღმოჩნდა ასევე, რომ მოსწავლეები ნაკლებად არიან ინფორმირებული, თუ რა აკადემიურ და პროფესიულ შესაძლებლობებს იძლევიან ინტერნეტის საიტები.

ასეთი კვლევები ეხმარება მასწავლებლებს გაეცნონ თანამედროვე მოსწავლეების გატაცებებს და უფრო მიმზიდველი გახადონ სკოლები მათი ამ ინტერესების დაკმაყოფილებით.

21 საუკუნეში საჭირო უნარები

21 საუკუნეში უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რის გაკეთება შეუძლია მოსწავლეს იმ ცოდნის გამოყენებით, რომელიც აქვს, ვიდრე ინფორმაცია, რომელსაც ის ფლობს.

ინფორმაციის ანალიზისა და შეფასების, არსებული ინფორმაციიდან ახალი იდეებისა და ახალი ცოდნის შექმნის უნარები, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარებია. ეს ახალი უნარები არ არის, მაგრამ 21 საუკუნეში მათზე მოთხოვნილება გაცილებით დიდია, ვიდრე ოდესმე ადრე.

თანამედროვე ეკონომიკის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ რუტინული, მარტივი სამუშაოების შესრულება ძირითადად კომპიუტერებს ევალებათ . ამიტომ ადამიანისგან მოითხოვება უფრო მეტი ანუ ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემების დასმის და გადაწყვეტის უნარი.

მასწავლებლის მთავარი ამოცანაა - მოსწავლეების აქტიური ჩართვა სწავლაში, მოტივირებული და არა ფორმალური ჩართვა. მასწავლებელი უნდა ფლობდეს მოსწავლეთა სწავლით დაინტერესების დონის გაზომვის მეთოდებს, რათა მან შეძლოს საჭიროებისამებრ სწავლების სტრატეგიების კორექტირება. ვიმეორებ, ეს არ არის ახალი ამოცანები, ადრეც იდგა განათლების წინაშე ეს პრობლემები, მაგრამ 21 საუკუნეში მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. დღევანდელ ბავშვებს ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად მოუწევთ მთელი ცხოვრების მანძილზე ინტენსიური სწავლა. ამის საფუძველი მათ სკოლაში უნდა მიიღონ.

12 November 2008

კონცეპტუალური საუკუნე

ძალიან მნიშვნელოვანი ხედვა 21 საუკუნის არსის. კონცეპტუალური აზროვნება, კონცეპტუალურად მოაზროვნე მუშაკები - 21 საუკუნის მოთხოვნილებაა. კონცეპტუალურად მოაზროვნე ადამიანების მომზადება - 21 საუკუნის განათლების სისტემის მთავარი ამოცანაა.


საინტერესო საიტები - 12 ნოემბერი

HistoGrafica
აქ შესაძლებელია სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებთან დაკავშირებული ძველი ფოტოების მოძიება. ფოტოები ატვირთულია ინტერნეტის მომხმარებლების მიერ. შესაძლებელია საკუთარ ქალაქთან ან სხვა ადგილთან დაკავშირებული ფოტოების ატვირთვა.

Kerpoof
საიტი ბავშვებისათვის. საიტზე წარმოდგენილი ინსტრუმენტებით ბავშვებს შეუძლიათ ნახატის, ფილმის ან მოთხრობის შექმნა.

Fantastic Contraption
ძალიან საინტერესო საიტი. წარმოდგენილია ონლაინ თამაში, რომელიც გულისხმობს დინამიური ფიზიკური თავსატეხების ამოხსნას.

Hippocampus
სხვადასხვა საგნების (ალგებრა, ბიოლოგია, ფიზიკა, სტატისტიკა და სხვა) ელექტრონული სახელმძღვანელოების კრებული.

10 November 2008

ახალი სათამაშო მოწყობილობა

LevelHead - საინტერესო სამგანზომილებიანი სივრცული თამაში. ადამიანი მოძრაობს ოთახების ლაბირინტში.

YouTube-დან ვიდეი ფაილის გადმოწერა

YouTube-ზე შესაძლებელია იქ არსებული ვიდეოების მოძიება და დათვალიერება. ვიდეოკლიპის ფაილის გადმოწერის შესაძლებლობა არ არის, მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია სხვა ვებ-სერვისების დახმარებით, მაგალითად KeepVid სერვისით.

ამისათვის შევასრულოთ შემდეგი მოქმედებები:

1. ბრაუზერის ერთ ფანჯარაში გავხსნათ YouTube-ზე არსებული იმ ვიდეოკლიპის ვებ-გვერდი , რომლის გადმოწერაც გვსურს (ბრაუზერის სამისამართო სტრიქონში აისახება ამ კლიპის URL-მისამართი), ხოლო ბრაუზერის მეორე ფანჯარაში გამოვიძახოთ საიტი მისამართით http://keepvid.com

2. მოვახდინოთ ვიდეოკლიპის URL-მისამართის კოპირება ბუფერში












3. ჩავსვათ კოპირებული მისამართი KeepVid საიტის მთავარი ვებ-გვერდის ზედა ნაწილში წარმოდგენილ URL ველში და დავაწკაპოთ ამ ველის მარჯვენა კიდესთან მდებარე Download ღილაკზე.






URL ველის ქვემოთ, Download links არეში აისახება გადმოწერისათვის საჭირო ინფორმაცია.













4. ვიდეოფაილის გადმოწერა შესაძლებელია ორ ფორმატში: flv და mp4 (mp4 ფორმატი უფრო ხარისხიანია). ამისათვის შესაბამისი ფორმატისათვის განკუთვნილ არეში დავაწკაპოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით Download ბმულზე, კონტექსტურ მენიუში ავირჩიოთ Save Link As და გადმოვწეროთ ფაილი.

გულისხმობით flv ფორმატის ფაილს მიენიჭება სახელი get_video.flv, ხოლო mp4 ფორმატის ფაილს - video.mp4. შეგვიძლია გადმოწერილ ფაილს დავარქვათ ჩვენთვის სასურველი სახელი.

გაკვეთილის დაგეგმვა

სწავლების მაღალი შედეგის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გაკვეთილის დაგეგმვას. არსებობს სხვადასხვა მიდგომები დაგეგმვის პროცესისადმი. გაკვეთილის გეგმა შეიძლება იყოს დეტალური ან შემოიფარგლოს მხოლოდ გაკვეთილის ძირითადი ეტაპების მოკლე აღწერით. გაკვეთილის გეგმაში უნდა აისახოს გაკვეთილის მსვლელობის ლოგიკა, დროის განაწილება, ბალანსი ინფორმაციის პრეზენტაციასა და პრაქტიკას შორის, კომუნიკაცია მასწავლებელსა და მოსწავლეებს და თვით მოსწავლეებს შორის და სხვა. ეს ყველაფერი მიმართულია გაკვეთილის ამოცანების მისაღწევად.

ქვემოთ წარმოდგენილია გაკვეთილის გეგმის სტრუქტურა, რომელიც სრულ წარმოდგენას მოგვცემს გაკვეთილის გეგმის კომპონენტების შესახებ.

  1. გაკვეთილის მიზანი. მასწავლებელმა პირველ რიგში მკაფიოდ უნდა გამოკვეთოს ის, თუ რის მიღწევა სურს გაკვეთილზე (რა ცოდნა, უნარები, სტრატეგიები უნდა აითვისოს მოსწავლემ).
  2. რესურსები. მას შემდეგ რაც მიზანი განსაზღვრულია, საჭიროა იმ რესურსების (როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ) განსაზღვრა, რომლებიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა და წინასწარ უნდა იყოს შესრულებული მასწავლებლის მიერ.
  3. მუშაობის (ანუ სწავლის) პროცესი. შემდეგ უნდა მოხდეს სამუშაო პროცესის მოდელირება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსწავლეების ჩართვა გაკვეთილის ამოცანების მიღწევაში. უნდა განისაზღვროს, რამდენად მიმზიდველია, მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის გაკვეთილის მასალა, როგორ უნდა იქნეს ორგანიზებული მათი ერთობლივი მუშაობა და სხვა.
  4. დისკუსია. ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელმა დაგეგმოს, თუ როგორ წარმართავს დისკუსიას გაგკვეთილის თემებთან დაკავშირებით. დისკუსია სწავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომლის გამოყენება ძალიან გაამდიდრებს სწავლის პროცესს და გახდის მას მიმზიდველს მოსწავლეებისათვის.
  5. დრო. ძალიან მნიშვნელოვანია დროის მენეჯმენტი, რაც რეალისტურს გახდის გაკვეთილის მიზნის მიღწევას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ვასწავლოთ მოსწავლეს დამოუკიდებელი სწავლა. ამიტომ დროის მენეჯმენტი მოსწავლეებთან ერთად უნდა ვაწარმოოთ.
  6. ტექნოლოგია. გაკვეთილის ყველა ეტაპის განხორციელებაში საჭიროებისამებრ უნდა გავითვალისწინოთ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება. უნდა გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგია არის გაკვეთილის რესურსებით უზრუნველყოფის, ერთობლივი მუშაობის ორგანიზების და მიმზიდველობის ამაღლების საუკეთესო საშუალება.

09 November 2008

ნიჭი თუ შრომა?

ამონაწერები სტატიიდან ”The Secret to Raising Smart Kids”, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ”Scientific American”. სტატიაში აღწერილია მრავალთვიანი კვლევის შედეგი, რომელმაც აჩვენა, რომ სწავლის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, როცა ყურადღება მახვილდება არა ბავშვის ნიჭზე ან ინტელექტზე, არამედ მის ძალისხმევაზე, შრომაზე.

ნუ შევაფასებთ ბავშვის ნიჭს. ფოკუსირება უნდა მოხდეს ცდაზე (ძალისხმევაზე) და არა ინტელექტზე და ნიჭზე.
ინტელექტზე და ნიჭზე ყურადღების ზედმეტად გამახვილება იწვევს იმას, რომ ადამიანი მტკივნეულად აღიქვავს საკუთარ წარუმატებლობას, ეშინია პრობლემების და არა აქვს სურვილი გამოასწოროს საკუთარი ნაკლოვანებები.

როცა ბავშვი დაწყებით კლასებში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევს აკადემიურ წარმატებას ის ითვლება ძლიერად და ნიჭით დაჯილდოებულად. ასეთ ბავშვს უჩნდება შინაგანი რწმენა. რომ ინტელექტი არის ბუნებით მინიჭებული და ფიქსირებული და, რომ ბეჯითი სწავლა უფრო უმნიშნელოა, ვიდრე იყო (ან გამოიყურებოდე, რომ ხარ) ძლიერი. ეს რწმენა ასევე უნერგავს მათ აზრს, რომ სირთულეები, შეცდომები და ძალისხმევის გაწევაც კი, უქმნის საშიშროებას მათ ეგოს. ეს ქმნის იმის საშიშროებას, რომ ასეთი ბავშვები ვერ შეძლებენ საკუთარი პოტენციალის განვითარებას.

როცა ბავშვს სჯერა, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზია არასაკმარისი ძალისხმევა, მას გაუადვილდება სირთულეების დაძლევა. ჯიუტი მოსწავლეები არ ფიქრობენ საკუთარ წარუმატებლობაზე და საკუთარ შეცდომებს განიხილავენ პრობლემებად, რომლებიც მათ უნდა დაძლიონ.

მოსწავლეებში არსებობს ინტელექტის ორი ხედვა. ნაწილს მიაჩნია, რომ ინტელექტი არის ფიქსირებული და ბუნებით მინიჭებული და მისი განვითარება შეუძლებელია. შეცდომები და წარუმატებლობა დიდ დარტყმას აყენებს მათ თვითდაჯერებულობას, ვინაიდან ისინი აღიქვავენ შეცდომებს დაბალი ინტელექტის შედეგად, რომლის ამაღლება მათ არ ძალუძთ. მათ არ უყვართ და ერიდებიან სირთულეებს, ვინაიდან იზრდება შეცდომის დაშვების ალბათობა და ამით გამოჩნდება მათი დაბალი ინტელექტი. ასეთ მოსწავლეებს სჯერათ, რომ მეტი ძალისხმევის გაწევა რაიმე პრობლემის გადაწყვეტისას არის იმის დასტური, რომ მათ ნაკლები ნიჭი აქვთ. ასეთი მოსწავლეები მუდამ ცდილობენ, რომ გამოიყურებოდნენ ნიჭიერებად და მათთვის დიდი ძალისხმევის დახარჯვა სწავლაში არის იმის ნიშანი, რომ დაბალი ინტელექტი აქვთ.

დაოსტატებაზე-ორიენტირებული ბავშვები პირიქით თვლიან, რომ ინტელექტი მოქნილია და შესაძლებელია მისი განვითარება სწავლითა და დიდი შრომით. მათ სურთ სწავლა. თუ ადამიანს სჯერა, რომ შეუძლია საკუთარი ინტელექტის ამაღლება, ის აუცილებლად ეცდება ამის განხორციელებას. სირთულეები მათ მატებს ენერგიას. მათთვის წარუმატებლობა, მაგალითად ტესტებში, არის იმის ნიშანი, რომ მეტი უნდა იმუშაონ და მოშინჯონ სწავლის სხვა სტრატეგიები. ასეთი მოსწავლეების ყურადღება მიმართულია სწავლის სტრატეგიებზე და ძალისხმევაზე.

(ჩემი აზრით ზემოთ მოყვანილი მოსაზრებები გარკვეულწილად ასაბუთებენ იმას, რომ სწავლაში უფრო მნიშვნელოვანია პროცესი, ვიდრე შედეგის გაზომვა. მიზანი უნდა იყოს არა მაღალი ნიშნების მიღება ან ტესტების ჩაბარება, არამედ სწავლის პროცესში ჩართულობა. რაც უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავ სწავლისას, მით მეტად ვითარდება შენი ინტელექტი და საბოლოო შედეგი იქნება აუცილებლად მაღალი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სწავლის პროცესი იყოს რელევანტური იმ მოთხოვნებისა, რომლებიც აქვს თვით მოსწავლეს და ასევე საზოგადოებას - ჯ.გ.)

08 November 2008

ტექნოლოგიური სიახლეები

PC World-ში გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო სტატია, სადაც აღწერილია 15 ახალი ტექნოლოგია, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენენ ჩვენ ცხოვრებაზე. ეს სტატია ეხმიანება ჩემ გუშინდელ გზავნილს ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციები. მოვიყვან ამ სტატიის მცირე ფრაგმენტს.


Memristor

ეს არის ერთელემენტიანი სქემა უნიკალური თვისებებით. მას შეუძლია ელექტრონული მდგომარეობის შენარჩუნება გამორთვის შემდეგაც. ამ თვისებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ ის ახლო მომავალში შეცვლის flash-მეხსიერებას, რადგანაც თეორიულად memristor-ი ამ მეხსიერებაზე იაფი და გაცილებით სწრაფია.

მან შეიძლება ასევე RAM ჩიპებიც შეცვალოს. დღეს არსებულ RAM მეხსიერების ჩიპებში ინფორმაცია იშლება კომპიუტერის გამორთვისთანავე. Memristor-ი დაიმახსოვრებს ოპერატიულ მეხსიერებაში კომპიუტერის გამორთვის მომენტისათვის არსებულ ინფორმაციას და კომპიუტერის ხელმეორედ ჩართვისას, ჩვენ შეგვეძლება შეწყვეტილი სამუშაოს გაგრძელება.

ფასის ასეთი შემცირება და კომპონენტების გაერთიანება საშუალებას მისცემს მწარმოებლებს შექმნან მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა ჯიბით ტარებაც კი იქნება შესაძლებელი. თანაც ამ კომპიუტერების სიმძლავრე და სისწრაფე დღეს არსებულ კომპიუტერებზე გაცილებით დიდი იქნება.

სავარაუდოთ ამ სქემის აქტიური გამოყენება დაიწყება 2014-2016 წლებში.

32-ბირთვიანი პროცესორი

დღეისათვის 4-ბირთვიანი პროცესორები ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ მალე დაიწყება ”ბირთვების ომემის” დრო. ახლო მომავალში პროცესორების კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება არა ტაქტური სიხშირით, არამედ ბირთვების რაოდენობით. ბირთვების რაოდენობის გაზრდა მოითხოვს ჩიპების მინიატურიზაციას. მაგალითად, Intel-ი უკვე 2009 წელს აპირებს 32-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე გადასვლას (დღეს გამოიყენება 45-ნანომეტრიანი ტექნოლოგია).

Intel-ის ყურადღება ფოკუსირებულია პროცესორის ახალ არქიტექტურაზე, სახელწოდებით Nehalem, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილი იქნება Core i7 სახელით. ამ არქიტექტურის 8-ბირთვიანი პროცესორები გამოჩნდება 2009-2010 წელს.

სავარაუდოთ 16-ბირთვიანი პროცესორები გამოჩნდება 2011-2012 წლებში, ხოლო 32-ბირთვიანი - 2013-2014 წლებში. მომდევნო წლებში ეს ტენდენცია გაგრძელდება.

Nehalem-ი და სწრაფი ჩიპები დააჩქარებენ დისკრეტული გრაფიკული პლატების ერას დასრულებას.

მრავალბირთვიან პროცესორებში ბირთვების გარკვეული რაოდენობა დაეთმობა გრაფიკული ინფორმაციის დამუშავებას. ამიტომ ცალკე გრაფიკული პლატები აღარ იქნება საჭირო. ეს ბევრ პრობლემას მოხსნის და კიდევ უფრო გააიაფებს კომპიუტერებს.

USB 3.0

კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობების მუშაობის სისწრაფე ბევრწილად დამოკიდებულია კომპიუტერთან მათი კავშირის სისწრაფეზე.

სავარაუდოთ USB 3.0 სისწრაფე 10-ჯერ მეტი იქნება USB 2.0-ზე, რაც შეადგენს დაახლოებით 4,8 გიგაბიტ ინფორმაციას წამში.

ეს მოწყობილობა დაახლოებით 2010 წლისთვისაა ნავარაუდევი.

ელექტროენერგიის გადაცემა კაბელის გარეშე

Intel-ის მკვლევარებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც ელექტროენერგიის რამოდენიმე ათეულ სანტიმეტრ მანძილზე უკაბელოდ გადაცემის შესაძლებლობას იძლევა. უკვე დღეს ამ მეთოდით შესაძლებელია 60 ვატიანი ნათურას ანთება.

ეს ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს, მაგალითად, დისტანციურად დავტენოთ ნოუთბუქის ან მობილური ტელეფონის ელემენტები. მისი საყოველთაო გავრცელება ნავარაუდევია 6-8 წლის შემდეგ.

07 November 2008

ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციები

ჩვენ ვცხოვრობთ დიდი ცვლილებების ერაში. ცვლილებები არ არის დროებითი და არ უნდა გვეგონოს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი თავის ნორმას დაუბრუნდება. ყალიბდება უწყვეტი, სწრაფი ცვლილებების ერა. ეს არის ექსპონენტური ცვლილებების ერა.

სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად ამ ცვლილებებს ბევრწილად განაპირობებს ტექნოლოგიების ექსპონენტური განვითარების ტენდენციები. წარმოვადგენ ოთხ ძირითად ტენდენციას, რომლებიც უდიდეს გავლენას ახდენენ ჩვენ ცხოვრებაზე.

ტენდენცია #1: მურის კანონი.

Intel-ის თანადამფუძნებელმა ჯონ მურმა 1963 წელს ჟურნალ ”ელეკტრონიკაში” დაწერა სტატია, სადაც ჩამოაყალიბა ”მურის კანონი”, რომელიც ასე ჟღერდა: ”ყოველ 24 თვეში ინტეგრირებულ სქენაში ტრანზისტორების რაოდენობის გაორმაგებაა შესაძლებელი”. ეს კანონი დღემდე მოქმედებს და უფრო გაძლიერდა კიდევაც. დღეს შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერის სისწრაფე და სიმძლავრე ყოველ 18 თვეში ორმაგდება, ხოლო მისი ფასი წელიწადში მესამედით მცირდება.

ამ ტენდენციის თანახმად 2018 წლისათვის მივიღებთ კომპიუტერის შემდეგ მაჩვენებლებს:

მეხსიერება: 104032 Mb
დისკის მოცულობა: 20480 Gb
სისწრაფე: 612000 mhz
კომპიუტერის ფასი: 2,72$

ეს პროგნოზი უფრო დამაჯერებელი რომ გახდეს მოვიყვან დამატებით ფაქტებს.
1974 წელს უბრალო კალკულატორი, რომელიც მხოლოდ ოთხ არითმეტიკულ ოპერაციას ასრულებდა აშშ-ში 795$ ღირდა და მის გადასაადგილებლად სპეციალური მოწყობილობა იყო საჭირო. 1980 წელს, იმ დროისათვის ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერს (Cray supercomputer) ჰქონდა 8 Mb მეხსიერება და მისი სიხშირე შეადგენდა 80 mhz. ეს კომპიუტერი ღირდა 12 მილიონი დოლარი.

მეცნიერების აზრით მურის კანონი კიდევ 15-20 წელიწადი იმოქმედებს, ხოლო მოლეკულარული ელექტრონიკის განვითარებამ ეს პერიოდი შეიძლება 50 წლამდე გაზარდოს.

ტენდენცია #2: ფოტონის კანონი.

1983 წლიდან ქსელების გამტარიანობა ერთ დოლარზე ყოველ 12 თვეში სამმაგდება.
თუ დღეს ოპტიკური ხაზის გამტარიანობა შეადგენს 10 გიგაბაიტ ინფორმაციას წამში, ახლო მომავალში გამტარიანობა მიუახლოვდება 10 ტრილიონ ბიტ ინფორმაციას წამში (ამ სიჩქარით შესაძლებელია ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის მთელი ინფორმაციის ერთ წამში გადაცემა).

სწრაფად ვიტარდება უკაბელო ქსელების ტექნოლოგიები. ახლო მომავალში ჩვენ შეგვეძლება ნებისმიერ წერტილიდან მაღალსიჩქარიან ქსელში ჩართვა.

ტენდენცია #3: ინტერნეტის რევოლუცია.

1992 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი შეადგენდა 300 ადამიანს.
დღეს მათმა რიცხვმა მილიარდს გადააჭარბა.

ინტერნეტი ორჯერ იზრდება ყოველ 120 დღეში.

ყველა მედიასაშუალებები, რომლებიც ადრე ცალ-ცალკე ვითარდებოდა, დღეს ინტერნეტში ერთიანდება.

არსებული ყველა მედია, დაწყებული წიგნით და დამთავრებული ტელევიზიით არის ერთმხრივი - ის მხოლოდ მიაწვდის ინფორმაციას მომხმარებელს. ინტერნეტი ორმხრივი მედიაა - ის აწვდის და იღებს ინფორმაციას.

ინტერნეტი არის მედიუმი, სადაც ვლინდება მრავალმხრივი ინტელექტის ცნების აქტუალურობა. ინტერნეტი ახდენს ინტელექტის მრავალი ფორმის რეალიზებას - აბსტრაქტული, ტექსტური, ვიზუალური, მუსიკალური, სოციალური და სხვა.

მასწავლებლებს ეძლევა შანსი შექმნას მედიუმი, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეს ჩაერთოს სწავლაში მისთვის ყველაზე ხელსაყრელად და მოხერხებულად. ეს არის კარგი საშუალება შევათავსოთ მედიუმი და ადამიანის სწავლის სტილი.

ტენდენცია #4: მოზღვავებული ინფორმაცია.

წინა სამი ტენდენცია განაპირობებს მეოთხე ტენდენციას, რომელიც გამოიხატება ინფორმაციის მოზღვავებაში.

აქსპონენტურად იზრდება სიტყვების, ტერმინების, ცნებების რიცხვი.
დღეში გამოიცემა 3000 წიგნი.

ახალი ტექნიკური ინფორმაცია ორმაგდება ყოველ 2 წელიწადში ანუ ბავშვის სკოლაში სწავლის პერიოდში ინფორმაცია 64-ჯერ იზრდება. მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია შეიცვლება და ახლო მომავალში ინფორმაცია გაორმაგდება ყოველ 2 კვირაში.

შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაცია მნიშვნელოვანია და ხელმისაწვდომია, მაგრამ ის სწრაფად ძველდება და უვარგისი ხდება.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ არსებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ქაოტური და უსარგებლოა. მაგრამ ეს არგუმენტი უფრო ართულებს პრობლემას. ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია საჭირო ინფორმაციის მოძიება და მისი შესაბამისობის დადგენა. სწორედ ეს უნარია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოიმუშაოს.

ზემოთ მოყვანილი ფაქტები უამრავ კითხვას ბადებს.

რა გავლენა ექნება ამ ცვლილებებს ჩვენ ცხოვრებაზე და პროფესიულ საქმიანობაზე? რა გავლენას მოახდენენ ჩვენ ბავშვებზე? რა ცვლილებები უნდა მოხდეს სასწავლო გეგმებში, შეფასებაში, სკოლის გარემოში? როგორი უნდა იყოს მასწავლებელთა მომზადება? როგორ უნდა მოვამზადოთ მოსწავლეები, რომ მათ შეძლონ არა მხოლოდ ტესტებისა და გამოცდების ჩაბარება, არამედ დაეუფლონ 21 საუკუნის წიგნიერებას? და ბოლოს, რას ნიშნავს განათლებულობა 21 საუკუნეში?

ის ფაქტი, რომ გლობალურ ეკონომიკაში ყველგან და ნებისმიერ დროს უაღრესად სწრაფად იქნება მისაწვდომი ინფორმაციის დიდი ნაკადები, მოახდენს თუ არა გავლენას ბავშვებისათვის საჭირო უნარებზე, ცოდნასა და აზროვნებაზე?

ამ კითხვებზე პასუხების დროულად მოძებნა ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სისტემის განვითარებისათვის.